გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე -რ.ფ. ნათია კობერიძის წინააღმდეგ
25.03.2010

განმცხადებელი : რ.ფ.;
მოპასუხე : ნათია კობერიძე;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
განმცხადებელი მიუთითებს ქარტიის პირველი მუხლის დარღვევაზე, რომლის თანახმად: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

გადაწყვეტილება #001, ქ. თბილისი 2010 წლის 25 მარტი
საბჭოს თავმჯდომარე:  ეთერ თურაძე
საბჭოს წევრები: ელისო ჩაფიძე, ხათუნა გოგაშვილი, ნინო ზურიაშვილი, მერაბ მერკვილაძე, ირაკლი აბსანძე, მაია მეცხვარიშვილი, ლია ჩახუნაშვილი.

განმცხადებლი: ფიზიკური პირი – რ. ფ;

წევრი: ჟურნალისტი – ნათია კობერიძე.

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს 2010 წლის 18 მარტს განცხადებით მიმართა ფიზიკურმა პირმა, რ. ფ-მ.
განმცხადებელი ითხოვდა, ეთიკის საბჭოს ემსჯელა ტელეკომპანია – „იმედის“ ჟურნალისტის, ნათია კობერიძის მიერ „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ დებულების დარღვევის ფაქტის დადგენის შესახებ.

განცხადების დასაშვებობის შემოწმების მიზნით, ის შესაბამისი წესით დაეგზავნა ქარტიის სამ წევრს და აღნიშნული განცხადება დაშვებულ იქნა განსახილველად.

წარმოდგენილი განცხადების თანახმად, განმცხადებელს მიაჩნდა, რომ ჟურნალისტმა ნათია კობერიძემ, რომელიც არის ააიპ–ის „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ წევრი, დაარღვია „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” პირველი მუხლი, რომლის თანახმად: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

როგორც განმცხადებელი – რ. ფ. აღნიშნავს, „13 მარტს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გავიდა გადაცემა – „მოდელირებულ ქრონიკა“ და შემდგომი თოქ–შოუ. ამ გადაცემით ჟურნალისტმა პატივი არ სცა სიმართლეს და საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“. მას მიაჩნია, რომ ჟურნალისტმა ნათია კობერიძემ დაარღვია ქარტიის დებულებით აღიარებული ჟურნალისტური ეთიკის ნორმები.

ვინაიდან განმცხადებლის პოზიცია წერილობით იყო წარმოდგენილი, საბჭომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია მისგან ზეპირი ახსნა-განმარტების მოსმენა საბჭოს სხდომაზე. საბჭომ ნათია კობერიძეს შესთავაზა, მონაწილეობა მიეღო საბჭოს სხდომის მუშაობაში, სადაც გამოხატავდა საკუთარ პოზიციას და წარმოადგენდა შესაბამის არგუმენტებს ქარტიის დებულების შესაძლო დარღვევის შესახებ, მის მიმართ შემოსულ განცხადებებთან დაკავშირებით .

ნათია კობერიძემ არ გამოიყენა ეს შესაძლებლობა და გამოხატა მზადყოფნა საბჭოსთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები გაეცა წერილობითი ფორმით, კერძოდ, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. საბჭოს წევრებმა შეჯერებული კითხვები მიაწოდეს ქალბატონ ნათია კობერიძეს, ხოლო მის მიერ პასუხების წარმოდგენის შემდეგ დამატებით მიმართეს სამი შეკითხვით. წარმოდგენილი პასუხების თანახმად ნათია კობერიძე მიიჩნევს, რომ მას ქარტიის ნორმები არ დაურღვევია. ის აღნიშნავს, რომ ანონსშიც და გადაცემის დაწყებამდეც განაცხადა, რომ ეთერში გავიდოდა „მოდელირებული ქრონიკა“, რომელიც ასახავდა შესაძლო მომავალს. მან ასევე დაადასტურა, რომ არის გადაცემა „სპეციალური რეპორტაჟის“ თანაავტორი და მიაჩნია, რომ „მოდელირებული ქრონიკის” ეთერში გასვლის დროს გამაფრთხილებელი ტიტრი აუცილებლად უწყვეტად უნდა ყოფილიყო და მისთვის არ იყო ცნობილი, რომ გადაცემა ტიტრის გარეშე გავიდოდა.

საარქივო მასალების გამოყენებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე ნათია კობერიძემ უპასუხა: „საარქივოს უნდა ეწეროს საარქივო, რატომ არ ეწერა, ჰკითხეთ „ქრონიკის“ ავტორებს“.

