განმცხადებელი : მოქალაქე ევროპული განვითარებისთვის;
მოპასუხე : მაია მამულაშვილი;
დარღვეული პრინციპები : არ დარღვეულა;
26 აპრილი, 2017 წელი
საქმეზე – ააიპ „მოქალაქე ევროპული განვითარებისთვის“ ნიკოლოზ ესიტაშვილის და მაია მამულაშვილის წინააღმდეგ
საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე
საბჭოს წევრები: თეა ზიბზიბაძე, თამარ უჩიძე, გერონტი ყალიჩავა, თაზო კუპრეიშვილი, მაია მეცხვარიშვილი.
განმცხადებელი: ააიპ „მოქალაქე ევროპული განვითარებისთვის“
მოპასუხე: ნიკოლოზ ესიტაშვილი და მაია მამულაშვილი
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ააიპ-მა „მოქალაქე ევროპული განვითარებისთვის“, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2017 წლის 09 მარტს, ვებგვერდზე knews.ge გამოქვეყნებულ სტატიაში – „შეტევა ადგილობრივ მედიაზე – თელავის მედია კაფე დაიხურა“ – დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი. სტატიის ავტორი არის ნიკოლოზ ესიტაშვილი, ხოლო რედაქტორი – მაია მამულაშვილი.
საქმის განხილვას დაესწრო განმცხადებლის წარმომადგენელი, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტებმა საბჭოს კითხვებს უპასუხეს ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის პირველი პრინციპის მიხედვით „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლესდა საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.
ჟურნალისტური პროდუქტი ეხებოდა თელავის მედია კაფის დახურვას, რომლის ფუნქციონირებისათვის მოპასუხეებს იჯარით ჰქონდათ აღებული ფართი, იჯარის გაგრძელებაზე უარის თქმის შედეგად მედია კაფე დაიხურა. სტატიაში მითითებული იყო, რომ: „თელავის მერიასთან ორწლიანი მოლაპარაკების მიუხედავად, თვითმმართველმაერთეულმა [ქ. თელავის მერია] რედაქციას აღარ გაუგრძელა იჯარის ხელშეკრულება“. განმცხადებელი აპელირებდა, რომ ეს ფაქტი იყო არასწორი, რადგან მერიას არა ჰქონდა ხელშეკრულების არათუ გაგრძელების, არამედ ხელშეკრულების დადების უფლებაც, ვინაიდან ქ. თელავის მერია არ განკარგავს იმ შენობას, სადაც განთავსებული იყო მედია კაფე. განმცხადებლის თქმით, აღნიშნული ფართი უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულებით გადაცემული აქვს ქ. თელავის ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლას და შესაბამისად იჯარის ხელშეკრულების გაგრძელებაზე ან/და არ გაგრძელებაზე გადაწყვეტილების მიღება სწორედ ქ. თელავის ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის პრეროგატივა იყო და არა თვითმმართველი ერთეულის.
საბჭომ გამოიკვლია გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თელავის ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლა დაფუძნებულია ქ. თელავის თვითმმართველი ერთეულის მიერ. მის მიერ არის გადაცემული ქონებაც. სამხატვრო სკოლას ქონების იჯარის გაცემისათვის სჭირდებოდა სწორედ თვითმმართველი ერთეულის თანხმობა.
გარდა ამისა, მოპასუხე ჟურნალისტებმა წარმოადგინეს სხვადასხვა მტკიცებულება, სადაც მერიის წარმომადგენლები აკეთებენ კომენტარებს მედია კაფესთან დაკავშირებით. მაგალითად ერთ-ერთ ინტერვიუში მერიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება [იგულისხმება იჯარის არ გაგრძელება] მიიღეს მათი მათი შვილობილი ააიპის [ქ. თელავის ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლა] ინტერესების გათვალისწინებით, რომ სამხატვრო სკოლას სჭირდებოდა ფართი თავისი საქმიანობის განსახორციელებლად, ასევე მოპასუხემ, რომელსაც იჯარით ჰქონდა აღებული ფართი, აღნიშნა, რომ მას უშუალოდ ჰქონდა მოლაპარაკებები თელავის მერთან იჯარის ხელშეკრულების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ საქმის არსისათვის მნიშვნელოვანი არ იყო იურიდიული კაზუისტიკა, თუ ვინ მოაწერდა უშუალოდ იჯარის ხელშეკრულებას ხელს, ხოლო გარემოებების შეფასების შედეგად საბჭო დარწმუნდა, რომ რეალურად გადაწყვეტილებას იღებდა ქონების მესაკუთრე და ამასთან ააიპ-ის დამფუძნებელი – ქ. თელავის მერია. პირველი პრინციპის დარღვევისათვის მნიშვნელოვანია, რომ უზუსტობა იყოს არსობრივი და არასწორ წარმოდგენას უქმნიდეს მკითხველს ფაქტზე ან და პროცესებზე, შესაბამისად საბჭო მიიჩნევს, რომ იურიდიული დეტალების არასრულყოფილად ასახვა სადავო სტატიაში, იმ წინაპირობით რომ პრობლემის არსი რეალურად გადმოიცა, არ იწვევს ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევას.
სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:
- ნიკოლოზ ესიტაშვილის და მაია მამულაშვილს არ დაურღვევიათ ქარტიის პირველი პრინციპი.