გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე – "სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი" თამარ ფხაკაძის წინააღმდეგ
23.10.2011

მოპასუხე : თამარ ფხაკაძე;
დარღვეული პრინციპები : 8 პრინციპი; 10 პრინციპი;
გადაწყვეტილება N 7

 

2011 წლის 23  ოქტომბერი

საქმეზე სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი თამარ ფხაკაძის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ზვიად ქორიძე

საბჭოს წევრები: ნინო ზურიაშვილი, გელა მთივლიშვილი,   ხათუნა გოგაშვილი, ელისო ჩაფიძე, მაია მეცხვარიშვილი, ია მამალაძე, თედო ჯორბენაძე.

განმცხადებელი: სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი

წევრი: თამარ ფხაკაძე

 

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით (დანართი N1) მომართა “სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა”. განცხადების თანახმად  ჟურნალისტ  თამარ ფხაკაძის  მიერ დარღვეული იქნა „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ მე–8  და  მე-10   პრინციპი.  პრინციპები დაირღვა გაზეთ „პრაიმ ტაიმში“ გამოქვეყნებული სტატიით ”8 წლის წინათ დაქვრივებული ქალბატონი შესაძლოა საკუთარი ახალშობილის მკვლელობისათვის გაასამართლონ.” სტატიის ავტორია  ნინო ჩიბჩიური, რომელიც არ არის ქარტიის წევრი განმცხადებლის აზრით, თამარ ფხაკაძე, როგორც გაზეთის რედაქტორი, ასევე, პასუხისმგებელი იყო სტატიაში ქარტიის პრინციპების დაცვაზე.

საბჭოს   შესაბამისმა წევრებმა  განცხადება დასაშვებად ცნეს.

საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებელის წარმომადგენელი თამარ კორძაია,   მოპასუხის წარმომადგენლები – თამარ გორთამაშვილი და ქეთი ხატიაშვილი.

სადავო სტატია (დანართი N 2) შეეხებოდა მოვლენებს, რომლებიც განვითარდა საქართველოს ერთ–ერთ რეგიონში და საუბარი იყო  33 წლის ქალბატონის (მ.ბ.) მიერ შვილების დახმარებით ახალშობილის დამარხვის სავარაუდო  ფაქტზე.

განცმხადებლის აზრით, ქარტიის  მერვე პრინციპი  {ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება} დაირღვა, ვინაიდან „(სტატიაში) იკვეთება ვარაუდი, რომ ახალშობილი ცოცხლად დამარხეს და ამ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. შესაბამისად, არასრულწლოვანი შვილები არიან ამ უკანონო ქმედების თანამონაწილე. შესაბამისად, მკითხველს ლოგიკურად გაუჩნდება მოსაზრება, რომ მ. ბ.–ს  შვილები არიან დანაშაულის თანამონაწილეები. ხოლო მედიაორგანიზაციამ მათი იდენტიფიცრება მოახდინა“ და „სრულიად იგნორირებულია არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და არ არის გათვალისწინებული ბავშვის საუკეთესო ინტერესები. პირიქით, მსგავსი მასალები ხელყოფს ამ ინტერესს“.

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის პოზიცია, რომ დარღვეულ იქნა ქარტიის მე–10 პრინციპი                  {ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი} ემყარება ჟურნალისტის მიერ მ. ბ.–ს პირადი ცხოვრების დეტალურ აღწერას. პირის იდენტიფიცირებით და შემდგომ ისეთი დეტალების აღწერით, როგორიცაა ქალბატონის  ქვრივობის ფაქტი და ოჯახის უკიდურესი გაჭირვება.

თამარ ფხაკაძის მიერ შეპასუხება არ იქნა წარმოდგენილი.

როგორც განმცხადებელის, ისე მოპასუხის წარმომადგენლები საბჭოს წევრების მიერ სხდომაზე დამატებით იქნენ გამოკითხულნი.

თამარ კორძაიამ (განმცხადებლის წარმომადგენელმა)  განაცხადა, რომ სტატიით მოხდა არასრულწლოვანთა იდენტიფიცირება. მიუხედავად იმისა, რომ სტატიაში მითითებული არ იყო არასრულწლოვანთა სახელი და გვარი, მოცემული იყო მახასიათებლები (დედის სახელი და გვარი, საცხოვრებელი სოფელი), რომლებიც ფაქტობრივად შესაძლებელს ხდიდა მათ იდენტიფიცირებას. განმცხადებლის აზრით, ასევე, არ არსებობდა განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი იმ მოვლენის მიმართ, რაზეც მომზადდა სტატია, შესაბაბამისად, არ იყო ლეგიტიმური მ. ბ.–ს პირად ცხოვრებაში შეჭრა. ასევე, ზედმეტი იყო ისეთ გარემოებებზე მითითითება, თუ როგორ გაჭირვებაში ცხოვრობდა ეს ქალბატონი და მისი ოჯახური მდგომარეობის შესახებ საუბარი.

ქარტიის საბჭო დაინტერესდა, იმის გათვალისწინებით,  რომ სახეზე იყო დანაშაულის ნიშნები, რატომ ფიქრობდა განმცხადებელი, რომ ფაქტის მიმართ არ არსებობდა განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი. თამარ კორძაიას აზრით, საზოგადოებრივი ინტერესი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ფაქტზე არ  აღიძვრებოდა საქმე და იქნებოდა იმის საშიშროება, რომ არ მოხდებოდა რეაგირება. ვინაიდან, გამოძიება დაიწყო, შესაბამისად, საზოგადოებრივი ინტერესიც არ იყო. განმცხადებელმა, ასევე, ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ სტატია არ შეიცავდა სამართალდამცავთა კომენტარებს.

მოპასუხის წარმომადგენლების განცხადებით, სტატიის ავტორს პირადი ცხოვრების შესახებ ფაქტების შესახებ თავად მ. ბ.–მ აცნობა, ნებით გადააღებინა ფოტოსურათები და მეტიც, არ დაუმალავს თავისი შვილების სახელი და გვარი, სტატიის ავტორმა კი კონფიდენციალობის დაცვის მიზნით არ გამოიყენა ეს საიდენტიფიკაციო მონაცემები თავის სტატიაში. მოპასუხის პოზიციით, სოციალურ სიდუხჭირეზე მითითება საჭირო იყო, რათა  მკითხველისათვის შეცნობადი ყოფილიყო ის გარემოება, თუ რატომ ვერ გაიკეთა მ. ბ.–მ აბორტი.

სამოტივაციო ნაწილი:

საბჭო წარმოდგენილი განცხადებისა და მხარეთა პოზიციების მოსმენის შედეგად თვლის, რომ პირის (განსახილველ შემთხვევაში მ. ბ.–ს შვილების – შემდგომ “ბავშვები“) იდენტიფიკაცია არ გულისხმობს მხოლოდ საჯაროდ მის სახელსა და გვარზე მითითებას, იდენტიფიცირებად, ასევე, შესაძლებელია ჩაითვალოს ისეთი გარემოებების გასაჯაროება, რომელთა ერთიანობა და შესაბამისი დაინტერესება შესაძლებელს გახდის ამ პირის უფრო კონკრეტულ იდენტიფიცირებას. განსახილველ შემთხვევაში სოფელზე, მშობელზე (სახელი/გვარი) და კონკრეტულ ფაქტზე (8 წლის წინ რომ მამა დაეღუპათ და სტატიაში აღწერილი სხვა  ფაქტი) მითითება, სრულიად შესაძლებელს ხდის, რომ ბავშვები იდენტიფიცირებულნი იქნან სტატიაში აღწერილ მოვლენასთან. ბავშვების ასეთ მოვლენასთან იდენტიფიცირება, როგორც მათი უფლების დარღვევა, კიდევ უფრო ცხადია, როცა მოვლენა ეხება სავარაუდო დანაშაულის ფაქტს (ახალშობილის მკვლელობას ან/და დამარხვას) და ფაქტებიც თვით სტატიაში არასრულყოფილადაა წარმოდგენილი. სტატიის  ლიდში მითითებულია რომ „როგორც ამბობენ ახალშობილი საკუთარი სახლის ეზოში სწორედ უფროსმა გოგომ დამარხა“ (იმის გათვალისწინებით, რომ სტატიაში მხოლოდ ერთ წყაროზეა მითითება), აღნიშნული წინადადებით პირდაპირ ხდება ბავშვზე მითითება, როგორც დანაშაულის თანამონაწილეზე, რაც მისი უფლებების აშკარა დარღვევაა).

საბჭო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სტატიაში აღწერილი ფაქტების გასაჯაროებაზე  თანხმობა განაცხადა როგორც ქალბატონმა მ. ბ.–მ, ისე მისმა შვილებმა. ჟურნალისტის ვალდებულება, რომ დაიცვას ბავშვთა უფლებები და ინტერესები გამომდინარეობს, მისი, როგორც პროფესიონალის დამოკიდებულებიდან ასეთი უფლებებისა და ინტერესებისადმი, და ამ ვალდებულის დარღვევის წინაპირობას არ წარმოადგენს იმ პირის თანხმობა, რომელსაც მსგავსი ვალდებულება არ ეკისრება.

საბჭო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის პოზიციას, რომ ფაქტი, რომელსაც ძირითადად ეხება სტატია, არ წარმოადგენდა საზოგადოებრივ ინტერესს. ცალსახაა, სახეზე იყო სავარაუდო დანაშაული, რომელზეც აღძრული იყო კიდეც სისხლის სამართლის საქმე, როგორც განმცხადებელი, ისე მოპასუხე, არ უარყოფდა, რომ იგივე ფაქტზე  საგაზეთო სტატიის გამოქვეყნებამდე მომზადებული იყო რეზონანსული სატელევიზიო სიუჟეტი ტელეკომპანია „თრიალეთის“ მიერ.  შესაბამისად, ფაქტის შესახებ სტატიის მომზადება ლოგიკური იყო და გამომდინარეობდა საზოგადოებრივი ინტერესიდან.  მიუხედავად აღნიშნულისა, საბჭო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა ქარტიის მე–10 პრინციპი. აღნიშნული პრინციპის დარღვევა გამოიწვია სტატიაში ისეთ ფაქტებზე მითითებამ, რომლებიც  ცალსახად წარმოადგენდა  პირადი ცხოვრების ისეთ დეტალებს, რომელთა მიმართაც  არ არსებობდა განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.  ქალბატონი მ. ბ.–ს სოციალური და ოჯახური მდგომარეობის შესახებ  ფაქტების გახმაურება წარმოადგენდა მის პირად ცხოვრებაში შეჭრას. იმ გარემოებას, რომ ეს საკითხები თავად ქალბატონი მ.–ისთვისაც სენსიტიური იყო, თავად აღიარებს: „ქმარი 8 წლის წინ მომიკვდა და ამ ორსულობას სირცხვილით ვერავის ვუმხელდი“. შესაბამისად, ცალსახაა, რომ ფაქტების განსაჯაროება, რომელიც ეხებოდა თუ ვისგაგან იყო ორსულად, რატომ ვერ იკეთებდა აბორტს, გარდაცვლილი ქმრის შესახებ და ა.შ.  წარმოადგენდა მ. ბ.–ს პირად ცხოვრებაში შეჭრას.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ გადაწყვიტა:

  1. დადგენილად იქნას მიჩნეული საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის  წევრის, თამარ ფხაკაძის მიერ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე–8  და მე-10  პრინციპის დარღვევა.
  2. აღნიშნული გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს ქარტიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.