უშუალოდ „მოდელირებულ ქრონიკასთან“ დაკავშირებით ნათია კობერიძემ განაცხადა, რომ საფრთხეებზე გადაცემის მომზადება მისი გუნდის იდეაც იყო, თუმცა „ქრონიკის“ ნაწილზე პასუხს არ აგებს. მან ასევე აღნიშნა: „ზოგადად, აქაც ტიტრის პრობლემას ვხედავ. თუ საზოგადოებას ეცოდინებოდა, რომ ეს დიპლომატებმა კი არ თქვეს, არამედ ჟურნალისტებმა დაუშვეს, სადავოც არაფერი იქნებოდა, მათ შორის სტანდარტი“.

დამატებით დასმულ შეკითხვებზე მან უპასუხა, რომ სტუდიაში ყოფნის დროს ტიტრის შესახებ არაფერი იცოდა და არ გაუმახვილებია ყურადღება ამ საკითხზე. „მოდელირებულ ქრონიკასთან“ დაკავშირებით დააკონკრეტა, რომ ის არ იყო სპეციალური რეპორტაჟის ნაწილი, მოხდა ორი პროექტის შერწყმა და ყველა თავის ნაწილზე აგებდა პასუხს, მათ შორის თავად – მხოლოდ თოქ შოუზე.

მან ასევე დააზუსტა შემდეგი: „უტიტრობა ზიანის მომტანი იქნებოდა, ეს ვიცოდი, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ტიტრი იქნებოდა! მე ის მაწუხებდა, რომ ასეთი „ქრონიკა“ იქნებოდა სასაცილო, უგემოვნო პროდუქტი, რადგან ვერ წარმოვიდგინე, რომ მაყურებელი შეცდომაში იქნებოდა შეყვანილი“. და დაადასტურა, რომ „ქრონიკა“ ეთერში გასვლამდე 1,5 საათით ადრე ნახა.

შეკრებილი ინფორმაციისა და მხარეთა მიერ წარმოდგენილი განმარტეbების შესაბამისად საბჭოს მიაჩნია:

  1. ქარტიის საბჭოს განცხადებით მიმართა სამმა ფიზიკურმა პირმა. მათგან ორი (განმცხადებლები: ა. ჭ. და პ. ჯ.) არ აკმაყოფილებდა „ქარტიის საბჭოს საქმისწარმოების წესის“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის გ) ქვეპუნქტის მოთხოვნებს. კერძოდ, განცხადებაში არ იყო მითითებული ქარტიის კონკრეტული დებულება, რომლის დარღვევაზეც მსჯელობდა განმცხადებელი. საბჭო არ წარმოადგენს იმ მექანიზმს, რომელმაც აბსტრაქტულად უნდა იმსჯელოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის თითოეული ნორმის შესაძლო დარღვევაზე და თავად დაიწყოს მოძიება, წევრის მოქმედება ხომ არ არღვევდა რომელიმე დებულებას. ეს ეწინააღმდეგება როგორც ქარტიის საბჭოს საქმის წარმოების წესს, ასევე ცდება საბჭოს უფლებამოსილებას. გამომდინარე აქედან, ამ განცხადებებთან მიმართებით საბჭო მოკლებულია შესაძლებლობას, შეაფასოს ჰქონდა თუ არა ადგილი ქარტიის დარღვევას.
  2. იმისათვის, რომ საქმე განიხილოს ქარტიის საბჭომ, ჟურნალისტი, რომელსაც განმცხადებელი მიიჩნევს ქარტიის დამრღვევად, უნდა იყოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ წევრი. საბჭო დადგენილად მიიჩნევს, რომ ნათია კობერიძე არის ააიპ-ის „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ დამფუძნებელი წევრი. შესაბამისად, ის იღებს ვალდებულებას, დაიცვას წესები, რაც დადგენილია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წესდებით. კერძოდ, მან, როგორც ქარტიის წევრმა, წესდების 5.2 მუხლის „დ“ პუნქტით აიღო ვალდებულება „პროფესიულ საქმიანობაში იხელმძღვანელოს ქარტიის მიზნებითა და პროფესიული ეთიკის ნორმებით“. შესაბამისად, საბჭო უფლებამოსილია იმსჯელოს ჟურნალისტის მიერ ეთიკური სტანდარტების დაცვის საკითხებზე.
  3. იმისათვის, რომ სრულყოფილად შეფასდეს ჰქონდა თუ არა ადგილი ნათია კობერიძის მხრიდან „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ პირველი მუხლის დარღვევას, საბჭომ აუცილებელია განმარტოს, თუ რას გულისხმობს მისი შინაარსი. ქარტიის პირველ მუხლი ფორმულირებულია შემდეგი სახით: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“ ამ დებულებით განსაზღვრული ქარტიის წევრის ვალდებულება – „პატივი სცეს სიმართლეს“ ჟურნალისტისგან არამხოლოდ პასიურ მდგომარეობაში ყოფნას მოითხოვს (განზრახ არ მიაწოდოს საზოგადოებას მცდარი ინფორმაცია), არამედ მან უნდა მოიმოქმედოს ყველაფერი, რაც კი შედის მის შესაძლებლობაში, რათა საზოგადოებას მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია. მან შეიძლება ვერც კი შეძლოს საზოგადოებისთვის სიმართლის თქმა, მაგრამ „პატივისცემა“ მიუთითებს მის ძალისხმევაზე.
  4. საბჭოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: 2010 წლის 13 მარტს საღამოს ეთერში შპს „ტელეიმედით“ გავიდა „მოდელირებული ქრონიკა“, რომელიც გადაცემა  „სპეციალური რეპორტაჟის“ შემადგენელი ნაწილი იყო. „მოდელირებული ქრონიკა“ ეთერით დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში გადაიცემოდა. გადაცემის დაწყებამდე ჟურნალისტმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ქრონიკა მოდელირებული იყო, თუმცა გადაცემის დასრულებამდე ამის შესახებ მაყურებლისთვის დამატებით არავის უცნობებია. ასევე გადაცემას თან არ ახლდა ტიტრები, რაც მაყურებელს ამცნობდა გადაცემის მოდელირების შესახებ, ხოლო საარქივო მასალები ეთერში გავიდა შესაბამისი მითითების გარეშე. ყოველივე ზემოაღნიშნულმა შეცდომაში შეიყვანა მაყურებელთა დიდი ნაწილი (განსაკუთრებით ისინი, ვისაც გადაცემის დასაწყისი არ უნახავს), რამაც საზოგადოებაში პანიკა გამოიწვია.
  5. საბჭო არ იზიარებს ჟურნალისტ ნათია კობერიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ის “ქრონიკის ნაწილზე პასუხს არ აგებს”. გადაცემა, რომელიც ეთერში გადიოდა, იყო „სპეციალური რეპორტაჟი“, ხოლო მასში გამოყენებული „მოდელირებული ქრონიკა“ სწორედ ამ გადაცემის შემადგენელი ნაწილია და ის მისგან დამოუკიდებლად არ არსებობს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საბჭო გადაცემად მიიჩნევს ყველა წუთს – საცნობი ქუდიდან  და ყველაფერზე, რაც ამ დროს გადაიცა, ავტორია პასუხისმგებელი. როგორც ჟურნალისტი ნათია კობერიძე გადაცემის დასაწყისში ამბობს, მომავლის ქრონიკა „სპეციალურ რეპორტაჟში“ ექსპერტებს სთავაზობდა საინფორმაციო გადაცემას, ყველაზე ცუდი დღის ქრონიკას. „მოდელირებული ქრონიკა“, როგორც გადაცემის ნაწილი, ნათია კობერიძეს განსჯისთვის დასჭირდა და საკუთარ გადაცემაში თუნდაც სხვა ავტორის მიერ მომზადებულ მასალას რა წარწერით გაუშვებდა ეთერში, ეს მისი პასუხისმგებლობაც იყო.
  6. ჟურნალისტ ნათია კობერიძის მიერ საბჭოსთვის გაცემული პასუხებიდან ჩანს, რომ მისი აზრით, უწყვეტი გამაფრთხილებელი ტიტრი უმნიშვნელოვანესი იყო და რომ გადაცემა გამაფრთხილებელი ტიტრის გარეშე ზიანს მოუტანდა მაყურებელს; იმ გადაცემას, რომელიც ნათია კობერიძემ ეთერში გასვლამდე საათნახევრით ადრე ნახა, გამაფრთხილებელი ტიტრი არ ჰქონდა; გადაცემის დასაწყისში ნათია კობერიძე პირდაპირ ეთერში მიესალმა მაყურებელს, სტუმრებს და გადაცემა დაიწყო. გადაცემის ეთერში ჩვენების დროს ის იმყოფებოდა სტუდიაში, შესაბამისად, შეეძლო შეეხედა ეკრანისთვის და გადაემოწმებინა ტიტრის არსებობა. როგორც თავად ნათია კობერიძე აცხადებს, ამ საკითხზე ყურადღება არ გაამახვილა („მოდელირებული ქრონიკა“ ეთერში ნახევარი საათის განმავლობაში გადიოდა). ანუ მან, ფაქტობრივად, არაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მისი თანაავტორობით მომზადებულ გადაცემას მოსახლეობა შეცდომაში არ შეეყვანა და მათთვის ზიანი არ მოეტანა.
  7. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საკითხს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ამ გადაწყვეტილების მისაღებად, საბჭო არადამაჯერებლად მიიჩნევს ნათია კობერიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ მან წინასწარ არ იცოდა მენეჯმენტის გადაწყვეტილება, გადაცემა გამაფრთხილებელი ტიტრის გარეშე რომ უნდა გასულიყო. ნათია კობერიძე საბჭოს ერთ-ერთ კითხვას – ვინ მიიღო გადაწყვეტილება გამაფრთხილებელი ტიტრის არდადების შესახებ, პასუხობს: „ეს კითხვები ამოწურა არხის ხელმძღვანელმა ქართულ მედიაში. იხ. ჟურნალი „ლიბერალი“. ნათია კობერიძე მიუთითებს გიორგი არველაძის ინტერვიუზე (ჟურნალი „ლიბერალი“, ნომერი 23, 2010; გვერდი 23), სადაც გიორგი არველაძე აცხადებს: „ტიტრის გაშვებაზე ვიმსჯელეთ, მაგრამ საბოლოოდ გადაწყდა სიუჟეტი ტიტრის გარეშე გაგვეშვა და ამაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ“. თუ ამ კომენტარს დავეყრდნობით, გადაწყვეტილება გამაფრთხილებელი ტიტრის არდადების შესახებ ტელევიზიაში გადაცემის ეთერში გასვლამდე უნდა სცოდნოდათ. უწყვეტი გამაფრთხილებელი ტიტრის საკითხით, რომელიც გადაცემის თანაავტორს ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნდა და რომელიც ტელევიზიაში დისკუსიის საგანი გახდა, ძნელად წარმოსადგენია, არ დაინტერესებულიყო ავტორი და წამყვანი ან მენეჯმენტს მისთვის ამის შესახებ არ ეცნობებინა თუ დავუშვებთ, რომ ჟურნალისტს დაუმალეს ეს ინფორმაცია, მას უნდა გაეპროტესტებინა თავად ფაქტი, რომ არ გააცნეს გადაწყვეტილება. ნათია კობერიძეს კი არანაირი პროტესტი და კრიტიკა საკუთარი მენეჯმენტის მისამართით ღიად არ გამოუთქვამს.
  8. საბჭო აღნიშნავს, რომ როცა ჟურნალისტის პოზიცია ეთიკის ნორმებთან დაკავშირებით განსხვავდება მენეჯმენტის ან რედაქციის პოზიციისგან, ჟურნალისტი ვალდებულია, არ დაემორჩილოს ზემდგომს (მენეჯერს თუ რედაქტორს) და შეეწინააღმდეგოს ჩარევას. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წესდების პირველი პრინციპი ავალებს ჟურნალისტს, მასალა მისი ავტორობით ეთიკური ნორმების დაცვით გამოაქვეყნოს, ან გაემიჯნოს რედაქციას და ხმამაღლა განაცხადოს ამის შესახებ.
***
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ იხელმძღვანელა რა „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ პირველი მუხლით, ააიპ–ის „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წესდებითა“ და „საბჭოს საქმისწარმოების წესის“ მე–6, მე-12, მე-13, მე-14 და მე–15 მუხლებით გადაწყვიტა:


  1. 1. დაკმაყოფილდეს განმცხადებელ რ. ფ–ს განცხადება და დადგენილად იქნას მიჩნეული ქარტიის წევრის, ნათია კობერიძის მიერ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი მუხლის დარღვევა.
  2. 2. აღნიშნული გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს საჯაროდ და განთავსდეს საბჭოს ბლოგზე.
  3. საბჭოს თავმჯდომარე:
  4. ეთერ თურაძე;
საბჭოს წევრები:
ელისო ჩაფიძე;
ხათუნა გოგაშვილი;
ნინო ზურიაშვილი;
მერაბ მერკვილაძე;
ირაკლი აბსანძე;
მაია მეცხვარიშვილი;
ლია ჩახუნაშვილი.

25 მარტი, 2010 წელი

იხილეთ სადავო მასალა