საქმეზე – ალინა ტატუნაშვილი სულიკო (საბა) წიწიკაშვილის წინააღმდეგ
საბჭოს თავმჯდომარე: ზვიად ქორიძე
საბჭოს წევრები: ნინო ზურიაშვილი, ნათია როყუა, დავით მჭედლიძე, მაია მეცხვარიშვილი, ია მამალაძე.
აღწერილობითი ნაწილი
2012 წლის 13 თებერვალს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით (დანართი N1) მომართა ალინა ტატუნაშვილმა. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ”შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის” რედაქტორმა საბა წიწიკაშვილმა დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მესამე, მეხუთე და მეთერთმეტე პრინციპები. განცხადების თანახმად, დარღვევა გამოიწვია ”შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის” ვებ გვერდზე (http://qartli.ge) გამოქვეყნებულმა ნიუსმა/სტატიამ სათაურით“გემუდარებით, ნუღარ მაიძულებთ.. ნუღარ მაიძულებთ სიცოცხლეს… აღარშემიძლია…..“ . რომელიც შეეხებოდა ტელერადიოკომპანია „თრიალეთის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის ალინა ტატუნაშვილის მოწამვლის ფაქტს.
საბჭოს შესაბამისმა წევრებმა განცხადება დასაშვებად ცნეს.
საქმის განხილვას ესწრებოდა მოპასუხე და განმცხადებლის წარმომადგენელი ლადო ბიჭაშვილი.
განცხადების თანახმად „შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა” 2012 წლის 08 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია სათაურით: “გემუდარებით, ნუღარ მაიძულებთ.. ნუღარ მაიძულებთ სიცოცხლეს… აღარ შემიძლია…..“. განმცხადებლის პოზიციით სტატიაში არსებული ფრაზით: „შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, რომ ალინა ტატუნაშვილმა თავი მოიწამლა“ საბა წიწიკაშვილმა გაავრცელა არაზუსტი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია, ხოლო ფრაზით „ალინა ტატუნაშვილს გაურკვევლობები სამსახურშიც ჰქონდა“ ადგილი ჰქონდა გაყალბებული ინფორმაციის გავრცელებას. ქარტიის მეხუთე პრინციპთან დაკავშირებით ალინა ტატუნაშვილმა აღნიშნავდა რომ საბა წიწიკაშვილმა მაშინაც კი არ შეასწორა არსებითად არასწორი ინფორმაცია, როცა თავად ალინამ გააკეთა ოფიციალური განცხადება რომ მას თავი არ მოუწამლავს და არც სამსახურებრივი პრობლემები ჰქონდა. ქალბატონი ალინა ტატუნაშვილი ასევე უთითებდა სადავო სტატიაში ფაქტების დამახინჯების შემთხვევებზე.
საბა წიწიკაშვილმა წარმოდგენილ შეპასუხებაში მიუთითა, რომ ალინა ტატუნაშვილის მოწამვლა საერთოდ არ დაუკავშირებია სამსახურებრივ საქმიანობასთან, რომ მათ მიუთითეს ყველა შესაძლო წყაროზე და ყოველმხრივ გადამოწმებული ინფორმაცია გაავრცელეს.
დამსწრე მხარეები საბჭოს წევრების მიერ ასევ დამატებით იქნან გამოკითხულნი. მხარეთა უკვე წარმოდგენილი პოზიციებთან დაკავშირებული კითხვების გარდა საბჭოს წევრები დაინტერესდნენ თვლიდა თუ არა ალინა ტატუნაშვილის წარმომადგენელი, რომ ადგილი ჰქონდა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპის დარღვევას, რომელ კითხვაზეც ლადო ბიჭაშვილმა განაცხადა, რომ მას არ სურს რაიმე დაამატოს ან შეცვალოს წარმოდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით.
სამოტივაციო ნაწილი
საკითხზე მსჯელობის დაწყებამდე საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება რომ საკითხი განხილული უნდა იქნას არა მხოლოდ განმცხადებლის მიერ მითითებული სტატიის საფუძველზე, არამედ მხედველობაში უნდა იქნას მიღებული 2012 წლის 09 თებერვალს იმავე ვებ გვერდზე გამოქვეყნებული სტატია სოფიკო რეზრიჩენკო: ,,ალინა ტატუნაშვილსპირადი პრობლემები ჰქონდა”. აღნიშნულ სტატიაში საუბარია იმავე ფაქტზე და შესაბამისად გარკვეულ წილად სრულ სურათს ქმნის თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა სტატი(ებ)ის ავტორს ფაქტის გაშუქების მიმართ.
სტატიის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ მტკიცებით ფორმაში ავტორს მითითებული აქვს რომ ალინა ტატუნაშვილი მოიწამლა. ხოლო თავის მხრივ განმცხადებელი მოწამვლის ფაქტს სადავოდ არ ხდის. საბჭო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის პოზიციას, რომ ფრაზით: „შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, რომ ალინა ტატუნაშვილმა თავი მოიწამლა“ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი. მითითება იმაზე, რომ „აცნობეს“ თავის თავში არ შეიცავს ფაქტის უტყუარობას და ის არ უნდა იქნას განხილული როგორც გარემოება, რომელსაც როგორც დადასტურებულ ფაქტს ისე ავრცელებს სტატიის ავტორი. მეტიც, სტატიების მთლიანი ანალიზის შედეგად იკვეთება რომ ფაქტის შეტყობინების შემდეგ სტატიის ავტორი იწყებს მის გადამოწმებას, უკავშირდება რა ალინა ტატუნაშვილის კოლეგა ლადო ბიჭაშვილს, მეგობარ სოფიკო რეზრიჩენკოს და გორის სასწრაფო დახმარების ცენტრს/გორის ჰოსპიტალს. არც ერთი ზემოთაღნიშნული წყარო არ ადასტურებს რომ ალინა ტატუნაშვილმა თავი მოიწამლა. აღნიშნულის და იმის გათვალისწინებით, რომ სტატიის ავტორს მტკიცებით ფორმაში არ გაუვრცელებია თავის მოწამვლის ფაქტი და ასევე მკითხველს მიაწოდა გადამოწმების წყაროები და მათ მიერ დადასტურებული/უარყოფილი ინფორმაცია, საბჭო ასკვნის რომ საბა წიწიკაშვილის მიერ არ დარღვეულა ქარტიის პირველი პრინციპი, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვეაში ჩაითვლებოდა დარღვეულად თუ დადგინდებოდა, რომ ჟურნალისტმა პატივი არ სცა სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.
საბჭო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას რომ სტატიის ავტორმა ამავე სტატიაში დადასტურებულ ფაქტად მიუთითა რომ „ალინა ტატუნაშვილს გაურკვევლობები სამსახურშიც ჰქონდა“, ამასთან არ იყო მითითებული რაიმე წყაროზე თუ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომელიც პრობლემების არსებობას დაადასტურებდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით საბჭო განიხილავს მეორე სტატიას რომელიც რამდენიმე საათში გამოქვეყნდა იმავე ვებ გვერდზე და რომელიც წარმოადგენს ალინა ტატუნაშვილის მეგობარ სოფიკო რეზრიჩენკოსთან ინტერვიუს, სადაც ქალბატონი სოფიკო არა ადასტურებს სამსახურებრივი პრობლემების არსებობის ფაქტს. შესაბამისად საბჭომ ჩათვალა რომ მეორე სტატიის გამოქვეყნებით სტატიის ავტორმა გაასწორა არსებით არასწორი ინფორმაცია სამსახურებრივ პრობლემის ფაქტთან დაკავშირებით და არ დგინდება ქარტიის მესამე პრინციპის დარღვევა. ამასთან, საბჭო როგორც საბა წიწიკაშვილს მიმართავს, ისე ზოგადად რეკომენდაციის სახით ადგენს, რომ თუ სტატია რომლის მოდიფიცირებაც ტექნიკურად შეიძლება (წინამდებარე შემთხვევაში სახეზე გვაქვს ასეთი, ვებ გვერდზე განთავსებული სტატია) და რომელიც არსებითად არასწორ ინფორმაციას შეიცავს დაკორექტდეს და გასწორებული სახით იძებნებოდეს.
საბჭო ადგენს რომ საბა წიწიკაშვილს არ დაურღვევია არც ქარტიის მეხუთე პრინციპი. განმცხადებლის აზრით მეხუთე პრინციპი დარღვეული იყო იმიტომ, რომ საბა წიწიკაშვილმა არ შეასწორა ინფორმაცია ალინა ტატუნაშვილის მიერ თავის მოწამვლის გამო. პირველ პრინციპთან დაკავშირებული მსჯელობის დროს საბჭომ დაადგინა, რომ საბა წიწიკაშვილის თავის მოწამვლის ფაქტი, როგორც უდავო და ჭეშმარიტი გარემოება ისე არ წარმოუჩენია, პირიქით წყაროებზე მითითებით შეგვიძლია ვთქვათ რომ ობიექტური მკითველისთვის თავის მოწამვლის ფაქტი არ დასტურდებოდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საბა წიწიკაშვილს არ ევალებოდა შეესწორებინა ფაქტები თავის მოწამვლის ვარაუდთან დაკავშირებით. ამავე არგუმენტაციით ალინა ტატუნაშვილს უარი ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე რომელიც დაკავშირებული იყო საბა წიწიკაშვილის მიერ მე_11 პრინციპის დარღვევასთან, რაც შეეხება თავის მოწამვლის ფაქტის ირიბად დაკავშირებას სამსახურებრივ პრობლემებთან, როგორც საბჭო ასკვნის, იმავე დღეს გამოქვეყნებული მეორე სტატიით სამსახურებრივი პრობლემების არსებობის ფაქტი არ დადასტურებულა.
სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ გადაწყვიტა:
- საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრს, საბა წიწიკაშვილს არ დაურღვევია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მესამე, მეხუთე და მეთერთმეტე პრინციპი.
- აღნიშნული გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს ქარტიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.