გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე – გიორგი ახალკაცი გოჩა დავითაშვილის და ლადო ბიჭაშვილის წინააღმდეგ
29.04.2016

განმცხადებელი : გიორგი ახალკაცი;
მოპასუხე : გოჩა დავითაშვილი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
გადაწყვეტილება N 78
26 მარტი 2016  წელი

საქმეზე - გიორგი ახალკაცი გოჩა დავითაშვილის და ლადო ბიჭაშვილის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნინო ზურიაშვილი

საბჭოს წევრები: ნინო ნარიმანიშვილი, თაზო კუპრეიშვილი, გერონტი ყალიჩავა, ნინო ჯაფიაშვილი, მაია მამულაშვილი

განმცხადებელი: გიორგი ახალკაცი

მოპასუხე ჟურნალისტები: გოჩა დავითაშვილი და ლადო ბიჭაშვილი

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა გიორგი ახალკაცმა. განმცხადებელი სადავოდ ხდიდა [1] 2015 წლის 16 დეკემბერს ტელეკომპანია "თრიალეთის" ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელიც ეხებოდა გორის უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებს და მასთან დაკავშირებით ტელეკომპანია "დიას" მიერ მომზადებულ სიუჟეტს და [2] 2015 წლის 17 დეკემბერს ტელეკომპანია "თრიალეთის"  სახელით გავრცელებულ განცხადებას.

პირველ სიუჟეტთან დაკავშირებით განმცხადებელი აღნიშნავდა:  "იმის მიუხედავად, რომ სტუდენტი ბრალდებას მაღალჩინოსნებსაც უყენებდა, ტ/კ "თრიალეთმა" აქცენტი კონკურენტ ტელევიზიაზე გააკეთა და შეურაცხმყოფელი განცხადების ტირაჟირება მოახდინა". მეორე სიუჟეტთან დაკავშირებით გამოცხადებელი აპელირებდა, რომ მოხდა არასწორი ინფორმაციების გავრცელება.  გიორგი ახალკაცი მიიჩნევდა, რომ სიუჟეტებში დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-3,  მე-5,  მე-7,  და 11-ე  პრინციპები.

საქმის განხილვის დროს  სხდომას დაესწრო განმცხადებელი გიორგი ახალკაცი, რა დროსაც მან მოხსნა საკუთარი მოთხოვნა ქარტიის მე-3, მე-5 და მე-7 პრინციპებთან დაკავშირებით. მოპასუხე ჟურნალისტებმა თავიანთი პოზიცია წერილობით წარმოადგინეს.

სამოტივაციო ნაწილი: 

ქარტიის პირველი პრინციპის მიხედვით "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია".

პირველ სადავო სიუჟეტთან დაკავშირებით: სიუჟეტი შეიცავდა სტუდენტ შმაგი ბერუაშვილის ინტერვიუს, სადაც ის ბრალს დებდა ტელეკომპანია "დიას",  რომ "დიას" მიერ მომზადებული ჟურნალისტური მასალა ["ვინ მიიყენა თვითდაზიანებები გორის უნივერსიტეტში"], რომელიც   მას ეხებოდა, კონკრეტული პირების შეკვეთა იყო.  შმაგი ბერუაშვილი "დიას" ასევე აფასებდა, როგორც კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან აფილირებულ ტელევიზიად და გამოთქვამდა სხვა ბრალდებებსაც. სადავო სიუჟეტი, გარდა შმაგი ბერუაშვილთან ინტერვიუსა, ასევე შეიცავდა გიორგი ახალკაცის [ტელეკომპანია "დიას" წარმომადგენლის] პოზიციასაც, რომელსაც საშუალება მიეცა ეპასუხა შმაგი ბერუაშვილის მიერ გამოთქმული ბრალდებებისათვის. საბჭო მიიჩნევს, რომ ორივე მხარეს საშუალება მიეცა დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია და შესაბამისად არ დარღვეულა ქარტიის პირველი პრინციპი.

მეორე სადავო მასალასთან დაკავშირებით: მეორე სადავო მასალას წარმოადგენდა ტელეკომპანია "თრიალეთის" განცხადებას, სადაც დადასტურებული ფაქტის სახით გავრცელდა შემდეგი ინფორმაცია: "ტელეკომპანია "დია" მაშინდელი ხელისუფლების დავალებით [იგულისხმება 2012 წლამდე არსებული ხელისუფლება] იბრძოდა "თრიალეთის" წინააღმდეგ", "ტელევიზია [იგულისხმება ტელეკომპანია "დია"] ამჯერად უკვე "ქართული ოცნების" სამსახურში ჩააყენა",  "დია" გამოყენებულია ბრძოლის იარაღად".    არც ერთ აღნიშნული ფაქტობრივ გარემოებას თან არ ახლდა შესაბამისი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მათ, შესაბამისად აღნიშნული ინფორმაცია არ უნდა გავრცელებულიყო დადასტურებული ფაქტების სახით.

ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება". პირველ სადავო სიუჟეტთან დაკავშირებით საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან არ დადგინდა პირველი პრინციპის დარღვევა [არაზუსტი ფაქტის გავრცელება], შესაბამისად ვერ დადგინდება განზრახვაც. რაც შეეხება მეორე სადავო მასალას, საბჭოს პოზიციით განზრახვას არც ამ შემთხვევაში ქონია ადგილი. ტელეკომპანია "თრიალეთის" განცხადებას წინ უძღოდა ტელეკომპანია "დიას" განცხადება, რომელიც თავის მხრივ ბრალდებებს შეიცავდა "თრიალეთის" მისამართით. შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს რომ "თრიალეთის" განცხადება იყო  გარკვეულწილად პასუხის გაცემა და მასში გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითება, წარმოადგენდა არა განზრახვას, არამედ მხოლოდ ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევას.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია:

  1. ჟურნალისტებმა გოჩა დავითაშვილმა და ლადო ბიჭაშვილმა დაარღვიეს ქარტიის პირველი  პრინციპი.
  2. ჟურნალისტებს გოჩა დავითაშვილს და ლადო ბიჭაშვილს არ დაურღვევიათ ქარტიის მე-11 პრინციპი.
ჩამოტვირთეთ გადაწყვეტილება საქმის მასალები: