26.11.2014
განმცხადებელი : ჯიპიაი ჰოლდინგი;
მოპასუხე : ხათუნა მგალობლიშვილი;
დარღვეული პრინციპები : 5 პრინციპი; 8 პრინციპი;
___________ 2014 წელი
საქმეზე - შპს სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგი" ხათუნა მგალობლიშვილის წინააღმდეგ
საბჭოს თავმჯდომარე: ნათია კუპრაშვილი
საბჭოს წევრები: დავით მჭედლიძე, ნათია როყუა, გიორგი მგელაძე, ნინო ზურიაშვილი, ლაშა ზარგინავა
განმცხადებელი: შპს სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგი"
არაწევრი ჟურნალისტი: ხათუნა მგალობლიშვილი
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა შპს სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგმა", რომელიც მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტმა ხათუნა მგალობლიშვილმა დაარღვია ქარტიის პირველი, მე_3 მე_5, მე-8, მე_10 და მე_11 პრინციპი. განცხადების თანახმად, ქარტიის პრინციპები დაირღვა გაზეთ "პრაიმ თაიმში" 2014 წლის 14 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით "თვითმკვლელი მამის ტრაგედია". სადავო სტატია ეხებოდა ვანის რაიონის ერთ ერთ სოფელში განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, მერაბ ქარჩხაძის თვითმკვლელობის ფაქტს. ამავე სტატიის თანახმად მერაბ ქარჩხაძის შვილმა უბედური შემთხვევის შედეგად ლავიწის ძვალი მოიტეხა და სჭირდებოდა სასწრაფო ოპერაცია, ხოლო მამამ "თვითმკვლელობა მას შემდეგ დაგეგმა, როცა საკუთარი შესაძლებლობების ყველა რესურსი ამოწურა. გადაწყვეტილებაზე ზუსტად ორი დღე იფიქრა და შვილის ოპერაციისთვის საჭირო ფულის შეგროვების სხვა ალტერნატივა ვერ დაინახა". საქმის განხილვაზე გამოცხადდა განმცხადებლის წარმომადგენელი თინათინ სტამბოლიშვილი და მოპასუხე ჟურნალისტი ხათუნა მგალობლიშვილი, რომლებიც დამატებით იქნენ გამოკითხულნი საბჭოს წევრების მიერ.
სამოტივაციო ნაწილი:
ქარტიის პირველი პირველი პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია". განმცხადებლის პრეტენზია პირველ პრინციპთან მიმართებით ეხებოდა სტატიის რამდენიმე ნაწილს, კერძოდ:
- სტატიაში მტკიცებით ფორმაში მითითებულია, რომ "თუმცა ფაქტია, თვითმკვლელობამდე მერაბ ქარჩხაძემ და მისმა მეუღლემ დასახმარებლად არაერთხელ მიმართეს და ყოველ ჯერზე პასუხად უარს იღებდნენ".
- ასევე, სტატიის ლიდად გამოტანილია შემდეგი ფრაზა: "ჯიპიაის" მხრიდან 2 000 ლარის დაზოგვის გამო, მერაბ ქარჩხაძემ თავი მოიკლა"
- სტატიაში ჟურნალისტი აღნიშნავს: "რეალურად კი, როგორც "პრაიმტაიმისთვის" გახდა ცნობილი, "ჯიპიაი" შეეცადა, ზედმეტი ხარჯები თავიდან აეცილებინა, რადგან მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან კომპანია უმწეოთა დაზღვევის პროგრამიდან საერთოდ გადიოდა. ანუ მისი მოვალეობის შესრულების ამოწურვამდე სულ ათიოდე დღე იყო დარჩენილი. 2 ათასი ლარის დაზოგვის გამო საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე უარი განაცხადა, იმ მიზნით, რომ იგივე ვალდებულებას პირველი აპრილიდან უკვე სახელმწიფო აიღებდა. თუმცა კომპანიას უარის თქმის უფლება არ ჰქონდა".
- გოგონამ მოტეხილობა მიიღო 2014 წლის 18 მარტს.
- მერაბ ქარჩხაძემ თავი მოიკლა 2014 წლის 21 მარტს.
- წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ ოპერაცია დაზარალებულს უნდა ჩატარებოდა საავადმყოფოსათვის პირველი მიმართვიდან 5 დღის შემდეგ.
- დაზარალებულ გოგონას ოპერაცია ჩაუტარდა 2014 წლის 30 მარტს, რომელიც სრულად დააფინანსა ჯიპიაი ჰოლდინგმა.
- არც ერთი რესპოდენტი არ უდასტურებს ჟურნალისტს, რომ სადაზღვევო კომპანიამ უარი განაცხადა დაფინანსებაზე, არამედ რესპოდენტები საუბრობენ პროცედურულ და ბიუროკრატიულ დაბრკოლებებზე, რომლებიც ოპერაციის პროცესის დროში გაწელვას იწვევდა.
საბჭო ასევე ყურადღებას ამახვილებს ჟურნალისტის დასკვნაზე, რომ თანხის დაზოგვა გახდა მერაბ ქარჩხაძის თვითმკვლელობის მიზეზი. შესაძლებელია გარდაცვლილის ცოლი თვლიდა, რომ მისმა მეუღლემ თავი სადაზღვევო კომპანიის მიერ გარკვეული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მოიკლა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ არც თავად რესპოდენტი და არც სხვა გარემოებები არ ადასტურებენ სადაზღვევო კომპანიის პირდაპირ უარს და მეტიც, რეალურად კომპანიის მიერ ხარჯი გაწეული იქნა, საერთოდ მოკლებულია რეალობას და არ შეესაბამება სიმართლეს მტკიცებით ფორმაში გამოხატული ჟურნალისტის დასკვნა, რომ: "ჯიპიაის" მხრიდან 2 000 ლარის დაზოგვის გამო, მერაბ ქარჩხაძემ თავი მოიკლა" ასევე მტკიცებულებების და წყაროების მითითების გარეშე ჟურნალისტი ასკვნის, რომ: "ჯიპიაი" შეეცადა, ზედმეტი ხარჯები თავიდან აეცილებინა". შეიძლება დავუშვათ, რომ ეს ჟურნალისტის ვარაუდია, რომელიც ეყრდნობოდა იმ ფაქტს, რომ 2014 პირველი აპრილიდან კომპანია უმწეოთა დაზღვევის პროგრამიდან საერთოდ გადიოდა. მაგრამ ვარაუდი, რომელსაც თავის მხრივ საკმარისი საფუძველები არ გააჩნია, არ უნდა გავრცელდეს, როგორც ფაქტი, რის საპირისპიროდაც ჟურნალისტი დადასტურებულ ფაქტად ავრცელებს თითქოს ჯიპიაიმ ხარჯი თავიდან აიცილა.
პირველი მუხლის განმარტების თანახმად უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა და ბოლომდე გადაამოწმა ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია. ზუსტ ინფორმაციად, შეთანხმების თანახმად, ჩაითვლება ორ წყაროსთან გადამოწმებული ინფორმაცია, რომელშიც იდენტიფიცირებულია ადამიანი, ადგილი, მოვლენა – ვისაც და რასაც ეხება ინფორმაცია. განსახილველ შემთხვევაში სტატია არ შეიცავს მეორე მხარის შესაბამისს პოზიციას. მართალია სტატიის ბოლოს მოყვანილია სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგის" ოფიციალური განცხადება, მაგრამ ეს განცხადება სრულად არ პასუხობს იმ ბრალდებებს, რომლებსაც მეორე მხარე უყენებს კომპანიას, ასევე არ იძლევა განმარტებებს სტატიაში მითითებულ გარემოებთან დაკავშირებით.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ჟურნალისტი ვალდებული იყო დაკავშირებოდა სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელს და მისგან მიეღო განმარტება ყველა ფაქტთან დაკავშირებით. საბჭო აქვე დასძენს, რომ სტატიის თანახმად, ჟურნალისტი თითქოს და დაუკავშირდა სადაზღვევო კომპანიას, მაგრამ უშედეგოდ: "სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაიმ" თავდაპირველად კომენტარზე უარი განაცხადა" - ვკითხულობთ სტატიაში. მხარეების სხდომაზე გამოკითხვის შედეგად კი საბჭომ დაადგინა, რომ სახეზე იყო არა უარი კომენტარზე, არამედ ჟურნალისტი ვერ დაუკავშირდა სადაზღვევო კომპანიაში ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს, რადგან ეს უკანასკნელი იმყოფებოდა მივლინებაში. იმის გათვალისწინებით, რომ ამბავი არ წარმოადგენდა ახლად მომხდარ ფაქტს, ე.წ. "ნიუსს", არ იყო მისი საჩქაროდ გამოქვეყნების აუცილებლობა, ჟურნალისტი ვალდებული იყო დალოდებოდა სადაზღვევო კომპანიისაგან განმარტების მიღებას და მხოლოდ შემდეგ გამოექვეყნებინა სტატია, რათა მას გამოეჩინა საზოგადოებისადმი პატივისცემა და მიეწოდებინა ამომწურავი/გადამოწმებული ინფორმაცია მომხდარი ფაქტის შესახებ.
განმცხადებელი ასევე დარღვეულად მიიჩნევდა ქარტიის მე_3 პრინციპის მეორე ნაწილს, რომლის თანახმად, "ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია". განმცხადებელი თვლიდა, რომ ფაქტის მიჩქმალვას წარმოადგენდა: 1. ოპერაციის დაფინანსებაზე უარის თქმის, როგორც თვითმკვლელობის წინაპირობის, დადასტურებულ ფაქტად წარმოჩენა. 2. ექიმის დასკვნის არ გამოქვეყნება, რომლის მიხედვით ოპერაცია დაზარებულ გოგონას 5 დღის შემდეგ უნდა ჩატარებოდა. პირველ გარემოებასთან დაკავშირებით საბჭომ უკვე იმსჯელა პირველი პრინციპის ჭრილში და ეს გარემოება თავისი არსით ფაქტის მიჩქმალვას არ წარმოადგენს. რაც შეეხება ექიმის დასკვნის გამოუქვეყნებლობას, არ დასტურდება რომ ჟურნალისტი ფლობდა ასეთ დასკვნას, შესაბამისად მას არ დაუმალია ეს ფაქტი მკითხველისათვის. ქარტიის მე_5 პრინციპი: "მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება". პირველ პრინციპთან დაკავშირებით მსჯელობის დროს ქარტიის საბჭოს მიერ დადგენილი იქნა, რომ ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია შეიცავდა არასწორ ფაქტებს. ამასთან საბჭოს წარედგინა მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ 2014 წლის 23 აპრილს ჯიპიაი ჰოლდინგმა მიმართა გაზეთს რათა შეესწორებინა ფაქტი. პრაიმ თაიმს არ დაუკმაყოფილებია აღნიშნული განცხადება, რამაც გამოიწვია ქარტიის მე_5 პრინციპის დარღვევა. ქარტიის მერვე პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება". სტატიაში სრულად იდენტიფიცირებადია არასრულწოვანი, გვარის, საცხოვრებელი ადგილის და სხვა გარემოებების მითითებით. მეტიც, გამოქვეყნდა არასრულწლოვანის ფოტო. თავის მხრივ ფაქტი, რომელიც არასრულწლოვანს ეხება ნეგატიური ხასიათისა და დიდი ალბათობით მას მიაყენა ფსიქოლოგიური ტანჯვა. შესაბამისად, ლოგიკურია რომ არასრულწლოვანის ინტერესების საწინააღმდეგოა მისი პირადი ტრაგედიის გასაჯაროება. ეს რა თქმა არ უნდა არ გამორიცხავს ჟურნალისტის უფლებას, რომ საერთოდ მოემზადებინა სტატია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მაგრამ მას უნდა გაეთვალისწინებინა არასრულწლოვანის ინტერესები და თავი შეეკავებინა ისეთი ინფორმაციის გასაჯაროებისაგან, რომლითაც მარტივად შეიძლება არასრულწლოვანის ასოცირება მომხდარ ტრაგედიასთან. ჟურნალისტმა მასალის მომზადებისას არ გაითვალისწინა ბავშვის ინტერესები და საფუძველი შექმნა რომ მომავლში საზოგადოებაში მოზარდი კვლავ იქნეს დაკავშირებული მამის თვითმკვლელობის ფაქტთან, რაც კვლავ გამოიწვევს მის ფსიქოლოგიურ ტანჯვას. ქარტიის მეათე პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი". საბჭო ცალსახად თანხმდება, რომ მომხდარი ფაქტის მიმართ არსებობდა საზოგადოებრივი ინტერესი და რომ ჟურნალისტის მიერ თვითნებურად არ გაჟღერებულა სრულწლოვანი პირის პირადი ცხოვრების დეტალები. საბჭოს აქვე დასძენს, რომ ამ შემთხვევაში (მე_10 პრინციპთან მიმართებით) არ მსჯელობს არასრულწლოვანის ინტერესებთან დაკავშირებით, რადგან მასზე უკვე იმსჯელა მე_8 პრინციპთან შესაბამისობაში. ქარტიის მეთერთმეტე პრინციპთან დაკავშირებით განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტმა განზრახ დაამახინჯა ფაქტები. როდესაც საბჭოს მიერ დგინდება პირველი პრინციპის დარღვევა, რა თქმა უნდა არსებობს იმის ალბათობა რომ ჟურნალისტის მიერ ფაქტები განზრახ იქნა დამახინჯებული. განზრახვის დადგენისათვის ან უნდა არსებობდეს გარემოებები, რომლებიც დაადასტურებენ ჟურნალისტის მოტივს რომ განზრახ დაემახინჯებინა ფაქტი ან უნდა დადგინდეს რომ ჟურნალისტმა დანამდვილებით იცოდა რეალური გარემოება, მაგრამ მაინც არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. ჯიპიაი ჰოლდინგმა საბჭოს წარუდგინა ელექტრონული წერილი, რომლითაც გაზეთი პრაიმ თაიმი მას სთავაზობდა გაზეთში რეკლამის განთავსებას. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტმა ფაქტი განზრახ დაამახინჯა, რათა შეელახა ორგანიზაციის საქმიანი რეპუტაცია და ამის საფუძველზე სარეკლამო დაკვეთა მიეღო. რა თქმა უნდა მსგავსი ფაქტი გარკვეულ ეჭვებს და კითხვებს იწვევს, მაგრამ იმის გათვალისწინებით რომ: (1) შეთავაზება გაკეთდა მასალის გამოქვეყნების შემდეგ (2) არ დგინდება, რომ ჟურნალისტმა იცოდა ზუსტი ინფორმაცია, მე_11 პრინციპის დარღვევა ვერ დადგინდება. სარეზოლუციო ნაწილი: ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ გადაწყვიტა: 1. ხათუნა მგალობლიშვილმა დაარღვია ქარტიის პირველი, მე_5 და მე-8 პრინციპი. 2. ხათუნა მგალობლიშვილს არ დაურღვევია ქარტიის მე_3, მე_10 და მე_11 პრინციპი.