გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე – ირაკლი კორძაია ნატო გოგელიას წინააღმდეგ
13.03.2014

განმცხადებელი : ირაკლი კორძაია;
მოპასუხე : ნატო გოგელია;
დარღვეული პრინციპები : არ დარღვეულა;
გადაწყვეტილება

 

ქ. თბილისი, 26 იანვარი 2014 წელი

საქმეზე ირაკლი კორძაია   ნატო გოგელიას  წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნათია კუპრაშვილი

საბჭოს წევრები: გიორგი მგელაძე, ირინა ყურუა, ნინო ნარიმანიშვილი, ირაკლი აბსანძე, დავით მჭედლიძე.

განმცხადებელი: ირაკლი კორძაია

წევრი ჟურნალისტი: ნატო გოგელია

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებებით მომართა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა, ირაკლი კორძაიამ, ქარტიის წევრ ნატო გოგელიას წინააღმდეგ. წარმოდგენილ განცხადებაში განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ჟურნალისტური ეთიკის პრინციპები დაირღვა ნატო გოგელიას მიერ მომზადებულ და ვებ გვერდ http://www.gurianews.com ზე განთავსებულ სტატიაში: „133 300-ლარიანი ჯიპი კომისიისთვის და სამინისტროს ავტომანქანა ჭერში მონიტორით“. განმცხადებლის პოზიციით,  სტატია შეიცავდა ინფორმაციას რომ  სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი ძვირადღირებული ავტომობილის შეძენასთან დაკავშირებით, ირაკლი კორძაია უთითებდა რომ სტატიის მომზადებისას აღნიშნული ავტომობილის შესახებ ტენდერი სამინისტროს გაუქმებული ჰქონდა. განმცხადებელი აპელირებდა, რომ არასწორი ინფორმაციის გავრცელებით დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი და  მესამე პრინციპის პირველი ნაწილი.

ნატო გოგელიამ წარმოადგინა შეპასუხება, სადაც იგი ხაზს უსვამდა რომ სტატიაში საუბარი იყო არა სამინისტროს მიერ ავტომობილის შეძენაზე, არამედ აღწერილი იყო, შესაძენი ავტომობილისათვის მიმართ,  სამინისტროს მიერ წარდგენილი მოთხოვნები.

სხდომას ესწრებოდა მხოლოდ განმცხადებელი, რომელიც გამოიკითხა საბჭოს წევრების მიერ. განმცხადებელმა ირაკლი კორძაიამ, საბჭოს სხდომაზე მოხსნა საკუთარი მოთხოვნა მესამე პრინციპთან დაკავშირებით.

სამოტივაციო ნაწილი:

თავდაპირველად საბჭო აღნიშნავს, რომ იგი მსჯელობს  სტატიის რედაქტირებულ ვერსიასთან მიმართებით, ვინაიდან ქარტიის საბჭოს არ წარდგენია სადავო სტატიის პირვანდელი ვარიანტი. დადასტურებულ ფაქტად შესაძლებელია მიჩნეული იქნას მხოლოდ ინფორმაცია, რომ სტატიის თავდაპირველ ვერსიაში არ იყო მითითება იმის შესახებ, რომ სამინისტრომ, გამოცხადებიდან მალევე, ხოლო  სტატიის მომზადებამდე 9 თვით ადრე, გააუქმა ძვირადღირებული და კომფორტულ ავტომობილთან დაკავშირებით  გამოცხადებული ტენდერი. ამ ფაქტს ადასტურებს ნატო გოგელიაც მის მიერ წარმოდგენილ საპასუხო  წერილში.

ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. განმარტების თანახმად აღნიშნული პრინციპი გულისხმობს ჟურნალისტის მცდელობას, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა და ბოლომდე გადაამოწმა ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია.

განსახილველ (რედაქტირებულ) სტატიაში არ არის მითითებული რომ სამინისტრომ შეიძინა ავტომობილი,  მეტიც ხაზგასმულია, რომ [სახელმწიფო სამსახურები] ძვირადღირებულ ავტომანქანებს ითხოვენ ან ყიდულობენ“. ამასთან, განსახილველად წარმოდგენილ სტატიაში  უკვე შესულია ცვლილებები და ჩამატებულია სამინისტროს პრესსამსახურის კომენტარი ტენდერის გაუქმებასთან დაკავშირებით. თუმცა საბჭო აქვე დასძენს, რომ  შესწორება არ განხორციელდა  ქარტიის მიერ დადგენილი ჯეროვანი შესწორების წესით, კერძოდ,  არ არის მითითებული, რომ მასალაში მოხდა ცვლილებების შეტანა, რაც სასურველია განხორციელდეს.

საბჭომ გადაამოწმა და დარწმუნდა რომ სტატიაში მითითებული სპეციფიკაციებით მანქანის შეძენაზე სამინისტროს მართლაც ჰქონდა გამოცხადებული ტენდერი (ტენდერის N SPS 130005895), რომელიც მოგვიანებით გააუქმა ანუ, ძვირადღირებული ავტომობილის შესახებ მოთხოვნა არსებობდა, მაგრამ მისი შეძენა არ მომხდარა. ვინაიდან სტატიაში არ არის მითითებული ავტომობილის შეძენის ფაქტი, შესაბამისად არ მომხდარა ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

  1. ვეგ გვერდ http://www.gurianews.com_ზე განთავსებულ სტატიაში  133 300-ლარიანი ჯიპი კომისიისთვის და სამინისტროს ავტომანქანა ჭერში მონიტორითნატო გოგელიას არ დაურღვევია ქარტიის პირველი პრინციპი.