განმცხადებელი : გიორგი ყიფიანი;
მოპასუხე : მაია ასათიანი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 10 პრინციპი;
გადაწყვეტილება N 81
27 თებერვალი 2016 წელი
საქმეზე - გიორგი ყიფიანი მაია ასათიანის წინააღმდეგ
საბჭოს თავმჯდომარე: ნინო ზურიაშვილი
საბჭოს წევრები: მაია მეცხვარიშვილი, თაზო კუპრეიშვილი, ირინა ყურუა, ნინო ჯაფიაშვილი, მაია მამულაშვილი
განმცხადებელი: გიორგი ყიფიანი
მოპასუხე: მაია ასათიანი
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა გიორგი ყიფიანმა. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ მაია ასათიანმა დაარღვია ქარტიის პირველი, მე-8 და მე-10 პრინციპი. განცხადების თანახმად, ქარტიის პრინციპები დაირღვა 2016 წლის 28 იანვარს, ტელეკომპანია "რუსთავი 2 - ის" ეთერში გასულ გადაცემაში "პროფილი", რომლის წამყვანიც მაია ასათიანი იყო და ეხებოდა არასრუწლოვანთა სუიციდს.
საქმის განხილვის დროს სხდომას დაესწრო განმცხადებელი გიორგი ყიფიანი, მოპასუხე სხდომას არ დასწრებია და არც საპასუხო პოზიცია წარმოუდგენია.
სამოტივაციო ნაწილი:
ქარტიის პირველი პრინციპის მიხედვით "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია".
გადაცემა იწყება წამყვანის ტექსტით: "16 წლის გიორგი, 16 წლის მარინა, 11 წლის ნიკა, 12 წლის ირაკლი, 17 წლის ოთო, 16 წლის ნიკა, 15 წლის თინათინი, 16 წლის სამირა, 17 წლის თაკო, 16 წლის გიორგი, 17 წლის პაატა, 11 წლის პაატა - სულ 100-ზე მეტი შემთხვევა ერთ წელიწადში. ყველა არასრულწლოვანია. რა ხდება? რატომ იკლავენ ასე ხშირად ბავშვები თავს? რატომ იმატა ბოლო ორი წლის განმავლობაში თვითმკვლელობების რიცხვმა?" ასევე ერთ ერთი კითხვის დასმის დროს წამყვანმა აღნიშნა: "იმ ყველაფრის ფონზე, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, რა არის ამ ყველაფრის მიზეზი? მე მაინც მგონია და ამას სტატისტიკაც ადასტურებს, რომ რიცხვი გაზრდილია. სად არის პრობლემა?" ანუ წამყვანმა დადასტურებული ფაქტის სახით საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია, რომ არასრულწლოვნებს შორის თვითმკვლელობების რიცხვმა იმატა. ქარტიის საბჭომ გამოითხოვა ინფორმაცია [სტატისტიკა] შინაგან საქმეთა სამინისტროდან, რომლის თანახმად [2016 წლის 15 მარტის N 653380 წერილი]:
- 2012 წელს დაფიქსირდა სუიციდის 315 ფაქტი, მათ შორის არასრუწლოვანთა სუიციდის 7 ფაქტი.
- 2013 წელს დაფიქსირდა სუიციდის 312 ფაქტი, მათ შორის არასრუწლოვანთა სუიციდის 18 ფაქტი.
- 2014 წელს დაფიქსირდა სუიციდის 382 ფაქტი, მათ შორის არასრუწლოვანთა სუიციდის 15 ფაქტი,
- 2015 წელს დაფიქსირდა სუიციდის 400 ფაქტი, მათ შორის არასრუწლოვანთა სუიციდის 13 ფაქტი.
ზემოაღნიშნული სტატისტიკიდან დგინდება, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში, არა თუ იმატა, არამედ იკლო სუიციდების რიცხვმა არასრუწლოვანთა შორის, შესაბამისად, წამყვანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იყო არაზუსტი.
ქარტიის მე-8 პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები, პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება." განმცხადებელი თავის არგუმენტაციაში, რომელიც ეხებოდა ქარტიის მე-8 პრინციპის დარღვევას, ძირითადად აპელირებდა იმაზე, რომ სუიციდის ფაქტები არ იყო გაშუქებული სწორად, რომ ასეთი სახით გაშუქებამ შეიძლება პირიქით წაახალისოს თვითმკვლელობა.
ქარტიის საბჭო აღნიშნავს, რომ ქარტიის მე-8 პრინციპი აქცენტს აკეთებს არასრულწლოვნებზე ინდივიდუალურად და აფასებს თუ რამდენად შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს კონკრეტულ პირზე სადავო მედიაპროდუქტმა. შესაბამისად, არასრულწლოვნების სუიციდის ზოგადად გაშუქება არასწორად, ვერ გამოიწვევს ქარტიის მე-8 პრინციპის დარღვევას.
დამატებით, ქარტიის საბჭო იზიარებს ეთიკურ ჟურნალისტიკაში დამკვიდრებულ წესებს, რომ სუიციდის ფაქტების შესახებ ჟურნალისტური პროდუქტების მომზადება საჭიროებს ბევრი დეტალის გათვალისწინებას [მაგალითად ჟურნალისტმა თავი უნდა შეიკავოს სუიციდის ჩადენის ხერხის გასაჯაროებისაგან და ა.შ.], რომ არ გამოიწვიოს უარყოფითი შედეგები. შესაბამისად, ქარტიის მიერ მომზადდა სუიციდის გაშუქების სახელმძღვანელო წესები და განთავსდა ვებგვერდზე.
ქარტიის მე-10 პრინციპის თანახმად "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი". გადაცემის იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა არასრუწლოვან მარიამის მიერ თვითმკვლელობის ფაქტს, ჟურნალისტი პირად ცხოვრებაში შეიჭრა - საჯარო გახდა ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობების შესახებ ინფორმაცია, ასევე ჟურნალისტი დაჟინებით სთხოვდა გარდაცვლილი პირის დედას მოეყოლა თუ რატომ გადაწყვიტა გვამის ექსგუმაცია. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ არ არსებობდა საზოგადოების ობიექტური ინტერესი და შესაბამისად ჟურნალისტს არ უნდა გაესაჯაროებინა პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია.
სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია:
- მაია ასათიანმა დაარღვია ქარტიის პირველი და მე-10 პრინციპი.
- მაია ასათიანს არ დაურღვევია ქარტიის მე-8 პრინციპი.
საქმის მასალები: