22.05.2019
გადაწყვეტილება11 მაისი 2019 წელი
საქმეებზე
N 269 ხატია ბეროძე რუსთავი 2-ის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ,
N 270 ხატია ბეროძე გიორგი სულაძის წინააღმდეგ
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: გიორგი მგელაძე, გელა მთივლიშვილი, კამილა მამედოვა, ლიკა ზაკაშვილი, მაია მერკვილაძე.
განმცხადებელი: ხატია ბეროძე
მოპასუხე:
- "რუსთავი 2-ის" არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი,
- "ინტერპრესნიუსის" ჟურნალსიტი, გიორგი სულაძე
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებებით [საქმე N269 და N270] მომართა ხატია ბეროძემ, რომელიც მიიჩნევდა რომ 2019 წლის 26 მარტს, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის”, 10 საათიან “კურიერში” და ამავე დღეს ვებსაიტებზე, ipn.ge და palitranews.ge განთავსებული ჟურნალისტური პროდუქტებით დაირღვა ქარტიის პირველი და მე-3 პრინციპი.
“რუსთავი 2-ის” მიერ მომზადებულ სადავო მასალაზე არ იყო მითითებული მასალის ავტორი. საბჭოს სამდივნოს მიმართვის მიუხედავად მისი ვინაობა ტელეკომპანიამ საბჭოს არ აცნობა. ipn.ge განთავსებული სტატიაზე კი მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა გიორგი სულაძე.
საქმის განხილვას დაესწრო განმცხადებელი და მოპასუხე ჟურნალისტი - გიორგი სულაძე. სხდომის მიმდინარეობისას განმცხადებელმა მოხსნა თავის მოთხოვნა palitranews.ge-ზე განთავსებულ ვიდეოსიუჟეტთან დაკავშირებით.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”. როგორც სადავო სიუჟეტი [რუსთავი 2], ისე სტატია [ipn.ge] ეხებოდა მოსახლეობის აქციას, მათ ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზა გადაკეტეს და ასე გააპროტესტეს სოფელ კურსებისთვის მათი დასახლების მიკუთვნება. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათი კუთვნილი ტერიტორია მანამდე სოფელ გელათს ეკუთვნოდა, ცვლილების შემდეგ კი პრობლემები შეექმნათ.
განმცხადებლის აზრით არასწორი ინფორმაცია იყო:
- დასახლება მიაკუთვნეს სოფელ კურსების, ვინაიდან , მისი თქმით, დასახლება ყოველთვის კურსებს ეკუთვნოდა, უბრალოდ ახლა დამისამართდა.
- პროტესტის მონაწილეთა განცხადებები, რომ მათ დასახლებაში დაეცა მიწის და სასტუმრო მომსახურების ფასები.
ქარტიის საბჭო განმარტავს, იმ დაშვების პირობებშიც კი, რომ მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების აქტების განმცხადებლისეული განმარტება სწორია, ფაქტია რომ დასახლების მცხოვრებთა პირადობის მოწმობებში მისამართად მითითებული იყო გელათი და შესაბამისად ისინი თავს თვლიდნენ გელათის მაცხოვრებლებად, მას შემდეგ რაც უკვე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების განახლებისას მისამართად ჩაუწერეს “კურსები”, ლოგიკურად ჩათვალეს, რომ დასახლება “მიაკუთვნეს” კურსებს. განმცხადებლის არგუმენტაცია რომ ტერმინი “მიკუთვნება” არასწორია და უნდა იყოს “დამისამართდა” არსებითად არასწორ ინფორმაციას არ განეკუთვნება, ვინაიდან ამ შემთხვევაში მოსახლეობის პროტესტის არსი გასაგები იყო აუდიტორიისათვის, რომ მათ საცხოვრებელ ადგილს შეეცვალა მისამართი.
რაც შეეხება მეორე პრეტენზიას, “არასწორი ინფორმაციაა, პროტესტის მონაწილეთა განცხადებები, რომ მათ დასახლებაში დაეცა მიწის და სასტუმრო მომსახურების ფასები”. თავდაპირველად აღსანიშნავია, რომ არც ერთ სადავო სიუჟეტში ეს ფაქტები დადასტურებული სახით არ გავრცელებულა და ცხადი იყო, რომ ინფორმაციის წყარო იყო ერთი მხარე, კერძოდ აქციის მონაწილეები. ასევე, სადავო მასალა იყო აქციის გამართვიდან მალევე მომზადებული ახალი ამბების ფორმატის ტექსტი, რომელიც მიზნად ისახავდა აუდიტორიისთვის მიმდინარე მოვლენის შესახებ ინფორმაციის სწრაფ მიწოდებას. ამგვარი ფორმატის მასალების მიმართ ვერ იქნება წაყენებული ისეთი მოთხოვნები, რაც შეიძლება მიესადაგოს ჟურნალისტურ პროდუქტს, რომელიც უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მზადდება. გზის გადაკეტვა სულ რამდენიმე წუთი გაგრძელდა და აქციის მონაწილეთა პოზიციის დროის რეალურ რეჟიმში გაშუქება იყო ჟურნალისტის ამოცანა. მას არ შეიძლება მოეთხოვოს პრობლების გამოკვლვევის და გადამოწმების უფრო მაღალი სტანდარტი, ამასთან, როგორც აღინიშნა, რომ ფაქტები არ გავრცელებულა როგორც დადასტურებული ინფორმაცია და სრულად ეყრდნობოდა ადგილობრივების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას.
ქარტიის მე-3 პრინციპის “თანახმად ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია” განცხადებლმა მე-3 პრინციპის ჭრილში მიუთითა იმავე არგუმენტებზე, რომლებზეც ქარტიის საბჭომ იმსჯელა პირველი პრინციპის ნაწილში, დამატებით აღნიშნული არგუმენტაციაში ვერ მოიკვლია გარემოებები, რომლებიც ადასტურებდნენ მესამე პრინციპის რომელიმე ნაწილის დარღვევას.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
- რუსთავი 2-ის არაიდენტიფიცირებულ ჟურნალისტს და გიორგი სულაძეს არ დააურღვევიათ ქარტიის პირველი და მე-3 პრინციპი
სადავო მასალები: