განმცხადებელი : ელისო ჯანაშია;
მოპასუხე : თეა აბსარიძე;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 3 პრინციპი;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ განიხილა ელისო ჯანაშიას საჩივარი ჟურნალისტების – თეა აბსარიძისა და სოფო ჭულუხაძის წინააღმდეგ.
გადაწყვეტილება N3
ქ. ბათუმი, 2010 წლის 11 სექტემბერი
საქმეზე: ელისო ჯანაშია თეა აბსარიძისა და სოფო ჭულუხაძის წინააღმდეგ
საბჭოს თავმჯდომარე: ეთერ თურაძე
საბჭოს წევრები: თედო ჯორბენაძე, ნინო ზურიაშვილი, მერაბ მერკვილაძე, ირაკლი აბსანძე, მაია მეცხვარიშვილი, ლია ჩახუნაშვილი.
განმცხადებელი: ელისო ჯანაშია
წევრი ჟურნალისტები: თეა აბსარიძე, სოფო ჭულუხაძე
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს 2010 წლის 10 ივლისს განცხადებით მიმართა ელისო ჯანაშიამ. განმცხადებელი ითხოვდა, ეთიკის საბჭოს ემსჯელა ტელეკომპანია „მეცხრე ტალღის“ ჟურნალისტის სოფო ჭულუხაძისა და ამავე არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, თეა აბსარიძის მიერ „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ პრინციპების დარღვევის ფაქტზე. განცხადება დასაშვებობის შემოწმების მიზნით, შესაბამისი წესით დაეგზავნა საბჭოს სამ წევრს. განცხადება დასაშვებად იქნა ცნობილი.
განმცხადებელს მიაჩნია, რომ ჟურნალისტმა სოფო ჭულუხაძემ და „მეცხრე ტალღის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, თეა აბსარიძემ, რომლებიც არიან „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ წევრები, დაარღვიეს „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ პირველი, მე-3; მე-4 და მე-11 პრინციპები. განცხადება შეეხებოდა ფოთის ტელეკომპანია „მეცხრე ტალღის“ ორ სიუჟეტს, რომლებიც ეთერში გადაიცა 2010 წლის 30-31 მაისს, 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით.
პირველი სიუჟეტი შეეხებოდა ფოთის #1 საარჩევნო უბანზე დაფიქსირებულ დარღვევებს, სადაც დამკვირვებლად იმყოფებოდა განმცხადებელი ელისო ჯანაშია.
ელისო ჯანაშია განცხადებაში შემდეგ გარემოებებს აღწერს: „30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ქ.ფოთის #70 ოლქის #1 უბანზე, „თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაციიდან“ ვიყავი დამკვირვებელი. ჩემ მიერ უბანზე აღმოჩენილი დარღვევის – კერძოდ, უბანზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელების ყოფნასთან დაკავშირებით დაწერილი პირველი საჩივრის შემდეგ, გამოცხადდა ტელეკომპანია „მეცხრე ტალღის“ გადამღები ჯგუფი (ჟურნალისტი სოფო ჭულუხაძე). მას ვუთხარი დარღვევისა და ამის შემდეგ ჩემზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ. მივუთითე პოლიციელებისკენ, რომლებიც იმ მომენტშიც და მას შემდეგაც (ხმის დათვლის დასრულებამდე) იმყოფებოდნენ უბნის შესასვლელთან, თუმცა, სიუჟეტში ეს ნაჩვენები არ არის. აჩვენეს მხოლოდ კომენტარი საუბნო კომისიის თავმჯდომარისა, რომელიც ამბობს, რომ პოლიციელები იყვნენ ამომრჩევლები და იმიტომ შეყოვნდნენ უბანზე, ხოლო საჩივრის დაწერის შემდეგ მათ დატოვეს უბნის ტერიტორია. ჟურნალისტმა, რომელიც ხედავდა პოლიციელებს უბნის შესასვლელთან, შეგნებულად არ დააფიქსირა ისინი და მოსახლეობას მიაწოდა დამახინჯებული ინფორმაცია, რაც არღვევს ქარტიის პრინციპებს“.
ჯანაშიამ ამ სიუჟეტთან დაკავშირებით საბჭოსგან მოითხოვა საქმის წარმოების დაწყება სიუჟეტის ავტორის – სოფო ჭულუხაძისა და ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თეა აბსარიძის, როგორც ქარტიის წევრების მიმართ.
