გადაწყვეტილებების ძიება

ანონიმური საქმე
09.02.2014

დარღვეული პრინციპები : 6 პრინციპი; 7 პრინციპი;
გადაწყვეტილება N 19

 

25 იანვარი, 2014 წელი

საქმეზე გ.ა. – მ.კ.-ს[1] წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე:ნათია კუპრაშვილი

საბჭოს წევრები:გიორგი მგელაძე, ირინა ყურუა, ნინო ნარიმანიშვილი, ირაკლი აბსანძე, დავით მჭედლიძე.

განმცხადებელი:გ.ა.

არაწევრი ჟურნალისტი: მ.კ.

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებებით მიმართა გ.ა._მ ქარტიის არაწევრი ჟურნალისტის მ.კ._ს წინააღმდეგ. წარმოდგენილ განცხადებაში განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ჟურნალისტური ეთიკის პრინციპები დაირღვა მ.კ.-ს მიერ მომზადებულ სიუჟეტში, რომელიც ეხებოდა კონკრეტული ვირუსის მატარებელთა რიცხვის ზრდას. გადაცემის მომზადებამდე, მ.კ. ერთ-ერთი ორგანიზაციის შუამდგომლობის/თხოვნის საფუძველზე, დაუკავშირდა გ.ა._ს, როგორც აღნიშნული ვირუსის მატარებელს და სთხოვა საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება. გ.ა. კომენტარს დათანხმდა კონფიდენციალურობის დაცვის წინაპირობით. სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ არ იყო უზრუნველყოფილი რესპონდენტის კონფიდენციალურობა, არ იყო შეცვლილი მისი ხმა და შეიძლებოდა გ.ა._ს იდენტიფიცირება. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე განმცხადებელი მიიჩნევს, რომ დაირღვა ქარტიის მე-4, მე-6, მე-7 და მე-10 პრინციპები.

სხდომას ესწრებოდნენ განმცხადებელი და მოპასუხე, რომლებიც გამოკითხა საბჭომ. მოპასუხე მ.კ._მ დაადასტურა, რომ სიუჟეტის მომზადებისას ვერ მიიღო ყველა საჭირო ზომა, რათა რესპონდენტის კონფიდენციალურობა ბოლომდე დაეცვა, კერძოდ გასულ სიუჟეტში არ იყო შეცვლილი მისი ხმა.

სამოტივაციო ნაწილი:
  1. ქარტიის მე–4 პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით.

ქარტიის მე–4 პრინციპის თანახმად, ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი
მეთოდები უნდა გამოიყენოს.
საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნულ შემთხვევაში, მე–4 პრინციპი არ დარღვეულა, ვინაიდან ჟურნალისტს რესპონდენტი მოტყუებით არ ჩაუწერია. მან სრულად იცოდა, თუ რას ეხებოდა სიუჟეტი და როგორ მოხდებოდა მისი ინტერვიუს გამოყენება, შესაბამისად, ინფორმაცია ჟურნალისტმა მოიპოვა სამართლიანი და კეთილსინდისიერი მეთოდების გამოყენებით.

2. ქარტიის მე–6 პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით.

ქარტიის მე–6 პრინციპის თანახმად, ჟურნალისტის მორალური პასუხისმგებლობაა, არ გაამჟღავნოს კონფიდენციალურად მოპოვებული ინფორმაციის წყარო. სადავო სიუჟეტის განხილვისას, საბჭომ ერთმნიშვნელოვნად დაასკვნა, რომ შესაბამისი ზომების დაუცველობის გამო, სრულად იყო შესაძლებელი რესპონდენტის ხმით იდენტიფიცირება, ხოლო რიგ ვიდეო კადრებში რესპონდენტის ვიზუალურად ამოცნობაც შეიძლებოდა. საბჭო ხაზს უსვამს, რომ ინტერვიუ ეხებოდა რესპონდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ჟურნალისტის პოზიტიურ ვალდებულებას წარმოადგენდა, რომ უზრუნველეყო რესპონდენტის ვინაობის კონფიდენციალურობა, მეტიც, ჟურნალისტი წინასწარ იყო გაფრთხილებული და სწორედ კონფიდენციალურობის დაცვა წარმოადგენდა ინტერვიუს მიცემის წინაპირობას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის მე–6 პრინციპი – არ დაიცვა რესპოდენტის კონფიდენციალურობა. ამასთან, ქარტიის საბჭო რეკომენდაციით მიმართავს ტელეკომპანიას, რომლის ეთერშიც აღნიშნული სიუჟეტი გადაიცა, რომ მიზანშეწონილია, სადავო სიუჟეტი საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებში აღარ იძებნებოდეს.

3. ქარტიის მე–7 პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით.

ქარტიის მე–7 პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“. საბჭო მიიჩნევს, სიუჟეტში გამოყენებული რიგი ფოტომასალა, რომელიც აღწერდა ჯანმრთელ და ვირუსით ინფიცირებულ ადამიანს, თავისი შინაარსით იყო დისკრიმინაციული, ხელს უწყობდა სტიგმის გაძლიერებას და იწვევდა სიტუაციის შეუსაბამო დრამატიზებას, შესაბამისად, ხდებოდა ყველა იმ პირის დისკრიმინირება, ვინც ატარებს ვირუსს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის მე–7 პრინციპი.

4. ქარტიის მე–10 პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით.

ქარტიის მე–10 პრინციპის თანახმად: ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი. ქარტიის საბჭოს მოსაზრებით, ჟურნალისტი არ შეჭრია რესპონდენტს პირად ცხოვრებაში, ინფორმაცია პირადი ცხოვრების შესახებ თავად რესპონდენტმა გაამჟღავნა. დაირღვა მხოლოდ კონფიდენციალურობა, რის შესახებაც საბჭომ უკვე იმსჯელა მე–6 პრინციპთან მიმართებით.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ დაადგინა:

  1. ჟურნალისტმა მ.კ.–მ დაარღვია ქარტიის მე–6 და მე–7 პრინციპები.
  2. ჟურნალისტ მ.კ.–ს არ დაურღვევია ქარტიის მე–4 და მე–10 პრინციპები

[1]ვინაიდან საქმე ეხება პირის ჯანმრთელობის შესახებ კონფიდენციალურ ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებამაც განმცხადებელს უკვე შეუქმნა სერიოზული პრობლემები, საბჭო იცავს საქმის ანონიმურობას, არ ასახელებს ტელეკომპანიას და მხარეებსაც მოიხსენიებს პირობითი ინიციალებით, რათა ხელი არ შეუწყოს კონფიდენციალური ინფორმაციის შემდგომ ტირაჟირებას.