გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე – ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ეკა ბესელიას, ბიურო ელისო ჯანაშიას და იზა სალაყაიას წინააღმდეგ
08.12.2013

განმცხადებელი : ეკა ბესელია;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 3 პრინციპი; 5 პრინციპი;
გადაწყვეტილება N—
2013 წელი

საქმეზე ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ეკა ბესელიას, ბიურო ელისო ჯანაშიას და იზა სალაყაიას წინააღმდეგ.

საბჭოს თავმჯდომარე: გია მგელაძე

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, ირაკლი აბსანძე, ნათია კუპრაშვილი, ნათია როყუა,         ია მამალაძე, დავით მჭედლიძე.

განმცხადებელი: ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ეკა ბესელიას, ბიურო

წევრები: ელისო ჯანაშია და იზა სალაყაია

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებებით მომართა ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ეკა ბესელიას, ბიურომ,  ჟურნალისტების, ელისო ჯანაშიას და იზა სალაყაიას წინააღმდეგ. წარმოდგენილი სამი განცხადების თანახმად ბიურო თვლიდა, რომ ჟურნალისტური ეთიკის პრინციპები დაირღვა 12 სტატიაში. სადავო 3 სტატიის მიმართ გასული იყო ხანდაზმულობის ვადა და საბჭომ დასაშვებად ცნო განცხადებები  მხოლოდ დარჩენილი 9 სტატიის ნაწილში.   სადავოს წარმოადგენდა შემდეგი 9 სტატია:

(1) ფოთის მაჟორიტარის უკანონო მოთხოვნა საკრებულოს  (2) მაჟორიტარი და მერი საკადრო წმენდაზე ცალ-ცალკე თათბირობენ (3) დაპირისპირება ბესელიასა და მის ფავორიტ მერს შორის     (4) მაჟორიტარის კადრი რესურსცენტრის უფროსად ან მერის მოადგილედ განიხილება  (5) თვალთვალი და მუქარა სამართალდამცავთა მხილების გამო  (6) ნეპოტიზმი და პოლიტიკური დანიშვნები ფოთის მერიაში (7) TSPRESS მაჟორიტარის დაუსაბუთებელ ბრალდებებს პასუხობს (8) იცავს თუ არა ეკა ბესელიას ფოთის პროკურორის აგარაკის წინ პოლიცია  (9)  ბესელიას ბიუროსთვის ჩამორთმეულიToyota – Prado მერის “ბავშვობის მეგობარ” მოადგილეს გადაეცა.

სხდომას ესწრებოდნენ განმცხადებლის წარმომადგენელი ვალერი ტეტუნაშვილი და მოპასუხეები ელისო ჯანაშია და იზა სალაყაია.

სამოტივაციო ნაწილი:

  1. ფოთის მაჟორიტარის უკანონო მოთხოვნა საკრებულოს – ავტორი იზა სალაყაია http://tspress.ge/ka/site/articles/14330/

განცხადების თანახმად სტატიაში: „ფოთის მაჟორიტარის უკანონო მოთხოვნა საკრებულოს“ დარღვეული იყო ქარტიის პირველი და მეთერთმეტე პრინციპი. სტატიის მიხედვით ვალერი ტეტუნაშვილი საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით ბაბილუას 4 ავტომანქანის გასხვისებასა და  იაფფასიანი მანქანებით გადაადგილებას თხოვს. ბიუროს თვალსაზრით ამ მოთხოვნის აპრიორი შეფასება როგორც „უკანონო“, არღვევს ქარტიის პირველ და მეთერთმეტე პრინციპს.  განმცხადებელი არგუმენტად მიუთითებს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ კანონის 195 მუხლის მე-6 პუნქტს, რომლის მიხედვით – „საპარლამენტო ბიურო უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ავტოსატრანსპორტო საშუალებით“.

საბჭოს მიერ გადამოწმებული იქნა  ის ნორმატიული აქტი, რომელზედაც აპელირებდა განმცხადებელი. დადგინდა, რომ სადავო სტატიის მომზადების დროისათვის    ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ კანონის 195 მუხლი არ შეესაბამებოდა იმ რედაქციას, რომელიც მითითებული ჰქონდა განმცხადებელს, პირიქით ცვლილებების[1] შედეგად ადგილობრივი თვითმმართველი ორგანო არის უფლებამოსილი,  და არა ვალდებული რომ სხვა პირს (მათ შორის მაჟორიტარის ბიუროს)  გადასცეს ქონება. შესაბამისად ბიუროს  მიერ საკრებულოს დავალდებულება  იყო კანონთან შეუსაბამო და ჟურნალისტს სრული უფლება ჰქონდა ეს ქმედება შეეფასებინა როგორც „უკანონო“.  ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად  „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.  იზა სალაყაიას მიერ სწორად იქნა შეფასებული ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად არ დგინდება მის მიერ ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა.

სხდომაზე განმცხადებელის წარმომადგენელმა დააკონკრეტა, რომ   ამ კონკრეტულ სტატიასთან მიმართებით  დარღვეული იყო ქარტიის მე-11 პრინციპის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად: „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: · ფაქტის განზრახ დამახინჯება“. ვინაიდან საბჭომ  არ დაადგინა იზა სალაყაიას მიერ ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა, შესაბამისად ადგილი ვერ ექნება ფაქტის განზრახ დამახინჯებას.

ზოგადი დანაწესის სახით, საბჭო განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში თუ არ დგინდება ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა, ავტომატურად გამოირიცხება ქარტიის მე-11 პრინციპის პირველი ნაწილის დარღვევაც.

  1. მაჟორიტარი და მერი საკადრო წმენდაზე ცალ – ცალკე თათბირობენ  – ავტორი  ელისო ჯანაშია http://www.tspress.ge/ka/site/articles/14361/

განმცხადებლის აზრით, სტატიაში „მაჟორიტარი და მერი საკადრო წმენდაზე ცალ-ცალკე თათბირობენ“,  დაირღვა ქარტიის პირველი და მე_4  პრინციპი. განცხადების თანახმად აღნიშნული პრინციპები დარღვეული იქნა სტატიაში მოყვანილ სამ ფაქტთან დაკავშირებით:

  1. „თავიდანვე იგრძნობოდა, რომ შეკრული იყო ნაციონალებთან” – არწმუნებს შეხვედრაზე კაკულია ბესელიას, რომელიც მერის გადაყენების შემთხვევაში ფოთის მერად თავად მოიაზრება“.
  2. „რამდენიმე დღის წინ, “ქართული ოცნების”ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი კაკულიას კატეგორიული მოთხოვნით, TSpress-ს კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება არ მიეცა“.
  3. „ფოთის მერად დავით სარსანია მიმდინარე წლის იანვარში დაინიშნა. ის თავდაპირველად მაჟორიტარ ეკა ბესელიას პროტეჟე იყო, თუმცა, ბოლო პერიოდში, მერსა და მაჟორიტარს შორის დაპირისპირებაა, რის მიზეზადაც ძალაუფლების გაყოფის პრობლემა და მაჟორიტარის მიერ მერის საქმიანობაში დიდი დოზით ჩარევა სახელდება“

პირველ და მესამე ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ელისო ჯანაშიამ სხდომაზე განაცხადა, რომ მას აღნიშნული ინფორმაციები ანონიმურმა წყარომ მიაწოდა და იგი ვალდებულია უზრუნველყოს წყაროს კონფიდენციალურობა. რაც შეეხება  მეორე ფაქტს: „რამდენიმე დღის წინ, “ქართული ოცნების” ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი კაკულიას კატეგორიული მოთხოვნით, TSpress – ს კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება არ მიეცა“. აღნიშნულ ფაქტის დასადასტურებლად სადავო სტატიაში მითითებულია ბმული, რომელსაც გადავყავართ სტატიაზე: „მერიაში საჯარო სხდომას TSpress-ს არ ასწრებენ“.  რომელ სტატიაშიც მტკიცებით ფორმაში მოხსენიებულია, რომ „ქართული ოცნების” ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის, ირაკლი კაკულიას გადაწყვეტილებით, ფოთის მერიაში საატესტაციო – საკონკურსო კომისიის სხდომას, რომელიც საჯარო სამსახურში თანამშრომელთა გათავისუფლების საკითხს განიხილავს, TSpress-ს არ ასწრებენ“.   სტატიაში არ არის მითითებული თუ რა ფაქტი ან წყარო ადასტურებდა, რომ ირაკლი კაკულია წარმოადგენდა სწორად იმ პირს რომლის გადაწყვეტილებითაც აეკრძალა TSpress-ს სხდომაზე დასწრება. ასევე აღსანიშნავია, რომ ამა თუ იმ პირის სხდომაზე არ დასწრების შესახებ კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობით და ასეთი გადაწყვეტილების მიღება არ წარმოადგენს ერთი პირის კომპეტენციას.  ჟურნალისტს არა  ჰქონდა ხელთ ოქმი სადაც იქნებოდა  მითითება  დასწრების აკრძალვასთან დაკავშირებით, ასევე არც მცდელობა ჩანს სტატიაში ასეთი ოქმის  მოპოვებისა. ქარტიის განმარტებების შესაბამისად პირველი პრინციპი  მოიცავს ჟურნალისტის მცდელობას, რომ ყველა ღონე იხმაროს  ინფორმაციის მოსაპოვებლად. შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი: ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

რაც შეეხება მე_4 პრინციპს: „ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას  ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს“. განმცხადებელი ვერ ადასტურებს თუ რა არაკეთილსინდისიერი თუ არასამართლიანი მეთოდი იქნა გამოყენებული ჟურნალისტის მიერ ინფორმაციის მოპოვებისას.

3.    დაპირისპირება ბესელიასა და მის ფავორიტ მერს შორის –  ავტორი იზა სალაყაია http://tspress.ge/ka/site/articles/14290/

განმცხადებლის პოზიციით სტატიაში დაპირისპირება „ბესელიასა და მის ფავორიტ მერს შორის“  დარღვეული იქნა ქარტიის პირველი, მე_3, მე_4, მე_5 და მე_11 პრინციპი.  სხდომის მიმდინარეობისას განმცხადებლის წარმომადგენელმა მოხსნა მე_4 და მე_5 პრინციპი.

განცხადების თანახმად პრინციპის დარღვევა გამოიხატა იმ ინფორმაციის გავრცელებაში, რომლის თანახმად „დაახლოებით ღამის 2 საათზე დასრულებული შეხვედრის შემდეგ, პარტიის რამდენიმე წევრი ფოთის მერთან კაბინეტში შევიდა და მას გადადგომა მოთხოვა. სარსანია ულტიმატუმს არ დათანხმდა და საჭიროების შემთხვევაში მხარდამჭერების გამოყვანითა და მერიასთან აქციების გამართვითაც დაიმუქრა. TSpress – ის ინფორმაციით, “ქართული ოცნების” წევრებმა სარსანიას დაუთანხმებლობის შემდეგ, მერის იმპიჩმენტის მოთხოვნით საკრებულოს მიმართეს“.   ბიურომ ხაზი გაუსვა, რომ ასეთი ფაქტს ადგილი არ ჰქონია და სიმართლეს არ შეესაბამება.

საბჭო ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებებს: (1) ჟურნალისტი უთითებს  წყაროს, რომლისგანაც მოიპოვა ინფორმაცია: „ქართული ოცნების” ერთ-ერთი წევრი, კონფიდენციალობის გარანტიით ყვება“ (2)  ჟურნალისტი დაუკავშირდა  ფოთის მაჟორიტარ დეპუტატს და სტატიაშივე გამოქვეყნა მისი პასუხი, სადაც ქალბატონი ეკა ბესელია უარყოფდა კონფლიქტის არსებობის ფაქტს. სტატია ასევე შეიცავს ფოთის მერის – დავით სარსანიას,  საკრებულოს თავმჯდომარის – დავით ბაბილუას და  “ქართული ოცნების” ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერის ირაკლი კაკულიას კომენტარებს. შესაბამისად ობიექტურ მკითხველს შესაძლებლობა აქვს საკითხთან დაკავშირებით ამომწურავად  მიიღოს ინფორმაცია სხვადასხვა მხარისაგან. ჩანს ჟურნალისტის მცდელობაც, რომ ყველა ღონე იხმარა ინფორმაციის გადასამოწმებლად.   ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ ქარტიის არცერთი პრინციპი არ დარღვეულა სტატიაში „დაპირისპირება ბესელიასა და მის ფავორიტ მერს შორის“.

4.     მაჟორიტარის კადრი რესურსცენტრის უფროსად ან მერის მოადგილედ განიხილება – ავტორი  იზა სალაყაია http://tspress.ge/ka/site/articles/14323/

განცხადების თანახმად  სტატიაში:  „მაჟორიტარის კადრი რესურსცენტრის უფროსად ან მერის მოადგილედ განიხილება“ დარღვეული იქნა ქარტიის მე_3, მე_4, მე_5 და მე_11 პრინციპი.  ბიუროს წარმომადგენელმა სხდომის მიმდინარეობისას  მოხსნა მე_4 პრინციპი.

სტატია ეხება ინფორმაციას, რომლის თანახმადაც თამარ ფაჩულია რესურსცენტრის უფროსად ან მერის მოადგილედ განიხილება. განმცხადებლისათვის მიუღებელია სტატიაში ისეთი ფრაზების გამოყენება, როგორებიცა  „როგორც ამბობენ“,  ბიურო ასევე თვლის რომ „ჟურნალისტი შეგნებულად აკეთებს აქცენტს მაჟორიტარ დეპუტატზე, რითაც სურს საზოგადოებაში შექმნას ილუზია იმისა, რომ ყველა თანამდებობაზე მაჟორიტარი დეპუტატის რჩეული კადრები ინიშნებიან“.

საბჭო აღნიშნავს რომ სადავო სტატიაში ცალსახაა ჟურნალისტის ძალისხმევა, რომ უზრუნველყოს მკითხველისათვის საკითხის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება.  ჟურნალისტი ნებისმიერი ინფორმაციის გადამოწმებას ახდენს იმ პირთან, რომელსაც ეხება  ეს ინფორმაცია, რიგი ინფორმაციის  შესახებ თამარ ფაჩულია   ადასტურებს, რომ „ჭორის დონეზე“ იცის, ხოლო ზოგ ინფორმაციას უარყოფს,  შესაბამისად ობიექტური მკითხველისათვის მოცემულია სრული ინფორმაცია რათა მან ყოველმხრივ შეაფასოს  სტატიაში მითითებული ინფორმაციის სანდოობა და უტყუარობა. რაც შეეხება „ილუზიის შექმნას “_ს, სავარაუდო ილუზიების შესახებ მსჯელობა ქარტიის უფლებამოსილებას და კომპეტენციას არ განეკუთვნება.   ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს სტატიაში: „მაჟორიტარის კადრი რესურსცენტრის უფროსად ან მერის მოადგილედ განიხილება“ არ დარღვეულა ქარტიის არც ერთი პრინციპი.

5.    თვალთვალი და მუქარა სამართალდამცავთა მხილების გამო – ავტორი იზა სალაყაია http://www.tspress.ge/ka/site/articles/14713/

ბიუროს პოზიციით, სტატიაში  „თვალთვალი და მუქარა სამართალდამცავთა მხილების გამო“ დარღვეული იქნა ქარტიის პირველი და მეხუთე პრინციპი.  პირველი პრინციპის დარღვევას წარმოადგენდა სტატიაში ანი ჩაჩიბაიას, როგორც ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის  ბიუროს წევრად მოხსენიება, ხოლო მე_5 პრინციპი [მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება] დაირღვა, ვინაიდან  მიუხედავად იმისა, რომ სტატიის ავტორმა გაიგო ფაქტის უზუსტობის შესახებ,  მან არ გაასწორა ინფორმაცია და ანი ჩაჩიბაია კვლავ ბიუროს წევრად არის მოხსენიებული.

სტატია და  აღნიშნულ საკითხზე მხარეთა ახსნა- განმარტებების შეფასების შედეგად, საბჭომ  დადგენილად მიიჩნია, რომ ანი ჩაჩიბაია არ წარმოადგენს მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წევრს, აღნიშნული ფაქტი თავად მოპასუხემაც დაადასტურა, საბჭო  ასევე ვერ დაეთანხმება მოპასუხეს, რომ  მან თითქოს  გაასწორა დაშვებული შეცდომა, საქმის განხილვის დროს არსებული სტატიის  ვარიანტში ანი ჩაჩიბაია კვლავ არის მითითებული, როგორც ბიუროს წევრი.

საბჭომ დაადგინა, რომ სტატიაში: „თვალთვალი და მუქარა სამართალდამცავთა მხილების გამო“ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი და მეხუთე პრინციპი. რეკომენდაციის სახით მოპასუხეს ეცნობოს, რომ მან ისე გაასწოროს სტატიაში ანი ჩაჩიბაიას თანამდებობა, რომ შემდგომში აღარ იძებნებოდეს არასწორი სახით.

6.    ნეპოტიზმი და პოლიტიკური დანიშვნები ფოთის მერიაში  – ავტორი ელისო ჯანაშია და იზა სალაყაია http://www.tspress.ge/ka/site/Investigative_Journalism/14742/

განცხადების თანახმად, სტატიაში „ნეპოტიზმი და პოლიტიკური დანიშვნები ფოთის მერიაში ჟურნალისტებმა ელისო ჯანაშიამ და იზა სალაყაიამ დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი.  განმცხადებელი  დაუშვებლად მიიჩნევს სტატიაში მითითებული პირების ქართული ოცნების აქტივისტებად დასახელებას. ზეპირი გამოკითხვის დროს განმცხადებლის წარმომადგენელმა დააკონკრეტა რომ მისი პრეტენზიები ეხებოდა შემდეგი სამი პირის ქართული ოცნების აქტივისტებად მოხსენიებას: ბიდიკო კაკულია, შორენა მირცხულავა და ჯამბურია.

თავდაპირველად საბჭო აღნიშნავს, რომ გვარი „ჯამბურია“ საერთოდ არ ფიგურირებს სტატიაში, რაც შეეხება დანარჩენ პერსონებს, საბჭომ მოუსმინა რა მოპასუხეს და მოიძია ინფორმაცია, მიიჩნევს, რომ შორენა მირცხულავას აქტივობიდან გამომდინარე შესაძლებელია იქნას მიჩნეული რომ ის წარმოადგენს  ქართული ოცნების   აქტივისტს[2].   სტატიაში ბიდიკო კაკულია აღნიშნულია როგორც პირი, რომელმაც შეცვალა ქართული ოცნების წევრი ტატო გვილავა და თავად ბიდიკო არ არის მოხსენიებული  პარტიის წევრად.

მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებლის წარმომადგენლებმა მხოლოდ სამი პირის (ბიდიკო კაკულია, შორენა მირცხულავა და ჯამბურია) შესახებ გამოთქვა პრეტენზია, საბჭო დაინტერესდა თუ რის საფუძველზე მოიხსენია ჟურნალისტმა სტატიაში სხვადასხვა პირები, როგორც ქართული ოცნების აქტივისტები. აღნიშნულთან დაკავშირებით საბჭომ მიიღო დამაკმაყოფილებელი  განმარტება, რომელი განმარტებაც  მჭიდრო  კავშირშია სტატიასთან:  „TSPRESS მაჟორიტარის დაუსაბუთებელ ბრალდებებს პასუხობს“ და გადმოცემული იქნება აღნიშნული სტატიის შესახებ მოტივაციაში. საბჭო ადგენს, რომ სტატიაში „ნეპოტიზმი და პოლიტიკური დანიშვნები ფოთის მერიაში“ ქარტიის წევრებს ელისო ჯანაშიას და იზა სალაყაიას არ დაურღვევიათ არც ერთი პრინციპი.

  1. TSPRESS მაჟორიტარის დაუსაბუთებელ ბრალდებებს პასუხობს – ავტორი ელისო ჯანაშია http://tspress.ge/ka/site/articles/14771/

ბიუროს  პოზიციით, სტატიაში  „TSPRESS მაჟორიტარის დაუსაბუთებელ ბრალდებებს პასუხობს“ დაირღვა ქარტიის  პირველ პრინციპი  და მე-11 პრინციპის  პირველ ქვეპუნქტი.  განმცხადებლის პოზიციით სიმართლეს არ შეესაბამება სტატიაში მითითებული ფაქტი, რომ   გაზეთს „ნიკოლაძის გზით“  აფინანსებს    ეკა ბესელიას ინიციატივითა და მხარდაჭერით შექმნილი “ფოთის აღორძინების საქველმოქმედო ფონდი“.

ბიურო ასევე თვლის, რომ არასწორ ინფორმაციას წარმოადგენს იმის მტკიცება, თითქოს,  გამოცემა [„ნიკოლაძის გზით“] ფონდის [“ფოთის აღორძინების საქველმოქმედო ფონდი“] ოფისშია განთავსებული“. ბიუროს განმარტებით, ფონდის ოფისში განთავსებულია შპს „ფოთი მედია ჯგუფის“ ინტერნეტ-გამოცემა www.nikoladzisgzit.ge, პრეს-კლუბი და არა გაზეთი „ნიკოლაძის გზით“.

ბიურო თვლის რომ სტატიაში ისე არის რამდენიმე პირი მითითებული პარტიის წევრად, რომ ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ჟურნალისტს არ გააჩნია, განმცხადებელი  ასევე პრეტენზიას გამოთქვამს TS Press _ის განცხადებაზე, რომ თითქოს გამოცემას ქართული ოცნების პარტიის წევრების შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდეს,  ბიუროს განცხადებით გამოცემას აღნიშნული თხოვნით საერთოდ არ მიუმართავს პარტიისათვის.

განმცხადებლის პირველ პრეტენზიას, დაკავშირებულს იმ ფაქტთან, რომ ფონდი აფინანსებს თუ არა  გამოცემას „ნიკოლაძის გზით“ აბათილებს თავად განცხადებაში მოყვანილი ციტატა სტატიიდან –  „საქველმოქმედო ფონდის დირექტორი ილია ქვარცხავა არ უარყოფს, რომ [გამოცემას] „ნიკოლაძის გზით“, ფონდი 20 ათასი ლარით აფინანსებს“. შესაბამისად ჟურნალისტმა დაწერა ის ინფორმაცია, რომლის უტყუარობასაც თავად ფონდის [დამფინანსებლის] დირექტორი ადასტურებდა.

საბჭომ მოუსმინა მხარეებს, გამოიკვლია ინტერნეტ-გამოცემა www.nikoladzisgzit.ge ს ვებ გვერდი და მივიდა დასკვნამდე რომ  გაზეთი „ნიკოლაძის გზით“ და ინტერნეტ – გამოცემა www.nikoladzisgzit.ge არ წარმოადგენენ დამოუკიდებელ სარედაქციო სუბიექტებს, არამედ, www.nikoladzisgzit.ge არის  გაზეთ „ნიკოლაძის გზით“ ვებ ვერსიას, შესაბამისად ჟურნალისტს არ დაურღვევია ქარტიის პირველი და მე_11 პრინციპები იმის მითითებით რომ „რომ გამოცემა [„ნიკოლაძის გზით“] ფონდის [“ფოთის აღორძინების საქველმოქმედო ფონდი] ოფისშია განთავსებული.

ჟურნალისტი სტატიაში მიუთითებს, რომ: „ვინაიდან, პარტიის თავდაპირველი წევრების შესახებ ინფორმაცია დაკარგულია, TSpress-ს ზუსტი ინფორმაცია წევრების შესახებ პარტიიდან ვერ მიაწოდეს, რის გამოც გამოცემა მხოლოდ ზეპირად მოწოდებულ ინფორმაციებს ეყრდნობა, რაც იშვიათ შემთხვევაში, უზუსტობას არ გამორიცხავს“.  შესაბამისად, ჟურნალისტი მკითხველს აფრთხილებს მოსალოდნელი ხარვეზის შესახებ, რომ მოცემული ინფორმაცია სათანადოდ არ არის  გადამოწმებული, შესაბამისად საბჭო თვლის რომ ჟურნალისტის მიერ არ დარღვეულა ქარტიის არც ერთი პრინციპი.

ჟურნალისტმა იზა სალაყაიამ განაცხადა რომ მან არა წერილობით არამედ ზეპირად მიმართა  თავად განმცხადებლის წარმომადგენელს, ვალერი ტეტუნაშვილს, ასევე პარტიის ადგილობრივ ხელმძღვანელს ირაკლი კაკულიას, რომ მიეცათ ინფორმაცია ქართული ოცნების  წევრების შესახებ, იგი გადამისამართებული იქნა ქალბატონ ანი კილასონიასთან. ზეპირი კომუნიკაციის რეჟიმში ჟურნალისტი ეკითხებოდა ანი კილასონიას ამა თუ იმ პირის პარტიული კუთვნილების შესახებ და მიღებული პასუხების შესაბამისად აწარმოებდა ინფორმაციის გადამოწმებას, აღნიშნული ფაქტი არ ყოფილა უარყოფილი მეორე მხარის მიერ, შესაბამისად საბჭო თვლის, რომ ჟურნალისტის მიერ არ დარღვეულა ქარტიის არც ერთი პრინციპი.

  1. იცავს თუ არა ეკა ბესელიას ფოთის პროკურორის აგარაკის წინ პოლიცია – ავტორი ელისო ჯანაშია და იზა სალაყაია http://tspress.ge/ka/site/articles/14732/

განცხადების თანახმად, სტატიაში  „იცავს თუ არა ეკა ბესელიას ფოთის პროკურორის აგარაკის წინ პოლიცია“  დარღვეულია ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპი.  დარღვევის დასადასტურებლად ბიურო უთითებს სტატიის შემდეგ ციტატაზე: „მეზობლები აცხადებენ, რომ ბესელია და მისი ოჯახის წევრები პროკურორის სახლში ხშირად მოდიან და ღამესაც ათევენ. მათი თქმით, იქ ხშირად ჩნდებიან მაჟორიტართან დაახლოებული პირები და მისი იქ ყოფნისას, პოლიცია სახლს მუდმივად დარაჯობს“.

საბჭო  უთითებს, რომ ციტატა არ არის მოცემული  მტკიცებითი ფორმით, არამედ ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტს კონკრეტულმა წყაროებმა მიაწოდეს.   სტატიაში ჩანს ჟურნალისტის მცდელობა რომ ინფორმაციის მისაღებად/გადასამოწმებლად  დაუკავშირდეს ყველა შესაძლო წყაროს და მათგან მიღებული ინფორმაცია მიაწოდოს მკითხველს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ადგილი არ ჰქონია არასწორი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას და შესაბამისად არ დარღვეულა ქარტიის პირველი და მე_11 პრინციპი.

  1. ბესელიას ბიუროსთვის ჩამორთმეული Toyota – Prado მერის “ბავშვობის მეგობარ” მოადგილეს გადაეცა – ავტორი იზა სალაყაია http://www.tspress.ge/ka/site/articles/14764/

განმცხადებლის პოზიციით სტატიაში „ბესელიას ბიუროსთვის ჩამორთმეული Toyota – Prado მერის “ბავშვობის მეგობარ” მოადგილეს გადაეცა“  დაირღვა ქარტიის მე_3 პრინციპი.  პრინციპის დარღვევა გამოიხატა ფრაზით:  „TSpress – ის ინფორმაციით, მისით (იგულისხმება ავტომობილი Toyota-Prado-თი სარგებლობა) ფოთის მერისა და მაჟორიტარის ოჯახის წევრები სარგებლობდნენ“.  საქმის  განხილვის დროს საბჭოს წევრებს წარედგინათ ვიდეო მასალა, სადაც ამ ფაქტის მთავარი წყარო, ფოთის მერი დავით სარსანია არ ადასტურებს ავტომობილით ფოთის მერისა და  მაჟორიტარის ოჯახის წევრების სარგებლობას, ამის ფონზე მოპასუხეს არ განუცხადებია  რომელმა სხვა წყარომ დაუდასტურა ინფორმაცია ფოთის მერის და  მაჟორიტარის ოჯახის წევრების მიერ ავტომობილით სარგებლობის შესახებ,  მიუხედავად ამისა ჟურნალისტი მტკიცებით ფორმაში წერს აღნიშნულის შესახებ.

სარეზოლუციო ნაწილი:

  1. სტატიაში „ფოთის მაჟორიტარის უკანონო მოთხოვნა საკრებულოს“,  ჟურნალისტის მიერ არ დარღვეულა ქარტიის არც ერთი პრინციპი.
  2. სტატიაში „მაჟორიტარი და მერი საკადრო წმენდაზე ცალ-ცალკე თათბირობენ“, ჟურნალისტ ელისო ჯანაშიას მიერ დარღვეული იქნა ქარტიის პირველი პრინციპი.
  3. სტატიაში „დაპირისპირება ბესელიასა და მის ფავორიტ მერს შორის“,  ჟურნალისტის მიერ არ დარღვეულა ქარტიის არც ერთი პრინციპი.
  4. სტატიაში „მაჟორიტარის კადრი რესურსცენტრის უფროსად ან მერის მოადგილედ განიხილება“, ჟურნალისტის მიერ არ დარღვეულა ქარტიის არც ერთი პრინციპი.
  5. სტატიაში „თვალთვალი და მუქარა სამართალდამცავთა მხილების გამო“, იზა სალაყაიას მიერ  დაირღვა ქარტიის პირველი  და მეხუთე პრინციპი.
  6. სტატიაში „ნეპოტიზმი და პოლიტიკური დანიშვნები ფოთის მერიაში“, ჟურნალისტის მიერ არ დარღვეულა ქარტიის არც ერთი პრინციპი.
  7. სტატიაში  „TSPRESS მაჟორიტარის დაუსაბუთებელ ბრალდებებს პასუხობს“, ჟურნალისტის მიერ არ დარღვეულა ქარტიის არც ერთი პრინციპი.
  8. სტატიაში  „იცავს თუ არა ეკა ბესელიას ფოთის პროკურორის აგარაკის წინ პოლიცია“,  ჟურნალისტის მიერ არ დარღვეულა ქარტიის არც ერთი პრინციპი.
  9. სტატიაში „ბესელიას ბიუროსთვის ჩამორთმეული Toyota – Prado მერის “ბავშვობის მეგობარ” მოადგილეს გადაეცა“ იზა სალაყაიას მიერ  დაირღვა ქარტიის მესამე პრინციპი.

 


[1] თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ფორმები და წესი, ქონებით სარგებლობის ქირის საწყისი ოდენობის განსაზღვრა

1. თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შესაძლებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული შემდეგი ფორმებით:

ა) აღნაგობა;  ბ) უზუფრუქტი; გ) ქირავნობა;  დ) იჯარა; ე) თხოვება; ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმები.

2. თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ამ კანონით, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით.

3. თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებით სარგებლობის ქირის საწყის ოდენობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო.

4. თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულება იდება თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელ ორგანოსა და დაინტერესებულ პირს შორის.

5. თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობისთანავე უთანაბრდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულებას.

6. თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო თვითმმართველი ერთეულის ქონებას უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით, აუქციონის გარეშე გადასცემს აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, აგრეთვე თვითმმართველი ერთეულის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებს.

7. თვითმმართველი ერთეულის ქონება სარგებლობის უფლებით გადაიცემა აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის წესით.

8. პირდაპირი განკარგვის წესით თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო.

[2] სტატიაში შორენა მირცხულავა მოხსენიებულია  როგორც აქტივისტი და არა როგორც პარტიის წევრი.