26.11.2014
განმცხადებელი : ჯიპიაი ჰოლდინგი;
მოპასუხე : ჯაბა ხუბუა;
დარღვეული პრინციპები : 3 პრინციპი; 5 პრინციპი; 8 პრინციპი; 11 პრინციპი;
31 აგვისტო, 2014 წელი
საქმეზე - სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგი" ჯაბა ხუბუას წინააღმდეგ
საბჭოს თავმჯდომარე: ნათია კუპრაშვილი
საბჭოს წევრები: დავით მჭედლიძე, ნათია როყუა, გიორგი მგელაძე, ნინო ზურიაშვილი, ლაშა ზარგინავა
განმცხადებელი: შპს სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგი"
არაწევრი ჟურნალისტი: ჯაბა ხუბუა
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა შპს სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგმა", რომელიც მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტმა ჯაბა ხუბუამ დაარღვია ქარტიის პირველი, მე_3 მე_5, მე_7, მე-8, მე_10 და მე_11 პრინციპი. განცხადების თანახმად, ქარტიის პრინციპები დაირღვა გაზეთ "ასავალ დასავალში" 2014 წლის 21 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით "რა კავშირი აქვს ვანის რაიონის სოფელ გორაში დატრიალებულ შემზარავ ტრაგედიასთან მამუკა ხაზარაძეს". სადავო სტატია ეხებოდა ვანის რაიონის ერთ ერთ სოფელში განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, მერაბ ქარჩხაძის თვითმკვლელობის ფაქტს, რასაც წინ უძღოდა გარდაცვლილი პირის შვილის მიერ მიღებული მოტეხილობა. სტატიის თანახმად, მერაბ ქარჩხაძეს თვითმკვლელობა აიძულა იმ ფაქტმა, რომ დაშავებული შვილის მკურნალობა არ უზრუნველყო სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგმა. საქმის განხილვაზე გამოცხადდა განმცხადებლის წარმომადგენელი თინათინ სტამბოლიშვილი, მოპასუხე ჟურნალისტი საქმის განხილვას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია.
სამოტივაციო ნაწილი:
საბჭოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- გოგონამ მოტეხილობა მიიღო 2014 წლის 18 მარტს.
- მერაბ ქარჩხაძემ თავი მოიკლა 2014 წლის 21 მარტს.
- წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ ოპერაცია დაზარალებულს უნდა ჩატარებოდა საავადმყოფოსათვის პირველი მიმართვიდან 5 დღის შემდეგ.
- დაზარალებულ გოგონას ოპერაცია ჩაუტარდა 2014 წლის 30 მარტს, რომელი ოპერაციაც სრულად დააფინანსა ჯიპიაი ჰოლდინგმა.
განმცხადებელი ასევე დარღვეულად მიიჩნევდა ქარტიის მე_3 პრინციპის მეორე ნაწილს, რომლის თანახმად, "ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია". განმცხადებელი თვლიდა, მიიჩქმალა ჯიპიაი ჰოლდინგის განცხადება, რომელშიც მოცემული იყო სადაზღვევო კომპანიის განმარტება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. როგორც სადავო სტატიიდან ირკვევა, ჟურნალისტი მასალის მომზადებისას დაეყრდნო დაზარებული გოგონას დედასთან "ახალ გაზეთში" გამოქვეყნებულ ინტერვიუს. ახალი გაზეთის ელექტრონულ ვერსიას წარმოადგენს ვებ გვერდი newpress.ge. საბჭომ მოიძია ის ინტერვიუ, რომელსაც დაეყრდნო ჟურნალისტი და დაადგინა, რომ ჯაბა ხუბუამ წყაროდ აიღო ვებ გვერდ newpress.ge ზე გამოქვეყნებული ინტერვიუ სათაურით: "ვანში დაღუპულის ოჯახი - ბავშვს ოპერაცია დაგვიანებით გაუკეთეს (http://newpress.ge/index.php?page=1&news_id=3487), აღნიშნულ ინტერვიუში ჰიპერბმულად (http://newpress.ge/index.php?page=1&news_id=3485) სიტყვაზე "ჯიპიაის" მითითებულია კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგის განცხადება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. შესაბამისად ჟურნალისტისათვის ცნობილი იყო ჯიპიაი ჰოლდინგის განცხადების შესახებ, სადაც კომპანია განმარტავდა რიგ გარემოებებს, მათ შორის არასრულწლოვანისათვის ოპერაციის გაკეთების ფაქტს. მიუხედავად აღნიშნულისა ჟურნალისტმა მიჩქმალა ყველა ის ფაქტი რომელიც მითითებული იყო ჯიპიაი ჰოლდინგის განცხადებაში და რომელიც აუცილებელი იყო რათა მკითხველს მიეღო სრული ინფორმაცია მომხდარი ფაქტის შესახებ.
ქარტიის მე_5 პრინციპი: "მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება". პირველ პრინციპთან დაკავშირებით მსჯელობის დროს ქარტიის საბჭოს მიერ დადგენილი იქნა, რომ ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია შეიცავდა არასწორ ფაქტებს. ამასთან საბჭოს წარედგინა მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ 2014 წლის 25 აპრილს ჯიპიაი ჰოლდინგმა მიმართა გაზეთს რათა შეესწორებინა ფაქტი. ასავალ დასავალს არ დაუკმაყოფილებია აღნიშნული განცხადება, რამაც გამოიწვია ქარტიის მე_5 პრინციპის დარღვევა.
ქარტიის მე_7 პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით". განმცხადებელი დისკრიმინაციად მიჩნევდა, რომ დისკრიმინაციული იყო სტატიაში გამოყენებული შემდეგი ფრაზა "უყურეთ ძაღლისთავიან რექსს და წარმოიდგინეთ ვანის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ხეზე ჩამოკონწიალებული მერაბ ქარჩხაძე, რომელსაც თავის ჩამოხრჩობა დასჭირდა, რომ შვილის სიცოცხლე გადაერჩინა." განმცხადებელი ასევე მიჩნევდა რომ სტატიით ხდებოდა მამუკა ხაზარაძის დისკრედიტაცია, რაც იწვევდა მე_7 მუხლის დარღვევას. საბჭო განმარტავს, რომ უნდა მოხდეს დისკრედიტაციის და დისკრიმინაციის ერთმანეთისაგან გამიჯვნა. დისკრედიტაცია არის სხვისი საქმიანი რეპუტაციის, სახელის, ღირსების ან პატივის შელახვა. ხოლო ქარტიის მე_7 პრინციპი იცავს პირს/პირთა ჯგუფს დისკრიმინაციისაგან (არათანაბარი მოპყრობა, სიძულვილის ენა კონკრეტული განმასხვავებელი ნიშნის გამო და ა.შ.) და არ არეგულირებს დისკრედიტაციის ფაქტს. საბჭო ასევე ვერ ხედავს დისკრიმინაციის ნიშნებს იმ ფრაზაში, რომელიც აღნიშნულია ზემოთ და რომელზედაც აპელირებდა განმცხადებელი.
ქარტიის მერვე პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება". სტატიაში სრულად მოხდა არასრულწოვანის იდენტიფიცირება. დასახელდა დაზარალებული სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილი, გამოქვეყნდა ფოტო. ცალსახაა, რომ ფაქტი, რომლის შესახებაც არის სტატია, არასრულწლოვანს მიაყენებდა ფსიქოლოგიური ტანჯვას. ამას ემატება ჟურნალისტიც მცდელობა რომ მხატვრულად აღწეროს როგორც დაზარალებული ფიზიკური ტკივილი, ისე თვითმკვლელობის ჩამდენი მამის ემოციური მგდომარეობა. ყოველივე ამას უფრო ამძიმებს არასრუწლოვანი გოგონას გარშემო არსებულ ფონს და ხდება არასრულწლოვანის პირდაპირი ასოცირება მომხდარ ტრაგედიასთან. ჟურნალისტმა მასალის მომზადებისას არ გაითვალისწინა ბავშვის ინტერესები და საფუძველი შექმნა რომ მომავალში საზოგადოებაში იგი კვლავ იქნეს დაკავშირებული მამის თვითმკვლელობის ფაქტთან და გამოიწვიოს გოგონას ფსიქოლოგიური ტანჯვა. ქარტიის მეათე პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი".
