გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - მწვანე ალტერნატივა გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ
11.12.2010

განმცხადებელი : მწვანე ალტერნატივა;
მოპასუხე : გელა მთივლიშვილი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 3 პრინციპი;
2010 წლის 11 დეკემბერი

გადაწყვეტილებასაქმეზე – „მწვანე ალტერნატივა“ გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ეთერ თურაძე

საბჭოს წევრები: ხათუნა გოგაშვილი, ნინო ზურიაშვილი, მერაბ მერკვილაძე, ირაკლი აბსანძე, მაია მეცხვარიშვილი, კონსტანტინე სტალინსკი.

განმცხადებელი: „მწვანე ალტერნატივა“

წევრი: გელა მთივლიშვილი

აღწერილობითი ნაწილი:


2010 წლის 15 ნოემბერს „მწვანე ალტენატივას“ მიერ წარმოდგენილი განცხადების თანახმად, 2010 წლის 2 ნოემბერს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრმა დაარღვია ქარტიის პირველი მე-3, მე-4 და მე-11 პრინციპები. კერძოდ, ქარტიის დამრღვევ პირად მითითებული იყო ინტერნეტგაზეთის – „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ რედაქტორი, გელა მთივლიშვილი, როგორც პირი, რომელიც უშუალოდ არის პასუხისმგებელი მითითებულ ვებპორტალზე ინფორმაციის/სიახლის განთავსებაზე.

 

სადავო ინფორმაციაში ნათქვამია: „გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ ინფორმაციით, ღვარცოფები დიდ საშიშროებას უქმნის საგარეჯოს, თელავის, ყვარლისა და ლაგოდეხის რაიონებს. სპეციალისტების მონაცემებით, ღვარცოფის შემთხვევაში ამ რაიონებში დაზიანდება საავტომობილო გზები, სასოფლო – სამეურნეო დასახლებები, მწყობრიდან გამოვა საირიგაციო სისტემები.

 

„მწვანე ალტერნატივას” მონაცემებით, სერიოზული საფრთხის წინაშე დგას ყვარლის რაიონი. სპეციალისტების თქმით, საშიშროებას მდინარე დურუჯი ქმნის. „ბოლო 100 წლის განმავლობაში დურუჯის ხეობაში 150-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და კოლოსალური ზარალი მიაყენა ყვარლის მოსახლეობასა და ეკონომიკას. ღვარცოფის გააქტიურება იზრდება და სტიქიური უბედურებების თავიდან ასაცილებლად საჭიროა სერიოზული ღონისძიებების გატარება”, – განაცხადეს გარემოსდაცვით ორგანიზაციაში“.

 

„მწვანე ალტერნატივა“ მიიჩნევს, რომ ინფორმაციის ამ სახით გამოქვეყნებით, „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ რედაქტორმა, გელა მთივლიშვილმა, დაარღვია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის  პირველი, მე-3, მე-4 და მე-11 პრინციპები. ვინაიდან (ა) მან არ მიუთითა, რომ ინფორმაციის გავრცელებისას დაეყრდნო გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნებულ სტატიას; (ბ) საინფორმაციო ცენტრის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში მითითებული განცხადებებისა და პროგნოზების  ავტორი არ იყო „მწვანე ალტერნატივა“.

 

წერილში, რომელიც გელა მთივლიშვილმა საბჭოს ელექტრონული ფოსტით გამოუგზავნა, აღნიშნულია, რომ:

 

კახეთის საინფორმაციო ცენტრს გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნებული მასალა, „საკუთარ იდეებად არ გაუსაღებია“, რაც იმით დასტურდება, რომ მან ამ უზუსტობის შესახებ თავის მკითხველს დამატებით განუმარტა.

 

კახეთის საინფორმაციო ცენტრი ახალი ამბების განყოფილებაში, ნიუსის ფორმატიდან გამომდინარე, „რეზონანსში“ გამოქვეყნებულ მასალას სრულად ვერ დაბეჭდავდა.

