05.06.2015
დარღვეული პრინციპები :
1 პრინციპი;
გადაწყვეტილება
N 46
23 მარტი
2015 წელი
საქმეზე - გადაწყვეტილება
N 46 23
მარტი 2015
წელი საქმეზე -
შპს პრომეთე სულხან მესხიძის წინააღმდეგ
საბჭოს თავმჯდომარე: ნინო
ზურიაშვილი საბჭოს წევრები: ირაკლი
აბსანძე, გიორგი მგელაძე, თაზო კუპრეიშვილი, ირინა ყურუა, ნინო
ნარიმანიშვილი. განმცხადებელი:
შპს პრომეთე არაწევრი
ჟურნალისტი: სულხან მესხიძე
აღწერილობითი ნაწილი საქართველოს ჟურნალისტური
ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებებით მომართა
შპს
პრომეთემ, განცხადების თანახმად 2014 წლის 10 ნოემბერს და 05
დეკემბერს ტელეკომპანია 25-ე არხის ეთერში გასული სიუჟეტებით დაირღვა
ქარტიის პირველი, მე_3 და მე_11 პრინციპის პირველი ნაწილი. 2014 წლის
10 ნოემბრის სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადების განხილვაზე
განმცხადებელს უარი ეთქვა, ვინაიდან მოპასუხე ჟურნალისტი არ
წარმოადგენს ქარტიის წევრს და განცხადების შემოტანისას გასული იყო
ხანდაზმულობის ერთთვიანი ვადა. ზეპირი განხილვის დროს განმცხადებლმა
მოხსნა საკუთარი მოთხოვნა ქარტიის მე_3 პრინციპთან დაკავშირებით. 2014
წლის 05 დეკემბრის სადავო სიუჟეტი შეეხებოდა პრომეთე გაზის გაზ
გასამართ სადგურზე მომხდარ ინციდენტს, როცა მანქანაში დამონტაჟებული
გაზის რეზერვუარი გასკდა, რამაც მანქანის დაზიანება გამოიწვია. საქმის
განხილვაზე გამოცხადნენ განმცხადებლის წარმომადგენლები რაჯი ფილიპია
და არჩილ ნიჟარაძე, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტმა საბჭოს კითხვებს
დისტანციური საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით უპასუხა. მოპასუხემ
საბჭოს ასევე მიაწოდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, სულხან
ევგენიძესთან ჩაწერილი ინტერვიუს სრული ვერსია, რომლის მხოლოდ ნაწილიც
იყო გამოყენებული სადავო სიუჟეტში. სამოტივაციო
ნაწილი: ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად:
"ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების
უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია". საბჭომ შეისწავლა რა
განცხადება და სადავო სიუჟეტი, მიიჩნია, რომ რიგ ეპიზოდებში ადგილი
ჰქონდა დაუდასტურებელი/არასწორი ფაქტების გავრცელებას.
- სიუჟეტის დასაწყისში საზოგადოებას, დადასტურებულ ფაქტად მიეწოდება
ინფორმაცია: "როგორც დღეს გაირკვა სადგური [იგულისხმება პრომეთე გაზის
გაზ გასამართი სადგური] უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე
მუშაობადა". სიუჟეტში აღნიშნული გარემოება არ დასტურდება არც რაიმე
ფაქტით და არც კომპეტენტური ორგანოს/პირის მიერ. აღსანიშნავია, რომ
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, სულხან ევგენიძესთან ჩაწერილი
ინტერვიუს სრული ვერსიაში აღნიშნული პირი საუბრობს მის განზრახვაზე,
რომ ის მიუთითებდა პრომეთეს, რომ ამ უკანასკნელს ცეცხლჩამქრობები
ჰქონდეს გასამართ სადგურზე. ამასთან, არც ინტერვიუდან და არც სხვა
რაიმე წყაროთი პირდაპირ არ დასტურდება, რომ ინციდენტის მომენტში გაზ
გასამართი სადგური არ იყო აღჭურვილი ცეცხლჩამქრობით. თავად
რესპოდენტი, სულხან ევგენიძე ჟურნალისტს აცნობებს, რომ გაზ გასამართი
სადგურების მონიტორინგი და უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის
დადგენა მის უფლებამოსილებას არ განეკუთვნება, რაც კიდევ უფრო ცხადს
ხდის, რომ ჟურნალისტი არ შეიძლებოდა დაყრდნობოდა ქობულეთის
მუნიციპალიტეტის გამგებელს იმის დასტურად რომ გაზ გასამართი სადგური
უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე მუშაობდა, ვინაიდან როგორც
აღინიშნა, სულხან ევგენიძე არ წარმოადგენდა უფლებამოსილ პირს,
რომელსაც შეეძლო განესაზღვრა/შეეფასებინა უსაფრთხოების ნორმები იყო თუ
არა დაცული.
