გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - გიორგი თეთრაძე გიორგი გასვიანის წინააღმდეგ
13.03.2019

განმცხადებელი : გიორგი თეთრაძე;
მოპასუხე : გიორგი გასვიანი;
დარღვეული პრინციპები : 7 პრინციპი;
გადაწყვეტილება

 03 მარტი 2019 წელი

საქმე N 258
გიორგი თეთრაძე გიორგი გასვიანის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები
: თამარ უჩიძე, კამილა მამედოვა, ლიკა ზაკაშვილი, გიორგი სულაძე, გელა მთივლიშვილი, გიორგი მგელაძე.

განმცხადებელი
: გიორგი თეთრაძე

 მოპასუხე:
გიორგი გასვიანი

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა გიორგი თეთრაძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2019 წლის 2 თებერვალს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, ყოველკვირეულ გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“, გადაცემის წამყვანის, გიორგი გასვიანის მიერ დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი.

 საქმის შინაარსიდან და გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს გადაწყვეტილებით, განცხადება განხილული იქნა მხარეთა მონაწილეობის გარეშე, ვინაიდან საბჭოს შეფასებით არ იდგა დამატებითი გარემოებების გამოკვლევის აუცილებლობა და სადავო სიუჟეტი/განცხადება საკმარისი იყო გადაწყვეტილების მისაღებად.

სამოტივაციო ნაწილი:

ქარტიის მეშვიდე პრინციპის თანახმად „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“ . განმცხადებელი მიუთითებდა, რომ გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ გაჟღერდა ქალთა მიმართ ძალადობისა და დამამცირებელი მოპყრობის წამახალისებელი, დისკრიმინაციული განცხადება. გადაცემის წამყვანის, გიორგი გასვიანის მიერ დასმულ შეკითხვაზე “უძალადია თუ არა აჩი ფურცელაძეს ქალზე?” გადაცემის სტუმარი აჩი ფურცელაძე პასუხობს “კი”, ფიქსირდება რომ ეს პასუხი არის სიმართლე. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ აღნიშნული ეპიზოდი თავისი შინაარსით ახდენს ქალზე ძალადობრივი აქტის ჩვეულებრივ ქმედებად წარმოაჩენს.

 შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2018 წელს ქალზე ფიზიკური ძალადობის 1705 ფაქტი დაფიქსირდა ოფიციალურად. გაეროს ქალთა ორგანიზაციის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და ევროკავშირის მიერ ერთობლივად ჩატარებული კვლევის თანახმად საქართველოში ყოველი 7 ქალიდან 1 ოჯახში ძალადობის მსხვერპლია, ცალსახაა, რომ ქალზე ძალადობა მნიშვნელოვანი პრობლემა და გამოწვევაა საქართველოში.

 ამის ფონზე როდესაც რესპონდენტი ჟურნალისტს აწვდის ინფორმაციას, რომ მას ქალზე უძალადია, ეს არ უნდა იქნას აღქმული როგორც ჩვეულებრივი ამბავი და წამყვანმა ცალსახად უნდა დააფიქსიროს ნეგატიური დამოკიდებულება ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ. ნიშანდობლივია სტუდიაში სტუმრად მყოფი სალომე გოგიაშვილის რეაქციაც, რომელიც ამბობს, „ეგ გამიტყდა, რომ არ ვიცი ვისზე იძალადე“, საიდანაც ჩანს, რომ მისი უკმაყოფილება გამოიწვია არა ძალადობის ფაქტმა, არამედ იმან, რომ არ იცოდა ამ ფაქტის შესახებ. ქალზე ძალადობას აჩი ფურცელაძე განმარტავს ისე, თითქოს იმიტომ იძალადა რომ შოკირებულის გონზე მოყვანა სურდა. ამ შემთხვევას აღწერს შემდეგი სიტყვებით: „წკაპ სახეში ერთი მივეცი [იგულისხმება „დავარტყი“] და უცებ აზრზე მოვიდა [იგულისხმება რომ პანიკიდან გამოვიდა]“, „საკმაოდ კარგად მოხვდა“. ამ ეპიზოდით ქალზე ძალადობა გაუბრალოებულია, მეტიც წამყვანი სახეში ხელის დარტყმაზე აზუსტებინებს აჩი ფურცელაძეს „მაგრამ მაინც მიგაჩნია რომ ეს იყო ძალადობა?“, შთაბეჭდილება იქმნება, რომ თითქოს სახეში ხელის დარტყმა შეიძლება ძალადობა არც იყოს. წამყვანი ძალადობის დეტალებსაც უღრმავდება „მაგრად დაარტყი ?“ „გაგიბრაზდა?“. აჩი ფურცელაძე ქალის დისკრიმინაციას სხვა ფრაზითაც ახდენს „აფორიაქებული ქალი ძალიან რთული დასაწყნარებელია ყველა ვარიანტში” ანუ ქალთა სქესს წარმოაჩენს როგორც შედარებით გაუწონასწორებულს და ემოციურს. ერთადერთი რეპლიკა რომლითაც ნეგატიურად გამოეხმაურა წამყვანი ქალზე ძალადობას იყო „ეს მძიმე აღიარებაა“

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა [წამყვანი] ყველა ღონე არ იხმარა დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად. ქალი გამოყვანილია როგორც ობიექტი, რომელზეც ძალადობა გაუბრალოებულია, ამას კიდევ უფრო ამძაფრებს მსჯელობა - ხელის გარტყმა შეიძლება ჩაითვალოს თუ არა ძალადობად, როცა ამ ძალადობას „უფრო დიდი მიზანი“ აქვს - „პანიკიდან გამოყვანა“, თითქოს ძალადობა გადაუდებელი აუცილებლობა იყო. ჟურნალისტმა ხელი შეუწყო ქალთა დისკრიმინაციას და იმ სტიგმის გაძლიერებას, რომ ქალზე გარკვეული სახით ან/და „დოზით“ ძალადობა აუცილებელი და მისაღები ქმედება შეიძლება იყოს, ჟურნალისტმა ცალსახად არ აღნიშნა, ქალზე ძალადობის მიუღებლობა და სტუმარს საშუალება მისცა ძალადობის ფაქტზე, როგორც ჩვეულებრივ ამბავზე, ისე ესაუბრა.

 სარეზოლუციო ნაწილი:

 ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1. გიორგი გასვიანმა დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი.

საქმის მასალები: