09.02.2015
გადაწყვეტილება N
__15 დეკემბერი 2014 წელი
საქმეზე - ვიქტორ წილოსანი ნანა ბიგანიშვილის და ნინო ზურიაშვილის წინააღმდეგ
საბჭოს თავმჯდომარე: ნათია კუპრაშვილი
საბჭოს წევრები: დავით მჭედლიძე, ნათია როყუა, ირაკლი აბსანძე, ირინა ყურუა, გიორგი მგელაძე.
განმცხადებელი: ვიქტორ წილოსანი
წევრი ჟურნალისტები: ნანა ბიგანიშვილი და ნინო ზურიაშვილი
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ვიქტორ წილოსანმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტებმა: ნანა ბიგანიშვილმა და ნინო ზურიაშვილმა დაარღვიეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპი. განცხადების თანახმად, ქარტიის პრინციპი დაირღვა 2014 წლის 30 ნოემბერს, ტელეკომპანია "მაესტრო"_ს ეთერში გასული გადაცემით "ქიმერიძე "საქართველოს ფოსტის" წინააღმდეგ". განცხადებაში ერთ ერთი რესპონდენტი, სულიკო მაშია აღნიშნავდა, რომ პრემიის სახით ვიქტორ წილოსანმა ერთ თვეში მიიღო 12 000 ლარი. ვიქტორ წილოსანი მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტმა ყველა ღონე არ იხმარა რათა გადაემოწმებინა ფაქტი - მის მიერ 12 000 ლარის ოდენობით პრემიის აღების შესახებ.
მოპასუხეებმა წარმოადგინეს შეპასუხება, სადაც აღნიშნეს, რომ ყველა ღონე იხმარეს, რათა მოეპოვებინათ შპს "საქართველოს ფოსტის" ხელმძღვანელობის პოზიცია ფილმთან დაკავშირებით. არაერთხელ დაუკავშირდნენ კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ნია ქირიას, რომლისგანაც პასუხი ვერ მიიღეს. ასევე მიმართეს არასამთავრობო ორგანიზაციებს: ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტს (გოგა თუშურაშვილს) და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს (ნათია კუტივაძეს), ხომ არ გააჩნდათ ინფორმაცია შპს "საქართველოს ფოსტაში" გაცემული პრემიების შესახებ, აღმოჩნდა, რომ შპს "საქართველოს ფოსტამ" მათაც არ მიაწოდა ინფორმაცია იმ მოტივით, რომ ფოსტა თვლის, თითქოსდა მათზე არ ვრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
საქმის განხილვაზე გამოცხადნენ როგორც განმცხადებელი, ისე მოპასუხე ჟურნალისტები.
განხილვისას განმცხადებელმა საბჭოს არაერთგზისი მითითების მიუხედავად, უარი თქვა მსჯელობა წარმართულიყო ფაქტის სიზუსტის კუთხით. ვიქტორ წილოსანმა განაცხადა, რომ გადაცემული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს, მაგრამ რადგან თავად თვლიდა, რომ, როგორც კერძო პირი, ის არ იყო ვალდებული ეჩვენებინა დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ მას პრემიის სახით ერთ თვეში არ აუღია 12 000 ლარი, ის აღნიშნულის უარყოფას ან დადასტურებას არ ითხოვდა. განმცხადებელი ხაზს უსვამდა იმ გარემოებას, რომ მასთან უშუალო დაკავშირება აღნიშნულის გადასამოწმებლად მოპასუხე ჟურნალისტებისთვის არ წარმოადგენდა პრობლემას და რომ მისი როგორც სატელოფონო, ისე სოციალური ქსელით საკონტაქტო ინფორმაცია ცნობილი იყო მოპასუხისთვის.
