06 სექტემბერი 2016 წელი
საქმეზე – ირაკლი ანთიძე სოსო სტურუას წინააღმდეგ
საბჭოს თავმჯდომარე: ნინო ზურიაშვილი
საბჭოს წევრები: თაზო კუპრეიშვილი, გიორგი მგელაძე, ჯაბა ანანიძე, ლაშა ზარგინავა, ირაკლი აბსანძე
განმცხადებელი: ირაკლი ანთიძე
არაწევრი ჟურნალისტი: სოსო სტურუა
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ირაკლი ანთიძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, სოსო სტურუამ, დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 1, მე_3 და მე-11 პრინციპი.
საქმის განხილვის დროს საბჭოს კითხვებს განმცხადებელმა უპასუხა დისტანციური კომუნიკაციის საშუალებით, ხოლო მოპასუხის მიმართ საბჭოს კითხვები არ ჰქონია.
განცხადების თანახმად, სოსო სტურუამ, 2015 წლის 17 ივნისს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ გვერდიდან [http://ajaratv.ge/] მოხსნა სიუჟეტი: „ზაურ ლაზიშვილსა და თემურ ბიბილეიშვილს ვარსკვლავები გაუხსნეს“ [http://ajaratv.ge/ge/news/society/zaur-lazishvilsa-da-temur-bibileishvils-varskvlavebi-gaukhsnes/99921], განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ აღნიშნული ქმედება იწვევდა ქარტიის პრინციპების დარღვევას.
სამოტივაციო ნაწილი:
ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლესდა საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.
განსახილველ შემთხვევაში საბჭო მიიჩნევს, რომ ადგილი არ ჰქონია ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევას, ვინაიდან არც განცხადებაში არ იყო მითითებული და არც სხვა გარემოებებიდან დგინდებოდა, რომ მოხდა არაზუსტი ინფორმაციის გავრცელება. განმცხადებელი არ დავობდა მოხსნილი სიუჟეტის შინაარსობრივ მხარეზე, არამედ სადავოდ ხდიდა თვით მოხსნის ფაქტს, რაც არ წარმოადგენს პირველი პრინციპის რეგულირების სფეროს.
ქარტიის საბჭოს პრაქტიკის თანახმად, მე-11 პრინციპის დარღვევა [„ფაქტის გაზრახ დამახინჯება] ვერ დადგინდება, თუ ადგილი არ ექნა ქარტიის პირველი პრინციპის [არაზუსტი ინფორმაციის გავრცელება] დარღვევას. პირველ პრინციპთან დაკავშირებით მსჯელობისას კი საბჭომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით განმცხადებელს პრეტენზიები არ გააჩნდა.
ქარტიის მე_3 პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია“.
განმცხადებელის მოთხოვნა დაკავშირებული იყო ქარტიის მე_3 პრინციპის მე_2 ნაწილის დარღვევასთან, მიიჩნევდა რა, რომ სიუჟეტის მოხსნით მოხდა მნიშვნელოვანი ფაქტების მიჩქმალვა.
იმისათვის რომ სახეზე იყოს მნიშვნელოვანი ფაქტების მიჩქმალვა, უნდა დადგეს შედეგი, როცა აუდიტორიას საშუალება არ ჰქონდა/არა აქვს მიიღოს და გაეცნოს იმ ინფორმაციას რომელიც უნდა ცოდნოდა ფაქტის/მოვლენის შესახებ.
სიუჟეტის მოხსნა, როგორც გარემოება, შეიძლება ჩაითვალოს მე_3 პრინციპის დარღვევის წინაპირობად, როგორც მნიშვნელოვანი ფაქტის მიჩქმალვა, მაგრამ აქვე გასათვალისწინებელი ის, რომ სიუჟეტის აღდგენა მოხდა 1 საათში, რაც საფუძველს იძლევა დავასკვნათ, რომ რეალურად შედეგი არ დამდგარა და დარღვევის გამოსწორება მოხდა მყისიერად, თავის მხრივ საბჭოს განმარტებით, იმ ქმედების, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ქარტიის პრინციპების დარღვევა, მყისიერი გამოსწორებისას არ დგინდება ქარტიის პრინციპების დარღვევა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან მოხსნილი სიუჟეტი მალევე აღდგა ვებ გვერდზე, ქარტიის მე_3 პრინციპის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე საბჭომ მიიჩნია:
- სოსო სტურუას არ დაურღვევია ქარტიის პირველი, მე_3 და მე_11 პრინციპები.