20.10.2015
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
- პირველ სადავო ფრაზად განმცხადებელი მიუთითებდა შემდეგზე: "გაზ-გასამართი სადგური "ავტოგაზი", რომელიც აშენდა ზურაბ რუსიშვილის გუბერნატორობის დროს. აკონტროლებს გუბერნატორის ბიძაშვილის ქმარი აჩიკო შავდათუაშვილი". აღნიშნულ ფრაზაში 3 ფაქტობრივი გარემობაა: 1. გაზ გასამართი სადგურის ზურაბ რუსიშვილის გუბერნატორად ყოფნის პერიოდში აშენება, აღნიშნული გარემოება გადამოწმდა საბჭოს მიერ და დადგინდა, რომ შეესაბამებოდა სიმართლეს. 2. "აკონტროლებს აჩიკო შავდათუაშვილი" სამართლებრივი კუთხით აჩიკო შავდათუაშვილის მიერ კონტროლის ფაქტი არ დადასტურდა, იგი არ წარმოადგენს არც კომპანიის პარტნიორს და არც ხელმძღვანელ პირს. შესაძლოა სახეზე იყოს არაფორმალური კონტროლის ფაქტი, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ჟურნალისტს უნდა მიეთითებინა, თუ რა აძლევდა საფუძველს/რა წყარო უდასტურება, რომ აჩიკო შავდათუაშვილი აკონტროლებდა გაზ გასამართ სადგურს, ეს იყო ვარაუდი თუ ფაქტი. ვინაიდან მსგავსი მითითება არ ყოფილა, საბჭო მიიჩნევს, რომ "კონტროლის" ფაქტი წარმოადგენდა უზუსტო და გადაუმოწმებელ ინფორმაციას. 3. განმცხადებელმა ასევე უარყო ზურაბ რუსიშვილის და აჩიკო შავდათუაშვილის ნათესაობის ფაქტი ["გუბერნატორის ბიძაშვილის ქმარი აჩიკო შავდათუაშვილი"]. თავის შეპასუხებაში არც მოპასუხე ჟურნალისტი აღარ ამტკიცებს, რომ აჩიკო შავდათუაშვილი ზურაბ რუსიშვილის ბიძაშვილის მეუღლეა, არამედ უთითებს, რომ "თუმცა, არაფერი არ იცვლება, იქნება ის ბიძაშვილის ქმარი, თუ მამის ბიძაშვილის შვილის ქმარი. მთავარია, რომ იგი არის გუბერნატორის ახლო ნათესავი. მათი ნათესაური კავშირი ასევე რამდენიმე ადამიანთან იქნა გადამოწმებული ჟურნალიტის მიერ". შეპასუხება თავის მხრივ წინააღმდეგობრივია, ერთის მხრივ უთითებს რომ გადამოწმდა ნათესაობის ფაქტი, მეორეს მხრივ ჟურნალისტმა არ იცის ზუსტად როგორი ნათესაური კავშირია ზურაბ რუსიშვილს და აჩიკო შავდათუაშვილს შორის. ეს იმ ფონზე, რომ განმცხადებელი საერთოდ უარყოფს ამ გარემოებას. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე ნათესაობის ფაქტი ვერ ჩაითვლება ზუსტ და გადამოწმებულ ინფორმაციად.
- მეორე სადავო ციტატა: "გორის ცენტრში, თეატრის გვერდით მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "რუკო", რომელსაც კონტროლს უწევს გუბერნატორის ბიძაშვილი, აჩიკო შავდათუაშვილის მეუღლე, ნინო ვანიშვილი". შპს "რუკოს" დირექტორს, საჯარო რეესტრში არსებული ინფორმაციის თანახმად, წარმოადგენს ნინო ვანიშვილი, შესაბამისად ზუსტ ფაქტად შეიძლება ჩაითვალოს მის მიერ შპს "რუკოს" გაკონტროლება. რაც შეეხება გუბერნატორის და ნინო ვანიშვილის ნათესაობის ფაქტს, აღნიშნულთან დაკავშირებით საბჭომ უკვე იმსჯელა პირველი გარემოების შეფასებისას.
- მესამე ციტატა: "ჩემს კითხვაში ნახსენებია, ატენში მშენებარე ობიექტი, რომელიც გაურკვეველია, არის სახლი თუ სასტუმრო და რომლის მშენებლობას კურირებს სოფო მიხანაშვილის მამა როინ [როსტომ] მიხანაშვილი. აღსანიშნავია, რომ ობიექტზე არ არსებობს მშენებლობის ნებართვის და დამკვეთის აბრა. მოსახლეობის წარმომადგენლები, ჩვენთან აცხადებენ, რომ ეს მშენებლობა ეკუთვნის გუბერნატორს, თუმცა ჩვენ ვერ შევძელით დაგვეზუსტებინა, რადგან არც აბრა არსებობს და არც ინფორმაციას გვაძლევენ, თუმცა მთავარია ის, რომ ამ მშენებლობას ახორციელებს ისევ ის როინ მიხანაშვილი, რომელიც რეგიონში ყველა ტენდერს იგებს". ჟურნალისტი დადასტურებულ ფაქტად არ ავრცელებს, რომ მშენებლობა ეკუთვნის გუბერნატორს და აღნიშნავს, რომ ამ გარემოების დაზუსტება ვერ მოხერხდა, შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში ვერ ჩაითვლება რომ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი და მოხდა არასწორი ინფორმაციის გავრცელება. შემდგომ, უკვე ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ "როინ მიხანაშვილი ყველა ტენდერს" იგებს. საბჭომ გადაამოწმა აღნიშნული ინფორმაცია შესაბამის საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებით და დადგინდა, რომ შპს "ვერელი +"_ის [რომელიც წარმოადგენს როინ მიხანაშვილის საკუთრებას] არ მოუგია რეგიონში ყველა ტენდერი. კერძოდ, ზურაბ რუსიშვილის გუბერნატორად ყოფნის პერიოდში ჩატარდა 300 ზე მეტი ტენდერი, 8 მათგანში მიიღო მონაწილეობა შპს "ვერელი +" მა და გაიმარჯვა ექვს მათგანში. აღნიშნულიდან ცალსახაა, რომ ზუსტ ფაქტად ვერ ჩაითვლება როინ მიხანაშვილის მიერ რეგიონში ყველა ტენდერის მოგება.
- მე_4 გარემოება: სადავო ფეისბუქ სტატუსი შეიცავს მითითებას ბმულზე, სადაც განთავსებულია სიუჟეტი: "გუბერნატორის და მისი გარემოცვის ბიზნესინტერესები". სიუჟეტში მოთხრობილია ატენში მცხოვრები თამაზ გოლოშვილის ოჯახის შესახებ, სადაც ისინი აცხადებენ, რომ მათ როინ მიხანაშვილმა წაართვა მიწის ნაკვეთი. ისინი ამბობენ, რომ მიწის ნაკვეთზე როინ მიხანაშვილი გუბერნატორთან ერთად აპირებს შამპანურის ქარხნის გახსნას. სიუჟეტში რამდენჯერმე იქნა მოხსენიებული, რომ სადავო მიწის ნაკვეთი [საკადასტრო კოდი: 66.60.11.158] წარმოადგენდა შპს "აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის" [ს/ნ 405007200] საკუთრებას, ამასთან ხაზი გაესვა, რომ მიწის ნაკვეთი მიისაკუთრა როინ მიხანაშვილმა. ჟურნალისტის მიერ არ მომხდარა აღნიშნული ფაქტის გადამოწმება, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოარკვევდა, რომ შპს "აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის" 100 % წილის ბენეფიციარ მესაკუთრეს სახელმწიფო წარმოადგენს და არა როინ მიხანაშვილი. განცხადების განხილვის დროს მიწის ნაკვეთი მხოლოდ იჯარის წესით აქვს გადაცემული გიგა მიხანაშვილს [როინ მიხანაშვილის შვილს]. ზემოაღნიშნულიდან ცალსახაა, რომ როინ მიხანაშვილის მიერ მიწის ნაკვეთის "წართმევის" ფაქტი არ შეესაბამება ზუსტ ინფორმაციას და მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას.
- მე_5 ციტატა: "გუბერნატორის, ზურაბ რუსიშვილის მეჯვარემ და ახლობელმა, ზურა ლაზარაშვილმა მილიონი დოლარის კრედიტით, ვინმე ლაბაძისგან შეისყიდა სტალინის სახლმუზეუმის უკან მდებარე რესტორანი "ჩინებული" და სავაჭრო ცენტრი. ასევე, თეატრის გვერდით მდებარე კაფე "პირამიდა". ამბობენ, რომ ზურა ლაზარაშვილმა კრედიტი აიღო გუბერნატორის დახმარებით, სავარაუდოდ "ქართუ ბანკიდან" და რომ გუბერნატორს აქვს საკუთარი ინტერესები, მითუფრო, რომ შეზღუდეს იმ ტერიტორიაზე კვების ობიექტების მუშაობა და ერთ-ერთი, სტალინის სკვერში." აღნიშნულ ციტატაში ჟურნალისტი დადასტურებული ფაქტის სახით არ ავრცელებს ინფორმაციას, მაგრამ ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპებიდან გამომდინარე მიზანშეწონილი იქნებოდა გადაემოწმებინა ის ინფორმაცია რომელიც მას მიაწოდეს "ვარაუდის" ან/და "ამბობენ"-ს სახით, მაგალითად საჯარო რეესტრში დაცული ინფორმაციის საფუძველზე მას შეეძლო დაედგინა თუ რომელი ბანკის სასარგებლოდ არის დატვირთული კრედიტის საფუძველზე შეძენილი ქონება და ამით იდენტიფიცირება მოხდება იმ ბანკის, რომლისგანაც მოხდა კრედიტის მიღება.