თეა აბსარიძემ და სოფო ჭულუხაძემ საბჭოს წარმოდგენილ საქმესთან დაკავშირებით წერილობით განუმარტეს შემდეგი:
თეა აბსარიძე: „ჯანაშია ცრუობს, როცა ამბობს, რომ მან მიუთითა სოფო ჭულუხაძეს პოლიციელებისკენ, ჟურნალისტმა კი ის არ გადაიღო. იმ მომენტში, როცა „მეცხრე ტალღის“ გადამღები ჯგუფი ამ უბანზე იმყოფებოდა, იქ პოლიციელები არ იყვნენ. თუ სიუჟეტში გაჟღერებულ იქნა ბრალდება, უბანზე პოლიციელების ყოფნასთან დაკავშირებით, რა პრობლემა უნდა ყოფილიყო მათი კადრში ჩვენება?! იმის დასადასტურებლად, რომ „მეცხრე ტალღა“ არჩევნების დღესაც არ ერიდებოდა კანონდარღვევების მხილებას, გიგზავნით იმავე დღეს გასულ ერთ-ერთ სიუჟეტს, სადაც ფარულად გვაქვს გადაღებული კადრები, როცა საჯარო პირები საარჩევნო უბანთან, სავარაუდოდ, აგიტაციას ეწევიან, რაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა“.
სოფო ჭულუხაძე: „ელისო ჯანაშიას ბრალდება ჩვენ მიმართ ცილისწამებლური და შეურაცხმყოფელია. იგი ტყუის, როცა ამბობს, რომ მან მიგვითითა პოლიციელებისკენ და ჩვენ ის არ გადავიღეთ. თუ ჩვენ არ მოვერიდეთ და გავაშუქეთ ელისო ჯანაშიას ბრალდებები, რა პრობლემა უნდა ყოფილიყო პოლიციელების კადრში ჩვენება?! ჩვენ ვერ ვაწარმოებდით ამ საკითხზე ჟურნალისტურ გამოძიებას. არა მგონია, რომ თითუეულ საარჩევნო დარღვევაზე ვინმეს მსგავსი რამ ეწარმოებინოს“.
ქარტიის საბჭოს სხდომაზე ელისო ჯანაშია არ გამოცხადებულა. სხდომის მიმდინარეობის დროს მან „SKYPE“-ის მეშვეობით უპასუხა საბჭოს წევრების მიერ დასმულ კითხვებს და დამატებით მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: „ისინი (პოლიციელები) დილიდან ისხდნენ უბანში და უბნის გარეთ. საჩივრის შემდეგ გავიდნენ, მაგრამ მთელი დღე გარეთ იდგნენ, მათ (ჟურნალისტების) მოსვლამდე. მე ვუთხარი ჟურნალისტებს, რომ პოლიციელები გარეთ ახლაც დგანან“.
ელისო ჯანაშიამ საბჭოს წარუდგინა ფოტოსურათები, სადაც ნათლად ჩანს საარჩევნო უბნის გარეთ მყოფი პოლიციელები, თუმცა საბჭოს კომპეტენციას სცდება იმის გარკვევა, ეს ფოტოები ნამდვილად იმ მომენტში იყო თუ არა გადაღებული, რა დროსაც საარჩევნო უბანზე „მეცხრე ტალღის“ გადამღები ჯგუფი მივიდა.
საბჭოს სხდომაზე გამოცხადდნენ სოფო ჭულუხაძე და თეა აბსარიძე. მათ უპასუხეს საბჭოს წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს:
საბჭოს წევრების მიერ დასმულ შეკითხვას, დაინტერესდა თუ არა ჟურნალისტი სოფო ჭულუხაძე იმ ფაქტის გადამოწმებით, მართლაც მისცეს თუ არა პოლიციელებმა ხმა ფოთის #1 საარჩევნო უბანზე, სოფო ჭულუხაძემ უპასუხა: „მაშინ უნდა დავრჩენილიყავით და გვედარაჯა. ჩვენ ჩავწერეთ მხარეები და ყველამ – საუბნომაც და საოლქო კომისიამაც აღიარა, რომ იყო დარღვევა. ეს დავაფიქსირეთ“.
ჭულუხაძემ საბჭოს განუმარტა, რომ არ შეუმოწმებია ეს ინფორმაცია ამომრჩეველთა სიაში – მართლაც მისცეს თუ არა ხმა საარჩევნო უბანში პოლიციის თანამშრომლებმა.
საბჭოს წევრების შეკითხვაზე, თუ რატომ არ მიმართა სიუჟეტის ავტორმა სხვა წყაროებს (მაგალითად, სხვა დამკვირვებლებს ან პარტიების წარმომადგენლებს უბანზე) გარდა დაპირისპირებული მხარეებისა, რომლებსაც კონკრეტულ სიტუაციაში წარმოადგენდა ელისო ჯანაშია და საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები, თეა აბსარიძემ უპასუხა: „არ ვაკეთებდით ჟურნალისტურ გამოძიებას. ეს იყო ნიუსი, მაყურებელი თუ კარგად დაუკვირდებოდა, მიხვდებოდა, რომ იყვნენ პოლიციელები და იყო დარღვევა… სპეციალური გამოშვება იყო და არა ჟურნალისტური გამოძიება და ამიტომ ვერ შევძელით. გვქონდა 4 სპეციალური გამოშვება და ვმუშაობდით 2 ჯგუფი… რომ მქონოდა სამწუთიანი სიუჟეტის გაკეთების საშუალება, შევეცდებოდი, ოქმი მენახა, შევეცდებოდი მეტი ადამიანი დამეთანხმებინა ჩაწერაზე, ვკითხავდი, რა ტიპის შანტაჟს ჰქონდა ადგილი ან იქნებ ის პოლიციელები ჩამეწერა, ან რა რეაგირება მოახდინეს – კიდევ გიმეორებთ, თუ 5 ჯგუფი მეყოლებოდა და თითოს თითო სიუჟეტზე ვამუშავებდი… არჩევნების დღეს სულ ორი ჯგუფი მუშაობდა, ამიტომ ხარისხზე დავა უსაფუძვლოდ მიმაჩნია“.
განმცხადებელმა ელისო ჯანაშიამ საბჭოს წინაშე განსახილველად ტელეკომპანია „მეცხრე ტალღის“ მიერ წარმოებული კიდევ ერთი სიუჟეტი წარმოადგინა. სიუჟეტი შეეხებოდა ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიაში ელისო ჯანაშიას, როგორც არჩევნების დამკვირვებლის მიერ შედგენილი საჩივრების განხილვას.
აღნიშნული სიუჟეტის ავტორი არ არის „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ წევრი. ამდენად, განმცხადებელმა ელისო ჯანაშიამ მეორე სიუჟეტთან დაკავშირებით საჩივარი საინფორმაციო სამსახურის უფროსის თეა აბსარიძის წინააღმდეგ შემოიტანა.
განმცხადებელმა თავისი პოზიცია მეორე სიუჟეტთან დაკავშირებით საჩივარში შემდეგი სახით ჩამოაყალიბა: „31 მაისს, ფოთის საოლქო კომისიაში ჩემ მიერ #1 უბანზე დაწერილი 9 საჩივრის განხილვის პროცესს აღნიშნული ტელეკომპანიაც ესწრებოდა. მათ გადაიღეს ყველა კადრი, სადაც ვასაბუთებ საჩივრის არსს და ფოტოაპარატში გადაღებულ მასალას წარვუდგენ კომისიას. ასევე, როცა ვპასუხობ საოლქოს თავმჯდომარის ბრალდებებს და როცა ის მიზღუდავს პასუხის გაცემის უფლებას; ვითხოვდი მოწმეების მოყვანას, ვპასუხობდი ცესკოს წარმომადგენლის ბრალდებას, როცა ის სრულიად უსაფუძვლოდ მიმტკიცებდა, რომ მე მწყობრიდან გამოვიყვანე უბანზე ოთხივე რეგისტრატორი იმის გამო, რომ სხვადასხვა კუთხიდან ფოტოს ვუღებდი. მე მას კონკრეტული კანონდარღვევის მითითება ვთხოვე, რადგან კანონით ფოტოს გადაღება არ იზღუდებოდა და ამდენად, კანონი არ დამირღვევია, ხოლო ვიღაცის სუბიექტური განწყობის გამო უბანს ვერ დავტოვებდი.
მიმაჩნია, რომ სიუჟეტში მოყვანილი ფაქტები დამონტაჟებულია მხოლოდ ერთი მხარის წარმოჩენის მიზნით და აქცენტი არის გაკეთებული 3 ფაქტორზე:
როცა საოლქოს თავმჯდომარე, ჟუნალისტების (მათ შორის ჩემი) მისამართით ამბობს: ‘’თქვენ ჟურნალისტები ხართ თუ ვინა ხართ“ და მოსარჩელისთვის (ამ შემთხვევაში, ჩემთვის) განმარტების უფლების შეზღუდვას (რაც მან სხდომაზე არაერთხელ განახორციელა) წარმოაჩენს მისთვის სხდომის წარმართვაში ხელშეშლად: ცესკოს წარმომადგენელი აღელვებული იცავს ოთხი „უფლებაშელახული“ რეგისტრატორის უფლებას და აცხადებს, რომ ისინი მწყობრიდან გამოვიყვანე, თუმცა, ამის რეალური მიზეზი და ჩემი პასუხი სიუჟეტში არსად ჩანს.
როცა მტკიცებულების არქონას ვუდასტურებდი თავმჯდომარეს, კონტექსტი სულ სხვა იყო: რამდენიმე ფოტომტკიცებულების წარდგენისა და მისი არგაზიარების შემდეგ, ერთ-ერთი საჩივრის განხილვისას, საოლქოს თავმჯდომარის კითხვას: მტკიცებულება გაქვს? ვუპასუხე: „აქ არ მაქვს, რადგან აზრი არა აქვს აქ მის წარმოდგენას, წარვუდგენ სასამართლოს“. სიუჟეტში არსად ჩანს წინა საჩივრების განხილვის დროს კომისიისთვის წარდგენილი ფაქტობრივი მტკიცებულებები (კერძოდ ფოტომასალა).
ეთერში გასულ სიუჟეტში ავტორმა არაერთხელ მიუთითა ჩემ მიერ ინტერვიუზე უარის თქმის შესახებ, რაც ასეც იყო, მაგრამ ამას თავისი გამომწვევი მიზეზები ჰქონდა. ინტერვიუზე უარის თქმა მაინც არ უნდა გამხდარიყო ფაქტის დამახინჯების მიზეზი და ჟურნალისტს სხვა წყაროებზე დაყრდნობით უნდა მოეპოვებინა ის დამატებითი არგუმენტები, რაც საჭირო იყო რეალობის აღსაწერად. ჟურნალისტმა კი ინტერვიუ მხოლოდ საოლქოს თავმჯდომარესთან ჩაწერა, რომელსაც გარეთ გასვლა და ინტერვიუს ჩაწერა სხდომის მიმდინარეობისას სთხოვა. ჩემ მიერ ინტერვიუზე უარის თქმის მიზეზი იყო წინა სიუჟეტის არაკეთილსინდისიერი და მიკერძოებული გაშუქება; ასევე სხდომაზე ჩემ მიერ წამოდგენილი მტკიცებულებების კომისისთვის გაცნობის პროცესში არ მსურდა აზრის გაწყვეტა და ჟურნალისტის მითითებით სხდომიდან გასვლა.
სხდომის გასაშუქებლად მოსული ჟურნალისტი ლანა სალაყაია, საჩივრების შინაარსით ან სხვათა აზრით არ დაინტერესებულა. მან სხდომის მიმდინარეობისას გარეთ გახმობილი საოლქოს თავმჯდომარის კომენტარი გამოიყენა სიუჟეტში, რომელსაც ამ ტელევიზიამ უკვე მეორედ მისცა უფლება ცალმხრივად მიეწოდებინა დამახინჯებული ინფორმაცია მაყურებლისთვის და მისი კომენტარის საწინააღმდეგო არგუმენტის ძიება არც უცდია.
სიუჟეტის ბოლოს, სხდომიდან ჩემი „პოლიციის ძალით გაძევების“ მიზეზად, ჩემ მიერ რეგლამენტის არაერთხელ დარღვევა დასახელდა, რისი მტკიცებულება სიუჟეტში არ იყო: ჟურნალისტი ეყრდნობოდა მხოლოდ ერთ წყაროს – საოლქოს ინფორმაციას. რეალურად ამ ფაქტს „მეცხრე ტალღის“ გადამღები ჯგუფი არ შესწრებია. ფაქტის გადამოწმება ჟურნალისტს და მის ხელმძღვანელობას არც უცდია. მათი ეთერით გასული განცხადება კი არ შეესაბამებოდა სინამდვილეს, რადგან სინამდვილეში სხდომის იძულებით დატოვების მიზეზი განმარტების უფლების შეზღუდვა იყო. მას შემდეგ, რაც მოვითხოვე განმარტება და უარი საკმაოდ უხეში ფორმით მივიღე, რაც სიტყვიერად გავაპროტესტე და განვაცხადე, რომ საოლქოს თავმჯდომარეს შეცდომაში შეჰყავდა კომისია და საჩივრის არსს ამახინჯებდა, თავმჯდომარე სხდომის პოლიციის ძალით დატოვებით დამემუქრა, რაც განახორციელა კიდეც (სხდომის დეტალები გამოქვეყნებულია ბლოგზე: tavisufalisityva.blogspot.com)
მიმაჩნია, რომ სიუჟეტი მთლიანად იყო სტანდარტის უხეში დარღვევა, არ ასახავდა რეალობას, უფრო მეტიც, ფაქტები განზრახ იყო დამახინჯებული.“
ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა თეა აბსარიძემ საბჭოს წერილობით განუმარტა: „სიუჟეტის ავტორმა რამდენჯერმე სთხოვა ელისო ჯანაშიას ინტერვიუ, რაზეც მან უარი მიიღო. ამას საჩივარში თავადაც ადასტურებს. იგი ამბობდა, რომ „მეცხრე ტალღას“ ინტერვიუს არ მისცემდა. ცოტა არ იყოს გაუგებარია, რატომ თქვა უარი შესაძლებლობაზე, მაყურებლისთვის განემარტა მისი მოსაზრება. იგი ამბობს: „ინტერვიუზე უარის თქმის მიზეზი იყო წინა სიუჟეტის არაკეთილსინდისიერად და მიკერძოებულად გაშუქება, ასევე სხდომის მიმდინარეობისას და ჩემ მიერ წამოდგენილი მტკიცებულებების კომისიისთვის გაცნობის პროცესში, არ მსურდა აზრის გაწყვეტა და ჟურნალისტის მითითებით სხდომიდან გასვლა“. მაშინ რატომ აქვს პრეტენზია იმაზე, რომ სიუჟეტში გავიდა მხოლოდ ერთი ინტერვიუ – საოლქოს თავმჯდომარის კომენტარი? რაც შეეხება, სხდომაზე მყოფ ადამიანებს, მათ ამ საკითხზე სატელევიზიო კომენტარი არ ისურვეს“.
თეა აბსარიძემ საბჭოს მიერ სხდომაზე დამატებით დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
სიუჟეტი ეხებოდა ელისო ჯანაშიას საჩივრების განხილვას ფოთის საოლქო კომისიაში, თუმცა სიუჟეტში არ ჩანდა, რას ეხებოდა ეს საჩივრები. საბჭო დაინტერესდა გაერკვია, თუ რა გახდა ამის მიზეზი, რაზეც თეა აბსარიძემ განმარტა: „სიუჟეტი ეხებოდა იმას, რომ იყო 9 საჩივარი, იყო ხმაური და დაპირისპირება და გააძევეს ჯანაშია“.
სიუჟეტში გამოყენებულია კომისიის ერთ-ერთი წევრის მიმართვა ელისო ჯანაშიასადმი, როცა ის ჯანაშიას ეუბნება, რომ წყობილებიდან გამოიყვანა 4 რეგისტრატორი. ამასთან დაკავშირებით ელისო ჯანაშია განმარტავს: „სიუჟეტში ჩანს, როგორ მედავება ცესკოს წარმომადგენელი და მეუბნება, თუ როგორ გამოვიყვანე წყობიდან ოთხი რეგისტრატორი. მე ვპასუხობ – კონკრეტულად რა დავაშავე-მეთქი? ის მპასუხობს: სურათებს ყველა რაკურსით იღებდიო. დავინტერესდი, კანონის რომელი მუხლი დავარღვიე? – კანონით აკრძალული არაა, მაგრამ არ სიამოვნებს ადამიანს სურათს რომ უღებო. ამას ტელევიზია იღებდა, მაგრამ მარტო ის ფრაზა გაუშვა, მე ოთხი რეგისტრატორი რომ გამოვიყვანე მწყობრიდან.“
ჯანაშიას საპასუხოდ თეა აბსარიძემ ასეთი განმარტება მისცა საბჭოს: „ეს არის ის, რომ საოლქოში იყო ხმაური, მდაბიო საუბრები და ალიაქოთი“.
შეკრებილი ინფორმაციისა და მხარეთა მიერ წარმოდგენილი განმარტებების შესაბამისად, საბჭოს დადგენილად მიაჩნია:
- ტელეკომპანია „მეცხრე ტალღის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი თეა აბსარიძე და ჟურნალისტი სოფო ჭულუხაძე არიან საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმომწერები;
- ტელეკომპანია „მეცხრე ტალღის“ ეთერით გავიდა განმცხადებლის მიერ საბჭოს წინაშე განასხილველად წარმოდგენილი ორი სიუჟეტი;
- ჟურნალისტი სოფო ჭულუხაძე არ დაინტერესდა საარჩევნო უბანზე მართლა მისცეს თუ არა ხმა პოლიციელებმა და რამდენი პოლიციელი იმყოფებოდა უბანზე;
- ელისო ჯანაშიამ ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიას წარუდგინა ფოტოსურათები მტკიცებულებების სახით, თუმცა სიუჟეტით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯანაშიას მტკიცებულებები არ წარუდგენია.
- მეორე სიუჟეტი შეეხებოდა ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვას, თუმცა სიუჟეტში არაფერი იყო ნათქვამი წარმოდგენილი საჩივრების შინაარსის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი
პირველი სიუჟეტის შესახებ
იმისათვის, რომ სრულყოფილად შეფასდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი სოფო ჭულუხაძისა და თეა აბსარიძის მხრიდან „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ პირველი, მე-3; მე-4 და მე-11 პრინციპების დარღვევას, აუცილებელია საბჭომ განმარტოს ამ პრინციპების შინაარსი:
- საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“. ამ მუხლის ძირითადი სიმძიმე მოდის სიტყვებზე: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს“. უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა და ბოლომდე გადაამოწმა ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია. „ზუსტ ინფორმაციად“, შეთანხმების თანახმად, მიიჩნევა ორ წყაროსთან გადამოწმებული ინფორმაცია, რომელშიც იდენტიფიცირებულია ადამიანი, ადგილი, მოვლენა – ვის და რას ეხება ინფორმაცია. არაიდენტიფიცირებული ინფორმაცია – რაგინდ მნიშვნელოვანი – უნდა გავიდეს სარედაქციო სვეტში და არა _ ახალ ამბებში. იგივე ეხება ამბავს, რომელსაც ჟურნალისტი შეესწრო, მაგრამ რომელიც არ დასტურდება დოკუმენტურად – ფოტოთი, ვიდეოთი, ხმის ჩანაწერით და ა.შ.
- შესაბამისად, საბჭო არ იზიარებს სოფო ჭულუხაძის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ეს არ იყო ჟურნალისტური გამოძიება და ამიტომ ვერ შეძლო მნიშვნელოვანი დეტალების გაშუქება. ქარტიის წევრები უნდა აცნობიერებდნენ, რომ ქარტიის პრინციპები ვრცელდება ყველა ჟურნალისტურ პროდუქტზე (ნიუსზე, სიუჟეტზე, სტატიაზე და ა.შ.), რასაც ისინი ამზადებენ. საბჭო, ასევე, ვერ დაეთანხმება იმ აზრს, რომ ორი დაპირისპირებული მხარის ჩაწერა საკმარისია ქარტიის პირველი პრინციპის, ანუ „სიმართლის ბოლომდე გადამოწმებისა და სიზუსტის დასაცავად“.
- საბჭო მიიჩნევს, რომ სოფო ჭულუხაძეს უნდა გადაემოწმებინა რამდენი პოლიციელი იმყოფებოდა უბანზე და იყვნენ თუ არა ისინი ამომრჩევლები (სიუჟეტის მიხედვით, საუბნო კომისიის თავმჯდომარემ შესთავაზა ჟურნალისტს საარჩევნო სიის გადამოწმება, სადაც პოლიციელი, როგორც ამომრჩეველი, ხელს აწერდა), რაც მას არ გაუკეთებია.
- მართლა დააშანტაჟა თუ არა საუბნო კომისიის თავმჯდომარემ ელისო ჯანაშია ან რა ფორმით/მიზეზით დააშანტაჟა? მართლა იდგნენ თუ არა პოლიციელები უბნის გარეთ (მართალია, ჟურნალისტი ფიქრობდა, რომ ისინი მიიმალნენ, მაგრამ უნდა ეცადა მესამე პირების მეშვეობით მოეძებნა თვითმხილველები)? – ამ საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოებამ ზუსტი ინფორმაცია ვერ მიიღო.
- საინფორმაციო სამსახურის უფროსმა საბჭოს წევრებისთვის მიცემულ განმარტებებში აქცენტი გადაიტანა ოპერატიულობასა და მწირ რესურსებზე და განაცხადა, რომ ასეთ შემთხვევაში, დროის სიმცირის გამო, „ხარისხზე დავა უსაფუძვლოა“. საბჭოს მიაჩნია, რომ ეთიკის პრინციპის დაცვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე – ოპერტიულობა.
- იმისათვის, რომ სრულყოფილად შეფასდეს, დაარღვია თუ არა მე-3 პრინციპი წევრმა, მნიშვნელოვანია სწორად განისაზღვროს ეს პრინციპი: „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია.
ა) „წყარო დადასტურებულია“ ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ჟურნალისტმა იცის, ვინ არის ამა თუ იმ ფაქტის წყარო – ოღონდ შეუძლია, მისი ვინაობა არ გაამხილოს. წყაროს სანდოობის საკითხი – რომ ეს არის ადამიანი, ვისაც აქვს შესაბამისი კომპეტენცია და ვისაც ხელი მიუწვდება კონკრეტულ ინფორმაციაზე – ამ მუხლის ქვემდებარე არ არის.
ბ) „ფაქტის მიჩქმალვა“ – ჟურნალისტი აშუქებს მოვლენას, მაგრამ მალავს ფაქტს, რომელიც ამ მოვლენის მნიშვნელოვანი ნაწილია. რომელიმე დოკუმენტის თარგმანის გაყალბება – დოკუმენტის გაყალბებაა, ფოტოს გაყალბება დოკუმენტის გაყალბებაა.
ელისო ჯანაშია განცხადებაში აღნიშნავს, რომ მიუთითა ეზოში მდგარ პოლიციელებზე, თუმცა სოფო ჭულუხაძემ არ გადაიღო ეს ფაქტი. ჟურნალისტი თავის მხრივ აცხადებს, რომ იმ მომენტში, როცა გადამღები ჯგუფი უბანზე მოვიდა, არც ეზოში და არც უბანში პოლიცია არ იმყოფებოდა. საბჭომ სცადა, მაგრამ ვერ მოიპოვა მტკიცებულება, რომ სოფო ჭულუხაძემ დაინახა ეზოში მდგარი პოლიციელები და ისინი არ დააფიქსირა, ანუ მათ შესახებ ინფორმაცია არ გაავრცელა. შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ ამ კონკრეტულ სიუჟეტში ფაქტების მიჩქმალვას ადგილი არ ჰქონია.
8. იმისათვის, რომ დავადგინოთ, ადგილი ჰქონდა თუ არა მე-4 პრინციპის დარღვევას, უნდა განიმარტოს აღნიშნული პრინციპი: „ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს“.
„კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდი“ ეწოდება ფარულ გადაღებას ან იდენტობის შეცვლას ინფორმაციის მოსაპოვებლად და ა.შ. მხოლოდ მაშინ, როდესაც ინფორმაციის მოპოვების ყველა სხვა გზა ამოწურულია და საზოგადოებრივი ინტერესი კი მაღალია. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი (რომლის გაზომვა მყარი პარამეტრებით შეუძლებელია) ეთიკის კუთხით ამართლებს ინფორმაციის, ფოტოს ან დოკუმენტის მოპოვების არაკეთილსინდისიერ გზას – როცა სხვა გზა არ არსებობს.
საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო სიუჟეტის მომზადებისას ინფორმაციის მოპოვების არაკეთილსინდისიერ გზას ადგილი არ ჰქონია.
9. იმისათვის, რომ დავადგინოთ იყო თუ არა მე-11 პრინციპის დარღვევა, უნდა განიმარტოს ეს პრინციპი: „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:
ფაქტის განზრახ დამახინჯება;
ნებისმიერი სახის ქრთამის, საჩუქრის ან სხვა სარგებლის მიღება პროფესიულ საქმიანობაზე გავლენის მოხდენის სანაცვლოდ;
პლაგიატი“.
ფაქტი განზრახ არის დამახინჯებული, როცა ჟურნალისტმა სინამდვილე იცის, მაგრამ მას შეგნებულად, რაიმე მოტივით არასწორად გადმოსცემს. პირველი სიუჟეტის შემთხვევაში ფაქტების დამახინჯებას რაიმე მოტივით ადგილი არ ჰქონია.
მეორე სიუჟეტის შესახებ
ამ სიუჟეტის თემა იყო საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილი საჩივრების განხილვა. მიუხედავად იმისა, რომ სხდომაზე განიხილეს საჩივრები, სიუჟეტში არაფერი იყო ნათქვამი არც ერთი საჩივრის არსზე.
- ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ საოლქო კომისიის სხდომა სწორედ ის ადგილი იყო, სადაც ჟურნალისტს, სხვისი (ჯანაშიას) სურვილისგან დამოუკიდებლად შეეძლო მისი (ჯანაშიას) პოზიციის დაფიქსირება, რაც არ გააკეთა. ამასთან, სიუჟეტში გავიდა არა ერთი, არამედ 3 სინქრონი და სამივე ელისო ჯანაშიას წინააღმდეგ.
- საზოგადოებამ ვერ მიიღო ზუსტი ინფორმაცია წარდგენილ მტკიცებულებებთან და, შესაბამისად, არჩევნების დღესთან დაკავშირებით.
- დამკვირვებლის (ჯანაშია) პოზიცია არ იყო გამოყენებული და წარმოდგენილი იმ ბრალდების ნაწილში, რომ მან რეგისტრატორები წყობიდან გამოიყვანა.
- მე-3 პრინციპთან დაკავშირებით საბჭო მიიჩნევს: საოლქო კომისიაში საჩივრების განხილვისას სიუჟეტში ჩანს კადრი, როცა ელისო ჯანაშია მართლაც უჩვენებს ფოტოებს, მტკიცებულების სახით საოლქო კომისიის თავმჯდომარეს, მისივე ფოტოაპარატში, სადაც ფოტოებზე მითითებულია გადაღების დრო. თუმცა სიუჟეტში ნათქვამი იყო შემდეგი: „საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ საჩივრის განმცხადებლებსკომისიისთვის არც ერთი მტკიცებულება არ წარუდგენიათ“. საბჭოს მიაჩნია, რომ ელისო ჯანაშიას მიერ მტკიცებულების წარდგენა არის საჩივრების განხილვის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი და ეს არის ფაქტი, რომელიც მიიჩქმალა, ყურადღების გარეშე დატოვა როგორც სიუჟეტის ავტორმა, ისე – საინფორმაციო სამსახურის უფროსმა.
- მე-4 პრინციპთან დაკავშირებით საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო სიუჟეტის მომზადებისას ინფორმაციის მოპოვების არაკეთილსინდისიერ გზას ადგილი არ ჰქონია.
- ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-11 პრინციპზე მსჯელობის დროს საბჭომ მნიშვნელოვან გარემოებად მიიჩნია, რომ სიუჟეტის ავტორი არ არის ქარტიის წევრი და მის მიმართ საბჭოში განცხადება არ შემოსულა. ამ სიუჟეტის გამო განმცხადებელმა ქარტიის დებულებათა დარღვევის თაობაზე მიუთითა საინფორმაციო სამსახურის უფროსზე, თეა აბსარიძეზე.
ამ სიუჟეტის სცენარიდან ირკვევა, რომ საოლქო კომისიამ განიხილა ელისო ჯანაშიას 9 საჩივარი და აქედან არც ერთი არ დააკმაყოფილა, სხდომაზე იყო ხმაური, რასაც ელისო ჯანაშიას სხდომიდან გაძევება მოჰყვა. საბჭო მიიჩნევს, რომ რამდენადაც არ ვიცით რა იყო წარმოდგენილი შავ მასალაში, მე-11 პრინციპი არ დარღვეულა.
სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ გადაწყვიტა:
- დადგენილად იქნას მიჩნეული: სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, თეა აბსარიძემ დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი და მესამე პრინციპი.
- სამაუწყებლო კომპანია „მე-9 ტალღის“ ჟურნალისტმა, სოფო ჭულუხაძემ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
- ეს გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს ქარტიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.
საქმის მასალები