გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე – ირაკლი კორძაია ეკატერინე ალფაიძის წინააღმდეგ
13.03.2014

განმცხადებელი : ირაკლი კორძაია;
მოპასუხე : ეკატერინე ალფაიძე;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
გადაწყვეტილება

 

ქ. თბილისი, 26 იანვარი 2014 წელი

საქმეზე ირაკლი კორძაია   ეკატერინე ალფაიძის  წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნათია კუპრაშვილი

საბჭოს წევრები: გიორგი მგელაძე, ირინა ყურუა, ნინო ნარიმანიშვილი, ირაკლი აბსანძე, დავით მჭედლიძე.

განმცხადებელი: ირაკლი კორძაია

არაწევრი ჟურნალისტი: ეკატერინე ალფაიძე

 

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებებით მომართა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა, ირაკლი კორძაიამ, ქარტიის არაწევრი ჟურნალისტის   ეკატერინე ალფაიძის წინააღმდეგ. წარმოდგენილ განცხადებაში განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ჟურნალისტური ეთიკის პრინციპები დაირღვა ეკატერინე ალფაიძის მიერ მომზადებულ და ვებ გვერდ http://www.gurianews.com ზე განთავსებულ სტატიაში:„რა ქონება შეიძინეს მინისტრებმა 2013 წელს“ განმცხადებლის პოზიციით სტატია შეიცავდა ინფორმაციას, რომ  სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა 2013 წელს სამი ძვირადღირებული ბინა შეიძინა.  ირაკლი კორძაია უთითებდა, რომ ოფიციალურად წარდგენილი დეკლარაციის თანახმად  სოზარ სუბარის მიერ სამი ძვირადღირებული უძრავი ნივთის შეძენა სიმართლეს არ შეესაბამებოდა და  არასწორი ინფორმაციის გავრცელებით დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი და  მესამე პრინციპის პირველი ნაწილი.

ეკატერინე ალფაიძეს შეპასუხება არ წარმოუდგენია.

სხდომას ესწრებოდა მხოლოდ განმცხადებელი, რომელიც გამოიკითხა საბჭოს წევრების მიერ. განმცხადებელმა ირაკლი კორძაიამ, საბჭოს სხდომაზე მოხსნა საკუთარი მოთხოვნა მესამე პრინციპთან დაკავშირებით.

სამოტივაციო ნაწილი:

უტყუარ ფაქტად ჩაითვლება, რომ:

  • სტატიის თავდაპირველი ვერსია (რომელიც წარედგინა საბჭოს), შეიცავდა არასწორ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ  სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა 2013 წელს სამი ძვირადღირებული ბინა შეიძინა.  აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს სოზარ სუბარის მიერ წარდგენილი დეკლარაცია.
  • განცხადების შემოტანამდე სტატია შესწორებული იქნა და რედაქტირებულ ვერსიაში უკვე აღარ ფიგურირებს  სოზარ სუბარის მიერ სამი უძრავი  ნივთის შეძენა.

საბჭოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, თუ მცდარი ინფორმაციის შესწორება მოხდა გონივრულად  მოკლე ვადაში, არ შეიძლება ქარტიის პირველი პრინციპი ჩაითვალოს დარღვეულად, რომელი პრინციპის თანახმად:  ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. საბჭოს წინაშე იდგა ამოცანა, რომ დაედგინა რამდენად მყისიერად მოხდა სტატიის გასწორება.

დადასტურებულ ფაქტს წარმოადგენს, რომ სტატია გამოქვეყნდა 2014 წლის 03 იანვარს. სტატიის ავტორის  FACEBOOK გვერდის შესწავლის შედეგად საბჭომ გამოავლინა, რომ იმავე საღამოს გარკვეული პირები მიუთითებდნენ სტატიის ავტორს არასწორი ინფორმაციის გავრცელების შესახებ.  მეორე დღეს, 2014 წლის 04 იანვარს, დღის პირველ ნახევარში (დაახლოებით 12:00 დან 12:30 წუთამდე შუალედში) მედიაში უკვე გავრცელდა სოზარ სუბარის კომენტარი, რომელიც უარყოფდა სადავო სტატიაში მითითებულ გარემოებას სამი ბინის შეძენის შესახებ. 04 იანვარს,  14:00 საათზე ტელეკომპანია  იმედის ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც გამოყენებული იყო მცდარი ინფორმაციის   შემცველი სტატიის სქრინი. საბჭო დაუკავშირდა ტელეკომპანია იმედის პროდიუსერს, რომელიც იმ დღეს წარმოადგენდა პასუხისმგებელ პირს,  რომელმაც დაადასტურა, რომ 13:30 – 14:00 საათების შუალედში სადავო სტატია ინტერნეტ ბმულზე განთავსებული იყო არა რედაქტირებული სახით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო ასკვნის, სტატიის ჩასწორება არ განხორციელებულა გონივრულ ვადაში და შესაბამისად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ხდებოდა არასწორი ინფორმაციის ტირაჟირება. განხორციელებული ჩასწორება არ აკმაყოფილებს საბჭოს მიერ დადგენილ პრაქტიკას და შესაბამისად    საბჭო მიიჩნევს რომ ადგილი ჰქონდა ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევას.

სარეზოლუციო ნაწილი:

  1. ვეგგვერდ http://www.gurianews.com_ზე განთავსებულ სტატიაში  „რა ქონება შეიძინეს მინისტრებმა 2013 წელს“ ეკატერინე ალფაიძის მიერ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.