10.07.2019
გადაწყვეტილება19 ივნისი 2019 წელი
საქმე N 284
გოჩა უგლავა მაია ასათაინის
წინააღმდეგ
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: გიორგი მგელაძე, კამილა მამედოვა, ლიკა ზაკაშვილი, ლაურა გოგოლაძე.
განმცხადებელი: გოჩა უგლავა
მოპასუხე: მაია ასათაინი
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა გოჩა უგლავამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2019 წლის 02 მაისს, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში, გადაცემა „პროფილში“, წამყვან მაია ასათიანის მიერ გაჟღერებული ტექსტით დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი, კერძოდ, სიძულვილით მოიხსენია დაბალი, ღიპიანი და ბანჯგვლიანი მამაკაცები.
საქმის განხილვის თავისებურება:
ააიპ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საქმის წარმოების წესის თანახმად, [პუნქტი 4.4] „გამონაკლის შემთხვევებში, თუ საბჭო თვლის, რომ წარმოდგენილი განცხადება და სადავო ჟურნალისტური პროდუქტი საკმარისია გადაწყვეტილების მისაღებად, შესაძლებელია გადაწყვეტილება მიღებული იქნას მხარეთა მონაწილეობის გარეშე, მათ შორის მხარეთაგან დამატებითი ინფორმაციის/განმარტების გამოთხოვის გარეშე“. წინამდებარე გადაწყვეტილება მიღებულია ზემოაღნიშნული წესის მიხედვით - მხარეთა მონაწილეობის გარეშე, მხარეთაგან დამატებითი ინფორმაციის/განმარტების გამოთხოვის გარეშე."
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის მე-7 პრინციპის თანახმად “ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”. ქარტიის საბჭოს პრაქტიკის თანახმად მე-7 პრინციპი დარღვეულად შეიძლება იქნას მიჩნეული თუ დადგინდა, რომ ჟურნალისტის მიერ გამოყენებულია სიძულვილის ენა. ასევე საქმეში „თორნიკე კაკალაშვილი გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ“ საბჭომ აღნიშნა რომ: „გამოხატვა სიძულვილის ენად შეიძლება შეფასდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ის კონკრეტული ნიშნის გამო შეურაცხყოფს, დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს ან/და აღვივებს სტიგმასა და სტერეოტიპებს“.
სადავო გადაცემაში, წამყვანი თავის სტუმრებთან ერთად განიხილავს თუ როგორი მამაკაცები მოსწონთ: „როგორ ბიჭს, მამაკაცს მიანიჭებდით ხარისხის სტიკერს“. მოწვეული სტუმრები ასახელებენ სხვადასხვა თვისებებს, ნიშნებს, რომელიც მოსწონთ მამაკაცებში, ამასთან ერთ - ერთმა სტუმარმა ხაზი გაუსვა, რომ მისთვის გარეგნობას არა აქვს მნიშვნელობა, რასაც წამყვანი შემდეგი რეპლიკით ეხმიანება: „ანუ, გამოგვივიდა ჭკვიანი, იუმორის გრძნობის მქონე, ქარიზმატული, დაბალი, მსუქანი და ბანჯგვლიანი, არ მინდა, ეგეთს არ მივცეთ სტიკერი“.
ქარტიის საბჭო იზიარებს განმცხადებლის პოზიციას, რომ ამ შემთხვევაში მოხდა სიძულვილის ენის გამოყენება. კერძოდ, კონკრეტული გარეგნული/ფიზიკური მახასიათებლები [სიმსუქნე, სიმაღლე, ჭარბთმიანობა] მოხსენიებულია შეურაცხმყოფელი კონტექსტით, სახეზეა ასეთი გარეგნობის მქონე პირების მიმართ დისკრიმინაცია ფიზიკური ნიშნით, რომ ისინი შეიძლება არ იყვნენ მიმზიდველნი. წამყვანის მიერ მოხდა გარეგნობის კონკრეტული მახასიათებლების განზოგადება უარყოფით კონტექსტში. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ეს მოხდა უშუალოდ წამყვანის მიერ, რომელსაც რესპონდენტებისაგან განსხვავებით ეკისრება უფრო მეტი პოზიტიური ვალდებულება, რომ თავიდან აიცილოს დისკრიმინაცია, სიძულვილის ენის გამოყენება. წამყვანს შეიძლება ჰქონდეს პირადი შეხედულებები, რომლითაც აფასებს სხვა პირის გარეგნობას, მაგრამ ის უნდა აცნობიერებდეს, რომ მისი პირადი შეხედულებების საჯაროდ ასეთი ფორმით დაფიქსირებამ შეიძლება გამოიწვიოს დისკრიმინაცია და შეიძინოს სიძულვილის ენის ხასიათი. აქვე აღსანიშნავია, რომ ადამიანების გარეგნული ნიშნის მიხედვით გამორჩევა ზოგადად არაკორექტული და არაეთიკურია.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
1. მაია ასათიანმა დაარღვია ქარტიის მე -7 პრინციპი.