საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ განიხილა თორნიკე თევზაძის საჩივარი შორენა შავერდაშვილის წინააღმდეგ ჟურნალ “ლიბერალში” გამოქვეყნებულ სოზარ სუბარის სტატიაზე – “ბალანსი რელიგიისა და გამოხატვის თავისუფლებებს შორის’’ დართული ილუსტრაციის გამო.
2010 წლის 23 სექტემბერი
საქმეზე:თორნიკე თევზაძე შორენა შავერდაშვილის წინააღმდეგ
საბჭოს თავმჯდომარე: ეთერ თურაძე
საბჭოს წევრები: ხათუნა გოგაშვილი, ნინო ზურიაშვილი, მერაბ მერკვილაძე, ირაკლი აბსანძე, მაია მეცხვარიშვილი, ელისო ჩაფიძე, თედო ჯორბენაძე.
განმცხადებელი: თორნიკე თევზაძე
წევრი: შორენა შავერდაშვილი
აღწერილობითი ნაწილი
2010 წლის 10 აგვისტოს ქრტიის საბჭოს განცხადებით მიმართა თორნიკე თევზაძემ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრის მიერ „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ დებულებათა დარღვევის შესახებ. კერძოდ, ქარტიის დამრღვევ პირად მითითებული იყო ჟურნალ „ლიბერალის“ რედაქტორი, შორენა შავერდაშვილი, როგორც პირი, რომლის უშუალო პასუხისმგებლობაა მითითებულ ჟურნალში ინფორმაციის/ფოტომასალის განთავსება. საბჭოს შესაბამის წევრებს დაეგზავნათ განცხადება დასაშვებობის შემოწმების მიზნით. საბჭოს წევრებმა განცხადება მიიჩნიეს დასაშვებად.
განმცხადებელმა მიუთითა, რომ ჟურნალ ,,ლიბერალის“ 2010 წლის 24-30 მაისის ნომერში დაიბეჭდა სოზარ სუბარის სტატია ,,ბალანსი რელიგიისა და გამოხატვის თავისუფლებებს შორის“. სტატიას ჰქონდა დართული ფოტო, რომელიც თორნიკე თევზაძის აზრით, პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა სტატიის შინაარსს და ამახინჯებდა ავტორის თვალსაზრისს. ამასთან, აღნიშნა, რომ ჟურნალის რედაქტორმა (შორენა შავერდაშვილი) ავტორთან შეუთანხმებლად დაურთო სტატიას ეს ფოტო (ფოტო – დანართი N 1; ფოტოს ზოგადი აღწერილობა: მამაკაცის პორტრეტი, რომელსაც პირი შეკრული აქვს ელვა-შესაკრავით).
განცხადების ავტორის აზრით, სტატიაზე მსგავსი ფოტოსურათის დართვით შორენა შავერდაშვილმა დაარღვია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპი: „ჟურნალისტმაპატივიუნდასცესსიმართლესდასაზოგადოებისუფლებას – მიიღოსზუსტიინფორმაცია“. თორნიკე თევზაძის აზრით, სოზარ სუბარის სტატიაზე თანდართულ ფოტოს შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება და არასწორ ინფორმაციას აწვდის ავტორის თვალსაზრისის შესახებ. ამასთან, ამახინჯებს სტატიის შინაარსს.
საბჭოს სხდომაზე გამოცხადდა როგორც განმცხადებელი თორნიკე თევზაძე, ასევე ჟურნალ „ლიბერალის“ რედაქტორი შორენა შავერდაშვილი. მათდამი დასმული კითხვების შედეგად მხრეებმა დამატებით დააზუსტეს თავიანთი მოსაზრებები. თორნიკე თევზაძის განცხადებით, ქარტიის დებულება არ დაირღვეოდა იმ შემთხვევაში, თუ რედაქცია ცალკე გამოაქვეყნებდა თუნდაც იმ შინაარსის მოსაზრებას, რომ სოზარ სუბარი ეწინააღმდეგება სიტყვის თავისუფლებას და არ შეიჭრებოდა დამოუკიდებელი ავტორის ტექსტში ფოტომასალით, რომელზეც მამაკაცს ელვაშესაკრავი ადევს პირზე.
აღსანიშნავია, რომ ეს გარეშე ავტორის სტატია იყო და არა ჟურნალ „ლიბერალის“ სარედაქციო სტატია, ამიტომაც რედაქტორი ძალიან ფრთხილად უნდა მოკიდებოდა ამ საკითხს და უნდა გაეთვალისწინებინა, რა იყო შინაარსობრივად ამ სტატიის აზრი, ვინაიდან ასეთი ფოტოსურათი არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებს სტატიას და ამახინჯებს მას – მიაჩნია თორნიკე თევზაძეს.
სტატიაში საუბარია ბალანსზე რელიგიურ და სიტყვის თავისუფლებებს შორის, მაგრამ თორნიკე თევზაძის აზრით, ამ მოსაზრებაზე დართული ფოტომასალა მიუთითებს არა ბალანსზე, არამედ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე (პირის აკვრაზე ელვა შესაკრავით), რაც, მისი აზრით, ძალიან აგრესიული ფოტომასალით არის წარმოდგენილი. ასევე, განმცხადებელმა მიუთითა, რომ სტატიის ავტორი (სოზარ სუბარი) არ იყო კეთილგანწყობილი თავის სტატიაში მსგავსი შინაარსის ფოტოსურათის დართვის გამო.
ეს ინფორმაცია საბჭოს წევრებთან სატელეფონო საუბარში, რომელიც სხდომის მიმდინარეობის დროს შედგა, დაადასტურა თავად სოზარ სუბარმაც, თუმცა პირადად მას საბჭოსთვის შესაბამისი განცხადებით არ მიუმართავს.
ჟურნალ „ლიბერალის“ რედაქტორის შორენა შავერდაშვილის მოსაზრებით, განმცხადებელი რეალურად ორ საკითხზე მიუთითებს: ერთი, რომ ავტორის ნებართვის გარეშე რატომ დაურთო რედაქციამ ფოტოილუსტრაცია სტატიას და მეორე, რამდენად შეესაბამება ილუსტრაცია სტატიას.
პირველ საკითხთან დაკავშირებით შორენა შავერდაშვილმა განაცხადა, რომ ჟურნალს ჰყავს არტრედაქტორი და არც ერთი ფოტო, რომელიც „ლიბერალში“ იბეჭდება, ტექსტის ავტორთან არ არის შეთანხმებული, შეფუთვას აკეთებს რედაქცია. რაც შეეხება მოწვეულ ავტორებს, წინასწარი შეთანხმების თანახმად, რედაქცია მათ მიმართ მხოლოდ ერთ საკითხშია ანგარიშვალდებული – გამოსაქვეყნებლად გამზადებული სტატიის ბოლო ვერსიას რედაქცია ათანხმებს მოწვეულ ავტორთან.
რაც შეეხება მეორე საკითხს, შორენა შავერდაშვილის აზრით, სოზარ სუბარი თავის მოსაზრებაში წერს თუ რა შემთხვევაში შეიძლება შეიზღუდოს სიტყვის თავისუფლება, როგორც ევროპული კონვენციით, ასევე კონკრეტული მაგალითებით. არის უფლებები, რომლებიც არის აბსოლუტური და არის უფლებები, რომლებიც შეიძლება შეიზღუდოს გარკვეულ სიტუაციაში გარკვეული დოზით. ამ შემთხვევაში…ფოტო, რომელზეც გამოსახულია მამაკაცი პირზე დადებული ელვაშესაკრავით, არ ნიშნავს იმას, რომ სოზარ სუბარი ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებას. სოზარ სუბარი მოსაზრებაში გვიხსნის, რა შემთხვევაში შეიძლება შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება იმისათვის, რომ არ შეილახოს სხვათა უფლებები და თავისუფლებები.
შორენა შავერდაშვილის განცხადებით, პირადად ის არ ეწინააღმდეგება სოზარ სუბარის პათოსს და ფოტოც სწორედ იგივე პათოსს ასახავს – გარკვეულ სიტუაციაში ჩვენი გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს. ფოტო მიუთითებს – არ შეიძლება ილაპარაკო ისეთი რამ, რამაც შეიძლება შეზღუდოს სხვისი თავისუფლება. შორენა შავერდაშვილის აზრით, არანაირი კონფლიქტი ილუსტრაციასა და ტექსტის პათოსს შორის არ არის. შესაბამისად, არ თვლის, რომ ფოტოს განთავსებით „ლიბერალმა“ გამოხატა საკუთარი პოზიცია.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს საზოგადოების უფლებას მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“. ამ პრინციპის განმარტების შედაგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჟურნალისტმა უნდა სცადოს საზოგადოების მიმართ გამოიჩინოს პატივისცემა და ბოლომდე გადაამოწმოს ფაქტები, რათა გამოაქვეყნოს სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია. „ზუსტ ინფორმაციად“ ჩაითვლება ორ წყაროსთან გადამოწმებული ინფორმაცია, რომელშიც იდენტიფიცირებულია ადამიანი, ადგილი, მოვლენა – ვისაც და რასაც ეხება ინფორმაცია.
„ლიბერალში“ გამოქვეყნებული სოზარ სუბარის მოსაზრება იყო ავტორის შეხედულება საკანონმდებლო ცვლილების პროექტთან დაკავშირებით და მასზე დართული ილუსტრაცია ზუსტად გამოხატავდა თუ არა სოზარ სუბარის მოსაზრების პათოსს, არ შედის ქარტიის პირველი პრინციპის იურისდიქციაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომიდნარე საბჭომ გადაწყვიტა:
- დადგენილად არ იქნას მიჩნეული საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრის, შორენა შავერდაშვილის მიერ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა.
საბჭოს თავმჯდომარე: ეთერ თურაძე
საბჭოს წევრები:
ხათუნა გოგაშვილი
ნინო ზურიაშვილი
მერაბ მერკვილაძე
ირაკლი აბსანძე
მაია მეცხვარიშვილი
ელისო ჩაფიძე
თედო ჯორბენაძე
23 სექტემბერი, 2010 წელი