გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე – განმცხადებელთა ჯგუფი ირაკლი ხრიკაძის, გიორგი მასხარაშვილის, გიორგი ასანიშვილისა და ვახო გეგელიას წინააღმდეგ
26.11.2014

განმცხადებელი : იდა ბახტურიძე და სხვები;
მოპასუხე : ირაკლი ხრიკაძე;
დარღვეული პრინციპები : 7 პრინციპი;
გადაწყვეტილება N __
_______ 2014 წელი

საქმეზე - იდა ბახტურიძე და სხვები ირაკლი ხრიკაძის, გიორგი მასხარაშვილის, გიორგი ასანიშვილის და ვახო გეგელიას  წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნათია კუპრაშვილი

საბჭოს წევრები: დავით მჭედლიძე, ნათია როყუა, გიორგი მგელაძე, ნინო ზურიაშვილი, ლაშა ზარგინავა

განმცხადებელი: იდა ბახტურიძე და სხვები არაწევრი ჟურნალისტები:   ირაკლი ხრიკაძე, გიორგი მასხარაშვილი, გიორგი ასანიშვილი და ვახო  გეგელია

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა განმცხადებელთა ჯგუფმა, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ჟურნალისტებმა: ირაკლი ხრიკაძემ, გიორგი მასხარაშვილმა, გიორგი ასანიშვილმა და ვახო გეგელიამ  დაარღვიეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე_7 პრინციპი. განცხადების თანახმად, ქარტიის პრინციპი დაირღვა 2014 წლის 15 მაისს, ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში გასულ გადაცემა "ოთხ ელემენტში", რომლის წამყვანებსაც წარმოადგენდნენ მოპასუხეები. განმცხადებლების პოზიციით წამყვანების მიერ გადაცემის მსვლელობისას გაჟღერებული პოზიციები და რეპლიკები თავისი არსით დისკრიმინაციული ხასიათის იყო ქალთა მიმართ. საქმის განხილვაზე გამოცხადნენ განმცხადებლის წარმომადგენლები: იდა ბახტურიძე, ანა აბაშიძე და ანა არგანაშვილი, მოპასუხეების ინტერესები წარმოადგინა ბაჩო კიკაბიძემ. ბაჩო კიკაბიძემ განმარტა, რომ ყველა ის რეპლიკა თუ განცხადება, რომელიც განმცხადებლებმა დისკრიმინაციად ჩათვალეს, ატარებდა ხუმრობის ხასიათს და არ გამოხატავდა წამყვანთა რეალურ დამოკიდებულებას ქალთა მიმართ.

სამოტივაციო ნაწილი:

ქარტიის მეშვიდე პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით". საბჭოს განმარტავს, რომ დისკრიმინაცია სხვადასხვა სახით შეიძლება გამოვლინდეს, თუ ერთ შემთხვევაში შეიძლება დისკრიმინაციად ჩაითვალოს თანაბარ მოცემულობაში პირებისადმი არათანაბარი მოპყრობა, სხვა შემთხვევაში შეიძლება დისკრიმინაცია გამოიხატოს საზოგადოებრივი ჯგუფის მიმართ არსებული სტიგმის გაძლიერებით. მას შემდეგ რაც სრულად ნახა და შეაფასა სადავო გადაცემა, საბჭოს თვლის, რომ რამდენიმე წამყვანის მიერ დაფიქსირებული პოზიციით ხდებოდა ქალთა მიმართ საზოგადოებაში არსებული სტიგმების განმტკიცება, და რჩებოდა შთაბეჭდილება მათ არაკრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდათ ქალთა მიმართ დისკრიმინაციული და მოძალადე მოპყრობისადმი. გადაცემა თავისი არსით არ წარმოადგენდა იუმორისტულს, შესაბამისად საბჭო ვერ გაიზიარებს მოპასუხეთა წარმომადგენლის არგუმენტაციას, რომ წამყვანთა რეპლიკები და პოზიციები უნდა შეფასებულიყო როგორც იუმორი. მეტიც, საბჭო თვლის რომ იუმორი, სარკაზმი, შეიძლება მიმართული იყოს სტიგმის საწინააღმდეგოდ და არა გასამყარებლად, ამ შემთხვევაში კი სახეზეა საპირისპირო მოვლენა, როცა იუმორისტული ტონით მხარდაჭერილია ქალთა მიმართ ძალადობა და დისკრიმინაცია.

სადავო გადაცემის 50:42 წუთზე, მიწვეული სტუმარი, იდა ბახტურიძე, საუბრობს რომ ცოლის მიმართ ძალადობის საბაბი შეიძლება იყოს ისეთი აბსურდული გარემოება, როგორიცაა მაგალითად: "საჭმელი მიიწვა". იდა ბახტურიძის მიერ ამ ინფორმაციის გაჟღერებას თან სდევს წამყვან ირაკლი ხრიკაძის რეპლიკა ხუმრობანარევი ტონით: "მაგარი მოძალადე გამოგყავარ ეხლა მეც", ამ რეპლიკით საზოგადოებას შეიძლება გაუჩნდეს წარმოდგენა რომ ჟურნალისტისათვის მსგავსი ფაქტი არ არის შეშფოთების საგანი, არ მიაჩნია სერიოზულად და ასეთი მიზეზით ქალზე ძალადობას იუმორით უყურებს. მალევე იდა ბახტურიძე ასახელებს ქალზე ძალადობის კიდევ ერთ საბაბს "ბავშვებს კარგად ვერ მოუარა", ამ საბაბზე უკვე მეორე წამყვანი გიორგი მასხარაშვილი აფიქსირებს პოზიციას: "ბავშვებს თუ კარგად ვერ მოუარა მემგონი კარგი შენიშვნაა მისაცემი", თავად ეს პოზიცია კულტივირებას უკეთებს ისეთ სტიგმას, რომ თითქოს ბავშვის მოვლა მხოლოდ ქალის საქმე და თუ მან ეს მოვალეობა არ შეასრულა "შენიშვნაც" უნდა მიიღოს.

სადავო გადაცემის 54:37 წუთზე წამყვანი ირაკლი ხრიკაძე ასევე ხუმრობანარევი ტონით იხსენებს ისტორიას, თუ როგორ ცემდა დედა მომტირალ ბავშვს, რათა მას ტირილი შეეწყვიტა, ხოლო ფაქტის შეფასებას ახდენს შემდეგი ფრაზით "ეგეთ ქალზე უნდა იძალადო აბა რა უნდა ქნა". რა თქმა უნდა ბავშვზეც ნებისმიერი ფორმით ძალადობა, მათ შორის ფიზიკური, მიუღებელი და დაუშვებელია, მაგრამ ეს ფაქტი არ არის მიზეზი ან საბაბი, რომ თავად ქალს მიაყენო ფიზიკური შეურაცყოფა [უნდა იძალადო აბა რა უნდა ქნა], ამ ფრაზის გაჟღერებით რჩება შთაბეჭდილება, რომ წამყვან ირაკლი ხრიკაძისათვის არსებობს გარემოებები, რომლებიც ამართლებენ ქალზე ძალადობას. გადაცემის 57 – 58 წუთებზე ჟურნალისტებსა და მოწვეულ სტუმრებს შორის მიდის მსჯელობა ქალის მიერ მანქანის მართვასთან დაკავშირებით, რა დროსაც იდა ბახტუძიძე ანვითარებს მოსაზრებას, რომ ხშირ შემთხვევაში ქალი მძღოლების მიმართ უკმაყოფილება გამოწვეული არა იმით, რომ ისინი ცუდად მართავენ ავტომობილს, არამედ მათი სქესის გამო. ამის საპასუხოდ წამყვანი გიორგი მასხარაშვილი საუბრობს რომ რაღაც უნარები აქვს კაცს, როგორი უნარებიც არ გააჩნია ქალს და მოჰყავს რამდენიმე მაგალითი, საბოლოო ჯამში შეიძლება არა ცალსახად, მაგრამ ირიბად მაინც რჩება შთაბეჭდილება, რომ წამყვანის აზრით აპრიორი შეუძლებელია ქალი იყოს ისეთივე მძღოლი, როგორიც მამაკაცი, ვინაიდან ქალს არ გააჩნია შესაბამისი ბიოლოგიურად თანდაყოლილი უნარები. მსგავსი პოზიცია კი დისკრიმინაციულია.

სადავო გადაცემის მიწურულს იდა ბახტურიძე საუბრობდა პრობლემაზე, რომელიც მისი თქმით აჩვენა კვლევებმა, კერძოდ ის, რომ ბავშვის აღზრდაში, გარდა ფინანსური დახმარებისა, არ მონაწილეობენ მამები და აღზრდის ვალდებულება ძირითადად ქალს აწევს, ამის საპასუხოდ წამყვანი   გიორგი მასხარაშვილი აფიქსირებს პოზიციას, რომ ეს არ არის მამის ნაკლი, რადგან მას უწევს წავიდეს ინადიროს და მოიტანოს სახლში ნადავლი, შესაბამისად ნაკლები დრო რჩება ბავშვებთან ურთიერთობისათვის. წამყვანის ეს პოზიცია შეიცავს სტიგმას, რომ ოჯახში ფუნქციები გაყოფილია, რომ მამაკაცი არის ოჯახის ფინანსურად უზრუნველმყოფელი, ხოლო თავის მხრივ ქალმა ძირითადი დრო უნდა გაატაროს სახლში ბავშვებთან, მსგავსი სტიგმის ტირაჟირებით ასევე გამოვლინდა დისკრიმინაციული დამოკიდებულება ქალთა მიმართ. საბჭო განმარტავს, რომ გადაცემის განმავლობაში, მოპასუხეების - გიორგი ასანიშვილის და ვახო   გეგელიას მიერ არ გაჟღერებული ისეთი ფრაზები ან/და პოზიცია, რომელიც შეიძლება ჩათვლილიყო დისკრიმინაციად ქალთა მიმართ.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ გადაწყვიტა:
  1. ირაკლი ხრიკაძემ და გიორგი მასხარაშვილმა დაარღვიეს ქარტიის მე_7 პრინციპი.
  2. გიორგი ასანიშვილს და ვახო  გეგელიას არ დაურღვევიათ ქარტიის მე_7 პრინციპი.