მოპასუხე ჟურნალისტებმა საბჭოს კითხვაზე - თუ რა მეთოდები გამოიყენეს ფილმში გაჟღერებული ინფორმაციის გადასამოწმებლად, კვლავ განმარტეს შეპასუხებაში მოყვანილი დეტალები, თუ ვის და როგორ მიმართეს ინფორმაციის გადასამოწმებლად. ხაზი გაუსვეს, რომ განმცხადებლის შემოსავლები ვერ ჩაითვლება პერსონალურ ინფორმაციად, ხოლო თავად განმცხადებელი, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანიის მაღალი პოზიციის მქონე პირს - კერძო პირად. ჟურნალისტებმა ასევე განაცხადეს, რომ არ უცდიათ და არც ჩაუთვლიათ საჭიროდ უშუალოდ დაკავშირებოდნენ ფილმში დასახელებულ პირებს, ხაზი გაუსვეს რა, რომ ფოსტის თანამშრომელთა პრემიების ოდენობის შესახებ სადავო ნაწილი ფილმის მხოლოდ მცირე ეპიზოდს წარმოადგენდა. საბჭოს დამატებით კითხვაზე - ჰქონდა თუ არა ჟურნალისტს უშუალოდ ნანახი დოკუმენტი, სადაც ჩანდა, რომ განმცხადებელმა თვეში პრემიის სახით ნამდვილად აიღო 12 000 ლარი (საბჭომ ხაზი გაუსვა, რომ შესაბამისი შინაარსის ინფორმაციის მიწოდებისას ფილმში ჩანს, რომ წყაროს ხელში უჭირავს ფურცელი, საიდანაც კითხულობს ინფორმაციას) ნანა ბიგანიშვილმა განმარტა, რომ რესპონდენტს ხელში ეჭირა საგადასახადო დავალება, სადაც ჩანს - თვის განმავლობაში ჯამში რამდენი აიღო ხელზე ამა თუ იმ თანამშრომელმა და რამდენი გადაიხადა კომპანიამ საგადასახადოში საშემოსავლოს სახით. ჟურნალისტმა დაადასტურა, რომ ინტერვიუს აღებისას მან ნახა აღნიშნული დოკუმენტი, თუმცა მისი მოპოვება და გადაღება ვერ შეძლო, რადგან ოპერატორის მიახლოვებისას რესპონდენტმა დოკუმენტს ხელი დააფარა.
შენიშვნა: საქმის განხილვის დახურულ ეტაპზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა არ მიუღია საბჭოს წევრ გიორგი მგელაძეს. რადგან იგი და მოპასუხე ჟურნალისტები მუშაობენ ერთ მედიასაშუალებაში, რომ არ გაჩენილიყო ვარაუდი შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის თაობაზე, მან თვით აცილების საფუძველზე უარი განაცხადა განხილვაში მონაწილეობაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია". აღნიშნული პრინციპის მიღებისას ქარტიის დამფუძნებელი ჟურნალისტები შეთანხმდნენ, რომ "უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა და ბოლომდე გადაამოწმა ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია".
საბჭომ მსჯელობისას გაითვალისწინა, რომ განხილვის საგანი იყო არა ახალი ამბების ჟურნალისტური პროდუქტი, ე.წ. "ცხელ-ცხელი ამბები", არამედ საგამოძიებო სტუდიის მიერ მომზადებული გადაცემა ე.წ. "ვადიანი ამბავი", რომელზეც ავტორი, მისივე განცხადებით, რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. ასევე საბჭოსთვის საგულისხმო იყო ის ავტორიტეტი, რითაც სტუდია "მონიტორი" და მოპასუხე, არაერთი ჟურნალისტური პრიზის მქონე ჟურნალისტები სარგებლობენ აუდიტორიაში, რაც საბჭოს ვარაუდით, სტუდია "მონიტორის" გადაცემებით მიწოდებული ინფორმაციის დამაჯერობლობაზე და აუდიტორიის მოლოდინსა და აღქმაზე მნიშვნელოვნად ახდენს გავლენას.
