13.03.2019
განმცხადებელი : შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფი;
მოპასუხე : გიორგი გაბუნია;
დარღვეული პრინციპები : არ დარღვეულა;
03 მარტი 2019 წელი
საქმე N 264
შეიარაღებული ძალების
სამოქალაქო კონტროლის ჯგუფი გიორგი გაბუნიას
წინააღმდეგ
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: თამარ უჩიძე, კამილა მამედოვა, ლიკა ზაკაშვილი, გიორგი სულაძე, გელა მთივლიშვილი, გიორგი მგელაძე.
განმცხადებელი: შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფი
მოპასუხე: გიორგი გაბუნია
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში, 2019 წლის 17 თებერვალს, გადაცემა „კურიერი P.S. -ის“ ეთერში, სექსუალური განათლების შესახებ სიუჟეტის წარდგენისას, წამყვანმა გიორგი გაბუნიამ დაარღვია ქარტიის მე-8 პრინციპი.
საქმის შინაარსიდან და გარემოებებიდან გამომდინარე საბჭოს გადაწყვეტილებით, განცხადება განხილული იქნა მხარეთა მონაწილეობის გარეშე, ვინაიდან საბჭოს შეფასებით არ იდგა დამატებითი გარემოებების გამოკვლევის აუცილებლობა და განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია და სადავო სიუჟეტის შეფასება საკმარისი იყო გადაწყვეტილების მისაღებად.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის მერვე პრინციპის თანახმად "ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება".
სიუჟეტის წარდგენისას გიორგი გაბუნიამ აღწერა ქალის რეპროდუქციული ორგანო, აღწერას თან ახლდა ვიზუალიზაცია.
განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ „გადაცემაში არ იქნა გამოყენებული ასაკობრივი შეზღუდვის „ცენზის ნიშნის“ ნიშანი +16. გამომდინარე იქედან რომ აღნიშნული სიუჟეტი შეიძლება ენახათ მცირეწლოვან ბავშვებს მივიჩნევთ რომ რუსთავი 2 მა და გიორგი გაბუნიამ დაარღვიეს ბავშვთა უფლებები, მსგავსი სიუჟეტები მავნე გავლენას ახდენს ბავშვთა ფსიქიკაზე. რისთვისაც მთელს მსოფლიოში [მათ შორის საქართველოშიც] ბავშვების და მოზარდების მავნე ინფორმააციისგან დასაცავად გამოიყენება ასაკობრივი შეზღუდვის ნიშანი. აღმნიშვნელი ნიშნის არსებობის შემთხვევაში მშობლები მოარიდებდნენ ბავშვებს ტელე ეკრანს“.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ დამტკიცების თაობაზე [შემდგომ „კოდექსი“] ადგენს არასრულწლოვანთათვის მავნე ზეგავლენის მომხდენ სამაუწყებლო პროგრამათა კატეგორიებს. კოდექსის თანახმად მაუწყებელი ვალდებულია:
- 12 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებისათვის შეუფერებელი პროგრამები არ განათავსოს 06.00 საათიდან 20 საათამდე.
- 15 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებისათვის შეუფერებელი პროგრამები არ განათავსოს 06.00 საათიდან 23 საათამდე.
კოდექსის თანახმად: 15 წლამდე არასრულწლოვნებისთვის შეუფერებლად ჩაითვლება პროგრამა, თუ ის შეიცავს :
- სქესობრივი აქტის ან სექსუალური ძალადობის ამსახველ გრაფიკულ სცენებს.
- არასრულწლოვნის მონაწილეობით ან გაუკუღმართებული ფორმით სექსუალური ურთიერთობის ამსახველ სცენებს.
- სიშიშვლეს სექსუალურ კონტექსტში, სექსუალურ სცენებს ან მათ გრაფიკულ ასახვას.
როგორც ზემოთ აღინიშნა, სიუჟეტის წარდგენისას გიორგი გაბუნიამ აღწერა ქალის რეპროდუქციული ორგანო, აღწერას თან ახლა ვიზუალიზაცია. შესაბამისად, გამოირიცხება 1 და მე-2 წინაპირობა, რაც შეეხება მე-3 წინაპირობას, კოდექსის თანახმად - „სექსუალური კონტექსტი გულისხმობს სექსუალური ლტოლვის დაკმაყოფილების, თვითდაკმაყოფილების ან სხვათა აღგზნების მიზნით შიშველი სხეულის დემონსტრირებას“.
გიორგი გაბუნიამ ქალის რეპროდუქციული ორგანო აღწერა ბიოლოგიური [არა ჟარგონული] ტერმინებით, ხოლო ვიზუალი არ იყო ნატურალიზირებული და არ ატარებდა სექსუალურ კონტექსტს, შესაბამისად არ იყო ვალდებულება + 15 ასაკობრივი შეზღუდვის დაწესების.
სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
1. გიორგი გაბუნიას არ დაურღვევია ქარტიის მე-8 პრინციპი.