გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე – "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი- გაზეთ "რეზონანსის- ჟურნალისტის, თაია არდოტელის წინააღმდეგ
20.10.2015

განმცხადებელი : GWP;
მოპასუხე : თაია არდოტელი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
გადაწყვეტილება N 60

 

06 სექტემბერი 2016 წელი

საქმეზე შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თათია არდოტელის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნინო ზურიაშვილი

საბჭოს წევრები: თაზო კუპრეიშვილი, გიორგი მგელაძე, ჯაბა ანანიძე, ლაშა ზარგინავა, ირაკლი აბსანძე

განმცხადებელი: შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“

არაწევრი ჟურნალისტი: თათია არდოტელი

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ [შემდგომ “GWP”], რომელიც მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტმა თათია არდოტელმა დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 1, მე_3 და მე-11 პრინციპი.

საქმის განხილვის დროს გამოცხადდა GWP -ის წარმომადგენელი, იურისტი იოსებ ნიკოლაიშვილი, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტი საქმის განხილვას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია.

განცხადების თანახმად, ქარტიის პრინციპები დაირღვა თათია არდოტელის ავტორობით, გაზეთ „მთელი კვირა – რეზონანსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში: „უბანი ქალაქის ცენტრში, სადაც 2 კვირა წყალი არ ჰქონდათ“.

განმცხადებელს მოპასუხედ ასევე განსაზღვრული ჰყავდა გაზეთ „მთელი კვირა – რეზონანსის რედაქტორი“ ბესო მამინაშვილი, მაგრამ ვინაიდან სტატიის ავტორი ჟურნალისტი იდენტიფიცირებული იყო, განცხადება რედაქტორის მიმართ არ განხილულა, ვინაიდან ქარტიის საბჭოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილება რედაქტორი პასუხისმეგებლ პირად, თუ ვერ ხერხდება სადავო ჟურნალისტური პროდუქტის ავტორის იდენტიფიცირება, ან აშკარაა, რომ რედაქტორი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობდა მასალის მომზადებაში.

სამოტივაციო ნაწილი:

ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლესდა საზოგადების უფლებას მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სადავო ჟურნალისტური პროდუქტის სათაურში [„უბანი ქალაქის ცენტრში, სადაც 2 კვირა წყალი არ ჰქონდათ“] ჟურნალისტი დადასტურებულ ფაქტად ავრცელებს იმ გარემოებას, რომ თითქოს და თბილისში ერთ ერთ უბანს 2 კვირის განმავლობაში წყალი არ მიეწოდებოდა, კერძოდ, ფაქტი ეხებოდა ხილიანის ქუჩას. სტატიის თანახმად აღნიშნული ქუჩის მცხოვრებლებმა ჟურნალისტის აცნობეს, რომ 2 კვირის განმავლობაში წყალი არ მიეწოდებოდათ. სტატია ასევე შეიცავს ინტერვიუს GWP_ს ცენტრალური სადისპეტჩერო სამსახურის ხელმძღვანელთან, თეიმურაზ ჯანელიძესთან, რომელიც უარყოფს ზემოაღნიშნულ ფაქტს, ციტატა: „მაგრამ არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, რომ ხილიანის ქუჩის მცხოვრებები 2 კვირის განმავლობაში დარჩენილყვნენ უწყლოდ“. ცალსახაა, რომ ჟურნალისტს ჰყავდა ორი წყარო, რომელთაგან ერთ-ერთი უარყოფდა ფაქტს. სხვა წყაროსთან ფაქტის გადამოწმება როგორც სტატიიდან ჩანს არ მომხდარა. შესაბამისად, დადასტურებულად არ შეიძლება ჩათვლილიყო ის გარემოება, რომ ხილიანის ქუჩის მცხოვრებებს 2 კვირის განმავლობაში წყალი არ ჰქონდათ. ზემოთ აღწერილი გარემობების შედეგად დადასტურებულ ფაქტად სათაურში იმის მითითება, რომ არსებობდა უბანი ქალაქის ცენტრში, სადაც 2 კვირა წყალი არ ჰქონდათ, წარმოადგენდა პირველი პრინციპის დარღვევას, ვინაიდან არ შესაბამებოდა ზუსტ და და დასასტურებულ ინფორმაციას.

ქარტიის მე_3 პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ ამ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია“.

განმცხადებელის მოთხოვნა დაკავშირებული იყო ქარტიის მე_3 პრინციპის მე_1 ნაწილთან და მიიჩნევდა, რომ საერთოდ არ არსებობდა „ხილიანის ქუჩის მცხოვრებები“, რომლებმაც განაცხადეს, რომ 2 კვირის განმავლობაში წყალი არ მიეწოდებოდათ. მხოლოდ აპელირება, რომ არ იყო კონკრეტულად, სახელით და გვარით იდენტიფიცირებული პირი, არ ნიშნავს, რომ საერთოდ არ არსებობდა ასეთი წყარო. ამასთან, თავად სტატიიდან ჩანს, რომ ჟურნალისტმა მიწოდებული ინფორმაცია გადაამოწმა GWP_ს წარმომადგენელთან.

ქარტიის მე_11 პრინციპთან დაკავშირებით განმცხადებელი აპელირებდა, რომ ჟურნალისტის მიერ ფაქტის დამახინჯება მოხდა განზრახ. განსახილველ შემთხვევაში საბჭოს არ მიიჩნევს, რომ ჟურნალისტის მიერ განზრახ მოხდა არასწორი ფაქტის სათაურად მითითება, ასევე არ იკვეთება მოტივი თუ რატომ უნდა მომხდარიყო ფაქტის განზრახ დამახინჯება. ეს ვარაუდი ასევე ეყრდნობა სტატიის ტექსტსაც, რომელიც შეიცავს მეორე მხარის პოზიციასაც.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე საბჭომ მიიჩნია:

  1. თათია არდოტელმა დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
  2. თათია არდოტელს არ დაურღვევია ქარტიის მე_3 და მე_11 პრინციპი.