განმცხადებელი : ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობა;
მოპასუხე : გელა შაშიაშვილი;
დარღვეული პრინციპები : არ დარღვეულა;
03 სექტემბერი, 2016
საქმეზე - ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობა გელა შაშიაშვილის წინააღმდეგ
საბჭოს თავმჯდომარე: ნინო ზურიაშვილი
საბჭოს წევრები: მაია მეცხვარიშვილი, თაზო კუპრეიშვილი, ირინა ყურუა, ნინო ჯაფიაშვილი, მაია მამულაშვილი.
განმცხადებელი: ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობა
მოპასუხე: გელა შაშიაშვილი
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ ვებგვერდზე http://ick.ge გელა შაშიაშვილის ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიაში "კორუფციული სქემა ახმეტის მუნიციპალიტეტში" დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი. სტატია ეხებოდა ე.წ. "ნიამორის პანორამული გადასახედის" იჯარით გაცემის ფაქტს, რომელიც, სტატიის ავტორის პოზიციით კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ ხორციელდებოდა.
საქმის განხილვის დროს სხდომას დაესწრო მოპასუხე ჟურნალისტი.
სამოტივაციო ნაწილი:
ქარტიის პირველი პრინციპის მიხედვით "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია". სტატიის თანახმად, ნიამორის პანორამული გადმოსახედის იჯარით გაცემა უკანონოდ ხორციელდებოდა, კერძოდ: "გასაიჯარებელი ობიექტის ადგილმდებარეობის ტოპონიმური დასახელებაც, საკადასტრო კოდიც და მესაკუთრის ვინაობაც გაყალბებულია - იგი არც "ქუეში" მდებარეობს და არც ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრება ყოფილა ოდესმე, თუმცა სიყალბის შესანიღბად ერთ-ერთი მუნიციპალური მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი "მიაწებეს", - აღნიშნულია სტატიაში.
განცხადების თანახმად, სტატიაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამებოდა სიმართლეს და ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობა ნამდვილად ფლობს აუქციონზე გატანილ უძრავ ნივთს, შესაბამისად, არ იყო განზრახული "უკანონო გაიჯარება".
საბჭოს მიერ დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ აუქციონზე, იჯარით
გასაცემად გამოტანილი იყო უძრავი ნივთი შემდეგი მახასიათებლებით:
- საკადასტრო კოდი26.33.106
- ფართობი 176 მ2
- აღწერა: თუშეთში, სოფელ ომალოს მიმდებარე ტერიტორიაზე (ქეუში) მდებარე პანორამული გადასახედის 176 მ2
- მესაკუთრე - ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობა
- აუქციონი დაწყების თარიღი - 15.04.2015
- აუქციონის გამოცხადების თარიღისათვის [15.04.2015] უძრავი ნივთი, საკადასტრო კოდით26.33.106 მოიცავდა 10468 მ2_ს.
- ზემოაღნიშნული უძრავი ნივთის ფარგლებში პანორამული გადასახედი არ შედიოდა. ეს გარემოება დადგინდა უძრავი ნივთის საკადასტრო გეგმის კოორდინატების შედარებით იმ კოორდინატებთან, რომლის ფარგლებშიც მოქცეულია ე.წ. "პანორამული გადასახედი". კოორდინატები მიღებული იქნა ააიპ "დაცული ტერიტორიების სააგენტოსაგან".
ქარტიის საბჭოს შეფასებით, სტატიაში ავტორი "გასაიჯარებელ ობიექტად" მოიხსენიებს "ნიამორის პანორამულ გადასახედს" და არა მიწის ნაკვეთს, საკადასტრო კოდით - 50.26.33.106. მეტიც, სტატიის ერთ - ერთ ქვესათაური ასეთია: "ნიამორის პანორამული გადასახედის" უკანონო გაიჯარება".
საბჭო ადასტურებს ფაქტს, რომ მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 50.26.33.106 ნამდვილად ეკუთვნის ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობას. თუ აღნიშნული ნაკვეთის იჯარით გაცემას, ჟურნალისტი შეაფასებდა როგორც უკანონოს, რა თქმა უნდა, შეიძლებოდა საბჭოს მიეჩნია ეს ფაქტი ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევად, მაგრამ, როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ციტატას: "გასაიჯარებელი ობიექტის ადგილმდებარეობის ტოპონიმური დასახელებაც, საკადასტრო კოდიც და მესაკუთრის ვინაობაც გაყალბებულია - იგი არც "ქუეში" მდებარეობს და არც ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრება ყოფილა ოდესმე, თუმცა სიყალბის შესანიღბად ერთ-ერთი მუნიციპალური მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი "მიაწებეს", ჟურნალისტი იყენებს არა მიწის ნაკვეთის, არამედ "ნიამორის პანორამულ გადასახედის" მიმართ.
აუქციონის მასალების თანახმად, მართალია აუქციონზე გატანილი იყო ქონება საკადასტრო კოდით 50.26.33.106 [რომელიც ეკუთვნის ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობას], მაგრამ აღწერილობაში ასევე აღნიშნული იყო, რომ ამ კოდით იჯარით გაიცემოდა "პანორამული გადასახედიც". თუმცა, როგორც ქარტიის საბჭომ "დაცული ტერიტორიების სააგენტოს" მიერ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გამოიკვლია, მოცემული საკადასტრო კოდი რეალურად არ შეესაბამებოდა "ნიამორის პანორამული გადასახედს", რომ გადასახედის იჯარით გაცემის უფლება ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობას არ ჰქონდა. შესაბამისად, აუქციონის ტექსტში იმის მითითება, რომ იჯარით გაიცემოდა პანორამული გადასახედი, ჟურნალისტს შეეძლო შეეფასებინა როგორც უკანონო.
სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია:
- გელა შაშიაშვილს არ დაურღვევია ქარტიის პირველი პრინციპი.