გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე – თამარ ჩხეიძე ნატო გოგელიას და გია სიხარულიძის წინააღმდეგ
19.07.2014

განმცხადებელი : თამარ ჩხეიძე;
მოპასუხე : ნატო გოგელია;
დარღვეული პრინციპები : არ დარღვეულა;
გადაწყვეტილება N __

 

___________ 2014 წელი

 

საქმეზე თამარ ჩხეიძე ნატო გოგელიას და გია სიხარულიძის წინააღმდეგ

 

საბჭოს თავმჯდომარე: ნათია კუპრაშვილი

საბჭოს წევრები: ირაკლი აბსანძე, დავით მჭედლიძე, ირინა ყურუა, ნათია როყვა, გიორგი მგელაძე.

განმცხადებელი: თამარ ჩხეიძე

წევრი ჟურნალისტი: ნატო გოგელია

არაწევრი ჟურნალისტი: გია სიხარულიძე

 

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა  ფიზიკურმა პირმა თამარ ჩხეიძემ.  საბჭოს შესაბამისმა წევრებმა განცხადება დასაშვებად ცნეს.

განმცხადებლის პოზიციით, 2014 წლის 10 მაისს, გამოცემა „გურია ნიუსის“ ვებ გვერდზე განთავსებული სტატიით –   “7 ობოლი შვილიშვილის ბებია _ გულიკო ბოლქვაძე” ნაპოვნია!“, დაირღვა ქარტიის პირველი და მე_5 პრინციპი.

განმცხადებელი უთითებდა, რომ სადავო სტატიის გამოქვეყნებამდე,  „გურია ნიუსის“ ვებ გვერდზე  განთავსდა ინფორმაცია, სადაც საუბარი იყო 70 წლის გულიკო ბოლქვაძეზე, რომელიც დახმარების სათხოვნელად მივიდა გამგეობაში, და რომ მას 7 ობოლი შვილიშვილი ჰყავს და არ აქვს საჭმელი მათთვის ვახშამზე მისატანად.

განმცხადებელის პოზიციით, სადავო სტატიის –  “7 ობოლი შვილიშვილის ბებია _ გულიკო ბოლქვაძე” ნაპოვნია!, თანახმად,  „გულიკო ბოლქვაძე“ იპოვნეს და ის  აღმოჩნდა ხატიჯა ქათამაძე და არა გულიკო ბოლქვაძე. სტატიას თან ჰქონდა დართული ასევე სურათი. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ  შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს და „გულიკო ბოლქვაძე“ გამოცემამ თაღლითობაში გამოიჭირა.

თამარ ჩხეიძე განცხადებაში აღნიშნავდა, რომ  მოკლე ხანში სადავო სტატია წაიშალა ვებ გვერდიდან, განმცხადებელი დაუკავშირდა სტატიის ავტორს, ნატო გოგელიას, რომელმაც დააზუსტა,  რომ სტატია „გაჩერებულია“ ვინაიდან ხატიჯა სულაც არაა ის ქალი, ვისაც ესაუბრა და შესაბამისად არც გულიკო ბოლქვაძის თაღლითობის ფაქტი იკვეთებოდა.

განმცხადებელი თვლის, რომ  სტატიის გაზიარებით შეცდომაში შევიდა ასობით ადამიანი, გავრცელდა  რა არასწორი ინფორმაცია.

ჟურნალისტმა ნატო გოგელიამ შეპასუხებაში მიუთითა, რომ სადავო სტატია არ წაშლილა, არამედ მოხდა აღნიშნული სტატიის რედაქტირება და შეპასუხების წარმოდგენის დროისათვის რედაქტირებული შინაარსით და სათაურით იძებნებოდა. ჟურნალისტმა თავის შეპასუხებაში ასევე აღწერა მისი ყველა მცდელობა, რომელიც უკავშირდება ინფორმაციის გადამოწმებას და მკითხველისათვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდებას.

 

სამოტივაციო ნაწილი:

ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად  ,,ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”. ხოლო მე_5 პრინციპის მიხედვით  „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“.

თავდაპირველად საბჭო აღნიშნავს, რომ განმცხადებლის მიერ საბჭოსათვის არ იყო წარდგენილი სტატიის ის ვერსია, რომელთან დაკავშირებითაც განმცხადებელი მიიჩნევდა რომ დარღვეული იყო ქარტიის პრინციპები. ასევე სიმართლეს არ შეესაბამებოდა ის ფაქტი, რომ თითქოს სადავო სტატია წაიშალა ვებ გვერდიდან. განცხადების განხილვის მომენტისათვის სტატია განთავსებული იყო ვებ გვერდზე http://www.gurianews.com/რედაქტირებული სახით.

საბჭო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა ქარტიის პირველი  და მეხუთე პრინციპების დარღვევას ვინაიდან:

  1. საბჭოს არ ჰქონდა საშუალება გასცნობოდა სტატიის თავდაპირველ ვერსიას და ემსჯელა მასში არსებულ სავარაუდო დარღვევებზე, შესწორებულ ვერსიასთან დაკავშირებით კი განმცხადებელს არ გააჩნდა პრეტენზიები. გარდა აღნიშნულისა, ფაქტობრივი გარემოებებიდან ასევე დასტურდება, რომ სტატიის შესწორება მოხდა მყისიერად, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ თუ შესწორება ხდება გონივრულად მოკლე ვადაში, ადგილი არა აქვს ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევას.
  2. რედაქტირებული სტატია ამომწურავად მოიცავს ინფორმაციას მომხდარი ფაქტის შესახებ, მეტიც, რედაქტირებულ ვერსიაში რედაქცია განმარტავდა თუ რატომ მოხდა სტატიის თავდაპირველ ვერსიაში ფოტოსურათის შეცვლა და  ბოდიშს უხდიდა  მკითხველს შესაძლო გაუგებრობისთვის.
  3. განცხადების შემოტანის დღისათვის სტატია უკვე ჩასწორებული იყო, შესაბამისად არ არსებობდა მედიის ვალდებულება, რომ შეესწორებინა არაზუსტი ინფორმაცია.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ გადაწყვიტა:

  1. ნატო გოგელიას და სიხარულიძის მიერ არ იყო დარღვეული ქარტიის პირველი და მე_5 პრინციპი.