გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე – დამოუკიდებელი ცხოვრების ახალგაზრდული ცენტრი შორენა შავერდაშვილის წინააღმდეგ
08.11.2011

განმცხადებელი : დამოუკიდებელი ცხოვრების ახალგაზრდული ცენტრი;
მოპასუხე : შორენა შავერდაშვილი;
დარღვეული პრინციპები : 7 პრინციპი;
გადაწყვეტილება N 8

 

2011 წლის 08 ნოემბერი

საქმეზე დამოუკიდებელი ცხოვრების ახალგაზრდული ცენტრი შორენა შავერდაშვილის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ზვიად ქორიძე

საბჭოს წევრები: ნინო ზურიაშვილი, გელა მთივლიშვილი,   ხათუნა გოგაშვილი, ელისო ჩაფიძე, მაია მეცხვარიშვილი, ია მამალაძე.

განმცხადებელი: დამოუკიდებელი ცხოვრების ახალგაზრდული ცენტრი

წევრი: შორენა შავერდაშვილი

 

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით (დანართი N1) მომართა დამოუკიდებელი ცხოვრების ახალგაზრდულმა ცენტრმა. განცხადების თანახმად  ჟურნალ „ლიბერალის“  2011 წლის 6–12 ოქტომბრის N 92 ნომერში გამოქვეყნდა სტატია (დანართი N 2) სათაურით „შეზღუდული შესაძლებლობების ქალაქი“ რომლის ავტორები არ წარმოადგენენ ქარტიის წევრებს. განმცხადებლის აზრით  სტატიით დაირღვა ქარტიის მე–7 პრინციპი და აღნიშნული ჟურნალის რედაქტორი, რომელიც არის  ქარტიის წევრი, ასევე, პასუხისმგებელი იყო სტატიაში ქარტიის პრინციპების დაცვაზე.

საბჭოს   შესაბამისმა წევრებმა  განცხადება დასაშვებად ცნეს.

საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებლის წარმომადგენელი კობა ნადირაძე და   მოპასუხის წარმომადგენელი ნანა საჯაია.

სადავო სტატია შეეხებოდა იმ პრობლემებს, რომლებიც ექმნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს  თბილისში, შესაბამისი ინფრასტრუქტურის არ არსებობის გამო.

განმცხადებლის აზრით, ქარტიის  მეშვიდე პრინციპი  {ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით} დაირღვა, ვინაიდან „(სტატიაში) არანორმატიული ტერმინები და ფრაზები იყო გამოყენებული, რომელიც სტიგმის გაძლიერებას უწყობს ხელს. ამონარიდები: ,,[…]დაბადებიდან ცერებრალური დამბლის გამო პირველი ხარისხის ინვალიდია.’’; ,,როგორც ის [რატი იონათამაშვილი] ამბობს ინვალიდობა გარემოდან მოდის და არა პიროვნებიდან, ინვალიდობა დიაგნოზი არ არის, ის სოციალური ფენომენია.’’ ,,ამ პრობლემის შესახებ არსებობს გაეროს კონვენცია, რომელიც შეზღუდული უნარების ადამიანებისთვის […]’’.“

განმცხადებლის პოზიციით სადავო სტატია  ახდენდა სტიგმატიზაციას, ხოლო სტიგმა თავისი არსით დისკრიმინაციას იწვევს.

შორენა შავერდაშვილის  მიერ შეპასუხება არ იქნა წარმოდგენილი.

როგორც განმცხადებლის, ისე მოპასუხის წარმომადგენლები საბჭოს წევრების მიერ სხდომაზე დამატებით იქნენ გამოკითხულნი.

განმცხადებელი  ზოგადად მიესალმება მედიაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების  პრობლემების გაშუქებას, მაგრამ მან კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ თვით სტატიაში გამოყენებული ტერმინები და დიაგნოზზე მითითება ატარებენ დისკრიმინაციულ ხასიათს და ხელს უწყობენ სტიგმის დამკვიდრებას.

მოპახუხის განმარტებით სტატიის ავტორი თავად არ იყენებდა დისკრიმინაციული ხასიათის შემცველ ტერმინებს, არამედ ასეთი ტერმინების გამოყენება ხდებოდა რესპოდენტების მიერ.   ხოლო საბჭოს კითხვაზე, ჟურნალისტმა  უნდა გაახმოვანოს თუ არა პირის დიაგნოზი, თუ თავად იგი არ არის წინააღმდეგი ასეთი გახმოვანებისა, მოპასუხემ დადებითად უპასუხა.

სამოტივაციო ნაწილი:

საბჭო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ სტატია თავისი შინაარსით პრობლემებზე სწორად აქცენტირებულია, რომ მსგავსი სახის სტატიები ხელს უწყობს  პრობლემების წარმოჩინებას და ქმნის მათი გადაჭრის დიდ ალბათობას. მიუხედავად აღნიშნულისა საბჭო თვლის, რომ იმისათვის რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული დისკრიმინაცია, სტატიის ავტორს ყურადღება უნდა გაემახვილებინა რიგ საკითხებზე. მართალია, სტატიის გმირმა გამოხატა ნება რომ მისი დიაგნოზის გასაჯაროება მომხდარიყო, სტატიის ავტორს მაინც ეკისრებოდა ვალდებულება,  არ გაემჟღავნებინა აღნიშნული ინფორმაცია, ვინაიდან კონკრეტული დიაგნოზის გაჟღერების გარეშე შესაძლებელი იყო მსჯელობა სტატიის გმირის შეზღუდულ შესაძლებლობებზე და აღნიშნულიდან გამომდინარე ქალაქში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე. ჟურნალისტი უნდა ეცადოს, რომ თუ ობიექტური სინამდვილის შესახებ სრული ინფორმაციის აღსაწერად აუცილებელ საჭიროებას არ წარმოადგენს, არ გაახმაუროს პირის შესახებ პერსონალური ინფორმაცია, მოცემულ შემთხვევაში კი ასეთი გახმაურების აუცილებლობა არ იყო.

როდესაც საკითხი ეხება ისეთ პირებს  ან  გარემოებებს რომელთა მიმართაც არსებობს მაღალი რისკი,  რომ ტერმინოლოგიის არასწორმა გამოყენებამ  ან  ფაქტების შეფასებამ დისკრიმინაცია/სტიგმატიზაცია გამოიწვიოს, ამ დროს განსაკუთრებული ვალდებულებები ეკისრება  ჟურნალისტს რათა მან სწორად  შეარჩიოს ტერმინები ასეთი დისკრიმინაციის/სტიგმატიზაციის თავიდან ასაცილებლად. მოცემულ შემთხვევაში მართალია თვით სტატიის ავტორი  არ იყენებს   მსგავს  ტერმინებს, მაგრამ მას უნდა უზრუნველყო  რესპოდენტების მიერ მართებული ტერმინოლოგიის  გამოყენება, ეს შესაძლებელი იყო   როგორც უშუალოდ ინტერვიუს ჩაწერის დროს ისე შემდგომ, სტატიის შედგენისას,  რომ მაგალითად ნაცვლად ტერმინისა ინვალიდი, გამოყენებული ყოფილიყო  ტერმინი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ გადაწყვიტა:

  1. დადგენილად იქნას მიჩნეული საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის  წევრის, შორენა შავერდაშვილის მიერ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე–7   პრინციპის დარღვევა.
  2. საბჭოს წევრების, ნინო ზურიაშვილის და ია მამალაძის განსხვავებული აზრი თან დარეთოს წინამდებარე გადაწყვეტილებას.
  3. აღნიშნული გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს ქარტიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.