გადაწყვეტილება N 89
07 ივნისი 2016 წელი
საქმეზე - გიორგი გაჩეჩილაძე ელისო კილაძის წინააღმდეგ
საბჭოს თავმჯდომარე: ნინო ზურიაშვილი
საბჭოს წევრები: მაია მეცხვარიშვილი, გერონტი ყალიჩავა, ჯაბა ანანიძე, ნინო ჯაფიაშვილი, მაია მამულაშვილი
განმცხადებელი: გიორგი გაჩეჩილაძე
მოპასუხე: ელისო კილაძე
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა გიორგი გაჩეჩილაძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ ვებ გვერდ http://qronikaplus.ge/ -ზე გამოქვეყნებული სტატიით "უცნობი მაესტრო - გია გაჩეჩილაძეს ერთი მილიონი ვანო ჩხარტიშვილმა გადაუხადა?" დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპი.
საქმის განხილვის დროს სხდომას დაესწრო განმცხადებლის წარმომადგენელი ნანა ჭკუასელი, მოპასუხე მხარემ, ელისო კილაძემ, საბჭოს კითხვებს ტელეფონით უპასუხა.
სამოტივაციო ნაწილი:
ქარტიის პირველი პრინციპის მიხედვით "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია". საქმის ზეპირი განხილვის დროს, განმცხადებლის წარმომადგენელმა დააზუსტა, რომ სადავო სტატიაში მოცემული ფაქტები არ შეესაბამებოდა სიმართლეს და განსაკუთებით ხაზი გაუსვა შემდგომი ფაქტობრივი გარემოების უზუსტობას: "[ძმები გაჩეჩილაძეებისგან] თანხმობის მიღების შემდეგ კი ფულის გადახდა [ძმები გაჩეჩილაძეებისათვის] ვანო ჩხარტიშვილისთვის დაუვალებიათ იმ პირობით, რომ ბიძინა ივანიშვილი მოგვიანებით მას ამ თანხას გაუსტუმრებდა. გადაიხადა თუ არა ჩხარტიშვილის ვალი ივანიშვილმა, ჩვენი წყარო ვერ აკონკრეტებს, მაგრამ მინდობილობა გაფორმებულა და გია გაჩეჩილაძეს ვალდებულებაც აუღია, რომ მის კუთვნილ წილს დანარჩენ დამფუძნებლებს გაუფორმებდა." თავის მხრივ ელისო კილაძემ აღნიშნა, რომ მას ზემოაღნიშნული ინფორმაცია კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა. პირველი პრინციპთან დაკავშირებით ქარტიის საბჭო განმარტავს, რომ პირველი პრინციპის დაცვისათვის აუცილებელია ჟურნალისტმა მისთვის მიწოდებული ინფორმაცია გადაამოწმოს სხვა რელევანტურ წყაროსთან, მათ შორის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ღონე იხმაროს რათა ფაქტზე კომენტარი მოიპოვოს იმ პირისაგან, ვისაც ეს ფაქტი ეხება, აღნიშნულით უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოების უფლება რომ მიიღოს სრული და გადამოწმებული ინფორმაცია ან/და იცოდეს ყველა მხარის შეფასება/პოზიცია, ფაქტის შესახებ.
ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, საბჭო აღნიშნავს, რომ იგი არ მსჯელობს იმის შესახებ, სტატიაში მითითებული ფაქტები რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს, არამედ აფასებს ჟურნალისტის მცდელობას, სცადა თუ არა ინფორმაციის გადამოწმება, მათ შორის მიმართა თუ არა კომენტარისათვის იმ პირებს [მაგალითად, გიორგი ან ლევან გაჩეჩილაძეს], ვისაც ეხებოდა სტატიაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. როგორც განმცხადებელმა აღნიშნა, სტატიის ავტორი ძმებ გაჩეჩილაძეებს არ დაკავშირებია კომენტარის მისაღებად. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დაადასტურა მოპასუხე ჟურნალისტმა ელისო კილაძემაც. შესაბამისად, საბჭო თვლის, რომ ამით დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი, საზოგადოებას ჰქონდა უფლება და მოლოდინი, რომ სცოდნოდა იმ სუბიექტების პოზიციაც, რომლებიც მოხსენიებულნი იყვნენ სტატიაში.
განმცხადებლის წარმომადგენელი აღნიშნავდა, რომ გიორგი გაჩეჩილაძე უარყოფდა მის შესახებ მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ შორის ვანო ჩხარტიშვილისაგან თანხის მიღებას, რაც ასევე ცნობილი უნდა ყოფილო მკითხველისათვის სტატიიდან, თუ რესპონდენტი უარს იტყოდა კომენტარის გაკეთებაზე, ამის შესახებაც უნდა აღნიშნულიყო, სადავო მასალაში კი მეორე მხარისგან კომენტარის მიღების მცდელობაც არ იყო, რაც არ ჩაითვლება საზოგადოების უფლების უზრუნველყოფად, რომ მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.
სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია:
- ელისო კილაძის მიერ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი