გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - რეგიონული გაძლიერება დემოკრატიისთვის სოფო რაჭველის წინააღმდეგ
22.05.2019

განმცხადებელი : რეგიონული გაძლიერება დემოკრატიისთვის;
მოპასუხე : სოფო რაჭველი;
დარღვეული პრინციპები : 7 პრინციპი;
გადაწყვეტილება

13 მაისი 2019 წელი

საქმე N 283
 "რეგიონული გაძლიერება დემოკრატიისთვის" სოფო რაჭველის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: გიორგი მგელაძე, კამილა მამედოვა, გიორგი სულაძე, მაია მერკვილაძე, თამარ უჩიძე.

განმცხადებელი: ორგანიზაცია რეგიონული გაძლიერება დემოკრატიისთვის

მოპასუხე: სოფო რაჭველი

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ორგანიზაციამ რეგიონული გაძლიერება დემოკრატიისთვის, რომელიც მიიჩნევდა, რომ ტელე-რადიო კომპანია "რიონის", გადაცემა "ჩვენი შუადღის” 2019 წლის 8 მაისის გამოშვებაში დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა წამყვანი სოფო რაჭველი, რომელსაც შეპასუხება არ წარმოუდგენია.

საქმის განხილვის თავისებურება: გადაწყვეტილება მიღებული იქნა საბჭოს წევრების მიერ პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.

სამოტივაციო ნაწილი 

ქარტიის მე-7 პრინციპის თანახმად “ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”. გადაცემის წამყვანს, სოფო რაჭველს სტუმრის სტატუსით მოწვეული ჰყავდა ბესო ჩუბინიძე და ძირითად მსჯელობდნენ 17 მაისზე, როგორც ოჯახის სიწმონდის დაცვის დღეზე. გადაცემის მსვლელობის დროს სტუმარი იყენებდა სიძულვილის ენას და იმ ტერმინებს ლგბტქი ადამიანების მიმართ, რომლებიც ჰომოფობიური ჩაგვრის ვერბალურ ინსტრუმენტებად გამოიყენება - “პიდარასტები", "პედოფილები" "ქართული მორალის მტრები". ამის პარალელურად ჟურნალისტი, რომლის ვალდებულებაა ხელი არ შეუწყოს დისკრიმინაციას და სიძულვილის ენას, არა თუ გაემიჯნა სტუმრის პოზიციას, არამედ თავად იქცა სიძულვილის ენის და დისკრიმინაციის წყაროდ, მაგალითად თავადაც მოიხსენია ლგბტქი პირები ჰომოფობიური, სიძულვილის ენის შემცველი ტერმინებით.

საგულისხმოა, რომ 17 მაისს მსოფლიო ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს, თუმცა, ამ დღის აღნიშვნა თავისუფლად, ყოველგვარი პრობლემების გარეშე ვერ შეძლო ლგბტქი თემმა და ზოგადად საზოგადოებამ. სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში არსებული ჰომოფობიური დამოკიდებულებები ხშირად ხდება ლგბტქი თემის წარმომადგენლების მიმართ დისკრიმინაციის საფუძველი. უფრო მეტიც, სწორედ სექსუალური ორიენტაციის გამო ისინი ხდებიან ჩაგვრის და ძალადობის მსხვერპლები. სახალხო დამცველი ასევე აღნიშნავს, რომ პრობლემურია ლგბტქი პირების მდგომარეობა შრომის ადგილას არსებული დისკრიმინაციული გარემოს გამო. ლგბტქი უფლებადამცველები კი, რომლებიც თავს ლგბტქი თემთან აიგივებენ, ძალადობის, განსაკუთრებით კიბერბულინგის გაზრდილი რისკის ქვეშ არიან.

ამ ფონზე გადაცემაში მკვეთრად გამოხატული ჰომოფობიური განწყობების მქონე სტუმრის მიყვანა და ჰომობოფიასთან თუ ტრანსფობისთან ბრძოლაზე საუბრის ნაცვლად ლგბტქი ადამიანების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება ცხადია, აძლიერებს ჰომოფობიას. ამგვარი გაშუქებით მედია ხელს უწყობს ნეგატიური დამოკიდებულების გაღრმავებას და ახალისებს ძალადობას როგორც თემის წევრების, ასევე მათი უფლებების დამცველების მიმართ.

ქარტიის საბჭომ არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა სიძულვილის ენასთან ბრძოლის პროცესში მედიის მნიშვნელოვანი როლის შესახებ. კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ჟურნალისტის ვალდებულებაა არათუ ხელი არ შეუწყოს ჰომოფობიის გავრცელებას, არამედ რესპონდენტის მიერ სიძულვილის ენის გამოყენებისას გაემიჯნოს მას და საზოგადოებას განუმარტოს, რომ ამგვარი ლექსიკა მიუღებელია.

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  • სოფიო რაჭველმა დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი
სადავო მასალა