საქმეზე – რომან ქევხიშვილი გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ
საბჭოს თავმჯდომარე: ზვიად ქორიძე
საბჭოს წევრები: ნინო ზურიაშვილი, ნათია როყუა, დავით მჭედლიძე, მაია მეცხვარიშვილი, ნათია კუპრაშვილი.
სხდომას ინტერესთა კონფლიქტის გამო საბჭოს წევრის სტატუსით არ ესწრებოდა გელა მთივლიშვილი.
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით (დანართი N1) მომართა რომან ქევხიშვილმა. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ”კახეთის საინფორმაციო ცენტრის” რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეათე პრინციპი. განცხადების თანახმად, დარღვევა გამოიწვია ”კახეთის საინფორმაციო ცენტრის” ვებ გვერდზე (ick.ge) გამოქვეყნებულმა სტატიამ სათაურით “დედოფლისწყაროს გამგებელი თაფლობის თვის გასატარებლად დუბაიში იმყოფება”. სტატია შეეხებოდა დედოფლისწყაროს გამგებლის ქორწინების და შემდგომ საქორწინო მოგზაურებაში წასვლის ფაქტს.
საბჭოს შესაბამისმა წევრებმა განცხადება დასაშვებად ცნეს.
საქმის განხილვას არ ესწრებოდა როგორც განმცხადებელი, ასევე მოპასუხე.
განცხადების თანახმად, საზოგადოებრივი ინტერესის საგანი მხოლოდ მაშინ შეიძლება ყოფილიყო გამგებლის საქორწინო მოგზაურობა, თუ ეს მოგზაურობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდებოდა და ვინაიდან აღნიშნულ გარემოებაზე სტატიაში მითითება არ არის და ამასთან ყურადღება გამგებლის მეუღლის შვილებზეა გამახვილებული, ეს ჟურნალისტის მხრიდან ადამიანის პირად ცხოვრებაში უხეშ ჩარევას წარმოადგენს.
გელა მთივლიშვილმა წარმოადგინა შეპასუხება. შეპასუხებაში აღნიშნულია, რომ კონკრეტული ფაქტი (გამგებლის დაქორწინების და “თაფლობის თვის” დუბაიში გატარება) “კახეთის საინფორმაციო ცენტრის” აზრით იმსახურებდა საზოგადოებრივ ინტერესს და შესაბამისად მომზადდა და გამოქვეყნდა სტატია. გამგებლის მეუღლეც სტატიის მომზადებისას იყო საჯარო მოხელე, კერძოდ მუშაობდა დედოფლისწყაროს გამგეობაში მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს ხელმძღვანელად.
შეპასუხებაში გელა მთივლიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ 2012 წლის 09
იანვრიდან იგი აღარ წარმოადგენს კახეთის საინფორმაციო ცენტრის
რედაქტორს და შესაბამისად მას არ შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა
28 იანვარს გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით.
სამოტივაციო ნაწილი
საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ სანამ, უშუალოდ განცხადებასთან დაკავშირებით საკუთარ შეფასებებს ჩამოაყალიბებს, განმარტოს ბატონი გელა მთივლიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი სადავო სტატიასთან დაკავაშირებით.
ბატონი გელას განცხადება, რომ 2012 წლის 09 იანვრიდან იგი აღარ წარმოადგენს კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორს და მას პასუხისმგებლობა არ ეკისრება სტატიასთან დაკავშირებით, საბჭოს აზრით წარმოადგენს პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მცდელობას და არა რეალურ ფაქტს, რომ გელა მთივლიშვილს საშუალება არა აქვს ჩაერიოს კახეთის საინფორმაციო ცენტრის სარედაქციო საქმიანობაში.
ზემოაღნიშნულ პოზიციას ასევე ამყარებს საბჭოს გამოცდილება და პრაქტიკა დაკავშირებული გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ მიმართული განცხადებების განხილვასთან. კერძოდ, როდესაც იხილებოდა “მწვანე ალტერნატივის” განცხადება, განხილვამდე ერთი დღით ადრე ბატონმა გელამ მიმართა საბჭოს, რომ იგი იყო მხოლოდ დღის გამოშვების რედაქტორი და შესაბამისად პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდა. აღნიშნული ფაქტის შემდეგ გელა მთივლიშვილი კვლავ წარმოადგენდა კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. აქვე დავსძენთ, რომ ბატონი გელასთვის ცნობილი იყო რომან ქევხიშვილის მიერ საბჭოსათვის განცხადებთ მიმართვის ფაქტის შესახებ და მიუხედავად აღნიშნულისა იმ პერიოდში, როცა საბჭო იხილავდა დასაშვებობის საკითხს, მას არ უცნობებია საბჭოსათვის რომ იგი აღარ წარმოადგენდა პასუხისმგებელ პირს კახეთის საინფორმაციო ცენტრში.
ქარტიის მე_10 პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირადცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებულისაზოგადოებრივი ინტერესი”. აღნიშნული პრინციპში წყალგამყოფი გადის განსაკუთრებულ საზოგადოებრივ ინტერესზე, ანუ შეფასებული უნდა იქნას რამდენად იყო საზოგადოებრივი ინტერესი კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით.
დადგენილი ფაქტია, რომ პირი, რომლის დაოჯახების და შემდეგ საქორწინო მოგზაურობაში წასვლის შესახებაც იყო სტატიაში საუბარი, წარმოადგენს საჯარო მოხელეს, კონკრეტულად კი ერთ ერთი რაიონის გამგებელს. საბჭო სრულიად გონივრულად მიიჩნევს, რომ იმ პირის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია, რომელიც დაქირავებულია საზოგადოების მიერ, წარმოადგენს საზოგადოებრივ ინტერესს. საზოგადოების თითოეულ წევრს უფლება აქვს იცოდეს თუ რამდენად პროპორციულია საჯარო მოხელის შემოსავალი მის ხარჯებთან. ასევე აღსანიშნავია, რომ სტატია გამოქვეყნებულ იქნას კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ, რომელი საინფორმაციო საშუალებაც ძირითადად აქცენტირებულია კახეთის რეგიონზე მის სავარაუდო მომხმარებლის უმეტეს ნაწილსაც კახეთის საზოგადოება შეადგენს, შესაბამისად მით უფრო გამართლებულია კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ იმ ინფორმაციის გაშუქება რომელიც ეხება კახეთის რეგიონში მოღვაწე საჯარო მოხელეს.
საბჭო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მეორე პირიც, რომლის შესახებაც ასევე არის საუბარი საინფორმაციო მასალაში, საჯარო მოხელეა და მის შესახებ მონაცემები საჯარო და ხელმისაწვდომი იყო.
განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ ინფორმაციაში გამგებლის მეუღლის შვილების შესახებ მითითება, რომელიც მას წინა ქორწინებიდან ყავდა, წარმოადგენს მე_10 მუხლის დარღვევას.
საბჭო გაეცნო და მოიკვლია რა სტატიის ისტორია, დადგენილად მიიჩნია რომ სტატიის გამოქვეყნებიდან მალევე, ფაქტიურად მყისიერად ამოღებული იქნა ინფორმაცია შვილების შესახებ, და შესაბამისად საბჭო არ თვლის მიზანშეწონილად იმსჯელოს თუ რამდენად წარმოადგენდა ეს ფაქტი მე_10 პრინციპის დარღვევას.
სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ გადაწყვიტა:
1. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრს, გელა მთივლიშვილმა არ დაურღვევია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეათე პრინციპი..
2. აღნიშნული გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს ქარტიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.