განმცხადებელი : პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის;
მოპასუხე : გია ჯაჯანიძე;
დარღვეული პრინციპები : 7 პრინციპი; 8 პრინციპი; 10 პრინციპი;
01 ოქტომბერი 2015 წელი
საქმეზე - ააიპ "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" გია ჯაჯანიძის და მაია სტეფნაძის წინააღმდეგ
საბჭოს თავმჯდომარე: ნინო ზურიაშვილი
საბჭოს წევრები: ირაკლი აბსანძე, მაია მეცხვარიშვილი, გივი მგელაძე, თაზო კუპრეიშვილი, ლაშა ზარგინავა
განმცხადებელი: ააიპ "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის"
არაწევრი ჟურნალისტები: გია ჯაჯანიძე და მაია სტეფნაძე
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ააიპ "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის", განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ 2015 წლის ....ს, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გასულ გადაცემაში "სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად" დაირღვა ქარტიის მე_7, მე-8 და მე_10 პრინციპები. განცხადების თანახმად, პრინციპები დაირღვა გადაცემის იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა 5 წლის ბავშვზე შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტს. გადაცემაში სტუმრად იყო მოწვეული ბავშვის დედა, რომელიც სავარაუდო სექსუალურ ძალადობაში ბრალს სდებდა მის მეზობელ ზ.-ს. ასევე აღსანიშნავია, რომ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული იყო გამოძიება და მშობლის მიერ დასახელებულ პირს არა თუ დამტკიცებული არ ჰქონდა დანაშაული, არამედ სავარაუდო დამნაშავე პირი დაკავებულიც არ იყო.
საქმის განხილვაზე გამოცხადდა განმცხადებლის წარმომადგენელი ანა აბაშიძე, მოპასუხეები სხდომას არ დასწრებიან და არც შეპასუხება წარმოუდგენიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
ქარტიის მეშვიდე პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით". გადაცემაში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ზ.-ს სტატუსზე. რამდენჯერმე ხაზი გაესვა, რომ იგი არის "ყოფილი პატიმარი". აღნიშნული შეფასება გამოყენებული იყო იმ ვარაუდის გასამყარებლად, რომ ზ. იყო სწორედ მოძალადე. მსგავსი მიდგომა და შეფასება ამყარებს სტერეოტიპს, რომ პირის ნასამართლეობა დიდი ალბათობით გულისხმობს მის მიდრეკილებას დანაშაულის ჩადენისადმი, რომ "ნასამართლევი" პირი არ შეიძლება იყოს უსაფრთხო საზოგადოებისათვის და საჭიროა მისგან დისტანცირება. როგორც საბჭომ არაერთხელ აღნიშნა, სტიგმატიზირება/სტიგმის გაძლიერება ჟურნალისტური ეთიკის მიზნებისათვის დისკრიმინაციის სახეა, ამიტომაც კონკრეტული სიუჟეტით/ავტორის მიდგომებით სახეზე იყო პირის დისკრიმინაცია.
ქარტიის მერვე პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება". საბჭოს განმარტების თანახმად, არასრულწლოვნის იდენტიფიცირება ძალადობის ნებისმიერი ფორმის შემთხვევაში დაუშვებელია, იმის მიუხედავად ბავშვი მოძალადის როლშია, მსხვერპლის თუ მოწმის.
გადაცემაში გავრცელებული ინფორმაციით შესაძლებელი იყო არასრულწლოვნის იდენტიფიცირება. გასაჯაროვდა ბავშის სახელი და საცხოვრებელი ადგილი, საჯარო იყო დედის ვინაობაც. პასუხისმგებელმა ჟურნალისტებმა არ გაითვალისწინეს შესაძლო ნეგატიური შედეგები, რაც ბავშვის იდენტიფიცირებას შეიძლება მოყვეს, საბჭო ეთანხმება განმცხადებლის პოზიციას, რომ იდენტიფიცირებამ შესაძლოა "გაზარდოს მიუღებლობა მის მიმართ საზოგადოებაში", "მასთან დაკავშირებით ძალადობის ინფორმაციის ცოდნა შექმნის ბულინგის და სტიგმის რეალურ საშიშროებას. დიდი ალბათობით ის, როგორც გოგონა ბავშვი, გახდება საზოგადოებაში მტკიცედ დამკვირდებული გენდერული სტერეოტიპების მსხვერპლი, რაც მას მთელი ცხოვრება გაყვება და გაუპატიურებული გოგონას იარლიყით მოუწევს სრულწლოვანების ასაკამდე გაუძლოს ბავშვისთვის წარმოუდგენლად მძიმე ტვირთს. ამ მიზეზის გამო ბავშვის ცხოვრების ხარისხი საგრძნობლად დაეცემა". საბჭო აქვე აღნიშნავს, არასრულწლოვანის ვინაობის ან მასთან დაკავშირებული ფაქტების გასაჯაროებაზე მშობლის თანხმობა არ ათავისუფლებს ჟურნალისტს პოზიტიური ვალდებულებისაგან. ჟურნლისტი ვალდებულია, "პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს", მან თავად უნდა შეაფასოს ის ნეგატიური შედეგები, რაც შეიძლება ბავშვის იდენტიფიცირებას მოყვეს.
ქარტიის მეათე პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი". სადავო გადაცემაში მშობლის მიერ მოძალადედ მიჩნეული პირის პირადი ცხოვრების დეტალები გასაჯაროებულია: საცხოვრებელი ადგილი, სახელი, ოჯახური მდგომარეობა, წარსულის შესახებ ინფორმაცია. ასევე უნდა შეფასდეს რამდენად არსებობდა მის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი. როგორც უკვე აღინიშნა, არ იყო შესაბამისი წესით დადასტურებული, რომ სწორედ აღნიშნულმა პირმა - ზ.-მ ჩაიდინა დანაშაული და ეს მხოლოდ მშობლის ვარაუდი იყო. შესაბამისად, არა თუ საზოგადოებრივი ინტერესი არ იყო, არამედ პირიქით, არსებობდა საშიშროება, რომ ზ. მისი იდენტიფიცირების შემდეგ გახდეს ძალადობის მსხვერპლი, რადგან აღქმული იქნას როგორც მოძალადე, მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დადასტურებულა.
სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია:
- გია ჯაჯანიძემ (როგორც გადაცემის წამყვანმა) და მაია სტეფნაძემ (როგორც გადაცემის პროდიუსერმა) დაარღვიეს ქარტიის მე_7, მე_8 და მე_10 პრინციპები.