29.04.2019
საქართველოს ჟურნალისტური
ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომის ოქმი N 2019-03
2019 წლის 22 აპრილს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მიერ დამტკიცდა მედიაცია.
- ქარტიის საბჭოს განცხადებით [განცხადების ნომერი N 278] მომართა სსიპ ქალაქ თბილისის N139 საჯარო სკოლამ, რადიო თავისუფლების წინააღმდეგ.
- განცხადება ეხებოდა 2019 წლის 15 აპრილს, რადიო თავისუფლების მიერ გამოქვეყნებულ სტატიას სახელწოდებით "ექვს თვეში საქართველოს საჯარო სკოლებში პოლიცია 374-ჯერ გამოიძახეს". სტატია მომზადებული იყო იმ კვლევის საფუძველზე, რომელიც მოიცავდა 2018 წლის 17 სექტემბრიდან 2019 წლის აპრილამდე პერიოდს და აღწერდა საჯარო სკოლაში გამოვლენილი დარღვევების სტატისტიკას. მათ შორის მოითითებული იყო, რომ ამ პერიოდში საჯარო სკოლებში საპატრულო პოლიციის გამოძახება 374-ჯერ გახდა საჭირო. აღნიშნულ სტატიას თან ერთვოდა ქალაქ თბილისის N139 საჯარო სკოლის ფოტო, პოლიციის ამკრძალავი ლენტით. განმცხადებლის პოზიციით, ფოტო გადაღებულია დიდი ხნის წინ და სტატიაზე მისი თანდართვით იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ კვლევის პერიოდში [2018 წლის 17 სექტემბრიდან 2019 წლის აპრილამდე], ქალაქ თბილისის N139 საჯარო სკოლაშიც გახდა საჭირო პატრულის გამოძახება, რაც განმცხადებლის ინფორმაციით, სიმართლეს არ შეესაბამებოდა და იწვევდა ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევას. ამ პრინციპის თანახმად, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.
- ქარტიის საბჭოს მიერ რადიო თავისუფლებისათვის განცხადების მიწოდების შემდეგ მედიასაშუალების მიერ სტატია შესწორდა - შეიცვალა ფოტო და მიეთითა, რომ წინა ფოტო არა შეესაბამებოდა სტატიის შინაარსს, ასევე წაიშალა სტატია რადიო თავისუფლების FACEBOOK გვერდიდან.
- წინამდებარე ოქმის მე-3 მუხლში მითითებული გარემოების გათვალისწინებით საბჭომ მიიჩნია, რომ მხარეებს შორის შესაძლებელი იყო მედიაცია, რაც შესთავაზა მხარეებს. თავის მხრივ განმცხადებელი და მოპასუხე დაეთანხმნენ მედიაციის მექანიზმს.
- სსიპ ქალაქ თბილისის N139 საჯარო სკოლის განცხადებაზე საქმის წარმოება შეწყდა მხარეთა შორის მედიაციის საფუძველზე.