გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ლელა კურდღელაშვილი მარიამ გაფრინდაშვილის წინააღმდეგ
10.07.2019

განმცხადებელი : ლელა კურდღელაშვილი;
მოპასუხე : მარიამ გაფრინდაშვილი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 3 პრინციპი; 5 პრინციპი; 11 პრინციპი;
გადაწყვეტილება
07 ივნისი 2019 წელი

საქმე N 275
ლელა კურდღელაშვილი მარიამ გაფრინდაშვილის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: გიორგი მგელაძე, კამილა მამედოვა, ლიკა ზაკაშვილი, ლაურა გოგოლაძე, გელა მთივლიშვილი.

განმცხადებელი: ლელა კურდღელაშვილი

მოპასუხე: მარიამ გაფრინდაშვილი

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ლელა კურდღელაშვილმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" ეთერში 2019 წლის 16 მარტის "შაბათის კურიერში" გასულ სიუჟეტში "ტროლები "ოპონენტებისთვის" დაირღვა ქარტიის 1,3, 4, 5 და 11 პრინციპი. სადავო სიუჟეტის ავტორი და შესაბამისად მოპასუხე ჟურნალისტი - მარიამ გაფრინდაშვილი.

საქმის განხილვას დაესწრო განმცხადებელი ლელა კურდღელაშვილი. მოპასუხე ჟურნალისტი განხილვას არ დასწრებია და არც საპასუხო პოზიცია არ წარმოუდგენია.

სამოტივაციო ნაწილი 

ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”. სადავო სიუჟეტი ეხება ე.წ. „ტროლებს“, რომლებიც, ჟურნალისტის მტკიცებით, პარტია ქართული ოცნების დავალებით ყალბ ინფორმაციებს ქმნიან. სიუჟეტში ერთ-ერთი ანონიმი რესპონდენტი ამბობს, რომ მას ყალბი ინფორმაციის გავრცელება და პოლიტიკოსების გაშარჟება დაავალეს და ამ მიზნით 2017 წლის თბილისის მერის არჩევნების წინ, პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში შეხვდა კოკა ყანდიაშვილს, ხოლო ამ შეხვედრის შემდეგ ურთიერთობა ჟურნალისტ ლელა კურდღელაშვილთან გააგრძელა. მისი თქმით, ლელა კურდღელაშვილმა იცოდა თუ რა მიზნით შეხვდა მას კოკა ყანდიაშვილი.  სიუჟეტით აუდიტორიას მიეწოდება ინფორმაცია, რომ ლელა კურდღელაშვილს მჭიდრო კავშირი „ტროლებთან“ აქვს ე.წ. „ტროლების ფაბრიკასთან“.

ზემოაღნიშნულიდან ცალსახაა, რომ ჟურნალისტი ერთ კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ პირებთან, რომლებიც ყალბ ინფორმაციას და შარჟებს ქმნიდნენ პოლიტიკოსებზე, ოპოზიციის წევრებზე, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებზე, თანამშრომლობდა ჟურნალისტი ლელა კურდღელაშვილი. განმცხადებელი კი ამ ინფორმაციას უარყოფს.

სადავო სიუჟეტის განხილვისას ქარტიის საბჭო ასევე გაეცნო სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" ეთერში 2019 წლის 09 მარტის "შაბათის კურიერში" გასულ სიუჟეტსაც, რომლის ავტორი ასევე იყო მარიამ გაფრინდაშვილი. ისიც ეხებოდა ე.წ. „ტროლებს“. 09 მარტის სიუჟეტშიც მოხსენიებული იყო ლელა კურდღელაშვილი, როგორც პირი, რომელიც მუშაობდა „ტროლების ყალბი ახალი ამბების ფაბრიკაში“, ხოლო ეს „ფაბრიკა“ თავის მხრივ განთავსებული იყო რუსთაველის ქუჩა N12 -ში. 16 მარტის სიუჟეტისაგან განსხვავებით 09 მარტის სიუჟეტი შეიცავს სატელეფონო ინტერვიუს ლელა კურდღელაშვილთან, რომელიც უარყოფს ე.წ. „ტროლების ფაბრიკასთან“ კავშირს და აცხადებდა, რომ რუსთაველის ქუჩა N 12 -ში განთავსებულია მისი პროექტის „ეს პერსონას“ ოფისი/რედაქცია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახაა, მარიამ გაფრინდაშვილმა იცოდა, რომ ლელა კურდღელაშვილი უარყოფდა „ტროლებთან“ კავშირს, მაგრამ მიუხედავად ამისა, 16 მარტის სიუჟეტში ლელა კურდღელაშვილს კვლავ დასდო ბრალი „ტროლებთან“ კავშირში თან ისე, რომ არ ჩაწერა ის, არ მისცა საშუალება დაეფიქსირებინა პოზიცია სიუჟეტში მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებასთან დაკავშირებთ, არ გამოაქვეყნა მასთან 09 მარტს ჩაწერილი ინტერვიუ ან/და არ ახსენა, რომ ლელა კურდღელაშვილი უარყოფდა ამ ფაქტს.

ვინაიდან რესპონდენტი, კონფიდენციალური წყარო, ლელა კურდღელაშვილთან დაკავშირებით აღწერდა კონკრეტულ გარემოებას [მაგ. შეხვედრა პარტია ქართული ოცნების ოფისის ოფისში 2017 წელს], ასევე მიზანშეწონილი იყო, ამ გარემოებასთან დაკავშირებით დამატებით მოეპოვებინა ლელა კურდღელაშვილის პოზიცია/კომენტარი. ვინაიდან არ არსებობდა „ტროლების ფაბრიკასთან“ ლელა კურდღელაშვილის კავშირის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება გარდა ერთი წყაროსი და ამასთან ლელა კურდღელაშვილს არ მიეცა შეპასუხების საშუალება, დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი, ჟურნალისტმა არ სცა პატივი სიმართლეს და არ მიაწოდა მაყურებელს ყველა მხარის პოზიცია.

ქარტიის მე-3 პრინციპის მიხედვით „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია, ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია“. განმცხადებელი მე-3 პრინციპს დარღვეულად თვლიდა ფაქტების მიჩქმალვის ნაწილში. ქარტიის საბჭოც დარღვეულად თვლის მე-3 პრინციპს აღნიშნული საფუძველით. როგორც პირველი პრინციპის ჭრილში მსჯელობისას აღინიშნა, ჟურნალისტმა იცოდა ლელა კურდღელაშვილის პოზიცია, რომ იგი უარყოფა „ტროლებთან“ კავშირს, მიუხედავად ამისა, ჟურნალისტმა 9 მარტს ეთერში გასული ინტერვიუს ჩანაწერი არ გამოიყენა 16 მარტის სიუჟეტში ანუ მიჩქმალა მნიშვნელოვანი ფაქტი - მეორე მხარის პოზიცია. ჟურნალისტმა არც თვითონ, საკუთარ საავტორო ტექსტშიც არ აღნიშნა, რომ ლელა კურდღელაშვილი ტროლებთან კავშირს უარყოფდა.

ქარტიის მე-4 პრინციპის თანახმად, "ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს". სადავო სიუჟეტში, როცა ჟურნალისტი კონფიდენციალურ რესპონდენტს ეკითხება ლელა კურდღელაშვილის შესახებ, ჩანს ლელა კურდღელაშვილის ფოტო. ლელა კურდღელაშვილი აპელირებდა, რომ მისი ფოტო მოპოვებული იყო არაკეთილსინდისიერი მეთოდით. აღნიშნულ საკითხში ქარტიის საბჭომ არ გაიზიარა განმცხადებლის პოზიცია. როგორც დადგინდა, ლელა კურდღელაშვილის ფოტო აღებულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შექმნილი ამომრჩეველთა ერთიანი ბაზიდან, რომელიც საჯაროა. ამგვარი ფოტოს მოპოვება შესაძლებელია პირის გვარისა და პირადი ნომრის მითითებით. თავის მხრივ პირადი ნომერი ასევე შეიძლება მოპოვებული იქნას ოფიციალური საჯარო ბაზებიდან თუ პირი რამე სახის ქონებას ფლობს ან არის რომელიმე კომპანიის დირექტორი/მოწილე.

ქარტიის მე-5 პრინციპის მიხედვით „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“. ქარტიის საბჭოს განმცხადებელმა წარმოუდგინა მტკიცებულება, რომ სადავო სიუჟეტის გასვლის შემდეგ მან სოციალური ქსელის მეშვეობით ნოდარ მელაძეს [საინფორმაციო სამსახურის უფროსი] და მარიამ გაფრინდაშვილს აცნობა თავისი უკმაყოფილება 16 მარტის სიუჟეტთან დაკავშირებით და უარყო სიუჟეტში გასული ინფორმაცია მის შესახებ, მიუხედავად ამისა, სიუჟეტი არ შესწორებულა არც ერთი ფორმით, არც დამატებით არ მიუწოდებია მაყურებლისათვის ჟურნალისტს ლელა კურდღელაშვილის კომენტარი, რითაც დაირღვა ქარტიის მე-5 პრინციპი.

ქარტიის მე-11 პრინციპი „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“ ქარტიის პირველი პრინციპთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ ლელა კურდღელაშვილის პოზიცია [ბრალდების უარყოფა] ჟურნალისტმა არ მიაწოდა მაყურებელს, რითაც არასრულად და დამახინჯებულად გადასცა ინფორმაცია. საბჭომ განხილვისას დაადგინა, რომ სიუჟეტი ლელა კურდღელაშვილის ეპიზოდში იყო არაზუსტი,  ჟურნალისტს სათანადოდ არ გადაუმოწმებია. უფრო მეტიც, ამბის სრულად გადმოსაცემად აუცილებელი იყო მოპასუხე მხარის პოზიციაც გაეცნოთ მაყურებლისთვის, ჟურნალისტმა კი ეს პოზიცია იცოდა, ჰქონდა ჩაწერილი კომენტარი, თუმცა, სიუჟეტში არ აჩვენა. ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ ჟურნალისტის, რედაქციის პოზიცია იყო წინასწარ განზრახული და სიზუსტის დარღვევა არ მომხდარა შემთხვევით, გაუთვალისწინებლად. ამ აზრს ამყარებს რუსთავი 2-ის მიერ ამ თემაზე მომზადებული რამდენიმე სიუჟეტის ანალიზიც, რაც ტოვებს არაზუსტი, დაუდასტურებელი ფაქტების განზრახ ტირაჟირების შთაბეჭდილებას . ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საბჭო მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა ფაქტების განზრახ დამახინჯებას.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1. მარიამ გაფრინდაშვილმა დაარღვია ქარტიის 1, მე-3, მე-5 და მე-11 პრინციპი.
2. მარიამ გაფრინდაშვილს არ დაურღვევია ქარტიის მე-4 პრინციპი.