გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე – მოქალაქეთა ჯგუფი ნიკა ლაშაურის წინააღმდეგ
05.09.2014

განმცხადებელი : მოქალაქეთა ჯგუფი;
მოპასუხე : ნიკა ლაშაური;
დარღვეული პრინციპები : 7 პრინციპი;
გადაწყვეტილება N __
27 ივლისი, 2014 წელი

 

საქმეზე მარიამ რუხაძე, სალომე მოსიძე და უჩა პირმისაშვილი ნიკა ლაშაურის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე:ნათია კუპრაშვილი

საბჭოს წევრები:ირაკლი აბსანძე, დავით მჭედლიძე, ირინა ყურუა, ნათია როყუა, გიორგი მგელაძე, ნინო ზურიაშვილი.

განმცხადებელი: მარიამ რუხაძე, სალომე მოსიძე და უჩა პირმისაშვილი

არაწევრი ჟურნალისტი: ნიკა ლაშაური

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართეს მარიამ რუხაძემ, სალომე მოსიძემ და უჩა პირმისაშვილმა. განმცხადებლები მიიჩნევდნენ, რომ ჟურნალისტმა ნიკა ლაშაურმა დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპები.

განცხადების თანახმად, ქარტიის პრინციპები დაირღვაჟურნალ თბილისელებში, ნიკა ლაშაურის ავტორობით გამოქვეყნებულ ინტერვიუში: წვერულვაშიანი ქალის სიყვარულის გამო ღვიძლმა ძმებმა ერთმანეთი დახოცეს,სადაც, ქალი, რომელიც თავს შემწეობის თხოვნით ირჩენს, ყვება მისი პირადი ცხოვრების შესახებ დეტალებს. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ზოგიერთი სახის ტერმინის გამოყენებით და რესპოდენტი ქალბატონის პირადი ცხოვრების დეტალების გახმაურებით დაირღვა ქარტიის მე_7 და მე-10 პრინციპები.

საქმის განხილვაზე გამოცხადდნენ განმცხადებელები, ხოლო მოპასუხე ნიკა ლაშაური სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია.

სამოტივაციო ნაწილი:

თავდაპირველად საბჭო აღნიშნავს, რომ სადავო ჟურნალისტური პროდუქტის ანალიზის შემდეგ გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ინტერვიუში დარღვეული იყო ქარტიის პირველი პრინციპი, მაგრამ ვინაიდან უშუალოდ რესპონდენტის პოზიცია ან სხვა რაიმე დამატებითი გარემოება არ იყო ცნობილი საბჭოსთვის, ეს უკანასკნელი მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა ქარტიის პირველ პრინციპთან დაკავშირებით.

ქარტიის მე_7 პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“.

ქარტიის მე_10 პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი“.

ქარტიის მე_7 პრინციპი ჟურნალისტს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას, რომ ებრძოლოს დისკრიმინაციის ყველა ფორმით გამოვლინებას. პოზიტიური ვალდებულება გულისხმობს, რომ არა მხოლოდ თავად ჟურნალისტმა უნდა შეიკავოს თავი დისკრიმინაციული გამონათქვამებისაგან, არამედ იგი ვალდებულია, რომ არ გაავრცელოს მისი რესპოდენტის დისკრიმინაციული ფრაზები, ხოლო თუ რესპონდენტი საჯარო პირია ან შეუძლებელია თავიდან იქნას აცილებული დისკრიმინაციული გამონათქვამის გავრცელება, ჟურნალისტი უნდა გაემიჯნოს ასეთ გამონათქვამს.

სხვადასხვა განმარტებებთან ერთად, დისკრიმინაციად ასევე ითვლება პირის გამორჩევა ისეთი ნიშნით, რომელიც იწვევს მისდამი განსხვავებულ და ნეგატიურ დამოკიდებულებას.

ჟურნალისტი რამდენჯერმე ხაზს უსვამს რესპონდენტის გარეგნულ მხარეს, კერძოდ მას მოიხსენიებს როგორც „წვერულვაშიანი ქალი“. როგორც ივარაუდება, სოციალური მდგომარეობის გამო შექმნილ ჯანმრთელობის პრობლემის გამო რესპოდენტს აღენიშნება არაბუნებრივი თმიანი საფარი სხეულის იმ ნაწილზე, რომელიც როგორც წესი შეუსაბამოა რესპოდენტის ბიოლოგიურ სქესთან. ამ გარეგნულ განსხვავებულობას, რომელიც ატარებს არა პოზიტიურ, არამედ ნეგატიურ ხასიათს, ჟურნალისტი იყენებს რესპოდენტის აღსაწერად და მის გამოსარჩევად იგივე სოციალური ფენის და სქესის წარმომადგენლებისაგან [„წვერულვაშიანი ქალის სიყვარულის გამო ღვიძლმა ძმებმა ერთმანეთი დახოცეს“, „თბილისის ქუჩების ცნობილ სახეს,წვერულვაშიანლამარა გეწაძეს …..“]. ცალსახაა, რომ მსგავსი სახით და კონტექსტით გამორჩევა მიზნად არ ისახავს რესპონდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას მკითხველისადმი, არამედ ხდება პირის იდენტიფიკაცია მკვეთრად ნეგატიური ნიშნით, რაც ლახავს რესპონდენტის პატივს და ღირსებას.

ვინაიდან საბჭომ ვერ დაადგინა, რამდენად რეალური იყო ინტერვიუ ან ადგილი ხომ არ ჰქონდა ჟურნალისტის ინტერპრეტაციას, უშვებს წინაპირობას, რომ ინტერვიუში მოყვანილი ყველა ფაქტის შესახებ თავად რესპოდენტი საუბრობს. ასევე, საბჭოს არა აქვს ინფორმაცია იმის შესახებ იყო თუ არა რესპოდენტი ქმედუუნარო, შესაბამისად თვლის, რომ თავისი ცხოვრების შესახებ დეტალები რესპოდენტმა საკუთარი სურვილით გაასაჯაროა და ჟურნალისტის მხრიდან ადგილი არ ჰქონდა სხვის პირად ცხოვრებაში თვითნებურად შეჭრას.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ გადაწყვიტა:

  1. ნიკა ლაშაურმა დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე_7 პრინციპი.
  2. ნიკა ლაშაურს არ დაურღვევია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე_10 პრინციპი.