- სიუჟეტის ნახვის შემდეგ შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ მანქანაში
დამონტაჟებული გაზის რეზერვუარის აფეთქებამ ხანძარი გამოწვია,
მაგალითად ჟურნალისტის ტექსტი: " ... ადგილზე მისულ მეხანძრეებს
მანქანა უკვე დამწვარი დახვდათ". სახანძრო სამსახურის წარმომადგენელი,
რომლის ინტერვიუსაც შეიცავს სიუჟეტი, არ ადასტურებს ხანძრის არსებობის
ფაქტს, არამედ აღნიშნავს, რომ მათ "ფაქტიურად ხანძარზე არ უმუშავიათ".
ამასთან, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ინტერვიუს სრულ
ვერსიაში, გამგებელი ჟურნალისტს ინფორმაციას აწვდის რომ ინციდენტს
ხანძარი არ გამოუწვევია ["ამ შემთხვევაში აფეთქება იყო მხოლოდ,
ხანძარი არ იყო"].
- სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში აღნიშნულია, რომ ამავე თემაზე ერთი
თვის წინ მომზადებულ სიუჟეტში [იგულისხმება 2014 წლის 10 ნოემბერს
გასული სიუჟეტი] ქობულეთის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
აცხადებდა, რომ კომპანიის [იგულისხმება პრომეთე] საქმიანობა
სტანდარტებს შეესაბამებოდა. საბჭომ მოიძია 2014 წლის 10 ნოემბრის
სიუჟეტი, რომელიც საერთოდ არ შეიცავს ქობულეთის ზედამხედველობის
სამსახურის უფროსთან ინტერვიუს.
ქარტიის მე_11 პრინციპთან დაკავშირებით განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ
სულხან მესხიძის მხრიდან არასწორი ფაქტები გავრცელდა განზრახ და
მიზანმიმართულად. განმცხადებელმა ვერ წამოადგინა მტკიცებულებები,
რომლებიც დაადასტურებდა ჟურნალისტის განზრახვის ფაქტს ან ასეთი
განზრახვის მოტივს. ძირითად არგუმენტად პრომეთე მიიჩნევდა სიუჟეტის
კონკრეტულად პრომეთეს გაზ გასამართ სადგურის შესახებ მომზადებას, ისე
რომ არ იყო ნახსენები ან/და შეფასებული სხვა კომპანიების გაზ
გასამართი სადგურები. საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ინციდენტი სწორედ
პრომეთეს გაზ გასამართ სადგურზე მოხდა, ლოგიკურია ჟურნალისტის მიერ ამ
კონკრეტული კომპანიის საქმიანობით დაინტერესება და აღნიშნული
არგუმენტი ვერ ადასტურებს განზრახვის ფაქტს.
სარეზოლუციო
ნაწილი: ყოველივე ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე საბჭომ გადაწყვიტა:
- სულხან მესხიძის მიერ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.
- სულხან მესხიძეს არ დაურღვევია ქარტიის მე_11 პრინციპი.