 

კახეთის საინფორმაციო ცენტრი ორიენტირებულია იმ ინფორმაციაზე, რაც კახეთს ეხება. შესაბამისად, „რეზონანსში“ გამოქვეყნებული სტატიიდან ამოიღო მხოლოდ კახეთთან დაკავშირებული ცნობები.

 

განცხადების დასაშვებობის ნაწილი:

 

2010 წლის 4 ნოემბერს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მიმართა ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივამ“. ამ განცხადების მიხედვით, „მწვანე ალტერნატივას“ მიაჩნდა, რომ  „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ პირველი, მე-3, მე-4 და მე-11 პრინციპები დაარღვია ოთხმა მედია საშუალებამ: გაზეთებმა – „24 საათი“ და „რეზონანსი“, ახალი ამბების სააგენტომ „ჯი ეიჩ ენი“ და ინტერნეტგამოცემამ – „კახეთის საინფორმაციო ცენტრი“.

 

საბჭომ განუმარტა განმცხადებელს, რომ „24 საათისა“ და „ჯი ეიჩ ენ“-ის რედაქტორები არ არიან ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმომწერები, რის გამოც საბჭო ამ მედიაორგანიზაციების რედაქტორების წინააღმდეგ განცხადებას ვერ განიხილავდა. საბჭომ მიმართა განმცხადებელს, რომ გაესწორებინა ხარვეზი.

 

„მწვანე ალტერნატივამ“ ხარვეზი გაასწორა და 2010 წლის 5 ნოემბერს საბჭოს განმეორებით მიმართა განცხადებით, სადაც მიუთითა, რომ გაზეთ „რეზონანსში“ (#292 (6517) შაბათი, 30 ოქტომბერი, 2010) გამოქვეყნებული სტატიით _ „ეროზიის, მეწყერისა და ღვარცოფების საფრთხე საქართველოს ტერიტორიის 70 პროცენტს ემუქრება: ტყის ჭრის შედეგად გამოწვეული სტიქიური კატაკლიზმები“ (სტატიის ავტორია ჟურნალისტი მარი ოთარაშვილი) დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მე-3, მე-4 და მე-11 პრინციპები. განმცხადებელმა იქვე მიუთითა: „ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, ქ-ნი მარი ოთარაშვილი არ არის საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმომწერი, თუმცა ქარტიის ხელმომწერია გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე ქ-ნი ელისო ჩაფიძე. ამდენად, ჩვენი მოსაზრებით, ქ-ნი ელისო ჩაფიძეც პასუხისმგებელია საჩივარში მოყვანილ დარღვევაზე. მოგმართავთ თხოვნით, განიხილოთ ჩვენს საჩივარში მოყვანილი დარღვევის ფაქტი და მიიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება“.

 

ელისო ჩაფიძემ საბჭოს წერილობით განუმარტა შემდეგი:

 

„გაზეთ „რეზონანსის“ ბოლო გვერდზე მკაფიოდაა მითითებული, რომ გახლავართ გაზეთ „რეზონანსის“ ყოველკვირეული დამატება  _ „მთელი კვირის“ მთავარი რედაქტორი და, შესაბამისად, პასუხს ვერ ვაგებ სხვა დღეებში გამოქვეყნებულ სტატიებზე, მით უმეტეს, თუკი ისინი არ წამიკითხავს და არ ჩამისწორებია“.

 

საბჭომ დამაკმაყოფილებლად მიიჩნია ელისო ჩაფიძის მიერ წარმოდგენილი არგუმენტი და აქედან გამომდინარე, დაუშვებლად მიიჩნია „მწვანე ალტერნატივას“ საჩივრის განხილვა ელისო ჩაფიძის წინააღმდეგ.