საბჭო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებაში არ მსჯელობს იმის შესახებ, ნამდვილად მიიღო თუ არა ვიქტორ წილოსანმა 12 000 ლარის ოდენობით პრემია (აღნიშნული მოთხოვნა საბოლოოდ არც განმცხადებელს დაუყენებია) არამედ საბჭოს მიზანი იყო შეეფასებინა რამდენად გამოიჩინა ჟურნალისტმა საზოგადოებისადმი პატივისცემა, რამდენად იხმარა ყველა ღონე, რომ გადაემოწმებინა - შეესაბამებოდა თუ არა სიმართლეს რესპოდენტის მიერ ფაქტად გაჟღერებული ინფორმაცია - განმცხადებლის მიერ პრემიის აღების შესახებ. ასევე, რამდენად დააზღვიეს ავტორებმა საზოგადოება - ინფორმაციის არასწორი აღქმისაგან.
საბჭო აღნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი წყაროს მხრიდან კომენტარის სახით აღებული ვინმეს მიმართ ბრალდებითი ხასიათის ინფორმაცია (გამონაკლისს წარმოადგენს ე.წ. "ცხელ-ცხელი ამბები" რაც იძლევა და უშვებს ეტაპობრივი გაშუქების შესაძლებლობას) ვერ დააკმაყოფილებს საზოგადოებისადმი პატივისცემის მოთხოვნას, თუ ჟურნალისტი მის გავრცელებამდე არ ეცდება გადაამოწმოს რესპონდენტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჟურნალისტს გაუმართლებს, ბედი გაუღიმებს და ინფორმაცია საბოლოოდ სწორი აღმოჩნდება.
საბჭო აქაც მსჯელობს ე.წ, "ვადიანი ამბის" კონტექსტში და განმარტავს, რომ ინფორმაციის გადამოწმებისთვის ჩატარებული სამუშაოების მოცულობა გონივრულად უნდა შეესაბამებოდეს მასალის მომზადებაზე დახარჯულ დროს. "ჟურნალისტ გამომძიებელთა და რედაქტორთა ასოციაცია" გამოცემაში "ჟურნალისტ-გამომძიებლის სახელმძღვანელო" უთითებს ჟურნალისტ გამომძიებლის მუშაობის სპეციფიკაზე: "საგამოძიებო ჟურნალისტიკას თან სდევს მონდომება... კარგი ჟურნალისტ გამომძიებლის თვისებები - ცნობისმოყვარეობა, სიჯიუტე, სკეპტიციზმი და მონდომება - მნიშვნელოვან შედეგებს იძლევა იმიტომ კი არა, რომ ჟურნალისტს ბედი სწყალობს, არამედ იმიტომ, რომ ბედი სწყალობს მათ, ვინც კარგად ასრულებს მოცემულ დავალებას" (საბჭო ხაზს უსვამს, რომ სტუდია მონიტორის გადაცემები ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში წარდგენილია სწორედ რომ საგამოძიებო ფილმებად).
საბჭომ იმსჯელა წყაროების რელევანტურობაზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავალება, როგორც დოკუმენტი, პროგრამის ეთერში გასვლამდე ხელთ რომც ჰქონოდა ჟურნალისტს, ვერ გამოდგებოდა იმის დასტურად - თუ რამდენი პრემია აიღო ვიქტორ წილოსანმა, რადგან ამგვარ დოკუმენტში, როგორც წესი, ცალკე არ იწერება პრემიის ოდენობა და ჯამურად არის მოცემული, როგორც სახელფასო, ისე დანამატის სახით გადარიცხული თანხები.
მოპასუხე ჟურნალისტები თავის შეპასუხებაში უთითებენ იმის შესახებ, თუ როგორ სცადეს ინფორმაციის გადამოწმება. თუმცა თავად ფილმში არ ჩანდა ინფორმაციის გადამოწმების ის მცდელობები, რომელზეც ჟურნალისტი შეპასუხებისას მიუთითებდა. ფილმში ხაზგასმით რომ ყოფილიყო ნაჩვენები, რომ ჟურნალისტებმა, კონკრეტულად პრემიის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება სცადეს სხვადასხვა წყაროსთან (წყაროების მითითებით), რამაც შედეგი ვერ გამოიღო, ამით მაყურებლისათვის ცხადი გახდებოდა, რომ რესპონდენტ სულიკო მაშიას ინფორმაცია, ვიქტორ წილოსანის მიერ 12 000 ლარის ოდენობით პრემიის მიღების შესახებ, აპრიორი არ იყო დადასტურებული ფაქტი. საბჭომ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ ფოსტის მაღალჩინოსანთა მიერ პრემიების აღების საკითხი არ წარმოადგენდა ფილმის უმნიშვნელო ეპიზოდს და რომ როგორც ლიდში, ისე შემდგომაც ნაწარმოებს მთავარ ბრალდებად გასდევდა ფოსტის სხვადასხვა დონის მენეჯერთა მხრიდან დიდი ოდენობით თანხების აღების საკითხი, რის ფონზეც ფილმის მთავარი პერსონაჟის - ფოსტიდან გათავისუფლებული შშმ პირის ჩაგვრა უფრო ხაზგასმული ხდებოდა.
საბჭომ გადაწყვეტილების მიღებისას აღნიშნა, რომ სწორედ მსგავსი სახის ჟურნალისტური პროდუქტი, სადაც ერთი მხარე ჩაგრულია, მეორე კი ე.წ. "ჯალათი", ითხოვს მეტ მცდელობას - პასუხები მიიღო ე,წ. "ჯალათისგანაც". საბჭომ მოიხმო საქართველოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსის ის მუხლებიც, რომლებიც პროგრამის მონაწილეთა მიმართ სამართლიან მოპყრობას ეხება და ავალდებულებს გადაცემის ავტორებს, პირველად გადაცემაშივე არ დააკლონ მცდელობა და უზრუნველყონ "ბრალდებულის" შეპასუხების უფლების რეალიზება. აღნიშნული არსებითად საყურადღებო უნდა იყოს იმ სტუდიებისთვის, რომლებიც გადაცემებს სხვა მაუწყებლებისთვის ამზადებენ, რადგან ისინი, როგორც ეთერის განკარგვის უფლების არქმონე კომპანიები, ატარებენ რისკს, პროგრამის გადაცემის შემდგომ, შესაბამისი დროის მონაკვეთში და შესაბამისი დოზით, ვერ უზრუნველყონ შეპასუხების უფლება.
საბჭო აფასებს და სრულად ლეგიტიმურად თვლის ჟურნალისტთა სურვილსა და მცდელობას - გამოეკვლიათ სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული კომპანიის მაღალი თანამდებობის პირების შემოსავლები. საბჭო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი ყველაზე რელევანტური წყარო, რომელთანაც შეიძლებოდა ფაქტის გადამოწმება იყო თავად ვიქტორ წილოსანი, რომლის საკონტაქტო ინფორმაცია ჟურნალისტებისთვის ცნობილი იყო. ამასთან სრულიად შესაძლებელია, რომ მას პასუხი არ გაეცა ჟურნალისტების კითხვისათვის, მაგრამ მეორეს მხრივ ამოწურულად და სრულყოფილად ჩაითვლებოდა ჟურნალისტის მცდელობა - გადაემოწმებინა ინფორმაცია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტების მიერ დარღვეული იქნა ქარტიის პირველი პრინციპი, ვინაიდან, პროგრამაზე მუშაობის დროის ხანგრძლივობის, წყაროსთან უშუალოდ დაკავშირების შესაძლებლობის და პროდუქტის სპეციფიკის მიუხედავად, მათ არ მიმართეს ყველა ზომას, რათა გადაემოწმებინათ ერთი მხარის მიწოდებული ინფორმაცია და ამასთან მათ ცალსახად არ მიუთითეს, რომ ვერ მოხერხდა რესპონდენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის ჯეროვნად გადამოწმება და ის არ უნდა აღქმულიყო, როგორც დადასტურებული ფაქტი.
სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ გადაწყვიტა:
- ნინო ზურიაშვილმა და ნანა ბიგანიშვილმა დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი.