19 დეკემბერი 2015 წელი
საქმეზე – ლაურა გოგოლაძე მარიანა ბურჯალიანის წინააღმდეგ
საბჭოს თავმჯდომარე: ნინო ზურიაშვილი
საბჭოს წევრები: მაია მეცხვარიშვილი, ნინო ნარიმანიშვილი, ჯაბა ანანიძე, ირინა ყურუა, თაზო კუპრეიშვილი, ლაშა ზარგინავა
განმცხადებელი: ლაურა გოგოლაძე
მოპასუხე: არაწევრი ჟურნალისტი მარიანა ბურჯალიანი
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ლაურა გოგოლაძემ, განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ 2015 წლის 24 აგვისტოს გაზეთში „ახალი ხარაგაული“ მე-3 გვერდზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით „ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ტყის საკუთრებაში გადაცემის შესახებ შეხვედრა გაიმართა“, განმცხადებლის პოზიციით, სტატიაში დაირღვა ქარტიის მე-11 პრინციპი, კერძოდ „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები – პლაგიატი“. განცხადების თანახმად, სადავო სტატიის ძირითადი ნაწილი საავტორო უფლებების დაცვის გარეშე მთლიანად იყო გადმოტანილი მასალიდან „გადაეცემა თუ არა ტყე ხარაგაულის მუნიციპალიტეტს“, რაც 2015 წლის 14 აგვისტოს უკვე გამოქვეყნებული იყო ვებგვერდზე chemikharagauli.com.
ორივე სტატია ეხებოდა შეხვედრას, რომელიც გაიმართა ხარაგაულში, ადგილობრივი ხელისუფლების, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის, ეროვნული სატყეო სააგენტოს დეპარტამენტის, ბორჯომ – ხარაგაულის ეროვნული პარკის წარმომადგენელების, სოფლების რწმუნებულების და მოსახლეობის მონაწილეობით.
განცხადებაში მოპასუხე ჟურნალისტად ასევე მითითებული იყო „ახალი ხარაგაულის“ რედაქტორი ეკა შავიძე. საბჭოს წარედგინა დოკუმენტები, რომელთა თანახმად 2015 წლის 18 აგვისტოდან 11 სამუშაო დღის განმავლობაში ეკა შავიძე იმყოფებოდა შვებულებაში და მას ვერ დაეკისრებოდა პასუხისმგებლობა 24 აგვისტოს გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით.
საქმის განხილვისას სხდომას არ დასწრებია განმცხადებელი, ხოლო მოპასუხემ წერილობითი სახით წარმოადგინა შეპასუხება, სადაც აღნიშნული იყო, რომ ჟურნალისტები ერთსა და იმავე შეხვედრას ესწრებოდნენ და შესაბამისად, ძირითადი შინაარსი ორივე სტატიაში ერთ ასპექტში იყო გადმოცემული. მოპასუხე ჟურნალისტმა ასევე წარმოადგინა იმ სხდომის აუდიო ჩანაწერი, რომელ სხდომასთან დაკავშირებითაც მომზადდა სადავო სტატია.
სამოტივაციო ნაწილი:
ქარტიის მე_11 პრინციპის მე_4 ნაწილის თანახმად: „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები – პლაგიატი“. საბჭო მიიჩნევს, რომ ორივე სტატიაში შეიმჩნევა იდენტური ტექსტები, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ორივე სტატია აღწერს საჯარო შეხვედრას და მოყვანილია პირთა ციტატები საჯარო გამოსვლიდან. სტატიებს შორის იდენტური ტექსტები სწორედ რესპონდენტთა ციტირებისას შეიმჩნევა. აქვე უნდა ხაზი გაესვას იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ წარმოადგინა სტატიაში აღნიშნული სხდომის აუდიო ჩანაწერი, რაც იძლევა დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ მან დამოუკიდებლად მოახდინა გამომსვლელთა ტექსტის ციტირება სტატიაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია:
- მარიანა ბურჯალიანს არ დაურღვევია ქარტიის მე-11 პრინციპის მე-3 ნაწილი.
გადაწყვეტილების თანდართული მასალები: