გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ცოტნე მუსელიანი ეკა გაგუას და მიშა სესიაშვილის წინააღმდეგ
26.02.2019

განმცხადებელი : ცოტნე მუსელიანი;
მოპასუხე : მიშა სესიაშვილი, ეკა გაგუა;
დარღვეული პრინციპები : არ დარღვეულა;

გადაწყვეტილება

26 სექტემბერი 2018 წელი

საქმეზე N 198 და 199 

ცოტნე მუსელიანი ეკა გაგუას და მიშა სესიაშვილის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები: ნინო ჯაფიაშვილი, ლიკა ზაკაშვილი, გელა მთივლიშვილი, მაია მამულაშვილი, თამუნა უჩიძე.

განმცხადებელი: ცოტნე მუსელიანი

მოპასუხე: ეკა გაგუა და მიშა სესიაშვილი

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით [N 198 და N 199] მომართა ცოტნე მუსელიანმა, რომელიც მიიჩნევდა რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის” გადაცემა „კურიერის“ 2018 წლის 29 იანვრის 12:00, 15:00 და 21:00 საათიან გამოშვებებში გასულ სიუჟეტებში დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-3, მე-8 და მე-11 პრინციპი. სადავო სიუჟეტები ეხებოდა ამირან დევნოზაშვილის მრავალშვილიან ოჯახს. სიუჟეტების თანახმად, მამა შვილებს თავისუფლებას არაგონივრულად და შეუსაბამოდ უზღუდავდა. მოპასუხეებად განისაზღვრნენ სიუჟეტების ავტორი ეკა გაგუა და წარმდგენი - მიშა სესიაშვილი.

საქმის ზეპირი განხილვა გაიმართა 2018 წლის 21 ივლისს, რომელსაც დაესწრო განმცხადებელი, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტები სხდომას არ დასწრებიან და არც შეპასუხება წარმოუდგენიათ. საქმის განხილვის დროს განმცხადებელს ეთხოვა დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა, კერძოდ, სიუჟეტში ნახსენები სასამართლო გადაწყვეტილებები, რომელთა თანახმად ამირან დევნოზაშვილს და მის მეუღლეს ჯერ შეეზღუდათ, ხოლო შემდეგ აღუდგათ შვილების წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. დამატებითი მტკიცებულებების წარმოსადგენად განმცხადებელს ვადა განესაზღვრა 2018 წლის 01 სექტემბრამდე, რა დროშიც ინფორმაცია არ იყო მოწოდებული. საქმეზე საბოლოოდ გადაწყვეტილება მიღებული იქნა 2018 წლის 26 სექტემბერს.

სამოტივაციო ნაწილი:

ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.

განმცხადებელის არგუმენტაცია პირველ პრინციპთან დაკავშირებით:

  1. სიუჟეტებში ამირან დევნოზაშვილი მოხსენიებულია როგორც "მოძალადე“, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.
  2. განმცხადებლის პოზიციით არასწორი იყო ჟურნალისტის შემდეგი ფრაზები "ახალი დეტალები სახლში დატყვევებული 8 ბავშვის ცხოვრებიდან" "რატომ ვერ შეძლეს სამართალდამცავებმა 21 წლის განმავლობაში ბავშვების განთავისუფლება" "ბავშვები რომლებიც საკუთარმა მამამ გარესამყაროს მოსწყვიტა ..."
  3. გადაცემაში ნათქვამია თითქოს ამირან დევნოზაშვილი თავის შვილებს სახლიდან არ უშვებს და უკრძალავს თანატოლებთან კონტაქტს, რაც არის არაზუსტი ინფორმაცია.

ქარტიის საბჭო არ იზიარებს განმცხადებლის არგუმენტაციას. ზეპირი განხილვის დროს თავად განმცხადებელმა დაადასტურა, რომ არასრულწლოვანები საცხოვრებელ სახლს გარეთ მხოლოდ მშობლის თანდასწრებით ტოვებდნენ. სიუჟეტში არის არა ერთი წყარო: ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი, სახალხო დამცველი, „ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის“ წარმომადგენელი, ფსიქოლოგები, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის/ცოდნის ფარგლებში ადასტურებენ მშობლების მიერ შვილებისათვის თავისუფლების შეზღუდვას და ამას აფასებენ ფსიქოლოგიურ ძალადობად, ქმედებაში ხედავენ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. თავად ის ფაქტი, რომ არასრულწლოვნებს სკოლაში არასოდეს უვლიათ, ადასტურებს მათი თავისუფლების შეზღუდვას და მათი საუკეთესო ინტერესების უგულვებელყოფას. არასრუწლოვანი შვილები რა თქმა უნდა არიან მშობლების მეურვეობის ქვეშ, მაგრამ მშობელს ეს არ აძლევს უფლებას, რომ განზრახ შეუზღუდოს მათ კონსტიტუციით მინიჭებული ძირითადი უფლებები და თავისუფლებები და ასეთი შეზღუდვა შესაძლებელია შეფასებული იქნას როგორც „იძულება“, „გარესამყაროსათვის მოწყვეტა“, „დატყვევება“.

აქვე აღსანიშნავია, რომ საქმის ზეპირის განხილვიდან გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდში, კერძოდ 2018 წლის აგვისტოში, ამირან დევნოზაშვილი დააკავეს და მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის საფუძველზე წარუდგინეს, რაც იძულებას გულისხმობს.

ქარტიის მე-3 პრინციპის თანახმად „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია“. განმცხადებელი მე-3 პრინციპს დარღვეულად მიიჩნევდა შემდეგი არგუმენტაციის საფუძველზე

1. „ჟურნალისტი ამბობს "...მამას მშობლის უფლება ლენტეხის სასამართლომ ერთხელ უკვე ჩამოართვა, თუმცა, ამავე უწყებამ ამირან დევნოზაშვილს ეს უფლება მალევე აღუდგინა, რაზე დაყრდნობით მიიღო ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ -უცნობია ..." - ჟურნალისტი ან არ გაეცნო მოსამართლის გადაწყვეტილებას სრულად ან სპეციალურად მიჩქმალა ფაქტები, აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტებს რატომღაც აქცენტი აქვთ მამაზე და დედას რატომღაც მოუხსნეს "პასუხისმგებლობა"“. ქარტიის საბჭომ სწორედ ამ არგუმენტაციის გამო სთხოვა განმცხადებელს გადაწყვეტილებების წარმოდგენა, რათა გაცნობოდა გადაწყვეტილებას და შეეფასებინა მართლაც იყო თუ არა გადაწყვეტილებაში რაიმე ისეთი ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენდა საზოგადოების ობიექტური ინტერესის საგანს და მიიჩქმალა. როგორც აღწერილობით ნაწილში აღინიშნა, გადაწყვეტილებები არ იქნა წარმოდგენილი და შესაბამისად ამ ნაწილში მე-3 პრინციპის დარღვევა არ დადგინდა.

2. “გადმოცემულია ინფორმაცია თითქოს "სამოქალაქო სექტორში" თვლიან, რომ სახეზეა რამდენიმე უმძიმესი დანაშაული", კონკრეტული წყარო არ არის მითითებული” განმცხადებლის ეს არგუმენტაცია ფაქტობრივად არის არასწორი, სიუჟეტები შეიცავს არასამათავრობო ორგანიზაციების [მაგ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია] წარმომადგენლების ინტერვიუებს, რომლებიც ამირან დევნოზაშვილის ქმედებებში ხედავენ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.

ქარტიის მე-8 პრინციპის მიხედვით „ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება“. სიუჟეტით გავრცელებული ინფორმაცია რომ არასრულწლოვნები არიან შეზღუდულნი, რომ მათზე შესაძლოა ხორციელდება ფსიქოლოგიური ძალადობა და არ ეძლევათ განათლების უფლება, ნეგატიური შინაარსისაა და იმის გათვალისწინებით რომ სიუჟეტში მოხდა მათი ირიბი იდენტიფიცირება [დასახელებული იყო სოფელი სადაც ცხოვრობდნენ, გვარი და ა.შ.], ამან შესაძლოა მათზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს და პერმანენტული რეტრავმირების საფუძველი გახდეს. მაგრამ განსახილველ შემთხვევაში საბჭო ვალდებულია შეაფასოს ის გარემოებები, რომლებიც არასრულწლოვნების შესახებ ინფორმაციის გავრცელების საფუძველი გახდა.

როგორც პირველი პრინციპის ჭრილში მსჯელობისას აღინიშნა, სიუჟეტის მომზადების საფუძველი გახდა სწორედ არასრუწლოვანთა ინტერესების უხეში დარღვევა [თავისუფლების და განათლების მიღების შეზღუდვა და ა.შ.], მეტიც, გამოძიება დაიწყო არასრულწლოვანების მიმართ სავარაუდო იძულების განხორციელების საფუძვლით. შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ ამბის გაშუქება აუცილებელი იყო სწორად არასრულწლოვნების ინტერესების დასაცავად და ამ სიკეთემ გადაწონა მათი არაპირდაპირი იდენტიფიცირებით გამოწვეული შესაძლო ზიანი. საბჭო ხაზს უსვამს რომ არ მომხდარა არასრულწლოვნების პირდაპირი იდენტიფიცირება, ხოლო არაპირდაპირი იდენტიფიცირების გარეშე შეუძლებელი იყო ისეთი სიუჟეტის მომზადება რომელიც მაყურებელს მიაწვდიდა სრულ ინფორმაციას მომხდარი ფაქტის შესახებ და სარწმუნოს გახდიდა ამბავს.

ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად: “ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება”, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში არ დადგინდა ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა [არასწორი ან გადაუმოწმებელი ფაქტის გავრცელება], შესაბამისად, განზრახვა და მე-11 პრინციპის დარღვევაც არ დგინდება. სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:

1. ეკა გაგუას და მიშა სესიაშვილს არ დაურღვევიათ ქარტიის 1-ლი, მე- 3, მე-8 და მე-11 პრინციპი.