გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე – თამარ შონია ელისო კილაძის წინააღმდეგ
11.12.2016

განმცხადებელი : თამარ შონია;
მოპასუხე : ელისო კილაძე;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;

გადაწყვეტილება N 109

20 ნოემბერი, 2016 წელი

საქმეზე - თამარ შონია ელისო კილაძის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნინო ზურიაშვილი

საბჭოს წევრები: ჯაბა ანანიძე, ნინო ჯაფიაშვილი, მაია მამულაშვილი, ირინა ყურუა, ნინო ნარიმანიშვილი.

განმცხადებელი: თამარ შონია

მოპასუხე: ელისო კილაძე

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა თამარ შონიამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2016 წლის 05 ივლისს, გაზეთ "ქრონიკა პლიუსში"  გამოქვეყნებული სტატიით "თამაზაშვილი, დიმიტრი რაგოზინი, სერგეი ჩაბანი - ვისი ლიკვიდაცია დაიგეგმა 2003 წელს ზუგდიდში?!" დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპი.

საქმის განხილვის დროს საბჭოს წევრებმა კითხვები განმცხადებელს დაუსვეს სატელეფონო კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია.

სამოტივაციო ნაწილი: 

ქარტიის პირველი პრინციპის მიხედვით "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას მიიღოს ზუსტი ინფორმაცია". განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ სტატიაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. კერძოდ, სტატიაში მითითებული იყო, რომ  "გოჩა ესებუა და ზურაბ შონია ზუგდიდის რაიონის სოფელ ონარიაში მიიმალნენ"... "ესებუას თანხმლებმა პირება, ზურაბ შონიამ და გია მესხიამ მიმალვა მოახერხეს", "სამეგრელოს დღევანდელი გუბერნატორი და ზურაბ შონია, "ქრონიკის+"-ის წყაროს ინფორმაციით, "კარგი ნაცნობები" იყვნენ და მათ ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებდათ".

განმცხადებელი აღნიშნავს, რომ ზურაბ შონია გია მესხიასთან ერთად მიმალვაში არ იმყოფებოდა, როგორც ეს სტატიაში იყო მითითებული, არამედ ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების თანახმად ზურაბ შონია თანამებრძოლებთან ერთად ჩაბარდა სამართალდამცავებს და შესაბამისად, არ მიმალულა.  განმცხადებელი ასევე მიუთითებდა, რომ ზურაბ შონიას ახლო ურთიერთობა არ ჰქონია სამეგრელოს დღევანდელ გუბერნატორთან.

საბჭო აღნიშნავს, რომ იგი არ მსჯელობს იმის შესახებ, სტატიაში მითითებული ფაქტები რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს, არამედ აფასებს ჟურნალისტის მცდელობას, სცადა თუ არა ინფორმაციის გადამოწმება, მათ შორის დაუკავშირდა თუ არა კომენტარისათვის იმ პირებს, ვისაც შეიძლებოდა დამატებითი ინფორმაცია მიეწოდებინა სტატიაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით [მაგალითად, მიემართა სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერნატორისათვის და ეკითხა, აკავშირებდა თუ არა მას ნაცნობობა ზურაბ შონიასთან]. ასევე ჟურნალისტს შეეძლო შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოეთხოვა და დაეზუსტებინა ინფორმაცია, ზურაბ შონია მიმალვაში იყო თუ როგორც განმცხადებელი უთითებს, იგი ხელისუფლებას ჩაბარდა. პირველი  პრინციპის განმარტების თანახმად, ჟურნალისტმა ინფორმაცია უნდა გადაამოწმოს ყველა შესაძლო წყაროსთან, ხოლო თუ  გადამოწმება  ვერ ხერხდება, ამის შესახებ ცალსახად უნდა მიუთითოს, რათა მკითხველს მიეცეს საშუალება, შეაფასოს რამდენად სარწმუნო და გადამოწმებულია გარვცელებული ინფორმაცია.

საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ჟურნალისტს არ ჰქონია მცდელობა, რომ გადაემოწმებინა მის მიერ მიღებული და შემდგომ გავრცელებული ინფორმაცია,  ამით დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია:

  1. ელისო კილაძემ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.

ჩამოტვირთეთ გადაწყვეტილების PDF ვერსია

საქმის მასალები: