05 ნოემბერი 2015 წელი
საქმეზე - ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობა გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ
საბჭოს თავმჯდომარე: ნინო ზურიაშვილი
საბჭოს წევრები: თაზო კუპრეიშვილი, გიორგი მგელაძე, ჯაბა ანანიძე, მაია მეცხვარიშვილი, ნინო ნარიმანიშვილი
განმცხადებელი: ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობა
მოპასუხე: არაწევრი ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2015 წლის 19 აგვისტოს, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ვებგვერდზე განთავსებულ სტატიაში, "37 ათასი ლარი თუშეთში ჩინოვნიკების დროსტარებისთვის" დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.
საქმის განხილვაზე გამოცხადდნენ განმცხადებლის წარმომადგენლები და მოპასუხე ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი.
სამოტივაციო ნაწილი:
ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია".
თავდაპირველად საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ "თუშეთობის"დღესასწაულის ჩატარება ვერ მოხერხდა, და შესაბამისად ვერ დადგინდება რეალურად რა ოდენობით თანხა დაიხარჯა მისი ორგანიზებისათვის.
სტატიაში მითითებული იყო, რომ "წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხა - 105,4 ათასი ლარი შემცირდა 98,4 ათასამდე, ხოლო საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვისათვის გათვალისწინებული 230,0 ათასი ლარი - 221,0 ათას ლარამდე გამოთავისუფლებული თანხა, რაც საერთო ჯამში 16 000 ლარს შეადგენს, დაემატა მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ "კულტურის ცენტრის" ადმინისტრაციული ხარჯების დაფინანსებას". შესაბამისი საჯაროდ ხელმისაწვდომი ნორმატიული აქტების გაცნობის შედეგად, სტატიაში აღნიშნული ფაქტი დადასტურდა. ასევე გასათვალისწინებელია, რომ სწორედ ა(ა)იპ "კულტურის ცენტრი" უზრუნველყოფდა დღესასწაულ "თუშეთობის" ორგანიზებას, შესაბამისად, შესაძლებელია დადასტურებულ ფაქტად მივიჩნიოთ, რომ დღესასწაულის წინ ბიუჯეტის ცვლილება სწორედ "თუშეთობისთვის" სახსრების აკუმულირების მიზნით განხორციელდა.
სტატიაში ასევე მითითებული იყო, რომ "გამგეობა და საკრებულო თავიანთი წარმომადგენლობითი ხარჯებიდან აპირებენ დამატებით თითქმის 21 000 ლარის გამოყოფას". როგორც მოპასუხე ჟურნალისტმა განაცხადა, მას წყარომ მიაწოდა ეს ინფორმაცია, აქვე აღსანიშნავია, რომ სტატიაში მითითებული იყო - "კახეთის საინფორმაციო ცენტრმა 17 აგვისტოს წერილობით მიმართა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მოითხოვა საჯარო ინფორმაცია, რა თანხა გამოიყო მუნიციპალიტეტის ორგანოების წარმომადგენლობითი ხარჯებიდან "თუშეთობა – 2015"–ის ორგანიზებისათვის. არაერთი მცდელობის მიუხედავად ინფორმაცია ამ დრომდე ვერ მივიღეთ". აღნიშნულიდან ჩანს, რომ ჟურნალისტმა სცადა ინფორმაციის გადამოწმება და შესაბამისად, მკითხველისთვის ნათელი იყო, რომ სტატია არ შეიცავდა მეორე მხარის პოზიციას და შესაძლებელი იყო გამგეობას უარყო ჟურნალისტის ხელთ არსებული ინფორმაცია.
განმცხადებელს ასევე პრეტენზია ჰქონდა სტატიაში გამოქვეყნებულ ინტერვიუსთან დაკავშირებით, რომელშიც იურისტი გელა შაშიაშვილი აცხადებდა, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო მთავრობის 2015 წლის 6 მარტის N422 განკარგულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს არღვევენ.
საბჭო აღნიშნავს, რომ იურისტის მიერ გაჟღერებული მოსაზრება წარმოადგენდა მის პირად მოსაზრებას/შეფასებას და არა დადასტურებულ ფაქტს, ახმეტის მუნიციპალიტეტს, ჟურნალისტთან თანამშრომლობის შემთხვევაში შეეძლო უერყო აღნიშნული პოზიცია.
სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე საბჭომ მიიჩნია:
- გელა მთივლიშვილს არ დაურღვევია ქარტიის პირველი პრინციპი.
საქმის თანდართული მასალები: