27 თებერვალი 2016 წელი
საქმეზე - ელისო ჩაფიძე საინფორმაციო სააგენტო GHN -ზე გამოქვეყნებული სტატიის ავტორის წინააღმდეგ
საბჭოს თავმჯდომარე: ნინო ზურიაშვილი
საბჭოს წევრები: მაია მეცხვარიშვილი, თაზო კუპრეიშვილი, ირინა ყურუა, ნინო ჯაფიაშვილი, მაია მამულაშვილი
განმცხადებელი: ელისო ჩაფიძე
მოპასუხე: საინფორმაციო სააგენტო GHN-ზე გამოქვეყნებული სტატიის არა იდენტიფიცირებული ავტორი
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ელისო ჩაფიძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ საინფორმაციო სააგენტო GHN-ზე გამოქვეყნებული სტატიით "ელისო ჩაფიძეს ტყიბულის მაჟორიტარობაზე უარი უთხრეს, მას ოთარ აბესაძე ჩაანაცვლებს" დაირღვა ქარტიის პირველი, მე_3, მე_4 და მე_5 პრინციპი. სადავო სტატია ეხებოდა ტყიბულის საარჩევნო ოლქში ქართული ოცნების მაჟორიტარობის სავარაუდო კანდიდატის შესახებ ინფორმაციას და ახლანდელი მაჟორიტარის (ელისო ჩაფიძის) მომავალ სამუშაო პოზიციას.
საქმის განხილვის დროს საბჭოს კითხვებს განმცხადებელმა უპასუხა დისტანციური საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, რა დროსაც მოხსნა თავისი მოთხოვნა მესამე და მე_4 პრინციპის დარღვევის შესახებ.
საბჭოს სამდივნოს მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა სტატიის ავტორი კონკრეტული ჟურნალისტის იდენტიფიცირება. მოპასუხე მედიასაშუალებამ კომუნიკაციაზე უარი განაცხადა და ასევე არ დააკმაყოფილა საბჭოს სამდივნოს თხოვნა, ეცნობებინა სტატიის ავტორი ჟურნალისტი ან ზოგადად მასალაზე პასუხისმგებელი რედაქტორის ვინაობა.
სამოტივაციო ნაწილი:
სადავო სტატიაში, მტკიცებით ფორმაში მითითებულია რამდენიმე ფაქტობრივი გარემოების შესახებ, მაგალითად: "დეპუტატი ელოსო ჩაფიძე, მომავალ არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არ იქნება" "გადაწყვეტილება კოალიცია "ქართული ოცნების" არაფორმალურმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა უკვე მიიღო". "ტყიბულში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად "ქართული ოცნება" განათლების მინისტრის მრჩეველს, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ლიდერს, ოთარ აბესაძეს დაასახელებს. "მისი [იგულისხმება ელისო ჩაფიძე] შემდგომი დასაქმების ერთ-ერთ ვარიანტად საზოგადობრივი მაუწყებელი განიხილება". სტატიაში აღნიშნულია, რომ ინფორმაცია ავტორს წყარომ მიაწოდა, ამასთან წყარო ანონიმურია და სტატიაში არ არის იდენტიფიცირებული.
ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია". მიუხედავად იმისა, რომ ელისო ჩაფიძემ უარყო ყველა ის ინფორმაცია, რომელიც სადავო სტატიაში იყო მითითებული, წინამდებარე გადაწყვეტილებაში საბჭოს მიზანს არ წარმოადგენს შეაფასოს ფაქტების სისწორე ან სიმცდარე, არამედ აქცენტს აკეთებს ქარტიის პირველი პრინციპის იმ განმარტებაზე, რომლის თანახმადაც, ფაქტები გადამოწმებული უნდა იყოს ყველა შესაძლო წყაროსთან. ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპების მიხედვით სტატიის ავტორი ვალდებული იყო დაკავშირებოდა ელისო ჩაფიძეს, რომელსაც ეხებოდა ანონიმური წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციათა უმრავლესობა და შესაბამისად, გამოექვეყნებინა მისი კომენტარი. ელისო ჩაფიძის განცხადებით, მას არ დაკავშირებია სტატიის ავტორი კომენტარის მისაღებად და არც სტატიაში ჩანს ავტორის მცდელობა მიეღო და გაევრცელებინა ფაქტებთან პირდაპირ დაკავშირებული პირის [ელისო ჩაფიძის] პოზიცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან ჩანს, რომ სადავო სტატიის ავტორმა არ დაიცვა ქარტიის პირველი პრინციპი, პატივისცემა საზოგადოების უფლებისადმი, რომ მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ელისო ჩაფიძის კომენტარი თავისთავად არ განსაზღვრავდა ფაქტების რეალობასთან შესაბამისობას, მაგრამ საზოგადოებისათვის ცნობილი იქნებოდა ელისო ჩაფიძის პოზიცია [სავარაუდოდ ინფორმაციის უარყოფა] და მკითხველს საშუალება ექნებოდა თავად შეეფასებინა ინფორმაციის სარწმუნოების ხარისხი.
ქარტიის მე_5 პრინციპის თანახმად: "მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება". თუ მედიასაშუალებისათვის ცნობილი გახდა, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყოფილია/მცდარია, იგი ვალდებულია შეასწოროს ინფორმაცია და აღნიშნული შესწორების შესახებ მიუთითოს მკაფიოდ და გარკვევით. როგორც ელისო ჩაფიძემ საბჭოს განუცხადა, მისი პრესსამსახურის წარმომადგენელი დაუკავშირდა GHN–ს და შეატყობინა, რომ ელისო ჩაფიძე უარყოფდა სტატიაში მითითებულ ფაქტებს. ასევე, იმავე GHN_ზე, სადავო სტატიის გავრცელებიდან რამდენიმე დღეში გამოქვეყნებულია ელისო ჩაფიძის თანაპარტიელის, გია ვოლსკის კომენტარი, სადაც ის აღნიშნავდა, რომ: "არავინ იცის, ვის უარი ეთქვა მაჟორიტარობაზე, ვინ ვის ჩაანაცვლებს და ვინ იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი". აღნიშნულიდან გამომდინარე სადავო სტატიის ავტორისათვის ცნობილი იყო, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ - ერთი ლიდერი უარყოფდა მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ მოხდა სადავო სტატიის გასწორება/მეორე მხარის კომენტარის დამატება.
სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია:
- საინფორმაციო სააგენტო GHN-ზე გამოქვეყნებული სტატიის ავტორმა დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი და მე-5 პრინციპი.
ჩამოტვირთეთ გადაწყვეტილების PDF ვერსია
საქმის მასალები: