19 დეკემბერი 2015 წელი
საქმეზე - სს "თელასი" ინგა ბაჯელიძის წინააღმდეგ
საბჭოს თავმჯდომარე: ნინო ზურიაშვილი
საბჭოს წევრები: მაია მეცხვარიშვილი, ნინო ნარიმანიშვილი, ჯაბა ანანიძე, ირინა ყურუა, თაზო კუპრეიშვილი, ლაშა ზარგინავა
განმცხადებელი: სს "თელასი"
მოპასუხე: არაწევრი ჟურნალისტი ინგა ბაჯელიძე
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა სს "თელასმა", განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ 2015 წლის 18 ნოემბერს, ვებგვერდ http://news.ge/ _ზე გამოქვეყნებული მასალით "ენერგომაფიის დაბრუნება" - ანონიმური წერილი "თელასიდან" და ახალი ბრალდებები მოსამართლე ურთმელიძის წინააღმდეგ" დაირღვა ქარტიის პირველი, მე-3 და მე-5 პრინციპი. ანონიმური წერილი ეხებოდა "თელასის და სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვას, 2014-2015 წლებში თელასის ბიუჯეტიდან მილიონების უკანონო მითვისებას, ენერგომაფიის დაბრუნებას, თანამშრომლების დაწყებულ მასიური შემცირებებს".
ანონიმური წერილი უცვლელი სახით გამოქვეყნდა საინფორმაციო სააგენტოს ვებგვერდზე. მასალაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრა სააგენტოს რედაქტორი ინგა ბაჯელიძე.
საქმის განხილვისას სხდომაზე გამოცხადდა განმცხადებლის წარმომადგენელი, ვალერი ფანცულაია, ხოლო მოპასუხემ თავისი პოზიცია წერილობითი სახით წარმოადგინა. განმცხადებელმა სხდომის მიმდინარეობისას მოხსნა თავისი მოთხოვნა ქარტიის მე-3 და მე-5 პრინციპების დარღვევასთან დაკავშირებით.
მოპასუხემ თავის პოზიციაში აღნიშნა, რომ მათ ანონიმური წერილი გამოაქვეყნეს 18 ნოემბერს 10:03 საათზე, ხოლო სს "თელასის" კომენტარი იმავე დღეს 11:19 საათზე, შესაბამისად მათ წარმოდგენილი ჰქონდათ ორივე მხარის პოზიცია.
სამოტივაციო ნაწილი:
ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია". საბჭო თავის მსჯელობას წარმართავს იმ მიზნით, რომ შეაფასოს ეთიკური ჟურნალისტიკის კუთხით რამდენად მიზანშეწონილია მხოლოდ ანონიმური წერილის გამოქვეყნება. თავდაპირველად აღსანიშნავია, რომ ანონიმური წერილი თავისი შინაარსით არ იყო ახალი ამბავი (ნიუსი) და ამავე წერილში მითითებული ფაქტების და გარემოებების გადამოწმების გარეშე მისი მყისიერი გამოქვეყნება საზოგადოების ინტერესში არ შედიოდა. საბჭოს შეფასებით, მხოლოდ სს "თელასის" კომენტარის მოპოვება და გამოქვეყნება არ უზრუნველყოფდა საზოგადოების უფლებას მიეღო ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია.
მედია არა მხოლოდ ინფორმაციის გავრცელების საშულებაა არამედ მისი მოვალეობაა, რომ ყველა ღონე იხმაროს გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად და ასეთი გადამოწმებული ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას. ანონიმურ წერილში საუბარი იყო ფაქტებზე, პიროვნებებზე, რომლებსაც წერილის თანახმად, ბრალი მიუძღოდათ არაკანონიერ ქმედებებში და შესაბამისად, ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპებიდან გამომდინარე ჟურნალისტი ვალდებული იყო გადაემოწმებინა ფაქტები, მოეპოვებინა/ეცადა მოეპოვებინა კომენტარები წერილში მითითებული პირებისგან. საბჭომ ვერ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ ვინაიდან ანონიმურ წერილს თან ახლდა სასამართლო გადაწყვეტილება, ამით დასტურდებოდა წერილში მითითებული ფაქტები. წერილი შეიცავდა ბევრ ისეთ გარემოებას, რომელთაც არ ეხებოდა სასამართლო გადაწყვეტილება და შესაბამისად, ჟურნალისტი ვალდებული იყო გადაემოწმებინა აღნიშნული გარემოებები.
სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია:
- ინგა ბაჯელიძის მიერ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.