საბჭო ცალსახად თანხმდება, რომ მომხდარი ფაქტის მიმართ არსებობდა საზოგადოებრივი ინტერესი და ამასთან ჟურნალისტის მიერ თვითნებურად არ გაჟღერებულა სრულწლოვანი პირის პირადი ცხოვრების დეტალები. საბჭოს აქვე დასძენს, რომ ამ შემთხვევაში (მე_10 პრინციპის მიმართ) არ მსჯელობს არასრულწლოვანის ინტერესებთან დაკავშირებით, რადგან მასზე უკვე იმსჯელა. საბჭო მიიჩნევს, რომ დაირღვა ქარტიის მე_11 პრინციპი, კონკრეტულად გაზრახ დამახინჯდა ფაქტები. აღნიშნული დასკვნის წინაპირობას წარმოადგენს შემდეგი გარემოებები:
- როგორც მე_3 პრინციპთან დაკავშირებით მსჯელობისას საბჭომ დაადგინა, ჟურნალისტმა იცოდა ჯიპიაი ჰოლდინგის ოფიციალური განცხადების და მასში გაჟღერებული ფაქტების შესახებ, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც გაავრცელა არასწორი ინფორმაცია.
- სტატია ატარებს კამპანიურ ხასიათს და მისი ანალიზის შედეგად საბჭოს გაუჩნდა შთაბეჭდილება, რომ სტატია მიზნად ისახავდა არა მკითხველისათვის სწორი და გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდებას, არამედ მიმართული იყო ჯიპიაი ჰოლდინგის და კონკრეტული პირის, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ. სტატიის მხოლოდ ნაწილი ეხება ვანის რაიონ სოფელ გორაში განვითარებულ ტრაგედიას, დარჩენილ ნაწილში ჟურნალისტი მძაფრი შედარებებით და ფაქტების მანიპულირებით ["უყურეთ ძაღლისთავიან რექსს და წარმოიდგინეთ ვანის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ხეზე ჩამოკონწიალებული მერაბ ქარჩხაძე, რომელსაც თავის ჩამოხრჩობა დასჭირდა, რომ შვილის სიცოცხლე გადაერჩინა" "თუმცა როგორც ჩანს, მამუკა ხაზარაძისთვის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე უფრო პრიორიტეტული ბურჭულაძის, დეისაძის, ბუღაძის, ქარუმიძისა და სხვათა უგარყვნილესი წიგნების დაფინანსებაა!"] ცდილობს პირის მიერ თვითმკვლელობის ფაქტის მიზეზად წარმოაჩინოს სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგი და მამუკა ხაზარაძე. აღნიშნული საფუძველს აძლევს საბჭოს იფიქროს, რომ ჟურნალისტის მიერ განზრახ მოხდა არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რათა შეელახა კონკრეტული პირების საქმიანი რეპუტაცია. საბჭო ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სტატიაში გამოყენებული ლექსიკა შეუთავსებელია ეთიკურ ჟურნალისტიკასთან.
სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ გადაწყვიტა:
- ჯაბა ხუბუამ დაარღვია ქარტიის პირველი, მე_3, მე_5, მე-8 და მე_11 პრინციპები.
- ჯაბა ხუბუას არ დაურღვევია ქარტიის მე_7 და მე_10 პრინციპები.