გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე – დავით ჯაფარიძე ქეთი ციცქიშვილის წინააღმდეგ
21.07.2016

განმცხადებელი : დავით ჯაფარიძე;
მოპასუხე : ქეთა ციცქიშვილი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი;
გადაწყვეტილება N 99
02 ივლისი 2016 წელი

საქმეზე - დავით ჯაფარიძე ქეთი ციცქიშვილის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნინო ზურიაშვილი

საბჭოს წევრები: მაია მეცხვარიშვილი, გერონტი ყალიჩავა, ჯაბა ანანიძე, ნინო ჯაფიაშვილი, მაია მამულაშვილი

განმცხადებელი: დავით ჯაფარიძე

მოპასუხე: ქეთი ციცქიშვილი

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა დავით ჯაფარიძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ  2016 წლის 23 აპრილს, 13 საათზე "ტვ პირველის" საინფორმაციო გამოშვებაში გასული სიუჟეტით, რომლის ავტორიც იყო ქეთი ციცქიშვილი, დაირღვა ქარტიის პირველი,  მესამე, მეოთხე და მეხუთე პრინციპები.  სადავო სიუჟეტი  ეხებოდა პოლიციის მიერ მოქალაქეების,ირაკლი ჯაშის და ირაკლი ბჟალავას, დაკავებას. სიუჟეტი ასევე შეიცავდა ვიდეო კადრებს, რომლებიც, ჟურნალისტის ინფორმაციით, ასახავდა პოლიციის მიერ მოქალაქეების დაკავების ფაქტს. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ვიდეო კადრები აღწერდა აბსოლუტურად სხვა ინციდენტს და არ იყო კავშირში  ირაკლი ჯაშის და ირაკლი ბჟალავას დაკავებასთან.

საქმის განხილვას არ დასწრებია განმცხადებელი,  მოპასუხე  ჟურნალისტმა საბჭოს კითხვებს უპასუხა სატელეფონო კავშირის მეშვეობით.

სამოტივაციო ნაწილი: 

ქარტიის პირველი პრინციპის მიხედვით "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია". მოპასუხე ჟურნალისტმა დაადასტურა, რომ მის მიერ გავრცელებული ვიდეო კადრები მართლაც არ ასახავდა ირაკლი ჯაშის და ირაკლი ბჟალავას დაკავების ფაქტს, შესაბამისად თავად  ჟურნალისტმა დაადასტურა პირველი პრინციპის დარღვევა, კერძოდ მან გაავრცელა არასწორი ინფორმაცია [ვიდეო კადრები]. მოპასუხემ ასევე აცნობა საბჭოს, რომ მხოლოდ სადავო სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ გახდა მისთვის ცნობილი, რომ გავრცელებული კადრები რეალურად ასახავდა სხვა შემთხვევას და არა ირაკლი ჯაშის და ირაკლი ბჟალავას დაკავების ფაქტს.

ქარტიის მესამე პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია, ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია." მოპასუხე ჟურნალისტმა მიუთითა, რომ მას ვიდეო კადრები, რომლებიც თითქოს და ასახავდა ირაკლი ჯაშის და ირაკლი ბჟალავას დაკავაბას, მიაწოდა კონკრეტულმა წყარომ,  ჟურნალისტმა არ გადაამოწმა მიღებული ინფორმაცია, რამაც გამოიწვია პირველი პრინციპის დარღვევა. შესაბამისად წყაროს არსებობა სახეზეა და ქარტიის მესამე პრინცპის დარღვევა წყაროს დადასტურების ნაწილში არ დგინდება. რაც შეეხება დოკუმენტების გაყალბებას, აღნიშნულთან დაკავშირებითაც საბჭო მიიჩნევს, რომ დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან, საბჭოს შეფასებით, ჟურნალისტმა არასწორი ვიდეოს გავრცელების დროს არ იცოდა, რომ იგი არ შეესაბამებოდა იმ ფაქტს, რომელზეც სიუჟეტი იყო მომზადებული, ანუ არ ყოფილა ჟურნალისტის განზრახვა/ნება რომ გაევრცელებინა ფაქტთან შეუსაბამო ვიდეო.

ქარტიის მეოთხე პრინციპის თანახმად: "ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს". განცხადებაში არ არის აღნიშნული თუ რაში გამოიხატებოდა ჟურნალისტის მიერ არაკეთილისინდისიერი ან არა სამართლიანი მეთოდების გამოყენება და საბჭო ვერ იმსჯელებს მეოთხე პრინციპთან დაკავშირებით.

ქარტიის მეხუთე პრინციპის თანახმად: "მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება" განმცხადებელმა აღნიშნა, რომ მან მიმართა ტელევიზიას ინფორმაციის შესწორების შესახებ, მიუთითა რა, რომ არასწორი ვიდეო კადრების გავრცელდა, რაც  დაადასტურა მოპასუხე ჟურნალისტმა და აღნიშნა, რომ შემდგომში აღარ გამოუყნებია ვიდეო კადრები. საბჭო კიდევ ერთხელ განმარტავს თუ რაში გამოიხატება შესწორების პრინციპის დაცვა. მას შემდეგ რაც ჟურნალისტისათვის ცნობილი გახდება, რომ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, იგი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს საზოგადოებას, არაზუსტი ინფორმაციის [ამ შემთხვევაში ვიდეო კადრების] შემდგომში არ გამოყენება არ ითვლება შესწორებად. შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს რომ ჟურნალისტის მიერ დაირღვა ქარტიის მეხუთე პრინციპიც.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია:

  1. ქეთი ციცქიშვილის მიერ დაირღვა ქარტიის პირველი და მეხუთე პრინციპი.
  2. ქეთი ციცქიშვილის მიერ არ დარღვეულა ქარტიის მესამე და მეოთხე პრინციპი.
გადაწყვეტილების PDF ვერსია საქმის მასალები