გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე – მედეა ვასაძე ჯაბა ანანიძისა და ირმა ზოიძის წინააღმდეგ
01.12.2014

განმცხადებელი : მედეა ვასაძე;
მოპასუხე : ჯაბა ანანიძე;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
გადაწყვეტილება N __
___________ 2014 წელი

საქმეზე - მედეა ვასაძე ჯაბა ანანიძის და ირმა ზოიძის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნათია კუპრაშვილი

საბჭოს წევრები: დავით მჭედლიძე, ნათია როყუა, გიორგი მგელაძე, ნინო ზურიაშვილი, ლაშა ზარგინავა, ირინა ყურუა

განმცხადებელი: მედეა ვასაძე
წევრი ჟურნალისტები: ჯაბა ანანიძე და ირმა ზოიძე

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა მედეა ვასაძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტებმა ჯაბა ანანიძემ და ირმა ზოიძემ დაარღვიეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპები. განცხადების თანახმად, ქარტიის პრინციპები დაირღვა ტელეკომპანია 25_ე არხის ეთერში გასული გადაცემით "უმაღლესი კომფორტით", რომელიც ეხებოდა აჭარის უმაღლესი საბჭოს საქმიანობას. საქმის განხილვაზე გამოცხადნენ განმცხადებელი მედეა ვასაძე და მოპასუხეები - ჯაბა ანანიძე და ირმა ზოიძე, რომლებიც დამატებით გამოიკითხნენ საბჭოს წევრების მიერ. მედეა ვასაძემ სხდომაზე ცალ - ცალკე მიუთითა ყველა იმ ფაქტის შესახებ, რომელიც მისი აზრით იწვევდა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპების დარღვევას.

თვითაცილების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა არ მიუღია საბჭოს წევრ ლაშა ზარგინავას, ვინაიდან განმცხადებელმა მედეა ვასაძე განაცხადა, რომ აღნიშნულმა წევრმა საქმის განხილვამდე გამოხატა გარკვეული პოზიცია განმცხადებლის/განსახილველი საქმის მიმართ. მედეა ვასაძეს არ წარმოუდგენია ზემოაღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტები და არც საბჭოს წევრი ადასტურებდა მსგავსს ფაქტს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ლაშა ზარგინავამ მიზანშეწონილად ჩათვალა რომ მონაწილეობა არ მიეღო გადაწყვეტილების მიღებაში. საბჭო თავდაპირველად განმარტავს, რომ იგი ვერ იმსჯელებს განმცხადებელ მედეა ვასაძის იმ პრეტენზიებთან დაკავშირებით, რომელიც მიმართულია ჯაბა ანანიძის წინააღდეგ და ეხება ამ უკანასკნელის მიერ გაზეთ კვირის პალიტრისათვის მიცემულ ინტერვიუს. საბჭოს იხილავს საქმეებს ჟურნალისტის, როგორც ჟურნალისტური პროდუქტის ავტორის და არა როგორც რესპონდენტის მიმართ. ვინაიდან კვირის პალიტრასთან ინტერვიუში ჯაბა ანანიძე წარმოადგენდა რესპოდენტს, ამ ნაწილში მედეა ვასაძის განცხადება განხილული ვერ იქნება.

მედეა ვასაძის პოზიციით გადაცემაში სხვადასხვა ეპიზოდებში დარღვეული იყო შემდეგი პრინციპები:

  • პირველი პრინციპი: "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია".
  • მესამე პრინციპის მეორე ნაწილი: "ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია".
  • მეოთხე პრინციპი: "ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს".
  • მეთერთმეტე პრინციპის პირველი ნაწილი: "ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება" საბჭო უთითებს, რომ როცა ერთი და იგივე სადავო ფაქტთან მიმართებით განმცხადებელი აპელირებს როგორც პირველ, ისე მე_11 პრინციპის პირველ ნაწილზე, თუ არ იქნება დადგენილი პირველი პრინციპის დარღვევა, შესაბამისად ვერც მე_11 პრინციპის პირველი ნაწილის დარღვევას ექნება ადგილი.

სამოტივაციო ნაწილი:

სადავო ფაქტი 1:
გადაცემის თანახმად უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე არ დაესწრო 2014 წლის 12 მაისს ჩატარებულ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სხდომას, გაცდენის მიზეზი კი უცნობი იყო. განმცხადებელი თვლიდა რომ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებით დაირღვა ქარტიის პირველი და მე_11 პრინციპი. განმცხადებელმა წარმოადგინა მტკიცებულება, რომლითაც დასტურდებოდა, რომ 2014 წლის 12 მისს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სხდომა საერთოდ არ გამართულა, არამედ ჩატარდა საკონსტიტუციო კომისიის სარედაქციო საბჭოს სხდომა რომლის წევრიც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე არ იყო და შესაბამისად არც დასწრების ვალდებულება გააჩნდა. როგორც მოპასუხე ჯაბა ანანიძემ განმარტა, მას წყარომ აცნობა, რომ 12 მაისს დაგეგმილი იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო საბჭოს სხდომა, მაგრამ ვინაიდან ავთანდილ ბერიძემ განაცხადა, რომ არ დაესწრებოდ სხდომას, იგი აღარ ჩატარდა. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შეჯერების საფუძველზე საბჭოს წევრებმა მიიჩნიეს, რომ ადგილი ჰქონდა ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევას. სხდომა საერთოდ არ ჩატარებულა, შესაბამისად ვერც გაცდენის ფაქტს ექნებოდა ადგილი და "გაცდენა" როგორც ფაქტი არაზუსტ გარემოებას წარმოადგენდა. რაც შეეხება ქარტიის მე-11 პრინციპის დარღვევას, საბჭო თვლის რომ ჟურნალისტს ფაქტი განზრახ არ დაუმახინჯებია, არამედ მან მიწოდებული ინფორმაციის არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინა, დაუშვა შეცდომა და ამით დაარღვია პირველი და არა მე_11 პრინციპი.

სადავო ფაქტი 2:
გადაცემაში ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ "მთავრობის წევრები კითხვებზე პასუხის გასაცემადაც არ დადიან უმაღლეს საბჭოში". განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ აღნიშნული დასკვნა სიმართლეს არ შეესაბამებოდა და დარღვეული იყო ქარტიის პირველი და მე_11 პრინციპი. არგუმენტად მედეა ვასაძემ წარმოადგინა მტკიცებულება - უმაღლესი საბჭოს სხდომებზე მთავრობის წვრთა (მათი მოადგილეების) დასწრების სია. საბჭო აღნიშნავს, რომ მოცემული სია თავისთავად არ გამორიცხავს რომ კონკრეტულ შემთხვევაში ამა თუ იმ პასუხისმგებელმა პირმა მთავრობიდან თავი აარიდა უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გამოცხადებას. გადაცემაში, სადავო ფრაზას მოსდევს ინტერვიუ ანზორ თხილაიშვილთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს ქობულეთის მაჟორიტართან, რომელიც აღნიშნავდა რომ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით სესიაზე მოწვეული იყვნენ აჭარის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს წარმომადგენლები, რომლებიც არ დაესწრნენ სესიას. გადაცემის თანახმად ასევე იყო შემთხვევა რომ აჭარის ფინანსთა მინისტრი არ დაესწრო იმ სხდომას, რომელზედაც ბიუჯეტი იქნა მიღებული. საბჭომ საქმის განხილვის დროს აჭარაში მომუშავე ჟურნალისტებისაგან მიიღო ინფორმაცია სხვა რამდენიმე ფაქტის შესახებ როცა აჭარის მთავრობის წევრი, შესაბამისი მოწვევის მიუხედავად არ დაესწრო უმაღლესი საბჭოს სხდომას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჟურნალისტის მიერ გაჟღერებული ფრაზა, რომ "მთავრობის წევრები კითხვებზე პასუხის გასაცემადაც არ დადიან უმაღლეს საბჭოში" შეესაბამებოდა ობიექტურ გარემოებას. შესაბამისად ჟურნალისტის მიერ არ დარღვეულა ქარტიის პირველი პრინციპი.

სადავო ფაქტი 3:
ფილმში მოყვანილია დოდო დიასამიძის მამის, თემურ დიასამიძის ინტერვიუ, რომელიც პარლამენტარ მურმან დუმბაძეს ბრალს დებს გაჩუმების სანაცვლოდ თანხის შეთავაზებაში. განმცხადებლის პოზიციით აღნიშნული ფაქტით დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი, ვინაიდან ჟურნალისტს არც კი ჰქონია მცდელობა ბრალდებასთან დაკავშირებით მიეღო და გაევრცელებინა მურმან დუმბაძის პოზიცია.

მედეა ვასაძე ასევე უთითებდა მე_3 პრინციპის დარღვევას, ვინაიდან ჟურნალისტმა მიჩქმალა მნიშვნელოვანი გარემოება, კერძოდ სასამართლო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად მედეა ვასაძის მხრიდან დოდო დიასამიძის მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი არ დასტურდებოდა. მტკიცებულებად მედეა ვასაძემ წარმოადგინა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 04 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა დოდო დიასამიძის სარჩელი მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ. გადაცემის ის ნაწილი რომელიც შეიცავს ზემოაღნიშნულ ინტერვიუს, ეხებოდა დოდო დიასამიძის ბრალდებას მედეა ვასაძის მიმართ, რომ ამ უკანასკნელმა მას მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცყოფა. დოდო დიასამიძის მამა, თემურ დიასამიძე, აცხადებს რომ მათ პარლამენტარმა მურმან დუმბაძემ გაჩუმების სანაცვლოდ თანხა შესთავაზა. ამასთან, გადაცემა არ შეიცავს მურმან დუმბაძის პოზიციას მის მიმართ გამოთქმული ბრალდების მიმართ და არც ჟურნალისტის მცდელობა ჩანს, რომ მან სცადა მიეღო მურმან დუმბაძის განმარტება. ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა და ბოლომდე გადაამოწმა ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია. ზუსტ ინფორმაციად, შეთანხმების თანახმად, ჩაითვლება ორ წყაროსთან გადამოწმებული ინფორმაცია, აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ჟურნალისტი არ დაუკავშირდა მურმან დუმბაძეს რათა მას დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია, დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი, ვინაიდან მაყურებელს არ მიეცა საშუალება მიეღო მინიმუმ ორ წყაროსთან გადამოწმებული ინფორმაცია.

მესამე პრინციპთან დაკავშირებით საბჭო აღნიშნავს, რომ გადაცემის თანახმად დოდო დიასამიძე ადანაშაულებდა მედეა ვასაძეს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში. სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტის დადგენა წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის დავის საგანს, ხოლო ფიზიკური შეურაცხყოფის - სისხლის. გადაცემაში ჟურნალისტი ცდილობს გამოიკვლიოს თუ რატომ იწელება სისხლის სამართლის საქმის გამოძიება რომელიც მიმდინარეობს დოდო დიასამიძის განცხადებასთან დაკავშირებით, სავარაუდო დანაშაულით "ცემა" და ჟურნალისტი არ ეხება იმ ფაქტის შესწავლას, ნამდვილად მიაყენა თუ არა სიტყვიერი შეურაცხყოფა მედეა ვასაძემ დოდო დიასამიძეს. მედეა ვასაძის მიერ წარმოდგენილ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 04 აგვისტოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საბჭო აღნიშნავს, რომ სასამართლო ძირითადად მსჯელობს გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით და არ აკეთებს კონკრეტულ დასკვნებს დოდო დიასამიძის ჯანმრთელობის დაზიანებასა და მედეა ვასაძის კავშირის შორის. იმ წინაპირობების გათვალისწინებით რომ: (1) არ დასტურდება იცოდა თუ არა ჟურნალისტმა მედეა ვასაძის მიერ წარმოდგენილი სასამრთლო გადაწყვეტილების არსებობის შესახებ (2) ჟურნალისტი გადაცემაში იკვლევს სისხლის სამართლის საქმესთან და არა სამოქალაქო დავასთან დაკავშირებულ გარემოებებს (3) სამოქალაქო სასამართლოს კომპეტენციას არ წარმოადგენს იმ ფაქტების ნამდვილობის დადგენა, რომლებთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, საბჭო მიიჩნევს, რომ ადგილი არ ჰქონია ჟურნალისტის მიერ მნიშვნელოვანი ფაქტის მიჩქმალვას.

სადავო ფაქტი 4:
ფილმში ერთ - ერთი ეპიზოდი ეხება შრომით დავას დასაქმებულსა და აჭარის უმაღლეს საბჭოს შორის, კერძოდ, უზენაესი სასამართლოს განჩინებით უმაღლესი საბჭოდან განთავისუფლებული სოფიო კობალაძე აღადგინეს სამსახურში. აღნიშნული ფაქტის კომენტირებისას, უმაღლესი საბჭოს რამდენიმე წევრი ეჭვქვეშ აყენებს სასამართლოს კომპეტენციას, გადაცემა ასევე შეიცავს იურისტ ანა ბერძენიშვილის მოსაზრებას, რომელიც აპელირებს იმ ფაქტზე, რომ მესამე ინსტანციის (უზენაესმა) სასამართლომაც კი დაადასტურა, რომ უმაღლესი საბჭოდან სამართლის ნორმებთან შეუსაბამოდ იქნა დათხოვნილი პირი და პირიქით უმაღლესი საბჭოს კომპეტენციას აყენებს ეჭვქვეშ. მედეა ვასაძე განცხადებაში მიუთითებდა, რომ ფილმის ეთერში გასვლის დროისათვის სოფიო კობალაძესთან დავა არ იყო დასრულებული, რადგან დავა საერთო სასამართლოების მესამე ინსტანციაში იყო გადატანილი და უზენაესი სასამართლოდან გადაწყვეტილება მხარეებს გადმოეგზავნა 2014 წლის 20 ივნისს. შესაბამისად, განმცხადებელი თვლიდა, რომ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი, ვინაიდან გადაცემის ეთერში გასვლის მომენტისათვის სიმართლეს არ შეესაბამებოდა ფაქტი, რომ თითქოს და უზენაესმა სასამართლომაც ბათილად ცნო სოფიო კობალაძის სამსახურიდან დათხოვნა. საბჭო გაეცნო მედეა ვასაძის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას, რომლითაც დასტურდება არა მხოლოდ ის ფაქტი, რომ უზენაესი სასამართლოს განჩინება მხარეებს გაეგზავნათ 2014 წლის 20 ივნისს, არამედ ისიც, რომ თავად ეს განჩინება უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული იქნა 2014 წლის 05 მაისს. შესაბამისად, გადაცემის ეთერში გასვლისას დადასტურებულად შესაძლებელია მიჩნეულიყო, რომ უზენაესმა სასამართლომაც მხარი დაუჭირა სოფიო კობალაძის სამსახურში აღდგენას.

სადავო ფაქტი 5:
განმცხადებელი სადავოდ ხდიდა გადაცემაში გაჟღერებულ მოსაზრებას რომ უზენაეს საბჭოში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისია შეიქმნა მას შემდეგ და იმ მიზნით, რაც გაჩნდა მედეა ვასაძის თანამდებობრივი მონაცვლეობის აუცილებლობის საკითხი კობალაძესთან და დიასამიძესთან არსებული კონფლიქტების გამო. განმცხადებელი სადავოდ ხდიდა პირველ და მეთერთმეტე პრინციპს. საბჭო აღნიშნავს, რომ სადავო მოსაზრების ავტორს არ წარმოადგენდა ჟურნალისტი და აღნიშნული მოსაზრება არ გავრცელებულა როგორც დადასტურებელი ფაქტი. არამედ, შეფასებას გამოხატავს რესპოდენტი, იურისტი ანა ბერძენიშვილი. შესაბამისად ეს არის კერძო რესპოდენტის შეფასება ფაქტთან დაკავშირებით და არა ჟურნალისტის მიერ ინფორმაციის არასწორად გავრცელება.

სადავო ფაქტი 6:

განმცხადებელი ვასაძე სადავოდ ხდიდა ტერმინ "გადაყვანის" გამოყენებას, როცა გადაცემაში საუბარი იყო მის თანამდებობრივ ცვლილებაზე, კერძოდ განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ მას შეუწყდა საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილება და არჩეულ იქნა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ, ანუ არ მომხდარა "გადაყვანა". სადავო - ქარტიის პირველი პრინციპი. საბჭო გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და დადგენილ გარემოებად მიიჩნია ის ფაქტი რომ, ერთ დღეს, ერთი და იგივე დოკუმენტით მედეა ვასაძეს შეუწყდა საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილება და არჩეულ იქნა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ. საკითხის შესწავლის დროს საბჭოს მიზანი არ არის გამოიკვლიოს თუ რამდენად სწორად იხმარა ესა თუ ის სამართლებრივი ტერმინი ჟურნალისტმა, რამდენად ჩაუღრმავდა იურიდიულ კაზუისტიკას, ოღონდ იმის გათვალისწინებით, რომ შეუსაბამო ტერმინი არ უნდა იწვევდეს არასწორი ფაქტის გავრცელებას. რა თქმა უნდა როცა საუბარია არჩევით თანამდებობაზე (კომისიის თავმჯდომარის პოსტზე), ადგილი ვერ ექნება ტერმინოლოგიურად "გადაყვნას". მაგრამ სიტყვა "გადაყვანის" გამოყენებით არასწორი ფაქტი არ გავრცელებულა, გადაყვანა ლოგიკური განმარტებით გამორიცხავს შუალედს თავდაპირველ და შემდგომ თანამდებობებს შორის, რაც კონკრეტულ შემთხვევაში შეესაბამებოდა რეალურ გარემოებას, მედეა ვასაძეს ერთი და იგივე მომენტში შეუწყდა წინა უფლებამოსილება და მიენიჭა სხვა კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილება, შესაბამისად ადგილი არ ჰქონია ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევას.

სადავო ფაქტი 7:
მედეა ვასაძე სადავოდ ხდიდა ტერმინ "დაწინაურების" გამოყენებას, იმ ფაქტის აღწერისას რომელიც ეხებოდა მის ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ არჩევას. სადავო პირველი პრინციპი. საბჭო განმცხადებლის პრეტენზიას განიხილავს შემდეგი წინაპირობების გათვალისწინებით:            
  • (1) დადგენილი ფაქტია, რომ მედეა ვასაძეს ერთ დღეს ერთი და იგივე დოკუმენტით შეუწყდა საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილება და არჩეულ იქნა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ
  • (2) მეექვსე ფაქტთან მიმართებით საბჭომ განმარტა, რომ მის მიერ საკითხის შესწავლის დროს საბჭოს მიზანი არ არის გამოიკვლიოს თუ რამდენად სწორად იხმარა ესა თუ ის სამართლებრივი ტერმინი ჟურნალისტმა, ჩაუღრმავდა იურიდიულ კაზუისტიკას, იმის გათვალისწინებით რომ შეუსაბამო ტერმინი არ უნდა იწვევდეს არასწორი ფაქტის გავრცელებას
  • (3) "დაწინაურება" წარმოადგენს ფაქტის აღწერას და არ შეფასებას. განსახილველ შემთხვევაში ტერმინი "დაწინაურების" გამოყენება არასწორი ფაქტის გავრცელებას იწვევს. საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია (რომლის თავმჯდომარეც იყო მედეა ვასაძე) და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისია (რომლის თავმჯდომარეც გახდა), იერარქიულად და უფლებამოსილების ფარგლებით ერთი და იგივე დონის ორგანოებს წარმოადგენს და შესაბამისად მათი თავმჯდომარედ მონაცვლეობა ვერ ჩაითვლება დაწინაურებად. ტერმინ "დაწინაურების" გამოყენებით კი მაყურებელებს შეექმნა არასწორი წარმოდგენა, რომ თითქოს და ახალი თანამდებობით მედეა ვასაძე საჯარო სამსახურის იერარქიულ სტუქტურაში დაწინაურდა ან/და უფლებამოსილებები გაეზარდა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი. რაც შეეხება მე_11 პრინციპს, საბჭო თვლის, სახეზე იყო ჟურნალისტის მიერ ფაქტის არასწორი აღწერა და არა განზრახ დამახინჯება, ვინაიდან დაშვებულია ალბათობა რომ ჟურნალისტს მიაჩნდა რომ რეალურად დაწინაურებას ჰქონდა ადგილი, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

სადავო ფაქტი 8:
ფილმში არაერთგზის მტკიცებით ფორმაშია საუბარი, თითქოს ახალი კომისია (ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისი) შეიქმნა სოფიო კობალაძის გასათავისუფლებლად. საბჭო უთითებს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოება, არსებითად იმეორებს მე_5 ფაქტობრივ გარემოებას, რომლის მიმართაც საბჭომ უკვე იმსჯელა.

სადავო ფაქტი 9:
განმცხადებლის პოზიციით, შესაბამის მტკიცებულებების გარეშე ფილმში ცინიკურადაა შეფასებული აჭარის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა, რადგან აღნიშნულია, რომ იგი "მკვდარია" და "იმყოფება სტაგნაციაში", რითაც ირღვევა ქარტიის პირველი და მესამე პრინციპი. გადაცემის სადავო მონაკვეთში მოყვანილია რამდენიმე რესპოდენტის ინტერვიუ, რომლებიც აფასებენ უმაღლესი საბჭოს საქმიანობას, მათ შორის არიან საბჭოს დეპუტატი ანზორ თხილაიშვილი, იურისტი ანა ბერძენიშვილი და ასლან ჭანიძე. სწორედ ეს უკანასკნელი აფასებს საბჭოს საქმიანობას როგორც სტაგნაციურს და ადარებს მკვდარს. შესაბამისად საქმე გვაქვს რესპოდენტის შეფასებასთან და არა ფაქტის გავრცელებასთან რომ უმაღლესი საბჭო იმყოფება სტაგნაციაში. ქარტიის საბჭოს მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, რესპოდენტის შეფასებებთან დაკავშირებით არ შეიძლება პასუხისმგებლობა დაეკისროს ჟურნალისტს.

სადავო ფაქტი 10:
მედეა ვასაძის განცხადებით, ფილმში მნიშვნელოვნადაა წამოწეული უმაღლესი საბჭოს წევრთა ხელფასების ოდენობის საკითხი, რომელიც შედგება თანამდებობრივი სარგოსა და სადეპუტატო უფლებამოსილების თანხისგან. ჟურნალისტი არ აღნიშნავს, რომ ამ ხელფასიდან საშემოსავლო გადასახადის სახით სახელმწიფოს უბრუნდება 20 %, რაც სოლიდურ თანხას შეადგენს. განმცხადებელი სადავოდ ხდიდა პირველ და მე_3 პრინციპს. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის გადახდილი თანხა - (თანამდებობრივი სარგო, სადეპუტატო უფლებამოსილების თანხა, პრემია და ა.შ) დაკავშირებულია დასაქმებულის მიერ შრომითი მოვალეობების შესრულებასთან და რომ არა მხარეებს შორის შრომითი ურთიერთობა, დასაქმებული ვერ მიიღებს ვერავითარი სახის ანაზღაურებას, შესაბამისად მედეა ვასაძის მიერ მითითებული თანამდებობრივი სარგო და სადეპუტატო უფლებამოსილების თანხა წარმოადგენს შრომის ანაზღაურებას, რაც მოიცავს სახელმწიფოსათვის გადასახდელ საშემოსავლო გადასახადსაც (ანაზღაურების ოდენობის 20 პროცენტი), რომელიც საქართველოს საგადასახო კოდექსის თანახმად, პირის ერთობლივ შემოსავალში ითვლება. შესაბამისად, ჟურნალისტის მიერ თანხების საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით მითითება არ წარმოადგენს არასწორი ინფორმაციის გავრცელებას. საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტს არ გააჩნდა ვალდებულება, რომ განემარტა თუ რა საგადასახდო ვალდებულები გააჩნდა პირს მიღებულ შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, შესაბამისად საბჭოს წევრების მოსაზრებით სახეზე არ ჟურნალისტს მიერ მნიშვნელოვანი ფაქტის მიჩქმალვა.

სადავო ფაქტი 11:
განმცხადებლის პოზიციით, ფილმში უკიდურესად ნეგატიურადა არის შეფასებული ციტრუსის სეზონი და გაუცემელი სუბსიდიების თემა. გაფუჭებულ და გადაყრილ ციტრუსოვან ნაყოფზე კადრები ტოვებს უმძიმეს შთაბეჭდილებას და განმცხადებლის რწმენით ის არ ასახავს 2013 წლის რეალობას, არამედ მაყურებლის შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. დამატებით სხდომაზე მედეა ვასაძემ განმარტა, რომ მისი აზრით კადრები 2008 წელს იყო გადაღებული. სადავო - 1 და მე_4 პრინციპი. თავდაპირველად საბჭო აღნიშნავს, რომ განმცხადებლის ვალდებულებას წარმოადგენდა, რომ დაემტკიცებინა რომ სადავო კადრები საკმაოდ გვიანდელ არქივს წარმოადგენდა და არ ასახავდა 2013 წლის რეალობას. განმცხადებელს მსგავსი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. თავის მხრივ საბჭომ გამოიკვლია, რომ ციტრუსის გადამამუშავებელ ქარხანასთან ციტრუსის ჩამბარებელი პირები ხშირად ყრიან გაფუჭებულ/ჩაუბარებელ ციტრუსს და კადრებში ასახული სიტუაციის ხილვა გადამამუშავებელ ქარხანასთან ყველა სეზონზე არის შესაძლებელი. ასევე დადგინდა, რომ კადრების ნაწილი გადაღებულია ქობულეთის რაიონ სოფელ ხუცუბანში, სადაც გამოყოფილია სპეციალური ადგილი და იყრება გაფუჭებული ციტრუსი. კადრები გამოყენებული იყო ტელეკომპანია 25_ე არხის ეთერში 2014 წელს გასულ საინფორმაციო გადაცემაში (https://www.youtube.com/watch?v=FUA1LG-FONA#t=39). ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე არ დასტურდება რომ გადაცემაში გამოყენებული იყო 2013 წლამდე გადაღებული კადრები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიჩნევს, რომ არ დარღვეულა ქარტიის პირველი და მეოთხე პრინციპი.

სადავო ფაქტი 12:
გადაცემის თანახმად საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს ემსახურება ავტომობილი "კია სპორტეიჯი". განმცხადებელმა აღნიშნულის საწინააღმდეგოდ წარმოადგინა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის ბრძანება, რომლის მიხედვით საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს ემსახურება ავტომობილი "ჰიუნდაი ელანტრა". მედეა ვასაძის პოზიციით დარღვეული იყო ქარტიის პირველი და მესამე პრინციპი. ჯაბა ანანიძემ საბჭოს მიაწოდა დოკუმენტი, რომლის მიხედვით 2013 წლის განმავლობაში საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს ემსახურებოდა ავტომობილი "კია სპორტეიჯი", სახელმწიფო ნომრით SCA – 707. საბჭო აქვე აღნიშნავს, რომ თავად მედეა ვასაძის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად აღნიშნული ავტომობილი ["კია სპორტეიჯი", სახელმწიფო ნომრით SCA – 707] უკვე მას ემსახურება, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს. ორივე მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებიდან ცხადია რომ ადმინისტრაციულ ორგანოში ხშირია ავტომობილების მონაცვლეობა თანამდებობის პირებს შორის.

ასეთი მონაცვლეობა შეიძლება მოხდეს რამდენჯერმე, მათ შორის სადავო გადაცემის წინა დღეს და ჟურნალისტის მიერ გარკვეული პერიოდის წინ მიღებული ინფორმაცია გადაცემის გასვლისას უზუსტო იყოს, ამ შემთხვევაში საბჭომ უნდა დაადგინოს რამდენად ეცადა ჟურნალისტი რომ გაევრცელებინა გადამოწმებული ინფორმაცია. საგამოძიებო ფილმი გარკვეული ხნის განმავლობაში მზადდება, ხდება ინფორმაციის გამოთხოვა და შემდგომ მათი ასახვა ფილმში. ბუნებრივად შეუძლებელია, რომ ყველა ინფორმაცია იყოს უახლესი, მაგალითად ფილმის ეთერში გასვლამდე ერთი დღის ან ერთი კვირის წინანდელი. განსახილველ შემთხვევაში დგინდება რომ ჟურნალისტმა მიმართა უმაღლესს საბჭოს და მიიღო ინფორმაცია, რომ საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს ემსახურებოდა ავტომობილი "კია სპორტეიჯი" და შესაბამისად გაავრცელა მიღებული ინფორმაცია. ჟურნალისტს არ შეიძლება ცოდნოდა რომ მოხდა ავტომანქანათა გადანაცვლება, ვინაიდან როგორც უკვე აღვნიშნეთ ასეთი გადანაცვლება გადაცემის ეთერში გასვლამდე ერთი დღით ადრეც შეიძლება მომხდარიყო. ყოველივე აღნიშნულიდან არ იკვეთება, რომ ჟურნალისტმა დააკლო მცდელობა, რომ გადაემოწმებინა ფაქტები და რომ მან საზოგადოების მიმართ არ გამოიჩინა პატივისცემა. ასევე არ დგინდება, რომ გადაცემის გასვლის მომენტისათვის ჟურნალისტმა იცოდა რეალურად რომელი ავტომობილი ემსახურებოდა საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს და არ დგინდება მე_3 პრინციპის დარღვევა.

სადავო ფაქტი 13:
მედეა ვასაძის პოზიციით, ფილმში საუბარია იმაზე, რომ თითქოს გურამ ხიმშიაშვილი შალვა ჯინჭარაძის მძღოლად მუშაობდა. განმცხადებელმა მიუთითა, რომ შალვა ჯინჭარაძეს არც მძღოლი ემსახურება და არც ავტომანქანა. მედეა ვასაძემ მტკიცებულებად წარმოადგინა 2013 წლის 25 აპრილის ბრძანება, რომლის თანახმად გურამ ხიმშიაშვილი დაინიშნა მორიგე მძღოლად უმაღლესი საბჭოს აპარატის საერთო დეპარტამენტში (საფინანსო - სამეურნეო და სატრანსპორტო უზრუნველყოფა). სადავო პრინციპს წარმოადგენდა - ქარტიის პირველი პრინციპი. საბჭო დადგენილ გარემოებად მიიჩნევს ფაქტს, რომ შალვა ჯინჭარაძე იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო, სამეურნეო და სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი. შესაბამისად ლოგიკურია, რომ აღნიშნული დეპარტამენტის მძღოლი ემსახურებოდა დეპარტამენტის უფროსსაც. საბჭო დამატებით დაუკავშირდა გურამ ხიმშიაშვილს, რომელმაც დაადასტურა რომ მისი მომსახურებით სარგებლობდა შალვა ჯინჭარაძე. მითითებული ფაქტების ანალიზის საფუძველზე საბჭო მიიჩნევს რომ ადგილი არ ჰქონია ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევას.

სადავო ფაქტი 14: განმცხადებლის პოზიციით, სადავო გადაცემა შეიცავდა არასწორ ინფორმაციას, დაკავშირებულს ვიდეო ჩანაწერებთან, რომლებიც ასახავდნენ მედეა ვასაძესა და დოდო დიასამიძის შორის არსებულ სავარაუდო კონფლიქტს. გადაცემაში ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ მან ვერ შეძლო მოეპოვებინა სათვალთვალო კამერების შესაბამისი ვიდეო ჩანაწერი. საპირისპიროდ, განმცხადებელმა მტკიცებულებად წარმოადგინა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის წერილი, რომლის თანახმად ვიდეო ჩანაწერი ინახება სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც მიმდინარეობს დოდო დიასამიძის განცხადების საფუძველზე. სადავო პრინციპები 1 და 3. გადაცემიდან დგინდება, რომ ჟურნალისტმა ოფიციალურად მიმართა უმაღლეს საბჭოს, რათა მიეღო ვიდეო ჩანაწერი. მიმართვის პასუხად აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიულ და საკადრო დეპარტამენტმა განმცხადებელს აცნობა რომ ჩანაწერს ვერ გადასცემდნენ, რადგან ისინი უკვე წაშლილი იყო. ლოგიკურია, რომ ვიდეო ჩანაწერის არსებობა არ არსებობის ან სხვისთვის გადაცემის ფაქტი უნდა იცოდეს იმ პირმა (ამ შემთხვევაში უმაღლესმა საბჭომ) რომლის მიერაც/მითითებით ხდება ვიდეო ჩაწერის განხორციელება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ ადგილი არ ჰქონია ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევას, ვინაიდან ჟურნალისტმა ყველა ღონე იხმარა რათა მიეღო ინფორმაცია, მან მიმართა კომპეტენტურ პირს, რომელმაც ვერ შეძლო მისთვის ინფორმაციის მიწოდება. უმაღლეს საბჭოს არც მითითება გაუკეთებია იმაზე, რომ დაინტერესებულ ჟურნალისტს საშუალება ჰქონდა ვიდეოჩანაწერი პროკურატურიდან გამოეთხოვა. შესაბამისად არ არსებობდა ობიექტური გარემოებები, რომლებიც საფუძველს მისცემდა ჟურნალისტს ეფიქრა, რომ ვიდეო ჩანაწერის მისაღებად პროკურატურისათვის მიემართა. ვინაიდან არ დგინდება, რომ ჟურნალისტმა იცოდა ვიდეო ჩანაწერის არსებობის შესახებ, შესაბამისად მას არ მიუჩქმალია მნიშვნელოვანი ფაქტი.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ გადაწყვიტა:
  1. ჯაბა ანანიძემ და ირმა ზოიძემ დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი.
  2. ჯაბა ანანიძეს და ირმა ზოიძეს არ დაურღვევიათ ქარტიის მე_3, მე_4 და მე_11 პრინციპები.