18.08.2019
გადაწყვეტილება28 ივლისი 2019 წელი
საქმე N 291
მამუკა მახარაძე imedinews.ge არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: გიორგი მგელაძე, კამილა მამედოვა, ლიკა ზაკაშვილი, ლაურა გოგოლაძე, გელა მთივლიშვილი.
განმცხადებელი: მამუკა მახარაძე
მოპასუხე: imedinews.ge არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა მამუკა მახარაძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ imedinews.ge სტატიაში „მედია: საქართველოში რუსი ყოფილი სახელმწიფო მოხელე დააკავეს“ დაირღვა ქარტიის პირველი, მესამე და მე-11 პრინციპი. სტატიაზე არ იყო მითითებული ავტორის ვინაობა.
ქარტიის საბჭოს სამდივნოს მიმართვის მიუხედავად imedinews.ge არ მოუწოდებია ინფორმაცია თუ კონკრეტულად ვინ იყო პასუხისმგებელი აღნიშნულ სტატიაზე. ქარტიის საბჭოს საქმის წარმოების წესის 3.4 პუნქტის თანახმად „თუ შეუძლებელია პასუხისმგებელი პირის მოძიება, ქარტიის გადაწყვეტილებაში მოპასუხედ მიეთითება არაიდენტიფიცირებული ავტორი“.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის პირველი პრინციპი „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“. სადავო სტატია ეყრდნობოდა რუსული მედიის [sakhalin.info] მიერ გავრცელებულ სტატიას „სამხრეთ სახალინელი ექსჩინოვნიკი ბანდიუკოვი გაიქცა საქართველოში და მოხვდა საგამოძიებო იზოლატორში”. [Южно-сахалинский экс-чиновник Бандюков сбежал в Грузию и попал в СИЗО].
ქართული სტატია ძირითადად რუსული სტატიის თარგმანია. განმცხადებელი, რომელიც ამავდროულად ალექსანდრე ბანდიუკოვის ადვოკატია, აპელირებდა, რომ არასწორი იყო სტატიაში მითითებული ინფორმაცია, თითქოს ალექსანდრე ბანდიუკოვს სავარაუდოდ არ მისცემენ თავშესაფარს და დააბრუნებდნენ რუსეთში. რაზე დაყრდნობით გამოთქვამდა ჟურნალისტი ამ ვარაუდს, არ ჩანდა რუსულ სტატიაში. არც imedinews.ge-ს უცდია დამატებით ცნობების მოძიება, რათა გაემყარებინა ტექსტში მითითებული ინფორმაცია, რომ ალექსანდრე ბანდიუკოვს თავშესაფარს არ მისცემენ. არ ჩანდა ინფორმაციის გადამოწმების მცდელობა, მით უფრო იმ ფონზე, რომ ის საქართველოშია დაკავებული და შესაძლებელი იყო როგორც მის ადვოკატთან, ასევე ქვეყნის ოფიციალურ უწყებებთან დაკავშირება და დაზუსტება.
საბჭომ თავის გადაწყვეტილებაში საქმეზე" საქართველოს უზენაესი სასამართლო მაია ფურცელაძის, marshalpress.ge, digest.pia.ge, exclusivenews.ge და resonancedaily.com არაიდენიტიფიცირებული ჟურნალისტების წინააღმდეგ" აღნიშნა, რომ სხვა მედიასაშუალების წყაროდ მითითება არც ერთ შემთხვევაში არ ათავისუფლებს მედიასაშუალებას ეთიკური ვალდებულებებისაგან. სხვა გამოცემა უნდა ჩაითვალოს ცალკე წყაროდ, რომლის გავრცელებულ ინფორმაციას სჭირდება გადამოწმება. შესაბამისად, რუსული მედიასაშუალების გავრცელებული ინფორმაციის უცვლელად გადმოტანით, როცა შესაძლებელი იყო იქ მოყვანილი ფაქტების გადამოწმება ალექსანდრე ბანდიუკოვის ადვოკატთან, იწვევს ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევას.
მესამე პრინციპი „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია“ როგორც პირველი პრინციპის ჭრილში მსჯელობისას აღინიშნა, სადავო სტატიას ჰყავდა წყარო - sakhalin.info და არ დგინდება ქარტიის მე-3 პრინციპის დარღევა.
მე-11 პრინციპი „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები - ფაქტის განზრახ დამახინჯება“. ქარტიის საბჭოს არ დაუდგენია, რომ ინფორმაცია არასწორი იყო, არამედ პირველი პრინციპის დარღვევა გამოიწვია ინფორმაციის გადაუმოწმებლობამ, ბალანსის დაუცველობამ, შესაბამისად, ქარტიის საბჭოს არ აქვს მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ინფორმაცია იყო განზრახ არასწორად გავრცელებული.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
1. imedinews.ge არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
2. imedinews.ge არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტს არ დაურღვევია ქარტიის მე-3 და მე-11 პრინციპი.