გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ევექსის ჰოსპიტლები თამარ კაციტაძის წინააღმდეგ
10.07.2019

დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
განმცხადებელი : ევექსის ჰოსპიტლები;
მოპასუხე : თამარ კაციტაძე;
გადაწყვეტილება

19 ივნისი 2019 წელი

საქმე N 273 და 282
ევექსის ჰოსპიტლები თამარ კაციტაძის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: გიორგი მგელაძე, კამილა მამედოვა, ლიკა ზაკაშვილი, ლაურა გოგოლაძე.

განმცხადებელი: ევექსის ჰოსპიტლები

მოპასუხე: თამარ კაციტაძე

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებებით [N 273 და N 282] მომართა ევექსის ჰოსპიტლებმა. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ვებსაიტ commersant.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატიებში: 1] „GHG ჯგუფი აქციონერებისთვის გასაცემ დივიდენდს ზრდის, მისი კლინიკები პაციენტების სასაკლაოდ იქცა, ჯანდაცვის სამინისტრო კი დუმს“ 2] „ევექსი კრიმინალურ სკანდალში ეხვევა“ დაირღვა ქარტიის პირველი, მე-3 და მე-11 პრინციპი. მიუხედავად იმისა, რომ სტატიაზე „ევექსი კრიმინალურ სკანდალში ეხვევა“ ავტორად მითითებული იყო კონკრეტული ჟურნალისტი, რედაქტორმა თამარ კაციტაძემ აღნიშნულ სტატიაზე თავად აიღო პასუხისმგებლობა.

საქმის განხილვას დაესწრო როგორც განმცხადებლის წარმომადგენლები, ისე მოპასუხე ჟურნალისტი. განმცხადებელმა მოხსნა საკუთარი მოთხოვნები ქარტიის მე-3 და მე-11 პრინციპების დარღვევასთან დაკავშირებით.

სამოტივაციო ნაწილი 

ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.

სტატია: „GHG ჯგუფი აქციონერებისთვის გასაცემ დივიდენდს ზრდის, მისი კლინიკები პაციენტების სასაკლაოდ იქცა, ჯანდაცვის სამინისტრო კი დუმს

სადავო სტატია ძირითად ეხება 29 წლის მელანო ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტს, სტატიის თანახმად, დედა, შვილის გარდაცვალებაში ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებს, ბათუმის რეფერალური საავადმყოფო კი თავის მხრივ ევექსის ჰოსპიტლების ჯგუფის წევრია.

სტატიაში მითითებულია რომ:

  • „რომ „ევექსი“, როგორც კლინიკების ქსელი არაპროფესიონალურად იმართება. აქ არ არის დანერგილი ჰოსპიტალური სექტორის მართვის თანამედროვე სისტემები და არავინ ზრუნავს ექიმების კვალიფიკაციის ამაღლებაზე“. 
  • „ქსელის განვითარებაში თანხის ჩადება არ გულისხმობს მხოლოდ გარემონტებულ შენობებს, ეს გულისხმობს მსოფლიო დონის აპარატურას, ექიმების კვალიფიკაციის ამაღლებას, ანუ მათ გადამზადებას, მსოფლიოში დამკვიდრებული თანამედროვე მეთოდების გადმოტანას ა.შ. სწორედ ამ მიმართულებით წარმართულიყო ლონდონის ბირჟაზე მოძიებული თანხები. თუმცა, „ევექსის“ კლინიკას ეს არ ემჩნევა. ლამაზად შეღებილი ფასადების მიღმა, „ევექსის“ კლინიკები სასაკლაოდ არის გადაქცეული“.
  • „ევექსი“ საბანკო სფეროს მხრიდან არაპროფილური აქტივების მართვის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია. მართალია, იურიდიულად ის გამიჯნულია „საქართველოს ბანკისგან“, მაგრამ იგი, ფაქტობრივად, შედის „საქართველოს ბანკის“ ჯგუფის შემადგენლობაში და მისი ტოპ მენეჯმენტიც ძირითადად საბანკო სფეროდან წამოსული ფინანსიტებით არის უფრო მეტად დაკომპლექტებული, ვიდრე ჯანდაცვის სპეციალისტებით“.
  • „არავინ ზრუნავს ექიმებისთვის სამუშაო პირობების შექმნაზე [ევექსის ჰოსპიტალებში] და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე. „ევექსს“ დღემდე არ დაუმკვიდრებია თავის ქსელში საერთაშორისო პროტოკოლები და გაიდლაინები, რითაც მთელს მსოფლიოში ექიმები პაციენტებთან ურთიერთობის დროს ხელმძღვანელობენ. იქ დღემდე მედიკოსები პირადი სუბიექტური შეფასებებით ახდენენ დიაგნოსტირებას და მკურნალობას. 
  • „პაციენტი ბრმა ნაწლავის პერფორაციით გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც „ევექსის“ კლინიკათა ქსელის ერთ-ერთ წამყვან ჰოსპიტალში - ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში დიაგნოზი ვერ დაუსვეს და სახლში გაისტუმრეს“
არც ერთი ზემოაღნიშნული ფაქტი არ არის გადამოწმებული, არ არის მოყვანილი არც ერთი წყარო, რომელიც ჟურნალისტს მისცემდა იმის საფუძველს, რომ მტკიცებით ფორმაში განეცხადებინა თითქოს ქსელი არაპროფესიონალურად იმართება, რომ არ არის დანერგილი თანამედროვე მეთოდები და გაიდლაინები. არ ჩანს რის საფუძველზე მსჯელობს ჟურნალისტი მენეჯმენტის კვალიფიკაციაზე, რაზე დაყრდნობით იცის, თუ სად და როგორ იხარჯება კომპანიის ფინანსები და რომ ისინი არ ხმარდება თანამედროვე მეთოდების გადმოტანას ან/და შესაბამისი აპარატურის შეძენას. შთაბეჭდილება რჩება, რომ ჟურნალისტი საკუთარ ნეგატიურ შეფასებებს ავრცელებს დადასტურებული ფაქტების სახით და ამით არღვევს ქარტიის პირველ პრინციპს. სუბიექტური ნეგატიური დამოკიდებულება ჩანს სტატიაში გამოყენებულ ტერმინებშიც, მაგალითად ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას აჩვენებს სამედიცინო დაწესებულების, „სასაკლაოდ“ მოხსენიება მაშინ, როცა შეფასება არ არის გამყარებული სხვადასხვა მტკიცებულებებით ან/და წყაროებით.

სადავო სტატია შეიცავს ევექსის კომენტარსაც „მაღალი საზოგადოებრივი მღელვარებიდან გამომდინარე, ვიდრე ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა არ იქნება, ამ თემაზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ“. როგორც განმცხადებელმა, ისე ჟურნალისტმა ქარტიის საბჭოს დაუდასტურეს, რომ კომენტარისათვის ჟურნალისტმა მიმართა ევექსს მხოლოდ პირის გარდაცვალების ფაქტზე და არ დაინტერესებულა ევექსის კომენტარით იმ სხვა გარემოებებზე, რომლებიც უხვად არის სტატიაში ევექსის შესახებ და ძირითად უარყოფითი კონტექსტით. შესაბამისად ეს კომენტარი ვერ ჩაითვლება ჟურნალისტის მცდელობად, რომ გადაემოწმებინა მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია. ასევე აღსანიშნავია, რომ ზეპირი მოსმენის დროს მოპასუხე ჟურნალისტმა დაადასტურა, რომ უშუალოდ 29 წლის მელანო ფუტკარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ გარემოებებზე სტატიაში წერს ნათესავების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და არც კი უცდია რელევანტურ წყაროსთან, კლინიკა ”მედცენტრთან”, დაკავშირება, სადაც გარდაიცვალა მელანო ფუტკარაძე. როცა ჟურნალისტი არ ცდილობს ინფორმაცია მოიპოვოს რელევანტური წყაროსაგან, ასევე შეუსაბამოა ქარტიის პირველ პრინციპთან.