 

2010 წლის 8 ნოემბერს „კახეთის საინფორმაციო ცენტრმა“ გამოაქვეყნა განმარტება, რომ ინფორმაცია სათაურით – „საგარეჯოს, თელავს, ყვარელსა და ლაგოდეხს ღვარცოფები დიდ საშიშროებას უქმნის“ (რომელიც „კახეთის საინფორმაციო ცენტრმა“ გამოაქვეყნა 2010 წლის 2 ნოემბერს), გაზეთ „რეზონანსში“ 2010 წლის 30 ოქტომბერს გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით მომზადდა. ამ განმარტების დასკვნით ნაწილში მითითებულია, რომ „კახეთის საინფორმაციო ცენტრი წუხილს გამოთქვამს დაშვებული შეცდომისა და იმის გამო, რომ ინფორმაციაში არ იყო ნახსენები გაზეთი „რეზონანსი“, სადაც გამოქვეყნებული სტატიის მიხედვითაც კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტმა ინფორმაცია მოამზადა, რის გამოც კახეთის საინფორმაციო ცენტრი ბოდიშს უხდის მკითხველებს“.

 

ამის შემდეგ ასოციაცია „მწვანე ალტერნატივამ“ კიდევ ერთხელ დააზუსტა თავისი საჩივარი და 2010 წლის 15 ნოემბერს ახალი დაზუსტებული განცხადებით მიმართა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს. განმაცხადებელი აღნიშნავს: „მწვანე ალტერნატივა მოხარულია, რომ კახეთის საინფორმაციო ცენტრი ცდილობს დაშვებული შეცდომის გამოსწორებას და ზრუნავს მკითხველისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებაზე; მაგრამ ცენტრის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული განმარტებიდან ჩვენთვის ნათელია, რომ განმარტების ავტორები ვერ აცნობიერებენ დაშვებული შეცდომის სიმძიმეს, კერძოდ კი იმ გარემოებას, რომ გარდა პლაგიატისა (რომლისთვისაც ცენტრმა მკითხველს ბოდიში მოუხადა) ადგილი ჰქონდა ფაქტების განზრახ დამახინჯებას და შეთხზვას“.

 

განმცხადებელს მიაჩნია, რომ „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ რედაქტორმა, ბატონმა გელა მთივლიშვილმა (რომელიც არის საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმომწერი) კახეთის საინფორმაციო ცენტრის ვებ გვერდზე ა.წ. 2 ნოემბერს გამოქვეყნებული სტატიით – „საგარეჯოს, თელავს, ყვარელსა და ლაგოდეხს ღვარცოფები დიდ საშიშროებას უქმნის“, დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შემდეგი პრინციპები:

 

1. ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია; 3. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია; 4. ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს; 11. ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება; პლაგიატი“.

 

საბჭოს შესაბამის წევრებს დაეგზავნათ განცხადება დასაშვებობის შემოწმების მიზნით. საბჭოს წევრებმა განცხადება მიიჩნიეს დასაშვებად.

 

ამ განცხადების დასაშვებობის საკითხზე საბჭომ დამატებით იმსჯელა, რადგან უშუალოდ სხდომის წინა კალენდარულ დღეს საბჭოს განცხადებით მიმართა გელა მთივლიშვილმა. ის აღნიშნავდა, რომ ინფორმაცია, რომელზედაც მიუთითებს განმცხადებელი, „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ ვებ გვერდზე განთავსდა 2010 წლის 2 ნოემბერს, 14:32 საათზე, ხოლო თავად გელა მთივლიშვილი „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ ვებ გვერდის რედაქტორი მხოლოდ 14:00 საათამდეა, ანუ დროის ამ მონაკვეთის შემდეგ გამოქვეყნებულ სიახლეებზე ის პასუხისმგებელი არ არის. მისი განმარტებით, 14:00 საათის შემდეგ ინტერნეტგაზეთის სარედაქციო პოლიტიკას ხელმძღვანელობს მანანა აშკარელიშვილი, რომელიც არ არის ქარტიის წევრი. დამატებითი მტკიცებულებები (მაგალითად, კონტრაქტის ასლი, რომელშიც გაწერილი იქნებოდა ზემოთ აღნიშნული პირის სამუშაო გრაფიკი) გელა მთივლიშვილს არ წარმოუდგენია.

 

გელა მთივლიშვილმა, თავის წერილობით განმარტებაში მოყვანილი არგუმენტების საფუძველზე, საბჭოს მიმართა წინადადებით, „მწვანე ალტერნატივას“ საჩივარი დაუშვებლად ეცნო.

 

საბჭომ გელა მთივლიშვილის პოზიცია არ გაიზიარა შემდეგი გარემოებების საფუძველზე:

 

  • ინტერნეტგაზეთის საკონტაქტო მონაცემებში მითითებულია, რომ გელა მთივლიშვილი არის დღის გამოშვების რედაქტორი, მანანა აშკარელიშვილი კი – საღამოს გამოშვების რედაქტორი, თუმცა არაფერია განმარტებული იმის თაობაზე, რომ დღის გამოშვების რედაქტორი 14:00 საათამდე ასრულებს საკუთარ მოვალეობას. ამას გარდა, განმცხადებელმა – „მწვანე ალტერნატივას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო გუჯარაიძემ, საბჭოს განუმარტა, რომ 3 ნოემბერს ის ცდილობდა „კახეთის საინფორმაციო ცენტრთან“ დაკავშირებას, რის გამოც ცენტრის ვებ გვერდზე ეწვია „კონტაქტის“ განყოფილებას: „იქ იყო მითითებული იყო მხოლოდ ტელეფონის ნომერი, რომელზეც დავრეკე და ქალბატონმა მიპასუხა, რომ ცენტრის კომერციულ სამსახურს ხელმძღვანელობდა. რედაქტორის შესახებ იქ არანაირი ინფორმაცია არ იყო განთავსებული“. თუმცა საბჭო არ არის უფლებამოსილი ეწარმოებინა დამატებითი მოკვლევა _ გაჩნდა თუ არა დღის და საღამოს გამოშვებების რედაქტორების შესახებ  ინფორმაცია ვებ პორტალზე მას შემდეგ, რაც საბჭოს განცხადებით მიმართა „მწვანე ალტერნატივამ“.
  • საქმის წარმოების პროცესში საბჭო ელექტრონული ფოსტით უკავშირდებოდა გელა მთივლიშვილს. ამ მიმოწერის დროს გელა მთივლიშვილს არ განუცხადებია, რომ იგი არ იყო პასუხისმგებელი პირი. პირიქით, მისი შეტყობინებების საფუძველზე საბჭოს ჰქონდა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი მზად იყო მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში, როგორც პასუხისმგებელ პირს. სწორედ მისი წერილობითი შეტყობინების შედეგად გადაიდო საბჭოს სხდომა 2010 წლის 4 დეკემბრიდან 11 დეკემბრისთვის. კერძოდ, მან წერილობით შეგვატყობინა, რომ 4 დეკემბერს სხვა შეხვედრა ჰქონდა ჩანიშნული, რის გამოც ის საბჭოს სხდომაში მონაწილეობას ვერ მიიღებდა და ამის გამო საბჭომ სხდომა ერთი კვირით გადადო.
  • საბჭომ მოიპოვა „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ მიერ გაფორმებული ერთ-ერთი ხელშეკრულების დედანი. ამ ხელშეკრულებაში გელა მთივლიშვილი ხელს აწერს, როგორც მმართველი რედაქტორი და არა როგორც დღის გამოშვების რედაქტორი.
  • ამ გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ გელა მთივლიშვილი სწორედ ის პირია, რომლის უშუალო პასუხისმგებლობაა „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის შესაბამისობა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებთან.
შეკრებილი ინფორმაციისა და მხარეთა მიერ წარმოდგენილი განმარტებების შესაბამისად, საბჭოს დადგენილად მიაჩნია:

 

  1. ქარტიის საბჭოს განცხადებით მიმართა ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ თავმჯდომარემ, ნინო გუჯარაიძემ. მისი განცხადება დასაშვებად იქნა ცნობილი.
  2. გელა მთივლიშვილი არის „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ დამფუძნებელი წევრი. შესაბამისად, ის იღებს ვალდებულებას, დაიცვას წესები, რაც დადგენილია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წესდებით. შესაბამისად, საბჭო უფლებამოსილია იმსჯელოს ჟურნალისტის მიერ ეთიკური სტანდარტის დაცვის (თუ დარღვევის) საკითხებზე.
  3. 2010 წლის 2 ნოემბერს, 14:32 საათზე „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელშიც წყაროდ მითითებული იყო „მწვანე ალტერნატივა“.
  4. ინფორმაცია რეალურად ეყრდნობოდა გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნებულ სტატიას, თუმცა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ამის თაობაზე არაფერი მიუთითებია მანამ, სანამ არ გახდა ცნობილი, რომ „მწვანე ალტერნატივამ“ განცხადებით მიმართა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს.
  5. ინფორმაციიის განთავსებამდე „კახეთის საინფორმაციო ცენტრი“ არ დაკავშირებია „მწვანე ალტერნატივას“, რათა გადაემოწმებინა/დაეზუსტებინა „რეზონანსში“ გამოქვეყნებული ინფორმაცია.
  6. ინტერნეტგაზეთში გამოქვეყნებული ციტატა (მაგალითად: „…ღვარცოფის გააქტიურება იზრდება და სტიქიური უბედურებების თავიდან ასაცილებლად საჭიროა სერიოზული ღონისძიებების გატარება“.) არ გვხვდება გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნებულ  სტატიაში და არც „მწვანე ალტერნატივას“ განუცხადებია მსგავსი რამ.
  7. გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნებული სტატია ეყრდნობოდა „მწვანე ალტერნატივას“ ანგარიშს, რომელიც მომზადებულია 2008 წლის მდგომარეობით. თუმცა სტატიაში ამ თარიღთან დაკავშირებით არაფერია მითითებული.
  8. „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ ვებ გვერდზე გარკვეული პერიოდის შემდეგ განთავსდა განცხადება, რაც აზუსტებდა, რომ ის ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა კახეთის რიგი რეგიონების წინაშე არსებულ ბუნებრივ საფრთხეებს, მოპოვებული იყო გაზეთ „რეზონანსზე“ დაყრდნობით.
სამოტივაციო  ნაწილი:
  1. 1. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“. იმისათვის, რომ სრულყოფილად შეფასდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი გელა მთივლიშვილის მხრიდან „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ პირველი პრინციპის დარღვევას, აუცილებელია საბჭომ განმარტოს, ქარტიის წევრის ამ დებულებით განსაზღვრული ვალდებულება: „პატივი სცეს სიმართლეს“ ნიშნავს, რომ ჟურნალისტმა ყველაფერი უნდა მოიმოქმედოს, რაც კი შედის მის შესაძლებლობაში, რათა საზოგადოებას მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია. მან შეიძლება ვერც კი შეძლოს საზოგადოებისთვის სიმართლის თქმა, მაგრამ „პატივისცემა“ მიუთითებს მის ძალისხმევაზე.
  2. პირველი პრინციპის თანახმად, გელა მთივლიშვილს ყველა ზომა უნდა მიეღო, რათა გადაემოწმებინა გაზეთ „რეზონანსში“ მითითებული ინფორმაცია, სულ მცირე იმ ორგანიზაციასთან მაინც, რომელიც სტატიაში დასახელებული იყო, როგორც ინფორმაციის წყარო. წარმოდგენილი/მოკვლეული მასალებიდან ირკვევა, რომ ფაქტები, რომლებიც მითითებული იყო გაზეთ „რეზონანსში“, ეყრდნობოდა „მწვანე ალტერნატივის“ 2008 წლის ანგარიშს, რის შესახებაც „რეზონანსში“ არაფერი იყო ნათქვამი. ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამორჩა გელა მთივლიშვილსაც, რადგან მან არ გადაამოწმა გაზეთიდან აღებული ინფორმაცია. შესაბამისად, ვერ უზრუნველყო საზოგადოებისათვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება.
  3. „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ რედაქტორის, გელა მთივლიშვილის მიერ  ინფორმაციის გადამოწმების გონივრული ზომების მიღების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა იმის დაზუსტება, რომ მონაცემები იყო 2008 წლის და, შესაბამისად, ამ თარიღის მითითებით ინფორმაციის გამოქვეყნება მეტ სიცხადეს შეიტანდა ინფორმაციის შინაარსში.
  4. 2.         იმისათვის, რომ სრულყოფილად შეფასდეს, დაარღვია თუ არა მე-3 პრინციპი წევრმა,  მნიშვნელოვანია სწორად განისაზღვროს, თუ რა ვალდებულებას აწესებს წევრისათვის ქარტიის ხსენებული პრინციპი. ქარტიის მე-3 პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია“.
  5. საბჭომ „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ერთ-ერთი ციტატის – „ბოლო 100 წლის განმავლობაში დურუჯის ხეობაში 150-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და კოლოსალური ზარალი მიაყენა ყვარლის მოსახლეობასა და ეკონომიკას. ღვარცოფის გააქტიურება იზრდება და სტიქიური უბედურებების თავიდან ასაცილებლად საჭიროა სერიოზული ღონისძიებების გატარება”, ზუსტი ანალოგი ვერ მოიძია ვერც გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში და ვერც „მწვანე ალტერნატივას“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.
  6. ამ შემთხვევაში გარკვეული სახის პროგნოზებისა და ფაქტების ავტორობა „მწვანე ალტერნატივას“ ისე მიაკუთვნა მედიასაშუალებამ, რომ ამ ორგანიზაციას მსგავსი განცხადებები არც გაზეთისთვის და არც „კახეთის საინფორნმაციო ცენტრისთვის“ არ მიუწოდებია. აქედან გამომდინარე, იკვეთება ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის  მე-3  პრინციპის იმ ნაწილის დარღვევა, რომლის თანახმადაც დაუშვებელია ჟურნალისტის მიერ ინფორმაციის  გაყალბება.
  7. 3.         მე-4 პრინციპთან დაკავშირებით საბჭო მიიჩნევს, რომ გელა მთივლიშვილს არ დაურღვევია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ეს პრინციპი, რადგან მას არ მიუმართავს ინფორმაციის  მოპოვების არაკეთილისნდისიერი  ან  უსამართლო გზისთვის. ქარტიის განმარტების მიხედვით, „კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდი“ ეწოდება ფარულ გადაღებას ან იდენტობის შეცვლას ინფორმაციის მოსაპოვებლად… მსგავს ფაქტს წარმოდგენილ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
  8. 4.         საბჭომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-11 პრინციპზე მსჯელობის დროს მნიშვნელოვან გარემოებად მიიჩნია „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ ადეკვატური რეაქცია, როცა მან დაშვებული უზუსტობის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა თავის მკითხველს.

სარეზოლუციო  ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ გადაწყვიტა:
  1. დადგენილად იქნას მიჩნეული საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის  წევრის, გელა მთივლიშვილის მიერ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი და მე-3  პრინციპების დარღვევა.
  2. აღნიშნული გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს ქარტიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.
საბჭოს თავმჯდომარე:

ეთერ თურაძე

საბჭოს წევრები:
  • ხათუნა გოგაშვილი
  • ნინო ზურიაშვილი
  • მერაბ მერკვილაძე
  • ირაკლი აბსანძე
  • მაია მეცხვარიშვილი
  • კონსტანტინე სტალინსკი

11 დეკემბერი, 2010 წელი