გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე-თეიმურაზ ბეჟანიძე რუსუდან შელიას წინააღმდეგ
21.04.2017

განმცხადებელი : თეიმურაზ ბეჟანიძე;
მოპასუხე : რუსუდან შელია;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
გადაწყვეტილება საქმეზე N 127
01 აპრილი, 2017 წელი

თეიმურაზ ბეჟანიძე რუსუდან შელიას წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები: ჯაბა ანანიძე, ნინო ჯაფიაშვილი, თაზო კუპრეიშვილი, თეა ზიბზიბაძე, თამარ უჩიძე.

განმცხადებელი: თეიმურაზ ბეჟანიძე

მოპასუხე: რუსუდან შელია

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა თეიმურაზ ბეჟანიძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ გაზეთ ,,კვირის პალიტრის“ 13 მარტის ნომერში, ჟურნალისტ რუსუდან შელიას ავტორობით დაბეჭდილ სტატიაში სათაურით: ,,აუდიტორია 115-ის წევრები გამოცდების გადატანისთვის ყალბ ცნობებსამზადებდნენ?!“,  დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი  და მე-3 პრინციპი.

საქმის განხილვის დროს სხდომას დაესწრო როგორც განმცხადებელი, ისე მოპასუხე ჟურნალისტი. განმცხადებელმა სხდომის მიმდინარეობისას მოხსნა მისი მოთხოვნა ქარტიის მე-3 პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით.

სამოტივაციო ნაწილი: 

ქარტიის პირველი  პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლესდა საზოგადოების უფლებას მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

განმცხადებელი სადავოდ ხდიდა  სტატიის შემდეგ ნაწილებს:

„წყაროს ინფორმაციით “აუდიტორია 115”-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ჩიხლაძემ, ამავე მოძრაობის წევრ თეიმურაზ ბეჟანიძეს დაამზადებინა ყალბი ცნობა, რომელიც თსუ-ში წარადგინა და დოკუმენტის საფუძველზე საგამოცდო თარიღი გადაავადებინა“.

„წყაროს ცნობით, იმისათვის, რომ გიორგი ჩიხლაძე უკვე გადადებულ გამოცდაზე ისევ არ მისულიყო, მან კვლავ დაამზადებინა თეიმურაზ ბეჟანიძეს ყალბი სამსახურებრივი მივლინების ცნობა“,

„შეკითხვის დასმის შემდეგ სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა სტუდენტმა თეიმურაზ ბეჟანიძემაც“.

მხარეთა გამოკითხვის შემდეგ საბჭოს მიერ გამოიკვეთა შემდეგი გარემოებები:

1 საუბარია ორ ცნობაზე, ერთი გაცემულია “მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა” და “ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს” მიერ, სადაც მითითებულია, რომ სტუდენტი გიორგი ჩიხლაძე ესწრებოდა სამუშაო შეხვედრას თემაზე: “უმაღლესი განათლების გამოწვევები და უნივერსიტეტების ჩართულობა”. მეორე ცნობაც გიორგი ჩიხლაძეს ეხებოდა და აღნიშნული იყო, რომ იგი ესწრებოდა „სტარტ აპ საქართველოს” მხარდაჭერით 2017 წლის 12 თებერვლიდან 2017 წლის 22 თებერვლამდე პოლონეთში კომპანია “ლაგოდოვა პოლანას” ოფისში გამართულ შეხვედრას.

2.  ზემოაღნიშნული ცნობები წარდგენილი იქნა უნივერსიტეტში გამოცდაზე გამოუცხადებლობის მიზეზის ასახსნელად.

3. კონფიდენციალურმა წყარომ ჟურნალისტს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ცნობები ყალბია და ისინი თეიმურაზ ბეჟანიძემ დაამზადა. თავდაპირველად ჟურნალისტმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ჰყავდა ერთი კონფიდენციალური წყარო, სხდომის ბოლოს კი მიუთითა, რომ ორი წყაროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა. საბჭო მიიჩნევს, რომ მისთვის სარწმუნოა მხოლოდ ერთი წყაროს არსებობის შესახებ ინფორმაცია, ვინაიდან სხდომის დროს საბჭოს წევრებმა არაერთხელ ახსენეს, რომ ინფორმაციის გადასამოწმებლად მნიშვნელოვანია რამდენიმე წყაროს არსებობა. საბჭო ლოგიკურად ვარაუდობს, რომ სწორედ ამის შემდეგ სხდომის ბოლოს მიუთითა ჟურნალისტმა, რომ ერთის ნაცვლად ორი ანონიმური წყარო ჰყავდა.

4. არც ერთ ცნობაში პირდაპირი ან ირიბი მითითება არ ხდება თეიმურაზ ბეჟანიძეზე [არ არის ცნობაზე ხელმომწერი პირი, არ ფიგურირებს თავად ცნობის ტექსტში, არ დგინდება თეიმურაზ ბეჟანიძის და იმ კომპანიების კავშირი, რომელთა სახელითც ცნობები გაიცა].

5. ჟურნალისტს და თემურ ბეჟანიძეს შორის 2017 წლის 10 მარტს, საღამოს, შედგა სატელეფონო საუბარი და ასევე SMS მიმოწერა, აღნიშნული კომუნიკაცია ცნობების სავარაუდო გაყალბებას არ ეხებოდა და ამის შესახებ ჟურნალისტს კითხვა არ დაუსვამს. ეს გარემოება ორივე მხარემ დაადასტურა.

6. ჟურნალისტმა 2017 წლის 11 მარტს სცადა თეიმურაზ ბეჟანიძესთან დაკავშირება ცნობების სავარაუდო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით, მაგრამ საუბარი ვერ შედგა, ვინაიდან რესპონდენტის [თეიმურაზ ბეჟანიძე] თქმით, არ ჰქონდა შესაბამისი დრო. ეს გარემოება ორივე მხარემ დაადასტურა.

7. ჟურნალისტმა საბჭოს მიუთითა, რომ მან დამატებით მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა ბეჟანიძეს, რაც უარყო განმცხადებელმა. შესაბამისი მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა.

8. განმცხადებლის ინფორმაციით მან საპასუხო ზარი განახორციელა ჟურნალისტთან, მაგრამ მას არ უპასუხეს, აღნიშნული ფაქტი უარყო რუსუდან შელიამ. ორივე მხარემ წარმოადგინა მტკიცებულებები, მაგრამ ეს გარემოება უტყუარი სახით არ დასტურდება.

9. შეჯამების სახით შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ჟურნალისტს მხოლოდ ერთხელ ჰქონდა მცდელობა კომენტარისათვის დაკავშირებოდა თემურ ბეჟანიძეს ცნობების სავარაუდო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით და საბოლოოდ კომენტარი ვერ მოიპოვა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტის მიერ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი. მართალია, ჟურნალისტს დადასტურებული სახით არ გაუვრცელებია ინფორმაცია, რომ თემურ ბეჟანიძემ გააყალბა ცნობები, მაგრამ მისი ქმედება მაინც არ ჩაითვლება პირველი პრინციპის შესაბამის ეთიკურ ჟურნალისტიკად, ვინაიდან:

  1. წყაროს ინფორმაციით თემურ ბეჟანიძეს წარედგინა მძიმე ბრალდება, კერძოდ დოკუმენტის გაყალბება, რაც შეიძლება დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს.
  2. არ არსებობდა სხვა არც ერთი გარემოება, რომელიც მეტ – ნაკლებად სავარაუდოს გახდიდა, რომ ბეჟანიძეს შეიძლება გაეყალბებინა ცნობები [ბეჟანიძე არ არის ცნობაზე ხელმომწერი პირი, არ ფიგურირებს თავად ცნობის ტექსტში, არ დგინდება თეიმურაზ ბეჟანიძის და იმ კომპანიების კავშირი რომელთა სახელითაც გაიცა ცნობები].
  3. ჟურნალისტს ჰყავს მხოლოდ ერთი კონფიდენციალური წყარო.
  4. „ბრალდებულ“ თეიმურაზ ბეჟანიძის კომენტარი რუსუდან შელიას არ მიუღია.

ჟურნალისტმა არ გამოიჩინა სათანადო ძალისხმევა, რათა მიეღო ბეჟანიძის პასუხი. ერთი უპასუხო ზარის განხორციელება, როცა ჟურნალისტი აპირებს გაავრცელოს დაუდასტურებელი, სავარაუდო დანაშაულის  შემცველი ინფორმაცია პირზე, არ ჩაითვლება ჟურნალისტის მცდელობად გადაემოწმებინა ინფორმაცია. სიმართლეს არ შეესაბამება ჟურნალისტი მიერ მითითებული ფრაზა, რომ: შეკითხვის დასმის შემდეგსატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა სტუდენტმა თეიმურაზ ბეჟანიძემაც“. რამდენჯერმე დაკავშირების მცდელობა არ დასტურდება. ჟურნალისტს არ გამოუყენებია სხვა საშუალებები [მაგ. სოციალური ქსელი], რომ თემურ ბეჟანიძისაგან მიეღო კომენტარი.

როცა სახეზეა ლოგიკურად ნაკლებად სარწმუნო, ერთი კონფიდენციალური წყაროს მიერ მოწოდებული და ამასთან მძიმე ბრალდების შემცველი ინფორმაცია, ვერ ხერხდება ამ ინფორმაციის გადამოწმება, მათ შორის ვერ ხერხდება ბრალდებების ობიექტის კომენტარის მოპოვება, მხოლოდ იმის მითითება, რომ წყაროს მიერ არის ინფორმაცია მიწოდებული და ასეთი სახით მისი გავრცელება, წარმოადგენს პირველი პრინციპის დარღევევას.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია:

  1. რუსუდან შელიამ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.

საქმის მასალები:

განცხადება

სადავო მასალა