04.11.2018
გადაწყვეტილება03 ნოემბერი 2018 წელი
საქმეზე N 203
საქართველოს ფეხბურთის
ფედერაცია მაგდა კლდიაშვილის წინააღმდეგ
საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე
საბჭოს წევრები: ნინო ჯაფიაშვილი, ლიკა ზაკაშვილი, თეა ზიბზიბაძე, თამარ უჩიძე, გელა მთივლიშვილი, გიორგი სულაძე.
განმცხადებელი: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
მოპასუხე: მაგდა კლდიაშვილი
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ. განმცხადებლის პოზიციით, 2018 წლის 07 მარტს ვებგვერდზე Ipress.ge გამოქვეყნებულ სტატიაში „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩის უსაფრთხოება ირლანდიის წინააღმდეგ „დინამო არენაზე“ 73 725 ლარი დაუჯდა“, დაირღვა ქარტიის პირველი, მესამე და მე-11 პრინციპი. სტატიის ავტორი და შესაბამისად მოპასუხე ჟურნალისტი - მაგდა კლდიაშვილი.
საქმის განხილვას დაესწრო განმცხადებლის წარმომადგენელი, მოპასუხე ჟურნალისტმა საპასუხო პოზიცია წარმოადგინა წერილობითი სახით და ასევე საბჭოს წევრების კითხვებს უპასუხა სატელეფონო კავშირის მეშვეობით.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩის უსაფრთხოებისათვის ირლანდიის წინააღმდეგ არა 73 725 ლარი, არამედ ორჯერ ნაკლები - 36862.5 ლარი დახარჯა.
დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი გარემოება - მაგდა კლდიაშვილმა ოფიციალურად მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ხარჯები იქნა გაწეული ირლანდიასთან მატჩის ორგანიზებისათვის. მიღებულ ხარჯთაღრიცხვაში ინფორმაცია უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ მითითებული იყო შემდეგი სახით:
|
ხარჯების დასახელება |
ხარჯთაღრიცხვა |
ფაქტიური |
5 |
სტადიონი დაცვა |
43500 |
36862.5 |
5.1 |
სფფ სტიუარდები |
7500 |
2862.5 |
5.2 |
ორბი სტიუარდი |
20000 |
20000 |
5.3 |
დაცვის პოლიცია |
16000 |
14000 |
შესაბამისად თამაშის უსაფრთხოებისთვის გაწეული ხარჯები შეადგენდა 36862.5 ლარს, ხოლო მაგდა კლდიაშვილმა სტატიაში მიუთითა ზუსტად ორჯერ მეტი - კერძოდ 73 725 ლარი.
აღნიშნულთან დაკავშირებით მაგდა კლდიაშვილმა განმარტა, რომ მან დაუშვა შეცდომა, კერძოდ პუნქტი 5-ში მითითებულ ჯამურ თანხას [36862.5 ლარს] დაუმატა ქვეპუნქტებში [5.1, 5.2. 5.3] მითითებული თანხები და სათაურში გამოიტანა ორჯერ მეტი ციფრი.
ასევე დადასტურდა, რომ როგორც კი მაგდა კლდიაშვილისათვის ცნობილი გახდა შეცდომის შესახებ [მას ეცნობა საბჭო სამდივნოს მეშვეობით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ შემოტანილი განცხადების მიწოდების საფუძველზე] მან ეთიკის ქარტიის სტანდარტების შესაბამისად - დროულად და ადეკვატურად გამოასწორა დაშვებული შეცდომა. კერძოდ
- აღარ იძებნება სტატია სათაურით „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩის უსაფრთხოება, ირლანდიის წინააღმდეგ „დინამო არენაზე“ 73 725 ლარი დაუჯდა“.
- ახალი სტატიის სათაურია „სფფ-მ ირლანდიასთან თამაშის უსაფრთხოებისთვის 36 862.5 ლარი დახარჯა“, განახლებულ სტატიაში მითითებულია, რომ: „აიპრესის“ მიერ გამოქვეყნებულ ამავე მასალაში, „სფფ-მ ირლანდიასთან თამაშის უსაფრთხოებისთვის 73 725 ლარი დახარჯა“, დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა“. შემდგომ ახსნილია თუ რამ გამოწვია შეცდომის დაშვება.
- განახლებული სტატია, იმის მითითებით, რომ წინა ვერსიაში შეცდომა იყო დაშვებული, ხელახლა გამოქვეყნდა ipress.ge-ს FACEBOOK გვერდზე, ასევე მაგდა კლდიაშვილმა გააზიარა FACEBOOK -ის თემატურ ჯგუფებში.
ზემოაღნიშნული ქმედებები დამაკმაყოფილებელი არ იყო განმცხადებლისათვის, რომლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მაგდა კლდიაშვილს ადრეც ჰქონდა უშეცდომოდ გამოქვეყნებული სტატიები ხარჯთაღრიცხვის შესახებ და რომ ამ შემთხვევაში მან მცდარი ინფორმაცია განზრახ გამოაქვეყნა.
ქარტიის საბჭო აღნიშნავს, რომ ქარტიის დანიშნულება არ არის მხოლოდ ეთიკური პრინციპების დარღვევების იდენტიფიცირება, არამედ მნიშვნელოვანია ეთიკური ჟურნალისტიკის წახალისებაც, განსაკუთრებით მაშინ, როცა ცალსახაა, რომ ჟურნალისტი აცნობიერებს მის მიერ დაშვებულ შეცდომას, ყველა ღონეს ხმარობს ადეკვატურ დროში გამოსასწორებლად და იმავე აუდიტორიისთვის შესწორებული ინფორმაციის მიწოდებას, რომელმა აუდიტორიამაც არასწორი ინფორმაცია მიიღო. როგორც ზემოთ აღინიშნა, მაგდა კლდიაშვილის მიერ შეცდომის იდენტიფიცირებისთანავე, მის მიერ მოხდა მყისიერი რეაგირება და მასალა შეასწორა ქარტიის საბჭოს მიერ დადგენილი მოთხოვნების დაცვით.
საბჭომ ვერ გაიზიარა განმცხადებლის პოზიცია, რომლის თანახმადაც, ვინაიდან მაგდა კლდიაშვილს ადრეც ჰქონდა გამოქვეყნებული სტატიები ხარჯთაღრიცხვის შესახებ და შეცდომა არ დაუშვია, ამით დასტურდება მისი განზრახვა, რომ სადავო მასალაში არასწორი ინფორმაცია მიზანმიმართულად, წინასწარი განზრახვით გაავრცელა.
აღსანიშნავია, რომ არ დგინდება ადრინდელ შემთხვევებში რა ფორმით მიეწოდებოდა ინფორმაცია მაგდა კლდიაშვილს, ჟურნალისტმა საბჭოსთან სატელეფონო ჩართვისას ჯერ აღნიშნა, რომ იმავე ფორმით, შემდგომ კი გაიხსენა შემთხვევა, როცა ტელეფონით მიიღო ინფორმაცია. რომც დავუშვათ, რომ ჟურნალისტი ყოველთვის ერთი და იმავე ფორმით იღებდა ინფორმაციას, მსგავსი სახის ტექნიკური შეცდომებისაგან არავინ არის დაზღვეული. ამავე დროს, როცა ჟურნალისტი აცნობიერებს, აღიარებს დაშვებულ შეცდომას და ასწორებს მას დადგენილი სტანდარტებით, მხოლოდ ფორმალურად გავრცელებული არასწორი ინფორმაციის საფუძველზე არ დგინდება ეთიკის პრინციპების დარღევა. ეთიკის პრინციპების დაცვისთვის მნიშვნელოვანია ჩანდეს თუ რამდენად ცემს პატივს ჟურნალისტი ეთიკურ პრინციპებს. სწორედ პრინციპებისათვის პატივისცემა დადასტურდა მაგდა კლდიაშვილის ქმედებებში, როცა მან ინფორმაცია შეასწორა და შესწორების/დაშვებული შეცდომის შესახებ საჯაროდ აღიარა. მით უფრო იმ ფონზე, როცა ფედერაციამ არ მიუთითა ipress-ს შეცდომაზე და პირდაპირ ქარტიას მომართა განცხადებით. მართალია ნებისმიერი განმცხადებლის უფლებაა ისე მიმართოს საბჭოს, რომ მედიასაშუალებას არ მოსთხოვოს არაზუსტი ინფორმაციის შესწორება, მაგრამ საბჭოს ცდილობს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ხელი არ შეუწყოს ასეთი პრაქტიკის ჩამოყალიბებას და მიაჩნია, რომ უმჯობესია თუკი დაშვებული შეცდომის შესწორების თხოვნით განმცხადებლები თავად მედიასაშულებებს მიმართავენ.
განმცხადებელი ასევე აპელირებდა, რომ მაგდა კლდიაშვილი გამოირჩევა მიკერძოებული დამოკიდებულებით ფეხბურთის ფედერაციის მიმართ და ამის დასადასტურებლად მიუთითა მაგდა კლდიაშვილის პირადი FACEBOOK გვერდის პოსტებზე. საბჭო აღნიშნავს, რომ ჟურნალისტის პირადი FACEBOOK-ის ანგარიშით გამოქვეყნებული პოსტები ავტომატურად არ გულისხმობს მის განზრახვას და არასწორი ინფორმაციის გავრცელების სურვილს. შესაძლოა ჟურნალისტი ზოგჯერ ზედმეტად თამამი განცხადებებით გამოირჩეოდეს სოციალურ ქსელში, თუმცა ეს აპრიორი არ ნიშნავს, რომ მის მიერ შექმნილი ჟურნალისტური პროდუქტი მიკერძოებული იქნება. ფედერაციის წარმომადგენელმა მისი ამგვარი მსჯელობის გამამყარებელი არგუმენტაცია საბჭოს ვერ წარმოუდგინა. საბჭო დადგენილი პრაქტიკით აფასებს ჟურნალისტის მიერ შექმნილ მედია პროდუქტებს, ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. იმ ფონზე, რომ ჟურნალისტმა არაზუსტი მასალის საკუთარი სურვილით შეასწორა, განმცხადებლის ამგვარი მსჯელობა და არგუმენტები საბჭომ ვერ გაიზიარა. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისათვის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილება სანქციას არ ითვალისწინებს და არც ავალდებულებს ჟურნალისტს არაზუსტი ინფორმაციის შესწორებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საბჭომ მაგდა კლდიაშვილის ქმედებებში დაინახა მისი განზრახვა, რომ პატივი ეცა ეთიკური პრინციპებისათვის, პირველი პრინციპის დარღვევა არ დადგინდა.
ქარტიის მე-3 პრინციპის თანხმად “ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია”. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ მოპასუხე ჟურნალისტმა „გააყალბა დოკუმენტები და ინფორმაცია“. როგორც პირველ პრინციპზე მსჯელობისას აღინიშნა, საბჭომ მიიჩნია, რომ არასწორი ინფორმაციის გავრცელება გამოწვეული იყო ტექნიკური შეცდომით და სახეზე არ იყო განზრახ არასწორი ინფორმაციის გავრცელება, შესაბამისად არ დგინდება მე-3 პრინციპის დარღვევა.
ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად: “ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება”, ვინაიდან არ დადგინდა ქარტიის პირველი პრინციპის [არასწორი ინფორმაციის გავრცელება] დარღვევა, შესაბამისად არც მის განზრახ დამახინჯებას არ აქვს ადგილი და ქარტიის მეთერთმეტე პრინციპი დარღვეულად არ ჩაითვლება.
სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:
1. მაგდა კლდიაშვილს არ დაურღვევია ქარტიის პირველი, მესამე და მე-11 პრინციპი.
საქმის მასალები