გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე – მაია ჯაში სულხან მესხიძის, რუსლან დავითაძის და მირიან ურუსაძის წინააღმდეგ
05.09.2014

განმცხადებელი : მაია ჯაში;
დარღვეული პრინციპები : 10 პრინციპი;
გადაწყვეტილებაN __

 

27 ივლისი, 2014 წელი

საქმეზე მაია ჯაში სულხან მესხიძის, რუსლან დავითაძის და მირიან ურუშაძის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე:ნათია კუპრაშვილი

საბჭოს წევრები:ირაკლი აბსანძე, დავით მჭედლიძე, ირინა ყურუა, ნათია როყუა, გიორგი მგელაძე, ნინო ზურიაშვილი.

განმცხადებელი: მაია ჯაში

არაწევრი ჟურნალისტები: სულხან მესხიძე, რუსლან დავითაძე და მირიან ურუშაძე

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა მაია ჯაშმა. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტებმა: სულხან მესხიძემ, რუსლან დავითაძემ და მირიან ურუშაძემ დაარღვიეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპები.

განცხადების თანახმად, ქარტიის პრინციპები დაირღვა 2014 წლის 27 მარტს, „ტელეარხი 25 _ის” საინფორმაციო გადაცემაში გასული ინფორმაციით, რომელიც ეხებოდა არასრულწლოვანი გოგონას მიმართ განხორციელებულ სავარაუდო ძალადობის ფაქტს. მასალის ავტორები იყვნენ სულხან მესხიძე, რუსლან დავითაძე და მირიან ურუშაძე. განმცხადებელი მაია ჯაში მიიჩნევდა, რომ ზემოაღნიშნული სიუჟეტით დაირღვა ქარტიის მე_8 და მე_10 პრინციპები.

საქმის განხილვაზე არ გამოცხადებულა განმცხადებელი მაია ჯაში, ხოლო, მოპასუხეები წამოადგინა ქალბატონმა მაია მერკვილაძემ, რომელმაც სხდომაში მონაწილოება მიიღო დისტანციური კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით, ასეთივე გზით საბჭოს კითხვებს უპასუხა განმცხადებელმა მაია ჯაშმა.

სამოტივაციო ნაწილი:

ქარტიის მე_8 პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება“.

ქარტიის მე_10 პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი“.

საბჭო გაეცნო სადავო მასალას და დაადგინა, რომ მასში დასახელდა დაზარალებული არასრულწლოვნის ასაკი, ბრალდებული პირის ასაკი, პროფესია, სავარაუდო დანაშაულის ზოგადი გარემოებები, ასევე საქმის სასამართლო წესით განხილვასთან დაკავშირებული დეტალები (სასამართლო სხდომის ჩატარების ადგილი და დრო, ინტერვიუ ბრალდებულის ადვოკატთან და ა.შ.). საბჭო განსაკუთრებით ყურადღებას ამახვილებს სიუჟეტის ერთ ერთ ნაწილზე, როდესაც ნაჩვენებია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი და აღნიშნულ კადრებს თან ახლავს წამყვანის ტექსტი: „რაც შეეხება ბრალდებულს, დღეს მისი ბინა ჩვენს გადამღებ ჯგუფს დაკეტილი დახვდა“. საბჭომ მოიძია და დაადგინა, რომ სიუჟეტში ნაჩვენები მრავალსართულიანი სახლი ადვილად გამორჩევადი და ცნობილია ბათუმში, ასევე დაადგინა ისიც, რომ ამ სახლის ერთ-ერთ ბინაში ცხოვრობს ბრალდებული.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად საბჭო მიიჩნევს, რომ დაზარალებული არასრულწლოვნის როგორც პირდაპირი, ისე ირიბი იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო, ვინაიდან არ დასტურდებოდა განცხადებაში მითითებული გარემოება, რომ სიუჟეტში ნაჩვენებ მრავალსართულიანი სახლში ცხოვრობდა დაზარალებული არასრულწლოვანი, ხოლო მხოლოდ ასაკის მითითებით კი შეუძლებელი იყო იდენტიფიცირება.

დაზარალებული არასრულწლოვანისაგან განსხვავებით სიუჟეტის მიხედვით სრულად იყო შესაძლებელი ბრალდებულის იდენტიფიცირება, კერძოდ, ასაკის, პროფესიის და საცხოვრებელი სახლის მითითებით მეზობლებს, მსხვერპლის ახლობლებს და ა.შ შეეძლო დაედგინა ბრალდებულის ზუსტი ვინაობა. ქარტიის მე_10 პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი“. ვინაიდან დადგინდა, რომ ბრალდებულის იდენტიფიცირებით მოხდა მის პირად ცხოვრებაში შეჭრა, ასევე უნდა შეფასდეს რამდენად არსებობდა საზოგადოებრივი ინტერესი, რათა პირად ცხოვრებაში შეჭრას მიცემოდა ლეგიტიმური ხასიათი. ცალსახაა, რომ ფაქტი, რომელიც ეხება არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობას საზოგადოებრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს, მაგრამ საქმის ამ ეტაპზე, როცა ჯერ კიდევ არ იყო დადგენილი ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, სრულიად საკმარისი იყო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის და სავარაუდო დანაშაულის ფაქტის შესახებ დეტალების გავრცელება და საზოგადოებრივ ინტერესს არ წარმოადგენდა ბრალდებული პირის ვინაობის გამხელა. ბრალდებულის შესახებ მსგავსი ინფორმაციის გავრცელებით ჟურნალისტებმა შექმნეს იმის ალბათობა რომ შემდგომში თავად ბრალდებული ან მისი ოჯახის წევრი გამხდარიყო ძალადობის მსხვერპლი ან გამოწვეულიყო აგრესია მათ მიმართ.

საბჭო ასევე ყურადღებას გაამახვილებს სიუჟეტში ტაქსების გაჩერების და ტაქსის ნომრების ჩვენებასთან დაკავშირებით. მაშინ როდესაც ცნობილია, რომ ბრალდებული ტაქსის მძღოლია და წამყვანი საუბრობს დანაშაულის შესახებ, ტაქსის ნომრის ჩვენებამ შეიძლება დაუკვირვებელ მაყურებელს შეუქმნას შთაბეჭდილება რომ სწორედ ამ ნომრის ტაქსის მფლობელი პირი იყო ბრალდებული.

შესაბამისად, ჟურნალისტები ვალდებულები იყვნენ, რომ არ მოეხდინათ ბრალდებულის იდენტიფიცირება, ვინაიდან იდენტიფიცირების მიმართ არ არსებობდა განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ გადაწყვიტა:

  1. სულხან მესხიძემ, რუსლან დავითაძემ და მირიან ურუშაძემ დაარღვიეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე_10 პრინციპი.
  2. სულხან მესხიძეს, რუსლან დავითაძეს და მირიან ურუშაძეს არ დაურღვევია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე_8 პრინციპი.