სტატია: ევექსი კრიმინალურ სკანდალში ეხვევა

სადავო სტატია ეხება ქობულეთის რეგიონალურ საავადმყოფოს საკანალიზაციო მილში ემბრიონის პოვნის ფაქტს. აღნიშნული საავადმყოფოც ევექსის ჰოსპიტლების ქსელის წევრია.

სტატიაში შენარჩუნებულია ნეგატიური სუბიექტური განწყობა ევექსის ჰოსპიტლების ქსელის მიმართ, ჟურნალისტის უთითებს, რომ ევექსის ჰოსპიტლების ქსელში ხშირია დარღვევები და გადაცდომები, ამასთან მათზე „შესაბამისი რეაგირება არც სამედიცინო ქსელის ხელმძღვანელობის მხრიდან და არც ჯანდაცვის შესაბამისი უწყებებიდან მოჰყოლია“. სტატიაში არ არის მითითება წყაროებზე, რომელიც აძლევდა ჟურნალისტს ამ დასკვნის გაკეთების საფუძველს.

სტატია შეიცავს ინტერვიუებს კლინიკა „გულის“ დამფუძნებელ ანზორ მელიასთან და იურისტ ლევან ალაფიშვილთან. თითოეული მათგანი კრიტიკულ და ფაქტობრივი გარემოებების შემცველ ინფორმაციებს ავრცელებენ ევექსის ჰოსპიტლების ქსელის მიმართ:

ანზორ მელია „ემბრიონს რომ აღმოაჩენ საკანალიზაციო მილში, ესე იგი მენეჯმენტის პრობლემა გაქვს. ეს ერთი და მეორე ის, რომ ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამისად არ ამოწმებს „ევექსის“ დაწესებულებას. ის მოთხოვნები, რაც ყველასთვის არის დაწესებული, როგორც ჩანს „ევექსს“ არ ეხება“ „„ძალიან ბევრი კარგი პირობა აქვს შექმნილი სახელმწიფოს მხრიდან „ევექსს“. მაგალითად, გასინჯვის პროგრამები აქვს უფასო, რის შემდეგაც პაციენტები რჩებიან და შემდგომ მკურნალობასაც იქ გადიან. არადა, ამ დაწესებულების აკადემიური დონე არ არის ისეთი, როგორც ტრადიციული ქართული კლინიკების. არათანაბარ პირობებში ყოფნა არის დაუშვებელი და სანამ ანტიმონოპოლიური კანონი არ შემოვა, არაფერი გვეშველება. პრივილეგირებულ მდგომარეობაში მყოფი „ევექსი“ კვლავ განაგრძობს შეცდომების დაშვებას“.

ლევან ალაფიშვილი „ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში ნამდვილად იკვეთება მენეჯმენტის პრობლემა და სისტემური გაუმართაობა“.

ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად სტატია არ შეიცავს ევექსის ჰოსპიტლების ქსელის კომენტარს არც ემბრიონის პოვნის ფაქტზე და არც რესპონდენტების მიერ გაჟღერებულ ბრალდებებზე, სტატიაში მცდელობაც კი არ ჩანს, რომ ჟურნალისტს მოეპოვებინა კომენტარი. შესაბამისად სახეზეა, რომ ჟურნალისტმა პატივი არ სცა საზოგადოების უფლებას, მიეღო გადამოწმებული, დაბალანსებული ინფორმაცია, ასახა მხოლოდ ერთი მხარის პოზიცია და მკითხველს არ მიაწოდა ევექსის ჰოსპიტლების ქსელის კომენტარი.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1. თამარ კაციტაძემ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.