გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - აიდან იუსუბოვა დავით დვალიშვილის წინააღმდეგ
26.03.2019

განმცხადებელი : აიდან იუსუბოვა;
მოპასუხე : დავით დვალიშვილი;
დარღვეული პრინციპები : 7 პრინციპი;
გადაწყვეტილება

23 მარტი 2019 წელი

საქმე N 266
აიდან იუსუბოვა დავით დვალიშვილის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: გიორგი მგელაძე, გელა მთივლიშვილი, კამილა მამედოვა, ლიკა ზაკაშვილი, ირმა ზოიძე, გიორგი სულაძე, მაია მერკვილაძე, თამუნა უჩიძე.

განმცხადებელი: აიდან იუსუბოვა

მოპასუხე: დავით დვალიშვილი

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა აიდან იუსუბოვამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2019 წლის 02 მარტს, ტელეკომპანია “რუსთავი 2 ის” ეთერში, 12:00 საათიან გამოშვება “კურიერში” გასულ სიუჟეტში დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი. სადავო მასალა ეხებოდა ფონიჭალაში სავარაუდო ნარკორეალიზატორების დაკავების მიზნით ერთდროულად რამდენიმე ადგილას ჩატარებულ სპეცოპერაციას. სიუჟეტის ავტორი და შესაბამისად მოპასუხე ჟურნალისტი - დავით დვალიშვილი.

საქმის განხილვის თავისებურება:
გადაწყვეტილება მიღებული იქნა საბჭოს წევრების მიერ პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის მე-7 პრინციპის თანახმად “ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”. სადავო სიუჟეტში ჟურნალისტი დავით დვალიშვილი სპეცოპერაციის დეტალებზე საუბრობს პირდაპირ ეთერში, რა დროსაც იგი აღნიშნავს, რომ „სავარაუდოდ დაკავებულია ათზე მეტი პირი, აზერბაიჯანელი“, „[ადგილობრივების განცხადებით] სწორედ სპეცრაზმის წარმომადგენლებმა დადეს იქ აკრძალული ნივთიერება და უკვე შემდგომ მათი ფლობა დააბრალეს ეთნიკურად აზერბაიჯანელებს“ ანუ ხაზს უსვამს სავარაუდო ნარკორეალიზატორ[ებ]ის ეთნიკურ წარმომავლობას. განმცხადებლის პოზიციით, სახეზეა დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით.

მის პოზიციას იზიარებს საბჭო, ქარტიის მიერ შემუშავებული კრიმინალის გაშუქება – სახელმძღვანელო წესების თანახმად, „დაუშვებელია ბრალდებულის ეთნიკური, რელიგიური ან სხვა სახის იდენტობის დაკავშირება დანაშაულთან, ან მისი იდენტობის ხსენება, თუკი ის პირდაპირ არ უკავშირდება დანაშაულის მოტივს“, განსახილველ შემთხვევაში სავარაუდო დანაშაული იყო ნარკორეალიზაცია, რომელიც არ უკავშირდება რაიმე სახის იდენტობას. ეთნიკურ იდენტობაზე ხაზგასმით იზრდება სტიგმატიზირების საფრთხე, ალბათობა, რომ დანაშაულის ეს სახე - „ნარკორეალიზაცია“ დაუკავშირდეს რომელიმე ეთნიკურ ჯგუფს, რაც ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპებისათვის მიუღებელია და იწვევს ქარტიის მე-7 პრინციპის დარღვევას.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
1. დავით დვალიშვილმა დაარღვია ქარტიის მე -7 პრინციპი.