07.12.2014
გადაწყვეტილება N
__20 ოქტომბერი, 2014 წელი
საქმეზე - ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე ნატა მუმლაძის წინააღმდეგ
საბჭოს თავმჯდომარე: ნათია კუპრაშვილი
საბჭოს წევრები: დავით მჭედლიძე, ნათია როყუა, გიორგი მგელაძე, ნინო ზურიაშვილი, ირაკლი აბსანძე
განმცხადებელი: ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე
არაწევრი ჟურნალისტი: ნატა მუმლაძე
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართეს ირმა ნადირაშვილმა და ზურაბ ჯაფარიძემ, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ საინფორმაციო სააგენტო interpressnews.ge ზე 19 ივნისს გამოქვეყნებული ნიუსით: "არსებული ინფორმაციით, ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე აზერბაიჯანში დააკავეს" დაირღვა ქარტიის პირველი და მე_5 პრინციპი. აღნიშნულ ჟურნალისტურ პროდუქტთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა აიღო ჟურნალისტმა ნატა მუმლაძემ.
პირველ პრინციპთან დაკავშირებით განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ "ჟურნალისტს არ მიუღია სათანადო ზომები, რათა გადაემოწმებინა ინფორმაცია, რედაქციის მითითება იმის შესახებ, რომ "ინტერპრესნიუსი" ცდილობს შესაბამის უწყებებში გადაამოწმოს ინფორმაცია", ვერ ჩაითვლება ჟურნალისტური სტანდარტის დაცვად, რადგან მედია საშუალებას ანონიმური წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაცია, დამოუკიდებელ წყაროსთან უნდა გადაემოწმებინა". ხოლო მე_5 პრინციპთან დაკავშირებით განმცხადებლები უთითებდნენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის სამართალდამცავებმა აღნიშნული ფაქტი არ დაადასტურეს და დაკავების შესახებ ინფორმაციის უარყოფა ფართოდ გავრცელდა მედიის სხვადასხვა საშუალებებში, "ინტერპრესნიუსის" ვებ-გვერდზე ამჟამადაც ხელმისაწვდომია საწყისი, არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელიც მხოლოდ ერთ, კონფიდენციალურ წყაროს ეფუძნება".
ჟურნალისტმა წარმოადგინა შეპასუხება, სადაც აღნიშნა, რომ ყველა ღონე იხმარა, რათა გადაემოწმებინა ინფორმაცია, სცადა ზურაბ ჯაფარიძესთან და ირმა ნადირაშვილთან დაკავშირება, რომელთაც ტელეფონები გამორთული ჰქონდათ, თავის მხრივ აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა დაადასტურა, რომ აღნიშნული პირები საბაჟოზე გაჩერებული ჰყავდათ. მოპასუხემ ასევე წარმოადგინა ყველა ის განახლება, რომელიც ფაქტთან დაკავშირებით ქვეყნდებოდა interpressnews.ge ზე და ამით უზრუნველყოფილი იყო მკითხველის ინტერესი/უფლება, რომ მიეღო ყოველმხრივ გადამოწმებული ინფორმაცია. საქმის განხილვაზე გამოცხადნენ როგორც განმცხადებელები, ისე მოპასუხე მხარე რომლებიც დამატებით გამოკითხულნი იქნენ საბჭოს წევრების მიერ.
სამოტივაციო ნაწილი:
საბჭო აღნიშნავს, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებით არ აფასებს იმ ფაქტის სიზუსტეს, შეაყოვნეს თუ არა ზურაბ ჯაფარიძე და ირმა ნადირაშვილი აზერბაიჯანის საზღვარზე, დაუშვებელი ნივთების ტრანსპორტირების მცდელობისათვის. ეს ფაქტი მტკიცებით ფორმაში არ არის გავრცელებული საინფორმაციო სააგენტოს მიერ და არც განმცხადებლებს წარმოუდგენიათ მტკიცებულებები, რომლებიც ფაქტს გამორიცხავდა. საბჭოს განიხილავს, თუ რამდენად ჩანდა სადავო სტატიაში ჟურნალისტის მცდელობა, რომ მკითხველს მიეღო გადამოწმებული ინფორმაცია.
ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია". საბჭოს განმარტებით, უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა და ბოლომდე გადაამოწმა ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია.
ახალი ამბების სააგენტო არ თავისუფლდება ეთიკური ვალდებულებისაგან, რომ გაავრცელოს ყოველმხრივ გადამოწმებული ინფორმაცია და თუ ვერ ხერხდება ასეთი გადამოწმება მკვეთრად და მკაფიოდ აღნიშნოს ამის შესახებ. ასევე მნიშვნელოვანია ზუსტად იყოს იდენტიფიცირებული თუ არა წყაროზე დაყრდნობით ხდება ინფორმაციია გავრცელება, რათა მკითხველს შეეძლოს წყაროს საიმედოობის ობიექტური შეფასება, რა თქმა უნდა ეს არ უნდა გავიგოთ როგორც ვალდებულება რომ დასახელდეს წყარო, არამედ საჭიროა წყაროს ხასიათის მითითება (კონფიდენციალურია, თუ ზოგადად გავრცელებული, დამოუკიდებელი წყაროებია თუ არა და ა.შ.)
საბჭო მიიჩნევს რომ განსახილველ სტატიას პრობლემა სწორედ ზემოთ მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით აქვს. ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტსაც, რომ ინფორმაცია ეხებოდა მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერების მიერ სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ფაქტს და ინფორმაცია ვრცელდებოდა ერთ ერთი ყველაზე კითხვადი საინფორმაციო სააგენტოს მიერ, რაც ასევე დამატებით პასუხიმგებლობას აკისრებს ინფორმაციის გამავრცელებელს.
სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ვკითხულობთ, რომ "ვრცელდება ინფორმაცია, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრები ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე აზერბაიჯანში დააკავეს". სიტყვა "ვრცელდება" გონივრული და ლოგიკური განმარტებით გულისხმობს, რომ ინფორმაცია პირველად სააგენტოს არ გაუსაჯაროვებია, რომ არსებობს სხვა პირები თუ წყაროები რომლებიც სააგენტოს მიერ ინფორმაციის გამოქვეყნებამდე ამ ინფორმაციას ავრცელებენ. საბჭომ გადაამოწმა და დადგინდა, რომ ინფორმაცია დეპუტატების დაკავების შესახებ პირველად სწორედ interpressnews.ge_მ გაავრცელა, რაც დაადასტურა მოპასუხემაც, რომელმაც აღნიშნა, რომ მას დაუკავშირდა ორი კონფიდენციალური წყარო, რომელმაც აცნობეს ზურაბ ჯაფარიძის და ირმა ნადირაშვილის დაკავების შესახებ. თავისი არსით კონფიდენციალური წყაროზე და საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობას სხვადასხვა ნდობის ხარისხი აქვს და მკითხველს უფლება ჰქონდა ზუსტად სცოდნოდა თუ რაზე დაყრდნობით ავრცელებდა ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო. ასევე სტატიაში არ ჩანს ჟურნალისტის მცდელობა რომ მან ყველა ღონე იხმარა რათა ინფორმაცია გადაემოწმებინა მეორე მხარესთან. მეორე მხარედ ჩაითვლებოდა არა მარტო ზურაბ ჯაფარიძე და ირმა ნადირაშვილი არამედ ნაციონალური მოძრაობის რომელიმე სხვა წარმომადგენელიც. მოპასუხე ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ მან სცადა ნაციონალური მოძრაობის ოფისისგან ინფორმაციის მიღება, მაგრამ უშედეგოდ. აღნიშნული მცდელობა საეჭვოდ მიიჩნიეს განმცხადებლებმა, რომლებით თვლიდნენ, რომ თუ ჟურნალისტი ეცდებოდა, მათი კოლეგები შესაბამის განმარტებებს მისცემდნენ. საბჭო მოკლებული იყო ობიექტურ შესაძლებლობას, რომ დაედგინა მართლა სცადა თუ არა ინფორმაციის გადამოწმება ჟურნალისტმა ნაციონალური მოძრაობის წევრებთან, მაგრამ, ცალსახაა რომ აღნიშნული მცდელობის შესახებ სადავო სტატიაში საუბარი არ არის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა პირველი პრინციპის დარღვევას, ვინაიდან მკითხველს არ ჰქონდა შესაძლებლობა ზუსტი წარმოდგენა შექმნოდა ინფორმაციის გავრცელების წყაროების და მათი სანდოობის ხარისხის შესახებ.
საბჭო ასევე რეკომენდაციის სახით განმარტავს, რომ მიუხედავად მიწოდებული ინფორმაციისა, ჟურნალისტმა თავადაც უნდა შეაფასოს რამდენად შეიძლება ობიექტურ რეალობას შეესაბამებოდეს ესა თუ ის ფაქტი. მაგალითად, ლოგიკურად შეიძლება ჟღერდეს არადეკლარირებული თანხის საზღვარზე გადმოტანის მცდელობა, მაგრამ საკმაოდ არალოგიკურია რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერებს თავად გადმოჰქონდათ ელექტროშოკები საჰაერო ტრანსპორტის გზით. შესაბამისად, მართებული იქნებოდა რომ პირველ ეტაპზე ჟურნალისტს თავი შეეკავებინა ელექტროშოკების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისაგან. საბჭოს ამ პოზიციას ამყარებს თვით interpressnews.ge ზე შემდგომ გამოქვეყნებული დამატებითი ინფორმაციები, როცა როგორც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი, ისე ვიცე პრემიერი კახა კალაძე მხოლოდ არადეკლარირებული თანხის გადმოტანის ალბათობაზე საუბრობენ.
ქარტიის მე_5 პრინციპის თანახმად: "მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება". საბჭომ აღნიშნა რომ ჟურნალისტს დეპუტატების დაკავების შესახებ ინფორმაცია დადასტურებულ ფაქტად არ გაუვრცელებია და არც ვალდებულება ეკისრებოდა რომ ფაქტის სიზუსტის უზრუნველსაყოფად რამე შესწორება შეეტანა სტატიაში, იმ წინაპირობის გათვალისწინებით, რომ interpressnews.ge ზე პერიოდულად ქვეყნდებოდა სხვადასხვა მხარის პოზიცია ფაქტთან დაკავშირებით. საბჭო რეკომენდაციით მიმართავს interpressnews.ge_ს, რომ როცა ფაქტზე სრული ინფორმაციის მისაღებად მკითხველისათვის საჭიროა საიტზე გამოქვეყნებული რამდენიმე დამოუკიდებელი ნიუსის ერთობლიობა, მოახდინოს მათი დაკავშირება. მაგალითად, იმ ინფორმაციის ქვევით რომელიც ეხებოდა დეპუტატების დაკავებას, განთავსებულიყო ბმულები რომლებზეც დაინტერესებულ პირს შეეძლებოდა მიეღო განახლებული ინფორმაცია ფაქტის შესახებ (ზურაბ ჯაფარიძის განმარტება, აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის ინფორმაცია). აღნიშნული ქმედება ასევე ჩაითვლება, ჟურნალისტის პატივისცემად საზოგადოების უფლებისადმი, რომ ამ უკანასკნელმა მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.
სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ გადაწყვიტა:
- ნატა მუმლაძემ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
- ნატა მუმლაძეს არ დაურღვევია ქარტიის მე_5 პრინციპი.